მუსიკა | ცა

Larry Heard aka Mr. Fingers 4GB ფესტივალზე

Larry Heard იგივე Mr. Fingers - ლეგენდარული მუსიკოსი ჩიკაგოდან და ჰაუს მუსიკის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფიგურაა. მისი მუსიკალური კარიერა 35 წელს ითვლის.

image: Dj Mag Italia

1980-იანი წლების მეორე ნახევარში ლარი ჰერდმა ორ ვოკალისტთან, რობერტ ოუენსთან და რონ ვილსონთან ერთად ჰაუს მუსიკის ჯგუფი Fingers Inc. ჩამოაყალიბა. მათი ალბომი Another Side ჟანრის კლასიკაა. ამის პარალელურად ლარი ჰერდი სოლო მუსიკისაც აქტიურად უშვებდა, რისთვისაც საკუთარ სახელთან ერთად სხვადასხვა მეტსახელებს იყენებდა, როგორებიცაა Mr. Fingers, Loosefingers, Fingers, House Factors და Trio Zero. მისი ბოლო ალბომი Cerebral Hemispheres 2018 წელს გამოვიდა.

ჰერდის სინგლებმა ‘Mystery of Love’, ‘Can You Feel It’ და ‘Bring Down the Walls’ ჰაუს მუსიკას უფრო სიღრმისეული სტრუქტურა შესძინა.

მელომანები სწორედ ლარი ჰერდს მიიჩნევენ ‘დიფ ჰაუსის’ ფუძემდებლად

image: NPR

ლარი ჰერდის გავლენა თანამედროვე ელექტრონულ მუსიკაზე განუზომელია. ჩიკაგოს და დეტროიტის ლეგენდებიდან Aphex Twin-ამდე, მისი თაყვანისმცემელია ამ სცენის ყველა წარმომადგენელი.

Theo Parrish ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს:

„შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ყველა მის მუსიკას ვაკეთებთ. ის პირველი ქმნიდა ეისიდ და ეგრეთ წოდებულ „დიფ“ ჰაუსს.”

ჩვენთვის დიდი პატივია, რომ ლარი ჰერდი პირველად საქართველოში 4გბ-ზე ჩამოვა და მისი ახალი ლაივის დებიუტიც სწორედ აქ შედგება.

© J. Louis Tucker

მას კომპანიონობას პარიზელი ჯაზ-პიანისტი და ჰაუს მუსიკის პროდუსერი Paul Cut გაუწევს, რომელსაც მუსიკალური სამყაროს ისეთ პატივსაცემ ფიგურებთან თანამშრომლობის გამოცდილება აქვს, როგორებიც Kerri Chandler და Chez Damier არიან. 

ავტორი: ანასტასია ზურაბიშვილი

გარეკანის ფოტო: Mike Wolf