მუსიკა | ცა

MOGWAI

“ერთადერთი რამ, რასაც სერიოზულად ვუდგებით - მუსიკაა”

რა ვიცით შოტლანდიაზე? ვისკი, კილტი, გუდასტვირი, ლომგული... და ჯგუფი გლაზგოდან “Mogwai”- ვისკივით ძლიერი, კილტივით სწორხაზოვანი, გუდასტვირივით ხმამაღალი და ლომგულივით თავისუფალი.


სამმა გლაზგოელმა ძმაკაცმა, დიდი ხნის ფანატიურმა მელომანმა გადაწყვიტა, რომ მხოლოდ სხვისი შემოქმედების სიყვარულით არ შემოფარგლულიყვნენ და საკუთარი მუსიკის კეთება დაეწყოთ, მიმართულებით - “სერიოზული საგიტარე მუსიკა”. ასე დაიბადა “Mogwai”. იდგა 1995 წელი.


©️Steve Gullick

მარცხნიდან მარჯვნივ:

დომინიკ ეითჩისონი (Dominic Aitchison) - ბასი;

მარტინ ბალოკი (Martin Bulloch) - დრამი;

სტუარტ ბრეითვეითი (Stuart Braithwaite) - გიტარა, ვოკალი;

ბარი ბურნსი (Barry Burns) - კლავიში, ფლეიტა, გიტარა და სხვა;

ჯონ ქამინგსი (John Cummings) - გიტარა, კლავიში, დრამი; 2015-ში გამოაკლდა ჯგუფს, სოლო კარიერისთვის.


გლაზგოელობამ, გლაზგო კი დიდი ბრიტანეთის მუსიკალურ მხარედ ითვლება, მათი ჯგუფად ჩამოყალიბების ამბავში არც ისე პატარა როლი ითამაშა. 70-იანებში, როცა ჯგუფის წევრები სულ პატარები იყვნენ, გლაზგოში ეკონომიკური დეპრესია და მომატებული კრიმინალი იყო. ქალაქის მაცხოვრებლები, სწორედ ამ მდგომარეობას მიაწერენ მათში მკვეთრად მოზღვავებულ შავ იუმორს.

“პირველ რიგში, ამან საშუალება მოგვცა, რომ შოუ-ბიზნესს გარეთ დაგვეკრა, არ გვეთამაშა შოუ ბიზნესის წესებით, რის გამოც შემსრულებლებს იმის კეთება უწევთ, რაც სინამდვილეში არ სიამოვნებთ.”

©️Andy Willsher

შოტლანდიური კვარტეტი მესამე ათწლედს ითვლის. ეს უკვე აპლოდისმენტების ღირსია. ინსტრუმენტული მუსიკა და პოსტ-როკი, ცოტა არ იყოს, დაიჩაგრა ბოლო წლებია და უფრო ინტერნეტშობამდელ ჟღერადობას მიეკუთვნება. “პოსტ-როკ”-ის ფორმულა, მარტივად რომ ითქვას, ძაბვის მომატება-დაკლებაშია... ჟღერადობა, რომელსაც შეუძლია სრული სიმშვიდიდან ქაოსში აგიტანოს, შემდეგ ისევ უკან დაგაბრუნოს, დაგაწყნაროს, სული მოგათქმევინოს და ისევ აგაწრიალოს... მოკლედ, ამდენი წლის განმავლობაში, მიუხედავად ამ ჟანრის მარგინალიზაციისა, არა მარტო მყარად დგანან, უფრო პროდუქტიულებიც არიან და ამისთვის, კიდევ ერთი აპლოდისმენტი მათ. ეჭვი მაქვს, ეს სიტყვა - აპლოდისმენტი ისევე არ მოსწონთ, როგორც თვითონ ჟანრის განმსაზღვრელი ნებისმიერი ტერმინი.


