ტრაგიკომედიები თანამედროვე ქართული ცხოვრებიდან - ლევან კოღუაშვილის კინო

Hammock Magazine თიბისი კონცეპტთან ერთად წარმოგიდგენთ ინტერვიუს რეჟისორ ლევან კოღუაშვილთან, რომლის ბოლო მხატვრულმა ფილმმა "მეოთხე ბრაიტონმა" ტრიბეკას კინოფესტივალზე საუკეთესო საერთაშორისო ნარატიული ფილმის კატეგორიაში გაიმარჯვა. ჯილდოები მოიპოვეს მთავარი როლის შემსრულებელმა ლევან თედიაშვილმა და სცენარის თანაავტორმა ბორის ფრუმინმა.


შეგახსენებთ, რომ 3-7 ოქტომბერს სვანეთის პირველი საერთაშორისო კინოფესტივალი იმართება, ლევან კოღუაშვილი კი მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსის ჟიურის წევრია და პროგრამაში მისი საავტორო ფილმი - “შემთხვევითი პაემნები” იქნება ნაჩვენები.

ლევან, როდის და როგორ გაგიჩნდათ ინტერესი კინოს მიმართ?

ჩემი ბავშვობის ერთ-ერთი მოგონებაა, როგორ ვიჯექი ზაფხულში აივანზე და როგორ ვუყურებდი შავ-თეთრ ტელევიზორში კინოს, რომელშიც მკვლელობის ერთსა და იმავე ისტორიას რამდენიმე ადამიანი ჰყვებოდა. უცნაურად ჩამითრია. დრო რომ გავიდა, მივხვდი, “რაშომონი” ვნახე. სკოლას რომ ვამთავრებდი, არ ვიცოდი რისი კეთება მინდოდა, ბევრი რამ მაინტერესებდა, მაგრამ განსაკუთრებულად არაფერი, ამიტომ რატომღაც გეოგრაფიულ ფაკულტეტზე გადავწყვიტე ჩამებარებინა, ფაკულტეტის სახელიც მახსოვს - "საზღვარგარეთის ქვეყნების ეკონომიკური გეოგრაფია" ერქვა. მოსამზადებლად გეოგრაფიაზე და მათემატიკაზე დავდიოდი, 90-იანი წლების აპრილი იყო და მახსოვს, ერთ ღამეს ტელევიზიით მილოშ ფორმანის "ამადეუსი" გადიოდა, ძალიან იმოქმედა ამ ფილმმა. ახლა სხვათა შორის აღარ ვგიჟდები, მგონია, რომ გაცილებით უკეთესი ფილმები აქვს ფორმანს, მაგრამ მაშინ იმდენად ემოციური ვიყავი, ფილმს რომ ვნახულობდი, მომდევნო ორი-სამი დღე იმ ფილმის სამყაროში ვცხოვრობდი. მეორე დილით, როცა ისევ "ამადეუსზე" ვფიქრობდი, შემხვდა ჩემი მეზობელი და მეუბნება თეატრალურში კინოეკონომიკურ ფაკულტეტზე ვაბარებო, არც დავფიქრებულვარ, იმ მომენტშივე გადავწყვიტე და ვუთხარი, მეც მანდ ვაბარებ-მეთქი.


როგორ განვითარდა თქვენი სტუდენტური ცხოვრება 90-იანი წლების თბილისში?

არ ვიცოდი, როგორ და რა ფორმით, მაგრამ კინოსთან სიახლოვე მინდოდა. ვერ ვიტყვი, რომ 90-იანების თბილისში, უნივერსიტეტში, მაშინ როცა გარეთ დიდი არეულობა ხდებოდა, განსაკუთრებული სწავლა იყო, ერთი წლის შემდეგ თეატრალურის წინ საერთოდ ომი დაიწყო, მერე აფხაზეთის ომიც დაემატა და ისეთი უცნაური გარემო შეიქმნა, ვერ ვხვდებოდი რა უნდა გამეკეთებინა. ომში წასვლის სურვილი მქონდა, თუმცა ვგრძნობდი, რომ არ გამომივიდოდა, იმიტომ რომ არ იყო ჩემი ხასიათის ნაწილი

ჟურნალისტიკაში როგორ აღმოჩნდით?

