მოდულარული სინთეზი -კულტურა, ისტორია და მომავალი საქართველოში

ერთმანეთში გადახლართული კაბელებით და მოციმციმე შუქებით, მოდულარული სინთეზატორი სხვადასხვაგვარ რეაქციას იწვევს პირველი შეხვედრისას: ცნობისმოყვარეობა და შიში ერთმანეთს ენაცვლება და მხოლოდ ორი გზა რჩება: ან საერთოდ აღარ გაეკარები სინთეზატორს, ან ის სამუდამოდ შენი თანმდევი გახდება. ეს ინსტრუმენტი საკმაოდ ძვირია და მისი სწავლაც არ არის მარტივი, სწორედ ამიტომ ბევრისათვის იგი შეიძლება სულაც არ იყოს მიმზიდველი. თუმცა, უფრო თუ ჩავუღრმავდებით, ინსტრუმენტები, კომპოზიცია, ჩანაწერები და პერფორმანსები, რომლებიც ამ კონკრეტულ სინთეზატორთან არის დაკავშირებული, ნათელს ჰფენს არა მხოლოდ იმ უნიკალურ მუსიკას, რომელიც სინთეზატორის საშუალებით შეიქმნა, არამედ მრავალფეროვან კულტურულ თუ ისტორიულ მოძრაობებს, რომლებსაც ფესვი აქვს გადგმული სინთეზატორის რაობაში. მოდით, თვალი შევავლოთ ამ ინსტრუმენტის ისტორიას და როლს მუსიკალურ მოძრაობებში, რათა სწორად შევძლოთ განსაზღვრა, რამდენად შეუძლია საქართველოს საკუთარი წვლილი შეიტანოს მოდულარული სინთეზატორის მდიდარ და მზარდ გლობალურ კულტურაში. 


პრემოდულარული


ტექნოლოგიები არასდროსაა ნეიტრალური; ისინი ყოველთვის მჭიდრო კავშირშია და გამომდინარეობს კულტურული კონტექსტიდან და ყველაზე მნიშვნელოვალი კულტურული კონტექსტი სწორედ მისი გამოყენებაა. 

შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენა სინთეზატორის წინარე ისტორიიდან (ელექტროობის აღმოჩენას თუ არ ჩავთვლით), პირველი “ოსცილატორია”, რომელიც ელიშა გრეიმ 1876 წელს შექმნა. გრეიმ ელექტრომაგნიტური წრე შექმნა, რომელიც ვიბრირებდა, მათი სერიები სხვადასხვა სიხშირეზე დააყენა და მარტივ კლავიატურას შეუერთა, ასე შეიქმნა ე.წ. მუსიკალური ტელეგრაფი. ამ აღმოჩენას კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი მიღწევა მოჰყვა; აღნიშვნის ღირსია ლეონ თერემინის 1928 შექმნილი “თერემინის” პატენტი.

ერთ-ერთი პირველი ელექტრონული ინსტრუმენი, თერემინი, ყველასათვის ცნობილია, რომ ურთულესი დასაკრავია, რადგან მუსიკოსმა, დაკვრისას, უნდა აკონტროლოს გადართვა და ხმა ჰაერში, ელექტრომაგნიტურ ველზე, ხელის მოძრაობით, ისე, რომ არ შეეხოს თავად ინსტრუმენტს. თერემინი უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს მოდულარის წინარე ისტორიაში, რადგან მრავალი წლის შემდგე, 19 წლის გამომგონებელი, რობერტ მოგი, დაიწყებს თერემინის საკუთარი ნაკრების წარმოებას და დააარსებს R.A Moog Co.-ს, რაც ბობ მოგს სინთეზატორების ისტორიაში ყველაზე ცნობილ ფიგურად გახდის. 


აღმოსავლეთი და დასავლეთი იყოფა: მოდულარული ფილოსოფია და კულტურა


1960 წლების ამერიკაში პირველი მოდულარული სისტემის 2 თითქმის თანადროული გამოგონება შეიქმნა. დასავლეთში, დონ ბუჩლამ, გამომგონებელმა და მუსიკოსმა, რომელიც San Francisco Tape Music Center-ის მუშაობაში დიდი წვლილი შეიტანა, დაახლოებით 1965 წელს, როკფელერის ფონდის 500 დოლარიანი გრანტით, შექმნა “Buchla Box”-ის პირველი პროტოტიპი. ის მწერალ კენ კიზის Acid Test ღონისძიებებზე, აქტებს შორის ელექტრონული ჟღერადობის მუსიკას უკრავდა. მისი პირველი ოთხი მოდულარული ყუთიდან ერთ-ერთი კიზის ცნობილ ავტობუსში იყო განთავსებული, რომელსაც Merry Pranksters­-ად წოდებული, კენ კიზის მიმდევართა ჯგუფი იყენებდა. ამის შესახებ ტომ ვულფმა წიგნიც კი დაწერა, სახელწოდებით “The Electric Kool-Aid Acid Test.”

