კოლექტიური ცეკვა ეგზისტენციალურ ნოტებზე
Tsa.Music...
უახლესი ქართული ისტორია, მრავალ ქარტეხილ გამოვლილი, ჯერ კიდევ ბურუსით მოცული და დაუწერელია. საინტერესო და მნიშვნელოვანი ამბები კი დაკარგული, მივიწყებული. გამონაკლისი არც წინა საუკუნეში შექმნილი ქართული მუსიკაა, რომელმაც მუსიკის ენთუზიასტებისა და კოლექციონერების დამსახურებით მოაღწია ჩვენამდე.
ახალი, სასიხარულო ტენდენციის დამსახურებით კი ეს დამტვერილი საგანძური, ნელ-ნელა ნახულობს დღის სინათლეს და ხელახლა ჟღერდება. Სწორედ კარგად მივიწყებული მარგალიტების გამომზეურების და ახლებურად გაჟღერების სურვილით შეიქმნა ლეიბლი “მენატრება რექორდინგსი”, რომელიც ძველ ქართულ ჟღერადობებზეა ორიენტირებული.
“ლეიბლის მთავარი მიზანი 70-80-90-იან წლებში ჩაწერილი ქართული ჯაზ, დისკო, ფანკ ფირფიტების რემასტერი და ჩასწორებაა (editing), რომ საცეკვაო მოედანზეც კარგად გაჟღერდეს”
Მენატრება რექორდინგსის სულისჩამდგმელები, ელექტრონული სივრცისთვის კარგად ნაცნობი წევრები არიან :
ლევი (ლევანი) ბერიშვილი (Levi Love Disco),
ერეკლე თაბუკაშვილი (Tobako Tween, VFY )
და პაპუნა ტოგონიძე (O’Soul Spinner)
"იდეა დაბადებისთანავე ერეკლეს გავუზიარე, მანაც მითხრა, რომ დიდი ხანი ფიქრობდა მსგავს წამოწყებაზე და ელექტრონული მუსიკის ფირფიტების გარდა, ქართულ ფირფიტებსაც აგროვებდა. შემდეგ უკვე ამ იდეის შესახებ ჩვენს მეგობარს და მუსიკალურ პარტნიორს პაპუნას ვუამბეთ, რომელიც ITB Berlin პროექტის ფარგლებში უკვე მუშაობდა ძველ ქართულ მუსიკაზე.”
- Levi Love Disco
2023 წელს მომწიფებული იდეა, მუსიკის სიყვარულის, ენთუზიაზმისა და გამოცდილების დამსახურებით მალევე განხორციელდა და წლის დასაწყისში პირველი მონატრებული რელიზი - ლეგენდარული გიული ჩოხელის “ზღვის ძახილი”(Sea Call) დაედითებული ვერსია გამოიცა. Რელიზზე Levi Love Disco და O’Soul Spinner-მა იმუშავეს.
და მაინც რატომ მენატრება ?
“მენატრება იმიტომ, რომ ალბათ ყველას გვაქვს ეს შეგრძნება ძველი ქართული ჟღერადობის მიმართ, რომელიც ნოსტალგიური და უნიკალურია”
- Levi Love Disco
თითოეულ რელიზზე მუშაობა საკმაოდ შრომატევადია. Ხშირად სასურველი კომპოზიციები მხოლოდ ვინილზე მოიპოვება, ამიტომ თავდაპირველად მათი გაციფრულება ხდება, შემდეგ რემასტერი, დაედითება და საბოლოოდ გამოცემა. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ერეკლეს ქართული ფირფიტების კოლექციიდან ბევრი მუსიკა არ დევს ინტერნეტ სივრცეში და მხოლოდ ფირფიტაზე მოსმენაა შესაძლებელი.
შემდეგი ნამუშევრის - "სიმფონიური ოდისეა" ინსპირაცია, კომპოზიტორი და დირიჟორი ვახტანგ კახიძეა. მინი კომპილაცია, რომელიც მალე გამოიცემა, Micro Bax-ისა და Levi Love Disco-ს სოლო ნამუშევრებს- VK და
The King And The Bird აერთიანებს.
“გვარი “კახიძე” ოქროს ასოებით შევიდა ქართულ მუსიკალურ ისტორიაში, ამიტომაც ჩვენი მინი კომპილაციის მთავარი ინსპირაცია სწორედ კახიძეების ლეგენდარული ოჯახიდან მომდინარეობს.”
- Levi Love Disco
ამჟამად 10-მდე რელიზია მზად, რომელიც ეტაპობრივად გავრცელდება. ციფრული რელიზების გარდა, ფიზიკურის გამოცემა (კასეტა, ფირფიტა) და არაერთი შოუქეისიც იგეგმება, სადაც დიჯეების გარდა ცნობილ ქართველ შემსრულებლებსაც ვიხილავთ. Მონატრებული კომპოზიციები ბევრია, წამოწყება საინტერესო, სამომავლო გეგმები კი ამბიციური. ისღა დაგვრჩენია, წარმატება ვუსურვოთ, თვალ-ყური ვადევნოთ და დაველოდოთ შემდეგ რელიზს.
ავტორი : სალომე ვარდანაშვილი
Powered by VISA