მაშინ ჟურნალისტიკისთვის თითქოს რომანტიკული პერიოდი იყო, მაინცდამაინც ჯერ კიდევ ვერ ხვდებოდნენ, რომ ამ პროფესიის სახელმწიფო იარაღად გამოყენება შეიძლებოდა. ზუსტად ამ წელიწადნახევრიანი ჟურნალისტური ცხოვრების პერიოდში მქონდა პირველი შეხება კამერასთან, რეპორტაჟებს, კლიპებს, რეკლამებს ვიღებდით და ვამონტაჟებდით. შემოქმედებითი სიხარულის განცდით რომ მოიწამლები, მერე უკვე რთულია ეს სიამოვნება სხვა რამეში გაცვალო, არადა საცდური მაშინ ბევრი იყო, ნარკოტიკი, სმა, უსაქმურობა... მაგრამ ეს იმდენად აღმატებული სიამოვნება იყო, მივხვდი, რომ ყველაზე დიდი "კაიფი" ამას აქვს. მერე მოხდა ისე, რომ ავსტრიაში ჟურნალის რედაქტორად წავედი სამუშაოდ, საიდანაც ერთ დღეს სამუშაო ვიზიტით მოსკოვში გამაგზავნეს. მოსკოვში რომ ჩავედი, კინოსკოლაში მივედი და თავისუფალ მსმენელად მიღება ვითხოვე.

ფაქტობრივად წარმატებულ კარიერას შევეშვი და ნულიდან დავიწყე ახალი პროფესიის შესწავლა. მივხვდი, რომ პრინციპში ეს ის საქმეა, რისი კეთებაც მთელი ცხოვრება მინდოდა.

თბილისში რატომ დაბრუნდით?

90-იანი წლების საქართველოში დაბრუნება მაშინ ალბათ სწორი გადაწყვეტილება არ იყო, "ქართული ფილმის" სტუდია დაბომბილ ჰიროსიმას ჰგავდა, სადაც მხოლოდ ძველი თავლიდან დარჩენილი ერთი თეთრი პონი დადიოდა. სრული სიურრეალიზმი იყო. მიუხედავად ამისა, მოკლემეტრაჟიანი ფილმი მაინც გადავიღე, სადიპლომო ნამუშევარიც შევასრულე და ტელევიზიასთანაც დავიწყე თანამშრომლობა. უსაქმოდ მაინც არ ვყოფილვარ. შემდეგ ხორვატიაში აღმოვჩნდი ვორქშოპზე, 10-წუთიანი დოკუმენტური კინო გადავიღე და გავიმარჯვე - ძალიან საინტერესო გამოცდილება იყო, ბევრი რამ მომცა. ამ დროს გაჩნდა ნიუ-იორკში წასვლის შანსი. იქ მთავარ ამერიკულ კინოსკოლაში მოვხვდი, სადაც რადიკალურად შეიცვალა ჩემი დამოკიდებულება ამ პროფესიის მიმართ.

ნიუ-იორკში დაიწყო იმ განსხვავებული კინოს კეთება, რომელსაც დღემდე ვაკეთებ, ძალიან კონკრეტული და სპეციფიკური განათლება მივიღე, თან ნიუ-იორკი ძალიან ბევრ შესაძლებლობას გაძლევს, კინოსთვის ძალიან მდიდარი ქალაქია.

თქვენ როგორ აღმოგიჩენიათ ის ამბები, რომლებიც შემდეგ უკვე კარგად ნაცნობ ფილმებში გვინახავს?

სხვადასხვა ისტორიებია, უცხო ქალაქში თემატიკის პოვნა ადვილი არ არის, საკურსო დავალება მქონდა გადამეღო ათწუთიანი დოკუმენტური ფილმი ინტერვიუს გარეშე. მაშინ ქართველ ემიგრანტ მამა-შვილთან ვცხოვრობდი - მამა 80 წლის იყო, შვილი დაახლოებით ჩემი ასაკის. საქართველოდან გადმოხვეწილი, ალცჰაიმერით დაავადებული მოხუცი ადამიანი, რომელიც ფანჯარასთან ზის და არ ახსოვს, სად ცხოვრობს. ჩემთვის უცნაური და საინტერესო ამბავი იყო, თან ემიგრაციაც თავისთავად სევდიანი მომენტია. როგორც კი ამ მოხუცებულის გადაღება დავიწყე, ემოციურად მაშინვე მივხვდი, რას ვაკეთებდი, გამომდინარე იქიდან, რომ ვიცოდი ამ ადამიანის ისტორია. სწორედ მაშინ მივხვდი, რომ ძალიან მნიშვნელოვანია თემატიკას ემოციურად გრძნობდე.

ნიუ-იორში ცხოვრობდით, თუმცა პირველი მხატვრული სრულმეტრაჟიანი ფილმი საქართველოში გადაიღეთ...