ბუჩლას მიერ შექმნილი მანქანები სპეციალურად ისე იყო აგებული, რომ ახალი ინსტრუმენტების როლი შეეთავსებინა, დასავლეში მაშინ ახლად წამოწყებულ, ექსპერიმენტულ და ფსიქოდელიურ სცენაზე.

ბუჩლას მანქანას გამიზნულად არ ჰქონდა კლავიატურა, რადგან ეს ინსტრუმენტები სრული სიახლე უნდა ყოფილიყო მაშინდელ მუსიკალურ სამყაროში, უკვე კარდად ნაცნობი დიზაინისა და ფორმის გამოყენების გარეშე. სახელურებისა და მოდულის კომპონენტებისგან შემდგარი ყუთი დღევანდელი “დასავლეთის პრინციპების” მიხედვით მოქმედებდა: მარტივი ტალღის წარმონაქმნები სხვადასხვა გზით მუშავდებოდა, რომელიც მოიცავდა სიხშირეებსა და გადასვლებს, ერთად კრებდა სიგნალებს, რათა უფრო კომპლექსური ერთობა შექმნილიყო.

დაახლოებით იმავე დროს, სულ სხვა გარემოებებში, ამერიკის აღმოსავლეთ ნაწილში, ბობ მოგმა ნიუ იორკში მოღვაწე ისეთ კომპოზიტორებთან ერთად, როგორებიც იყვნენ ჰერბ დოიჩი და ვლადიმირ უსაჩევსკი, თანამშრომლობა დაიწყო. რათა მუსიკალური სინთეზატორი მის პატარა მაღაზიაში, ტრუმანსბურგში, შეექმნა. თანამშრომლობის შედეგად მივიღეთ მოგის სინთეზატორი, ინსტრუმენტი, რომელიც სტუდიის მუსიკოსებს მობილურ სტუდიოდ გააცნეს. მოგის სინთეზატორის პირველად ვერსიას უფრო ხელმისაწვდომი ფორმა ჰქონდა, მიმაგრებული კლავიატურით, რომელიც მუსიკოსებისთვის ინსტრუმენტთან მუშაობისას უკვე კარგად ნაცნობი შეხების წერტილი იყო. მოგმა ასევე განავითარა კომპლექსური ფილტრი, რომელმაც უდიდესი გავლენა მოახდინა “აღმოსავლეთის” სინთეზის პროცესზე: პროცესი, რომლის დროსაც კომპლექსური ტალღის ფორმები სხვადასხვა ფილტრში ტარდება ხმის პროცესორები გამოიყოფა მათი თავდაპირველი ფორმიდან მანამ, სანამ ახალს არ აღმოაჩენენ.


ეს ინსტრუმენტების და სინთეზის “სკოლები” ძალიან განსხვავებულ გარემოებებში შეიქმნა, შეერთებული შტატების ორ საპირისპირო სანაპიროზე, 1960-იან წლებში. წიგნში, Analog Days: The Invention and Impact of the Mood Synthesizer, ავტორები ტრევორ პინჩი და ფრენ ტროკო სინთეზატორების ორ შემქმნელს შორის განსხვავებებს აღწერენ:


“ბუჩლას ინსტრუმენტი San Francisco Tape Center-ის შუაგულში აღმოცნედა და მეტწილად იმ კომპოზიტორების გავლენის ქვეშ შეიქმნა, რომლებსაც ბუჩლა იქ შეხვდა. მოგის ფრეიმი კი 50-იანი წლების ინჟინერიის კონსერვატიული ღირებულებებისა და საშუალო კლასის პროტესტანტული სამუშაო ეთიკის გავლენით შეიქმნა.”


დოპფერი და ეურორეკი


1990-იანი წლების გერმანიაში გადავინაცვლოთ, სადა დიტერ დოპფერი მრავალი წლის განმავლობაში MIDI სინთეზურ მოდულებზე მუშაობდა. ამ პერიოდისთვის მოდულარული სინთეზის სცენა არ გამოირჩეოდა აქტიურობით და კომპანიები ძალიან ბევრ პროდუქტს უბრალოდ წარმოებაში აღარ უშვებდნენ.

1994 წელს დოპფერმა მოდულარული მანქანა გამოიგონა, რომელიც the Doepfer A-100-ის სახელითაა ცნობილი. ამ მანქანის გამოგონებამ ახალი ინტერესი გააჩინა მოდულარის სამყაროში. Eurorack-ის სახელით ცნობილი სისტემა, მასობრივი ფენომენი გახდა იმ დროის კლუბურ სცენაზე ევროპაში, რამაც ასობით სინთ-კომპანიის შექმნა და ათასზე მეტი სხვადასხვა ტიპის მოდულის შექმნა გამოიწვია. 


Make Noise and the 0-Coast 


ამჯერად 2008 წელზე ვისაუბრებთ.