ჯგუფის მუსიკალურ სტილში “პოსტ-როკის” გარდა, ამოიცნობა shoegaze, math rock და art rock. მათ შემოქმდებაში იგრძნობა ისეთი ბენდების გავლენა, როგორიცაა Fugazi, MC5, My Bloody Valentine, Sonic Youth, Pixies, The Cure და Slint.


Mogwai-ს ნამუშევრების უმეტესობას სიმღერებს ვერ დაარქმევ, უფრო - მუსიკალური ფრაგმენტებია, ყველანაირი კომერციული ქრონომეტრაჟის გარეშე. ვოკალს იშვიათად მიმართავენ. შინაარსზე მეტად, ემოციები აინტერესებთ.

“ვფიქრობ, ხალხის უმეტესობა მიჩვეულია ტექსტებზე კონცენტრირებას. სიტყვები შეიძლება ნამდვილ კომფორტად ექცეს ზოგიერთს. მოსწონთ სიმღერას აყოლა და შეიძლება გვიბრაზდებიან კიდეც, ამის საშუალებას რომ არ ვიძლევით.”

©️ Brian Sweeney


ჯგუფს რამდენიმე წლის განმავლობაში გლასგოური ლეიბლი Chemikal Underground, წარმოადგენდა, ხოლო მათ შემოქმდებას ავრცელებდა სხვადასხვა კომპანია აშშ-სა და ბრიტანეთში. ამჯერად, ისინი საკუთარი ლეიბლით გამოდიან - Rock Action Records ბრიტანეთში და Sub Pop ჩრდილოეთ ამერიკაში. ამ დროისთვის, მათი დისკოგრაფია 9 სტუდიურ ალბომს წარმოადგენს: Young Team (1997); Come On Die Young (1999); Rock Action (2001); Happy Songs for Happy People (2003); Mr Beast (2006); The Hawk Is Howling (2008); Hardcore Will Never Die, But You Will (2011); Rave Tapes (2014); Every Country's Sun (2017).

ბოლო ალბომი - Every Country's Sun


2016 წლის აპრილში, ბრეითვეითმა ჟურნალისტებს გაანდო, ბენდი ახალ სიმღერებს წერს და სულ მალე, აშშ-ში ალბომის ჩაწერენ დეივ ფრიდმანთან (Dave Fridmann) ერთად, რომელთანაც 15 წლით ადრე გამოცემული ჰქონდათ “Rock Action”. 2017 წლის მაისში, მსმენელს გააცნეს ალბომის დასახელება Every Country's Sun და გამოცემის თარიღი - იმავე წლის, 1 სექტემბერი. ეს ალბომი, “The Guardian”-ის თქმით, “ბრწყინვალე მუსიკაა ცხოვრების ქაოსში ნავიგაციისთვის”.

2006 წლიდან, ბენდის რეპერტუარი კინემატოგრაფიაში ინტეგრირდება. მუსიკა კინოსთვის იმდენად ახლო ხდება მათთვის, რომ ცალკე ალბომებადაც უშვებენ. ქართველი მსმენელისთვის შეიძლება ცნობილი იყოს დარენ არონოვსკის “შადრევანი”, ფრანგული სერიალი Les Revenants, მაიქლ მანის ფილმი Miami Vice, ფიშერ სტივენის დოკუმენტური Before the Flood და 2018 წლის - Kin. 2015-ში, ბენდმა მუსიკალურად გააფორმა BBC-0ის დოკუმენტალური Atomic, Living in Dread and Promise. შემდეგ, გამოყენებული მასალა ახლებურად დაამუშავეს და ფილმთან ერთად იმოგზაურეს ევროპასა და იაპონიაში ლაივ-კონცერტებით.

ონლაინ გამოცემა “Pitchfork” მათ ინდი-როკის ოთხთავიან ჰანს ზიმმერს ადარებს და ამატებს, რომ სწორედ ფილმის ინდუსტრიასთან თანამშრომლობამ სასიამოვნოდ შეარბილა შოტლანდიური ჯგუფის ბრუტალური ჟღერადობა. ეს მათ ბოლო ალბომშიც იგრძნობა.

