მუსიკა | ცა

Melqo: საკუთარი ეკოსისტემა

ადამიანის წრიალი სხვადასხვა ლოკაციებსა და ლინგვისტურ მედიუმებში განსაზღვრავს არა მხოლოდ მის პიროვნებას, განწყობასა და ენას, ემოციურ სიმყიფესა და მდგრადობას, არამედ - ოცნებებსაც და ამ ოცნებების ვერბალიზაციის ფორმებსაც. სწორედ ასეთ ოცნებებად მესახება დათო მანჩხაშვილის, იგივე მელქოს რომანტიკული ტექსტები, რომელიც თბილისის თითქმის უკიდურეს სამხრეთ-აღმოსავლეთში, მტკვრის გაყოლებაზე, გარდაბნის გზატკეცილზე იწერება.

„ჩვენს გაჩერებებზე წვიმს;

გამომყეwe გოგონი,

ჩამკიდე ხელი ისე,

ისე, რომ აფეთქდეს შენი მომგონი.

ავტობუსის სახურავზე ავძვრეთ

და ერთი ბილეთით სამოთხემდე გავყვეთ.“

მელქოს გაუფილტრავი ლექსიკა და მისივე ცნობიერების ნაკადს ადევნებული ტექსტები სინთ-პოპ ჟღერადობასთან ორგანულად თანაარსებობს, ამიტომაცაა, რომ მისი მუსიკა კომფორტულად ისმის ყველას დინამიკსა თუ ყურსასმენებში.არის კიდევ ერთი ელემენტი, რაც მის მუსიკას უნიკალურს ხდის - გაცხადებული არასერიოზულობა. ეს ელემენტი, ასეთი იშვიათი რამაა დღეს ქართულ სცენაზე მსმენელს გარანტიას აძლევს სრულ თავისუფლებასა და უშუალო კავშირში დარჩნენ მუსიკოსთან. მელქო ერთადერთ ინდიკატორად თავისსავე სხეულსა და შეგრძნებებს ასახელებს და ალბათ ამიტომაცაა მისი მუსიკა დაუვარცხნელიც, ვულგარულიც, მელანქოლიურიც და ჟანრულად ფართო დიაპაზონის.

ბევრს გეკითხებიან ხოლმე იმაზე, რომ მუსიკოსების ოჯახიდან ხარ. მსგავსი ბიოგრაფია ხშირად ქმნის ხოლმე კონკურენციის კომპლექსს და არტისტს ან იგივე გზას გაუყენებს ხოლმე ანდა პირიქით - ძალდატანებით ირჩევ სხვა გზას, კლასიკური მამის და შვილის კონფლიქტს ქმნის. ჰოდა, აი, დღეს, რომ გადაავლო თვალი შენს, როგორც კომპოზიტორის, მუსიკოსის, შემსრულებლის, როგორც ზეემკელის ცხოვრებას, როგორ ფიქრობ რაზე გამოგიმუშავდა მთავარი იმუნიტეტი?

შეფასებებზე - განდიდებაზე ან სიძულვილზე. hate n’ praise გატრუხებული მაქვს. მე ვარ ჩემი თავის პირველი მსმენელიც, მოყვარულიც და მოძულეც. ზოგადად მნიშვნელოვანი მგონია არტისტისთვის რომ განსჯაზე ჰქონდეს იმუნიტეტი. კი, უნდა შეგეძლოს რომ მოისმინო კარგიც და ცუდიც - ბრმად დაიგნორებით ბევრს დაკარგავ, - უბრალოდ მე თავად ვწყვეტ გარედან მოსული რომელი აზრია ჩემთვის მნიშვნელოვანი და რომელი არა. მსიამოვნებს ხოლმე როცა ვიღაც რაღაცას იძახის, გინდა ცუდს, გინდა - კარგს. 

ასევე, არ ვიცი ეს იმუნიტეტთან რამდენადაა კავშირში, მაგრამ მსმენელთან მიმართებით უფრო უშუალო პერსონა გავხდი. ადრე ვერ ვიყავი ასე ახლოს. დღეს აღარ მიჭირს მსმენელის გარემოცვაში ყოფნა.