ნიუ-იორკში მხატვრული ფილმის სცენარზე ვმუშაობდი, რომელიც ისევ ემიგრაციის თემას შეეხებოდა, ამ დროს თბილისიდან დამირეკეს და შემომთავაზეს ერთი ნარკომანის თვითმკვლელობის ისტორია. დავინახე შესაძლებლობა, რომ ჩემს 90-იანი წლების დაკარგულ თაობაზე მომეყოლა. ქუჩის დღეების პრემიერის შემდეგ ბარში ჩემს მეგობართან ერთად ვსვამდი, ვუყურებდი ამ ჩემს მეგობარს და მივხვდი, რომ უნდა გადავიღო ფილმი ისევ დაკარგულ თაობაზე, მაგრამ აქ მთავარი არც ნარკოტიკი იქნება და არც სხვა რამ, იქნებიან ინტელიგენტი ბიჭები, რომლებიც დაკარგულები და თან ცოტა სასაცილოები არიან. ეს ემოცია აბსოლუტურად ერთი ადამიანისგან იყო წამოსული, რომელიც შემდეგ "შემთხვევითი პაემნების" მთავარი როლში გადავიღე.

თქვენთვის რამდენად მნიშვნელოვანია ქართული კონტექსტის ჩვენება, თუ ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც გმირის შინაგანი სამყაროა?

ალბათ ორივე ერთად, ცხადია, ყველაფერი ადამიანის ირგვლივ ტრიალებს და მთავარი მაინც გმირია. ვიტყოდი, რომ ის, რაც მე მაინტერესებს, ფრესკებია ქართული ცხოვრებიდან, ოღონდ, რა თქმა უნდა, გმირების საშუალებით. როცა ნარკომანიის ან თუნდაც ემიგრაციის თემას ირჩევ, ირჩევ კონფლიქტურ სიტუაციას, რომელიც აუცილებლად გჭირდება, რომ დრამატურგია საინტერესო გამოვიდეს.

დღეს დაახლოებით უკვე ვიცით როგორი ფილმები აღწევენ საფესტივალო წარმატებას, თქვენ თუ გაგითვალისწინებიათ ოდესმე კონიუნქტურა?

ჩემს ფილმებს თვალს თუ გადაავლებთ, დარწმუნდებით, რომ კონიუნქტურას ნამდვილად არ ვითვალისწინებ. ცხადია, ფესტივალებზე ვფიქრობ, თუმცა ეს გადამწყვეტი არასდროს არ არის. ერთი რამ ვიცი, რომ ვაკეთებ იმას, რაშიც ემოციური და გულწრფელი ვარ, ეს გულწრფელობა კი მაყურებელს და სხვათა შორის ფესტივალსაც თავადვე პოულობს. მთავარია იდეით იყო ანთებული, კონიუნქტურით ვერ აენთები. ჩემთვის პირადად არანაირი საფესტივალო წარმატება არ არის საკმარისი იმისთვის, რომ იმ ურთულეს მოგზაურობაში გადავეშვა, რასაც კინოს გადაღება ჰქვია.

მაშინ პირადად თქვენთვის რა არის კმაყოფილების მთავარი საზომი?

ყველაზე დიდი კმაყოფილების მომენტი თავად მუშაობის პროცესის დროს დგება. ერთმა ჩემმა რეჟისორმა მეგობარმა მითხრა, ყველაზე მეტად როცა გაგიჭირდება, მაშინ უნდა მიხვდე, რომ ეს შენი მუშაობის ყველაზე საინტერესო მომენტიაო. იმდენად რთული პროფესიაა, რომ ამ ამ სირთულეების გადალახვა ყველაზე საინტერესო და სასიამოვნო პროცესია.

ბევრი რეჟისორისგან მსმენია, რომ საქართველოში ცხოვრება, მიუხედავად იმისა, რომ სირთულეებთანაა დაკავშირებული, მაინც ბევრ შემოქმედებით მასალას იძლევა, თქვენც ასე ფიქრობთ?

გეთანხმებით, ბოლო ოცი წლის განმავლობაში ბევრი ისეთი რამ მოხდა, რაც შემოქმედებითი მუშაობისთვის საკმაო მასალას იძლევა. თან აქ ისეთი კინემატოგრაფიული გარემოა, როგორიც მე მაინტერესებს, ერთდროულად ტრაგიკულიც და კომიკურიც. საერთოდ, მგონია, რომ კარგ კინოს ასეთი ტონალობა უნდა ჰქონდეს. სირთულე ალბათ ინდუსტრიის არარსებობაში მდგომარეობას.

მოტივაცია რომ არ დაკარგო, შინაგანად უფრო მეტი ძალისხმევა გჭირდება, ვიდრე მაშინ როცა იმ ინდუსტრიაში ხარ, რომელიც გამუდმებით მუშაობს.