2008-ში, ტონი როლანდომ, თვითნასწავლმა ელექტრონული მუსიკის ინსტრუმენტების დიზაინერმა, რომელიც Moog Music-ში მუშაობდა, ეშვილში, ჩრდილოეთ კაროლინაში, დააარსა კომპანია სახელად Make Noise. კომპანიის საკუთარი თავის აღწერის მიხედვით ისინი “ქმნიან და აწყობენ ძალიან უცნაურ, თუმცა კარგად ნაფიქრ მოდულარულ სინთეზატორებს”. როლანდომ და მისმა კომპანიამ Eurorack-ის მოდულებისა და სისტემის სხვადასხვა ვერსია შექმნა, ასევე შექმნეს ნახევრად მოდულარული “o-coast”. O-coast, რომელიც დონ ბუჩლასა და ბობ მოგის სინთეზის პრინციპების მიხედვით მოქმედებს, ერთმანეთს უთავსებს ამ ორ პროცესს და განავრცობს მათ და, ამავე დროს, არც ერთი სპეციფიკურ ნიშან-თვისებას ხაზს არ უსვამს. 


საქართველოს წვლილი, აწმყო და მომავალი


ხმის ტექნოლოგია - გლობალური კულტურის მნიშვნელოვანი მატარებელი-ახალ, ლოკალურ კონტექსტებში ხელახლა პოულობს თავს, ხანდახან ქმნის ახალ კულტურულ ფორმებს, რომლებიც გლობალურ ტექნოლოგიას წინ სწევს.*

თითოეულ ზემოთ ჩამოთვლილ შემთხვევაში, ინსტრუმენტების შემქმნელები და მუსიკოსები ერთად მუშაობენ საკუთარი იდეების განვრცობასა და რაღაც ახლის შექმნაზე. აღსანიშნავია, რომ ყველა ზემოთ ჩამოთვლილ შემთხვევაში, უნიკალურ კულტურას, რომელშიც მუსიკისა და ინსტრუმენტების კეთებაში ჩართული ადამიანები ცხოვრობდნენ, ძალიან ღრმა ეფექტი და გავლენა აქვს ამ ინსტრუმენტების შექმნასა და მათი გამოყენების კონტექსტზე. მიუხედავად იმისა, რომ ჩამოთვლილი მაგალითები ძირითადად შეერთებულ შტატებსა და დასავლეთ ევროპას შეეხება, მსგავსი მოძრაობები თანადროულად გამოჩნდა ისეთ ადგილებში, როგორებიცაა ინდონეზია, სადაც “Do-it-yourself” ელექტრონიკა და მოდულარები ყოველდღიურად იზრდება, ან, თუნდაც, ლატვია, სადაც Erica Synths-ის მსგავსი კომპანიები DIY ნაკრებებს ქმნის, რომლებიც უმეტესწილად საბჭოთა პერიოდის ელექტრონიკის კომპონენტებს ეყრდნობა. 

ახალი მოძრაობები, მანქანები და მუსიკა სხვადასხვა ადგილიდან და კულტურიდან აღმოცენდება. ჩემი რწმენით, საქართველოს აქვს შესაფერისი კულტურა და გარემო იმისათვის, რომ საკუთარი წვლილი შეიტანოს მოდულარის ისტორიაში, რადგან ამ ქვეყანამ უკვე შეძლო იმავეს გაკეთება საკლუბო კულტურისა და მუსიკის სხვადასხვა ჟანრის ისტორიაში.


პროცესი უკვე დაწყებულია: თორნიკე მარგველაშვილის კურსი, Synthesis 101, რომელსაც ის CES-ში ატარებს, სტუდენტებს საშუალებას აძლევს ჰქონდეთ წვდომა Doepfer A-100-ის მოდულარულ სინთეზატორზე. პატარა ვენიუები, მაგალიტად, ბუდკა და პოლიტიკა, უკვე ატარებენ მოდულარული სინთეზის ღონისძიებებს. მოდულარის მოყვარულები სხვადასხვა ქვეყნიდან, ჩამოდიან თბილისში და მცირე ვორქშოფებსა თუ შოუებს ატარებენ. AVB არის პირველი კომპანია საქართველოში, რომელმაც წელს Make Noise-ისა და o-Coast­-ის მოდულების გაყიდვა დაიწყო.

1 დეკემბერს კი CES-ში თქვენი მონა მორჩილი ღია კარის დღეს ჩაატარებს მოდულარის კურსების შესახებ, რაც ერთგვარი გაგრძელება იქნება Synthesis 101-ის კურსის მოდულარული სინთეზის უფრო მაღალი დონის კურსის დასაწყისი. ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი იმისათვის, რომ საქართველომ მოდულარული სინთეზის ისტორიაში საკუთარი კვალი დატოვოს, თუმცა, ეს ყველაფერი არც ისე შორსაა.

*Analog Days: the Invention and Impact of the Moog Synthesizer

Publisher Harvard University Press Pg. 310, 309, 123 

ავტორი: ბენ უილერი