ლიტერატურა

მეტისმეტად ხმაურიანი მარტოობა

არის ჩეხეთში ასეთი ქალაქი ბრნო - ბოჰუმილ ჰრაბალის მშობლიური ქალაქი. უყურებ ამ წითელ სახურავებს, პაწია ქუჩებს, უსმენ ტაძრის ზარების ხმას და ფიქრობ, მაინც როგორ უმართლებს ზოგიერთ ქალაქს, სადაც გენიოსი იბადება. თითქოს არაფერი, ჩვეულებრივი ევროპული ქალაქი და უცებ, ჰრაბალის სამშობლო.


ქართულად ჯერ „ვემსახურებოდი ინგლისის მეფეს“ ითარგმნა, შესანიშნავი რომანი, რომლითაც ქართველმა მკითხველმა პირველად გაიცნო ჰრაბალი, მერე კი „მეტისმეტად ხმაურიანი მარტოობა“, სასტიკი და საოცრად პოეტური წიგნი, რომელმაც მკითხველის გაოცება, აღტაცება და სიყვარული ერთიანად დაიმსახურა.

ბოჰუმილ ჰრაბალი

მაინც ვინაა ჰანტა? ჰანტა წიგნებთან თავისი ცხოვრებითა და საქმიანობით დაკავშირებული ადამიანია, ის მაკულატურაზე მუშაობს ბნელ სარდაფში, წიგნებს ჰიდრავლიკურ წნეხში ატარებს... ჰანტა მითიური ატლანტია, რომელიც წიგნების სიმძიმემ წელში მოხარა.


ცოცხალი და მკვდარი წყლით სავსე დოქი ვარ, საკმარისია, ოდნავ დავიხარო და თვით სიბრძნე გადმომდინდება, ჩემდა უნებურად ვარ განათლებული და ისიც კი არ ვიცი, რომელი აზრებია ჩემი, ჩემში დაბადებული და რომელი - ამოკითხული. ამ ოცდათხუთმეტი წლის განმავლობაში საკუთარ თავსა და ჩემ ირგვლივ სამყაროს შევეზარდე, იმიტომ რომ, როცა ვკითხულობ, კი არ ვკითხულობ, არამედ ყოველ ლამაზ წინადადებას ნისკარტში ვიქცევ და კამფეტივით ვწუწნი, დიდხანს ვაგემოვნებ, თითქოს ლიქიორს ვსვამო, ვიდრე ალკოჰოლივით არ შეიწოვება ჩემში ამოკითხული ახალი აზრი და ეს იქამდე გრძელდება, სანამ წაკითხული მხოლოდ ტვინსა და გულს კი არა, ძარღვების გავლით უმცირეს კაპილარებსაც კი არ მიაღწევს.

ჰანტა ახალი ტიპის მონტეგია, ბრედბერის მეხანძრე, რომელიც წიგნებს განადგურებისგან იხსნის იმისათვის, რომ სხვაგვარი განადგურებისთვის შეინახოს, ყველაზე ინტიმური, საზეიმო ფინალისთვის, ის ერთგვარად ბორხესის „ქვიშის წიგნის“ პერსონაჟიცაა, რომელიც წიგნსა და მეხსიერებას თავიდან იშორებს და ვერც იშორებს, ის თანამედროვე სამყაროა, ნებისმიერი ჩვენგანია, რომელიც ძველი ბიბლიოთეკიდან წიგნებს გადაარჩევს, მაკულატურაში ჩააბარებს და სანაცვლოდ პრიალაყდიანი რამდენიმე წიგნი მოაქვს. ჰანტა, ყოველი ჩვენგანია, რომელიც ვერ არჩევს, მაინც რომელია აზრია მისი და რომელი - წიგნებიდან ამოკითხული.


ნებისმიერ მოწყობილობას შეიძლება გამოუჩნდეს ახალი, უკეთესი ვარიანტი, ნებისმიერი ხელსაწყო შეიძლება აღმოჩნდეს გამოუსადეგარი, ნებისმიერი მანქანა, მითუმეტეს, თუ ის ადამიანია - სწორედ ეს არის ჰანტას უბედურება. თან ოცნებობს, ბოლოს და ბოლოს, როდის დაასრულებს ამ საქმიანობას და თან თავისი არსით ისევ ამ საქმიანობასთან არის დაკავშირებული.


რა რჩება წიგნებისგან, როდესაც ჰანტა მათ ანადგურებს?- აზრები, რომლებითაც ადამიანთა თავებია დაწნეხილი? იდეები? მორალი? რელიგია? თუ ჰაერი, რომელიც თან არსებობს და თან არ არსებობს, ისევე, როგორც ზიარების წმინდა სისხლი?