მიუხედავად იმისა, რომ კლასიფიცირდები როგორც სინთ-პოპ არტისტი (როკ ენ როლ და ბაიათის ვაიბებით) მაინც როგორ გგონია, რა განსაზღვრავს მელქოს აკუსტიკურ იდენტობას?

ის ჟღერადობები, რაც პოპ-მუსიკამ დაისაკუთრა. ბევრი ხმა გაიბნა სხვადასხვა ჟანრში, მაგრამ ტექნიკურად პოპი განაპირობებს იმას, რომ მელოდია იყოს ამაკვიატებელი. მეორე რაც მნიშვნელოვანია არის ის, რომ მსმენელს უნდა გაუჩინო განცდა, რომ სადღაც სმენია უკვე ის, მაგრამ არ იცის სად. ნაცნობობა აახლოებს მუსიკასთან. და ეს ხდის შესაძლებელს, რომ ყველასთვის იყოს სიმღერა. ამისთვის მე უამრავ ჟანრში გაბნეულ პატარ-პატარა ნაწილებს, ინგრედიენტებს ვიღებ mash-up-ს ვუკეთბ, ისე ვაერთიანებ, რომ ყურს ლამაზად და ხავედროვნად ეპარებოდეს. ასეთ დროს აღარ აქვს მნიშვნელობა შენ ბაიათიდან იღებ თუ დეს-მეტალიდან. სტრუქტურაზე ასე მუშაობა მერე განაპირობებს იმასაც რას და როგორ ვმღერი ხოლმე. მე სპონტანურად მიყვები ხოლმე ცნობიერების ნაკადს, ტვინს ასე ვუთანხმებ მელქოს მუსიკის შექმნისას, არ მინდა ხოლმე გავფილტრო რამე. ტვინში რა მოტივიც დაიბადება, ეგ უნდა დადო პირდაპირ, ეგაა გულწრფელი, ასე ელაპარაკები ბავშვს - ტვინში ხომ პირველ რიგში მარტივი რაღაცები ჩნდება?! ჰოდა ბავშვს და არაპროფესიონალს კიდევ სიმღერა იმიტომ კი არ მოსწონს რომ დახვეწილია და კარგი გადასვლები აქვს, არამედ იმიტომ რომ ისეთი მელოდიაა, რომელიც შეიძლება თავადაც გაუჩნდა თავში, მაგრამ არ გაუმახვილებია საკმარისი ყურადღება.

მაგ გაუფილტრავობით ხარ ხოლმე ზოგჯერ cheesy? საიდან აჩენ „სარკეში ორი გამოსახულება ერთმანეთს ეპრანჭებას“ და „რომანტიკულ კაც-ქარბორბალას“? ამასაც ცნობიერების ნაკადი გკარნახობს?

ეგ ჩაჭერები ძაან მიყვარს. მე მაქვს დამუღამებული ტექსტის წერისას ისეთი ემოციები, რომელიც ჰგავს ორგაზმს. და მაგის ძიებაში ვატრიალებ ხოლმე სიტყვებს. რაღაც სიტყვები დარბიან გარშემო რომლებიც უნდა დავიჭირო და გავათავო. ჰოდა იყოს ჩიზი, მერე რა?! მუღამი აქვს მაგ გონკას. ტვინში რომ აფეთქებები ხდება, გინდა ეს აფეთქებები სხვასაც მოასმენინო, აზარტული პროცესია და სხვა დანარჩენი აღარ გაღელვებს, წერ და აქვეყნებ.

აი ეგ შენი აფეთქებები, ზოგჯერ ხომ ძაან ვულგარულია?! მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში შეიძლება გამოჩნდეს შენს მუსიკაში ისეთი ელემენტი, რომელიც მსმენელს გააღიზიანებს. ვის აღიზიანებს მელქო?