ეპიკური მასშტაბის კარიერის მიუხედავად მოგვაელები ისევ ისეთი, ჩვეულებრივი “უბნის ბიჭები” არიან და ალბათ, ეს უბრალოება, მიზანმიმართულებასთან, შრომისმოყვარეობასთან და მეგობრობასთან ერთად, იქცა მათი წარმატებისა, თუ “დღეგრძელობის” საიდუმლოდ, ამასთან - იღბალიც.


გლაზგოური იუმორი მათი ნამუშევრების დასახელებებშიც იგრძნობა - ირონიული, შავად იუმორისტული, თუ კომიკური სიტუაციებიდან შემთხვევით ამოკრეფილი. მაგალითად, ალბომის სათაური - “Hardcore will Never Die but you will” ფრაზაა, რომელიც უცნობმა მოზარდმა გამყიდველს მიაძახა ალკოჰოლის არმიყიდვის გამო. მეორე ვერსიაც გააჟღერეს “ეს სიტყვები ვარკვლავებმა გვიკარნახეს, როცა აღმოსავლეთ ნამიბიის ცას ძველი ბინოკლით ვაშტერდებოდით”.

©️ Brian Sweeney


პირველი ჩანაწერისთვის “Young Team” [1997], თავისთვისაც მოიგონეს მეტსახელები: სტუარტმა pLasmatroN, დომინიკმა თანახმოვანი - Demonic, ჯონმა - Captain Meat, მარტინმა -Bionic, ბრენდანმა კი - The Relic. “Mogwai” კი სტივენ სპილბერგის ფილმის “გრემლინების” პერსონაჟის გამო დაირქვეს - “ეს სახელი არანაირ აზრს არ ატარებს. სულ გვინდოდა, უფრო საინტერესო რამ შეგვერჩია, მაგრამ, როგორც ხშირად ხდება ხოლმე, ამისთვის უბრალოდ ვერ მოვიცალეთ.” - სტუარტი.


მოკლედ, ბიჭები უბრალოდ ასე ერთობიან, თითქმის ბავშვურად. ბრეითვეითი, ყოველთვიურად “ბეტმენის” ათამდე კომიქსს ყიდულობს. ერთხელ, სახელი “მოგვაი” ბეტმენის ლოგოშიც მოუქცევიათ. უყვართ კატები, რობოტები, “ნათლიმამა”-ს სერიები და გულშემატკივრობენ “Celtic”-ს. აქ, სიყვარული ორმხრივია - “Celtic”-ელებიც გულშემატკივრობენ “Mogwai”-ელებს.

©️ Brian Sweeney

ცოტაც:


  • ბალოკი ჩინურ რესტორანში მზარეულობდა.
  • ბენდი რა თქმა უნდა ვერ იტანს განსაზღვრებას “პოსტ-როკი”.
  • ბრეითვეითი და ეითჩისონი (ორივე გლაზგოელი) შეხვდნენ ბრიტანული ბენდის “Ned's Atomic Dustbin”-ის კონცერტზე.
  • სახელი “მოგვაი” ჰქვია ერთ-ერთ არსებას ფილმში “გრემლინები”. ჩინურ მითოლოგიაში, ის ერთ-ერთი ავი სულია.
  • ბენდი გულწრფელად ვერ იტანს “Blur”-ს და მაისურებისთვის წარწერა “Blur Are Shite” სწორედ მათი მოგონილია.
  • ბენდს თავისი სახელობის ვისკი, რომი და ლუდი აქვს გამოშვებული.
  • ბერლინში თუ მოხვდები, შეგიძლია ზედა პუნქტი ბარი ბურნსის ბარში - “Das Gift”-ში დააგემოვნო.

©️ Anthony Crook


და ყველაზე მთავარი: 23 ივნისს, Tbilisi Open Air 2019-ის მთავარ სცენაზე, Mogwai ძალიან, ძალიან ხმამაღლა დაუკრავს.


ავტორი: ნინო კაკიაშვილი