დღეს რა ეტაპზეა ქართული კინო?

მთავარია, რომ პროცესი დაძრულია და ნელ-ნელა ახალი სახელებიც ჩნდება. ჩვენ როცა დავიწყეთ, ფაქტობრივად არაფერი ხდებოდა, იმ პერიოდთან შედარებით პროცესი უფრო ცოცხალია. ჯერ ერთი, ფიზიკურადაც უფრო მეტ კინოს იღებენ და უფრო მეტი გამოცდილებაც დაგროვდა, მე უბრალო ვისურვებდი, რომ პრიორიტეტი არა ფესტივალზე მოხვედრა, არამედ ურო მეტი გულწრფელი ფილმის შექმნა იყოს. ასეთებს ხშირად ვხვდები და ძალიან მიხარია. შეიძლება ფილმს არ ვეთანხმებოდე, მაგრამ რეჟისორს და მის გულწრფელ ემოციას, როგორც წესი, ვეთანხმები.


თქვენმა ბოლო ფილმმა "მეოთხე ბრაიტონმა" ტრიბეკას ფესტივალზე მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია, მოგვიყევით ამ ფილმის შესახებ, ეს ის სცენარია, რომელზეც აქ დაბრუნებამდე, ნიუ-იორკში მუშაობდით?

ბრაიტონზე მუშაობა ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს დავიწყე, დოკუმენტური ფილმი რომ გადავიღე, პარალელურად სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმისთვის მასალებს ვაგროვებდი, მეგონა, რომ პირველ ფილმს ნიუ-იორკში გადავიღებდი. ემიგრანტებთან ერთად ვცხოვრობდი, ხშირად სამუშაოდაც დავდიოდი მათთან ერთად და ამ გზით ვცდილობდი მათ სამყაროში შეღწევას. ეს ისტორიაც, რომელიც შემდეგ "მეოთხე ბრაიტონის" სცენარს საფუძვლად დაედო, ერთ-ერთი ემიგრანტისგან მოვისმინე. შემდეგ მოხდა ისე, რომ საქართველოში "ქუჩის დღეების" გამო დავბრუნდი და ეს მასალა მივივიწყე. მეგონა, ამერიკაში უახლოეს პერიოდში კინოს აღარ გადავიღებდი, მაგრამ ბორის ფრუმინმა სცენარი დაწერა, შემდეგ კი ერთ-ერთი პროდიუსერიც დაინტერესდა. თავიდან დიდი ენთუზიაზმი არ მქონია პროექტის მიმართ, იმ გარემოში აღარ ვიყავი და სხვა პროექტებზე ვფიქრობდი, თუმცა მოხდა ისე, რომ ისევ პროექტმა ამირჩია და იმისთვის რომ თავიდან შევსულიყავი ამ მასალაში, რაღაც პერიოდი ნიუ-იორკში დავბრუნდი და თავიდან დავიწყე ამ ყველაფრის ათვისება.


თქვენს ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში თქვით, რომ კინო მაშინ გამოდის დიდი, როცა სათქმელიც დიდიაო. გიფიქრიათ, რა საერთოა იმ მთავარ სათქმელებს შორის, რომელიც გინდათ რომ თითოეული ამ ფილმით მაყურებელს უთხრათ?

აკარგი და რთული შეკითხვაა. შინაგანად ყოველთვის სასოწარკვეთილებას ვებრძვი და მინდა, რომ ეს ჩემს კინოშიც ჩანდეს. შეიძლება ფილმი მძიმე იყოს, მაგრამ რაღაც სინათლე აუცილებლად უნდა გასდევდეს. არ ვგულისხმობ ვარდისფერი სათვალით დანახულ სინათლეს, უბრალოდ ნაღდ და გულწრფელ სინათლეს, რომელიც ყველაზე სევდიან ფილმსაც კი უნდა სდევდეს თან. ასეთია ჩემი შინაგანი დამოკიდებულება და ცხოვრებისეული პოზიცია. ეს ზოგადად თუ ვიტყვი, მაგრამ ყველაფერში არის რაღაც კონკრეტული ამბავი და სიტუაცია. ჩემს ფილმებს, მათ შორის ქუჩის დღეებსაც ვხედავ, როგორც კომედიებს, რაც არ გულისხმობს მაინცდამაინც პირდაპირი გაგებით სასაცილო ამბავს, არამედ ირონიულ დამოკიდებულებას საკუთარი თავის, გმირების და სიტუაციების მიმართ.


თავად თუ გაქვთ საერთო რომელიმე თქვენს გმირთან ან რომელიმე ისტორიაში პირადი გამოცდილება ხომ არ ჩაგიდიათ?