პირველ რიგში იმათაც აღიზიანებთ ვინც არაა მზად რომ ახლებურად აჟღერებული ნაცნობი გარემო გაითავისოს და თან მელქო მეც მაღიზიანებს ზოგჯერ. განსაკუთრებით მაშინ, როცა მეშლება რაღაც. აი, „მამა ღმერთსაც ავჩეხავ“ შემეშალა და იცი რატომ?! იმიტომ რომ მართალი არ ვიყავი მანდ. იმიტომ, რომ მოვიხიბლე ფრაზით, გავათავე მაგაზეც. და არასწორი იყო ეგ გათავება. იმიტომ რომ ორი წუთით მეტი რომ დავფიქრებულიყავი, ხომ დავუდასტურებდი თავს, რომ ჯერესერთი არავის აჩეხვა არ მინდა, მე მარტო სიყვარული მინდა, და მეორეც - ვერაფერსაც ვერ ვუზამ მამა ღმერთს, ფეხებს ვერ მოვჭამ. მაგ ფრაზაში დავუპირისპირდი საკუთარ თავს და გამაღიზიანა.

მიუხედავად იმისა, რომ ძალიან თავდაჯერებული ვარ საკუთარ მუსიკაში, რამდენჯერაც არ უნდა ვთქვა რომ გაუფილტრავად ვდებ ცნობიერების ნაკადს, ყველაფერს ხომ არ ვაქვეყნებ რასაც ვწერ?! მაქვს უფლება რომ შემეშალოს, მაგრამ როგორც ყველაფერზე მომეთხოვა, ალბათ ეგრე მგონია რომ უნდა მომხდარიყო ამაზეც. მაგარ მუსიკას რომ ვწერ, ეგრე კი არ დავიბადე, ნიჭი კი არ დამფერთხვია თავზე?! საშინელ ტისკში გამომატარეს. აბა რა გგონია, გუშინ რომ პრაიდზე დაუკარი და ტრაკს აქანავებდი და დღეს უბანში გიწევს ჩაცუცქვა, წინა დღისთვის არ მოგთხოვენ?! მოგთხოვენ. და მეც მომთხოვეს. უბრალოდ მე გამიმართლა, რომ კარგი ხალხი მყავს გარშემო - არც მე ვარ ცუდი - და როგორ ტისკშიც გამოვიარე, მაინც მომეცა საშუალება, რომ ტისკში გულწრფელობა შემენარჩუნებინა.

უბანი ახსენე და ამ თემასაც უნდა შევეხოთ. ესაა ის გარემო სადაც შენ იწრთობი, როგორც შემოქმედი; ის გარემო, სადაც პასუხებს გთხოვენ. ვინ არიან შენი უჩინარი გმირები? 

პირველ რიგში ხიდირა უნდა ვთქვა. არიან ამ უბნის კოლორიტები, ვინც არამხოლოდ მუსიკალურად, ცხოვრებისეულადაც შთამაგონა ბევრი რამე. ხიდირა მემგონი ყველა ციხეში იჯდა, რაც კი გამიგია; ისეთი ინტელექტის პატრონია და ისეთი დახვეწილი საუბრის მანერა აქვს, არ გინდა რომ ლაპარაკი გააწყვეტინო ხოლმე. უაღრესად გაჭირვებული ცხოვრება გამოიარა და ამის პარალელურად ისეთ აურას ასხივებს, შეუძლებელია არ შთაგაგონოს - მითუმეტეს ხელოვანი ადამიანი - შეუძლებელია არ დაგიტოვოს იმის პატარა ნამცეცი, რომ გულში მაინც თქვა, აუუ რა მოხდებოდა ამ ადამიანს ესწავლა და დოქტორი გამოსულიყო, გაჭირვებულ ქვეყანაში არ გაზრდილიყო, ქუჩაში არ გაზრდილიყო. მისნაირი ადამიანები ილექებიან ჩემს ტვინშიც და გულში. 

უბანს იმაში ვემადლიერები, რომ დამამიწა. ეს გარემო, სადაც გავიზარდე, აქ მცხოვრებ ხალხთან ურთიერთობა არ გაძლევს საშუალებას, რომ მოწყდე რეალობას და მამა ღმერთის აჩეხვის შესაძლებლობის დაიჯერო. თავს არ მოგატყუებინებს რომ ზე-თესლი ხარ, ეგოს მასტურბაციის მომენტს აღარ გაძლევს.

წლების წინ ცენტრს გარეთ შექმნილი მუსიკა, უმეტესწილად ტრეშის საზღვარზე გადიოდა და ხშირად გადაკვეთდა ამ საზღვარს - აი, ვაზისუბნელი რეპერები ავიღოთ მაგალითად; მაგრამ დღეს სხვა რეალობაა გარეუბნებში. როგორ ფიქრობ, რა ეტაპზეა დღეს დეცენტრალიზაციის პროცესი და რა ლოგიკურ ნიშნამდე მიგვიყვანს? 