ამ აბსოლუტურად სრულყოფილ, პოსტმოდერნულ წიგნში ყოველი სტრიქონი მსოფლიო ლიტერატურული გამოცდილების გახსენებაა, აქ ყოველი სტრიქონი რომელიღაც წიგნისკენ გადაგაგდებს და თანდათან, შენც ჰანტა ხდები, წიგნების ჰიდრავლიკური წნეხის დირიჟორი, ის, ვინც თავად არჩევს რომელი წიგნი გადაამუშავოს და რომელს აჩუქო დროებითი სიცოცხლე.


თითქოს ამ პირქუშ რეალობაში, სადაც წნეხს წიგნების გარდა, თაგვებიც ეწირებიან, სინათლის, სიყვარულის ადგილი არაა, მაგრამ არა, თითქოს ბინძური, პირქუში, არატიპური სიყვარული, რომელსაც არ ელი, რომელიც გაოცებს.


სამყარო შეუჩერებლად მიდის, მე კი ისევ წიგნებს ვწნეხო - ამბობს ჰანტა, თუმცა სამყარო სწორედ წიგნების საწნეხი მანქანაა, თუ ყველაფერი მხოლოდ იმისთვის შეიქმნა, რომ წიგნებში აღიწეროს, მაშინ ამ გამოცდილების განადგურებაც ყველაფერია, ეს მითიური გველია, რომელსაც საკუთარი კუდი პირში უდევს.

დიდი ხანია, არ წაგიკითხავთ რაღაც ძალიან სულისშემძვრელი? დიდი ხანია, წიგნში ჩაკეტილი მეტისმეტად ხმაურიანი მარტოობისთვის არ მოგისმენიათ?მაშინ თქვენი დრო დადგა!


35 წელი მაკულატურის წნეხის გვერდით, 35 წელი წიგნებისა და საკუთარი მარტოობის გადარჩენისთვის, 35 წელი მხოლოდ საკუთარ თავთან პირისპირ...


რა შეიცვლება ჰანტასთვის მას მერე, რაც საკუთარი სამყაროდან გარეთ გავა? არც არაფერი, მხოლოდ მისი მარტოობა გაიზრდება...



"მეგობარო, ახლა ყველაფერს თვითონ უნდა მიხედო, ხალხში გასვლაც თვითონ უნდა დააძალო თავს, თეატრალური წარმოდგენებიც შენვე უნდა უმართო საკუთარ თავს და იმდენ ხანს იყო სცენაზე, სანამ დარბაზს არ დატოვებ, რადგან აქედან მოყოლებული ცხოვრება მელანქოლიურ წრეებს შემოწერს და წინ რომ წახვალ, იმავე დროს უკან დაბრუნდები"...

შესანიშნავი ჩეხი მწერლის ბოჰუმილ ჰრაბალის საოცარი წიგნი "მეტისმეტად ხმაურიანი მარტოობა" მათთვის, ვისაც ნამდვილი ლიტერატურა მოენატრა.


როგორია ჰანტას სამოთხე?


„გამოვრთე მწვანე ღილაკი და კალათში ჩაყრილ ქაღალდში ბუდე მოვიწყვე, ისეთივე ყოჩაღი ვარ, როგორც ყოველთვის, რის უნდა მრცხვენოდეს, შემიძლია კმაყოფილი ვიყო საკუთარი თავით ისე, როგორც სენეკა, როდესაც აბაზანაში შეაბიჯა, გადავიტანე ერთი ფეხი იქით მხარეს და ცოტა მოვიცადე, მეორე ფეხიც გადმოვიტანე და მოვიკუნტე, უბრალოდ ბუდე მოვიზომე, მერე გადავიხარე, მწვანე ღილაკს მივაჭირე თითი და წნეხის კალათში, მაკულატურასა და რამდენიმე წიგნს შორის მოწყობილ ბუდეში მოვეწყვე, ხელში ჩემი საყვარელი ნოვალისი მეჭირა და თითი იმ წინადადებაზე მედო, რომელსაც ყოველთვის აღფრთოვანებაში მოვყავდი, კმაყოფილებით ვიღიმებოდი, რადგან მანჩინას და მის ანგელოზს ვემსგავსებოდი და იმ სამყაროს ვუახლოვდებოდი, სადაც არასდროს ვყოფილვარ, ჩაბღუჯული მქონდა წიგნი, რომლის ერთ-ერთ გვერდზეც ეწერა: "ყოველი საყვარელი საგანი სამოთხის ბაღის ცენტრია...“ - აი ასეთი.

გადმოწერე განახლებული აპლიკაცია - SABA Reader - App Store-დან ან Good Play-დან და იკითხე ქართული და უცხოური ლიტერატურა საბაზე.


#საბკულტურა

ავტორი: https://saba.com.ge/