რა თქმა უნდა, ჩამიდია და სადაც ეს მომხდარა, მგონია, რომ იქ ბევრად საინტერესოდ გამოსულა ამბავი. ვერ ვიტყვი, რომ ჩემს თავს რომელიმე გმირთან ბოლომდე ვაიგივებ, მაგრამ რაღაც სიტუაციები პირადი გამოცდილებიდან გამომდინარეც გამომიყენებია - "ქუჩის დღეებშიც" არის ასეთი სცენები, "შემთხვევით პაემნებშიც" ვარ წარმოდგენილი საკუთარი სისუსტეებითა და კომედიით.

ზოგადად, ძალიან კარგად მესმის გმირების, მიუხედავად იმისა, რომ თითქოს ჩემთან არანაირი კავშირი არ აქვთ, ყოველთვის ვხვდები მათ არჩევანს და რაღაცნაირად ჩემს თავში ვატარებ მათ ცხოვრებას. ამიტომ მეტ-ნაკლებად მეც ვარ ამ სცენებში მიმობნეული - ძირითადად იქ, სადაც ადამიანური სისუსტეები ჩანს.

რამდენად განიცადა თქვენმა ვიზუალურმა სტილმა ცვლილება დროსთან ერთად თუ ამას ყოველთვის ფილმის შინაარსი განაპირობებს?

"შემთხვევითი პაემნები" მეგონა, რომ უფრო რეალისტური კინო იქნებოდა, თუმცა როცა ორი მთავარი გმირი ერთად დავინახე, უფრო მეტად სტატიკური კადრების საჭიროება შეიქმნა, მასალამ და გმირებმა თავადვე მიკარნახეს, როგორ უნდა გადამეღო. თუმცა როცა პირობით კინოს იღებ, არსებობს საშიშროება, რომ ლამაზი კადრების ხიბლში გადავარდე. ამის ცოტა შემეშინდა და ვთქვი, რომ შემდეგ კინოს უფრო რეალისტურს გადავიღებდი, "მეოთხე ბრაიტონისას" უკვე ეს იყო ჩემი ამოცანა. შემდეგ ფილმს საერთოდ, ვფიქრობ, რომ შავ-თეთრად გადავიღებ. ჩემთვის მთავარი მაინც კინემატოგრაფიულობაა, მოწამლული ვარ კინემატოგრაფიული ფაქტურით, მინდა კადრში მზე სწორი კუთხიდან ურტყამდეს, ჩანდეს წვიმა და საერთო ხედები... ხანდახან სიუჟეტზე მეტად ეს მაინტერესებს.


მაყურებლის თვალით რომ შეხედოთ, შეგიძლიათ დაახასიათოთ, როგორია ლევან კოღუაშვილის კინო?

მეტ-ნაკლებად სევდიანი ამბები, მოყოლილი შეძლებისდაგვარად ირონიით, სხვანაირად რომ ვთქვა, ტრაგიკომედიები თანამედროვე ქართული ცხოვრებიდან.  

ვიცით, რომ ამჟამად ახალ ფილმზე მუშაობთ - "პანდემია ქართულად". როგორია პანდემია ქართულად და როგორია თქვენი სამომავლო გეგმები ამ პანდემიის პირობებში?

ამ ფილმის შექმნის მიზანი ალბათ უფრო არგაჩერების სურვილი იყო, თითქოს ყველა ქვეყანა თავის საკუთარ ომში ჩაება და გამიჩნდა სურვილი, რომ გადამეღო ის, რაც ჩვენს ომში ხდებოდა. მერე მივხვდი, რომ პანდემია არ არის იმდენად მნიშვნელოვანი, რამდენადაც საბაბია, რომ ვაჩვენო როგორ იქცევიან ქართველები ამგვარ კრიზისულ მდგომარეობაში. ამ ფილმში ვერ ნახავთ პანდემიის სამედიცინო, პოლიტიკური ან ეკონომიკური კუთხით კვლევას, ფრესკებია ქართული ცხოვრებიდან, რომელიც ყოფით პანდემიურ, ზოგჯერ აბსურდული სიტუაციებს შეეხება. პარალელურად ორ ახალ სცენარზეც ვმუშაობ, რომელთაგან ერთი 90-იანი წლების თემას შეეხება, მეორე კი ისევ ნიუიორკული ისტორიაა.



ავტორი: გვანცა ჩანადირი

ფოტოსესიის იდეის ავტორი: ქეთევან ბარბაქაძე

ფოტოგრაფი: ლაშა ბაკურაძე

MUA: Make up institute Georgia (მარი ბაგრამიანი)