ზოგჯერ ვფიქრობ, რომ ეგ პროცესი უკვე გაგვემაზა. გარეუბნის ხმა ცენტრში ვეღარ შედის. ძალიან დიდ დონეზე აიყვანა ეგ თავის დროზე kayakata-მ და მაგის მერე მორჩა კიდეც. არადა გარეუბანზე აქცენტები, სოფლები სადაც მოსჩანს ნახტომი ირმის და კაიაკატა ისმის, ძაან ნაღდი იყო, მართლა გარეუბნის ხმა მოჰქონდა. დღეს ეგეთი ელჩი აღარ ჰყავს გარეუბანს ცენტრში.

აი, MoonG-სნაირი კამანდები თუ მოიხოდებიან და ეპიცენტრი გადავა გარეუბნებში და ამ შორ ლოკაციებზე შეიქმნება პატარ-პატარა ცენტრები, ეგეც შეიძლება იყოს ის ლოგიკური ნიშანი, რაც kayakata-ს დაწყებულ პროცესს მოჰყვა, მაგრამ ერთეულებით ვერ დავიმედდებით. 

Kayakata როცა გამოჩნდა, ჩემს უბანშიც დაიწყო დუღილი, პატარა ბავშვები ერთად იკრიბებოდნან და ტრეკებს წერდნენ მათი გავლენით. მე იმის მეშინია, რომ ეს ბიჭები 25 წლისები რომ გახდებიან, დაიკიდებენ მუსიკას. მიხვდებიან რომ არ არიან არტისტები და ეგ მტკივნეული იქნება. არადა მთელი მუღამი ამ ამბავში, მისი სოციალურობაა და არა ის, რომ სასწაული ხარისხის მუსიკა კეთდებოდეს. არაა საჭირო სერიოზული მუსიკოსები იყვნენ, მთავარია ერთობოდნენ. სანამ ერთობი - კარგია. 

ჩვენში პრობლემა მსმენელი უფროა ვიდრე მუსიკოსი. მსმენელს ეშინია ცანცარის, არასერიოზულობის. გეუბნება თუ მუსიკოსი ხარ, სერიოზულიც იყავი. შეიძლება არასერიოზულ რამეზე ვმღეროდე მაგრამ მაინც სერიოზულში გამიყვანონ, რადგან კლასიკური აკორდების წყობა მაქვს და ა.შ. ეგ კიდევ დამატებითი ფილტრია, რაშიც გატარებს მსმენელი მუსიკოსს და ზოგადად საზოგადოება მოქალაქეს. მაგრამ როცა იკიდებ მაგ ფილტრებს და საკუთარი წესებით იწყებ მოღვაწეობას, ეგაა ნამდვილი არტისტობა. მე ჩემი საზღვრები დავიწესე, მას მერე რაც საზოგადოებას ყველა ვალი გადავუხადე. თვითმყოფადი ორგანიზმი გავხდი; აი, მცენარეს რომ ქილაში ჩასვამ, ის ხომ ისევ საკუთარი კონდენსაციით იღებს წყალს და თავის პატარა ეკოსისტემას აყალიბებს, ეგრე ვარ მეც ჩემი საკუთარი ეკოსისტემა, თავადვე ვასაზრდოებ ჩემს თავს. აღარ მჭირდება გარე წყალი შემოქმედებითად.

და შენივე საკუთარი ეკოსისტემა რომ ხარ და სცენაზე მარტო დგახარ, ბექინგ ტრეკებზე მღერი, ეგ არ გიქმნის დისკომფორტს?

უკვე კი. ჯგუფური სამუშაო გამოცდილება არ მქონია და მაინტერესებს როგორ გამისწორდება და როგორ გადავრჩები იმ გარემოში. სცენაზე რომ ვინმესთან ერთად ვიდგები. 

იტერვიუს სრული ვერსია გამოქვეყნდება tapemagazine.com-ზე


ავტორი : მიხეილ ციხელაშვილი

მთავარი ფოტო : გიორგი კოლბაია