კოლექტიური ცეკვა ეგზისტენციალურ ნოტებზე
Tsa.Music...
წარსული ეპოქების გარჩევა და ამოკითხვა თბილისის ცვალებად იერსახეში სწრაფი განვითარების ფონზე სულ უფრო რთულია. მით უფრო მაშინ, როცა ეს წარსული მრავალშრიანია ანუ, თავის მხრივ, ბევრ სხვადასხვა ფაზად იყოფა.
ლადო ალექსი-მესხიშვილის გამოფენას თბილისის შემდეგ ქუთაისი უმასპინძლებს. 16 თებერვლიდან 1-ელ მაისამდე მსურველები გამოფენის დათვალიერებას ქუთაისში, ი. გრიშაშვილის ქუჩის 26 ნომერში მდებარე თიბისი ბანკის ცენტრალურ ფილიალში შეძლებენ.
გამოფენის მოწყობის ინიციატივა ლადო ალექსი-მესხიშვილის ოჯახს ეკუთვნის. ჩანახატებისა და ნახაზების კოლექციით, ესკიზებით, მაკეტებით, ფოტოებით, ფილმებითა და სხვა საარქივო მასალით შედგენილი ექსპოზიცია არქიტექტურას სწორედ ცვლილების მომენტში ასახავს. ეს ნამუშევრები ორი ეპოქის მიჯნაზე გარდაქმნილ ფორმებსა და ესთეტიკას წარმოაჩენს და მათი მოხელთება არქიტექტურის ცოდნის ყველაზე დამწყებ საფეხურზე მყოფი დამთვალიერებლისთვისაც კი შესაძლებელი იქნება.
"სრულიად გამორჩეული ტიპიურ საბჭოთა არქიტექტურაში"
ასე აფასებენ დღეს ლადო ალექსი-მესხიშვილის შემოქმედებას გამოფენის კურატორები. მისი კვალი თბილისის ფიზიკურ გარემოში, ქალაქის იერსახის მრავალგვარი და ხშირად აგრესიული ცვლილების მიუხედავად, მაინც მკაფიოდ ჩანს.
სპორტის სასახლე, ჭადრაკის სასახლე, ცენტრალური ფოსტა-ტელეგრაფის შენობა, ვაკის პარკის კასკადი - ეს არქიტექტურული ძეგლები დროის მოთხოვნებს, გავლენებს, მაგრამ ამავდროულად ავტორის გამორჩეულ ხედვასაც ასხივებს, რომელიც ორმოცწლიანი ნაყოფიერი მოღვაწეობის განმავლობაში ასევე იცვლებოდა.
კურატორების თქმით, იმ პერიოდში, როდესაც უპირატესობა ენიჭებოდა ტიპური პროექტების დანერგვას, ლადოს ყველა ნამუშევარი ინდივიდუალურობით გამოირჩეოდა.
ასე რომ, ექსპოზიცია საინტერესოა ამ პერსპექტივიდანაც - როგორ მიმდინარეობდა პიროვნული შემოქმედებითი ტრანსფორმაცია სოციალურ-პოლიტიკური კონტექსტის გარდაქმნის პარალელურად.
მოთხოვნები არქიტექტურის მიმართ კი 1930-იანი წლებიდან 1955-მდე და 1955-ის შემდეგ კი სულ სხვადასხვაგვარი იყო. პირველი პერიოდი სოციალისტური რეალიზმის გავრცელების დროა, როცა ახლად აგებულ საბჭოთა შენობებს დეკორატიულობა და ეროვნული ნიშნებით მორთვა ახასიათებს. 1955-ის შემდეგ კი არქიტექტურისგან პირდაპირ მოითხოვეს „ზედმეტობების აღმოფხვრა“, სიმარტივე და მკაცრი ფორმები დაკანონდა. ამ ორი სრულიად განსხვავებული იდეოლოგიური დაკვეთის მიუხედავად, ლადო ალექსი-მესხიშვილის ნამუშევრები მაინც ერთდროულად სადა და დახვეწილია, ზედმეტი გადატვირთვა დეტალებით არც სოციალისტური რეალიზმის პერიოდში ახასიათებს. ხშირად ამბობენ, რომ ერთი მხრივ, შესაძლებელია საერთო ელემენტების პოვნა მის პროექტებში, მაგრამ შენობები არ არის ერთმანეთის მსგავსი, უფრო შემოქმედებითი ხაზის ლოგიკური გაგრძელებაა.
"ლადო ალექსი-მესხიშვილის შემოქმედებამ არაერთი სტილისტიკური ქარტეხილი გაიარა. სტალინის პერიოდის არქიტექტურული ნიმუშიდან, სანატორიუმ "იმერეთიდან" დაწყებული, კიროვის პარკში ფართო ეკრანიანი საზაფხულო კინოთეატრის პროექტით დასრულებული. რაც უფრო მეტი იყო ვერტიკალური ჩარევა ხელისუფლების მხრიდან, მით უფრო ფართოდ იხსნებოდა მისი შემოქმედებითი ასპარეზი"
- ლადო შონია, გამოფენის კურატორი.
სოციალისტური რეალიზმის პერიოდიდან აღსანიშნავია ლადო ალექსი-მესხიშვილის წყალტუბოს სანატორიუმ „იმერეთის“ პროექტი, რომელიც თვალნათლივ გადმოსცემს დროის ტენდენციებს, თუმცა ითვალისწინებს შენობის ფუნქციასაც და მას რელიეფსაც არგებს. ლადო ალექს-მესხიშვილი ქმნიდა ესკიზებს სხვადასხვა ფუნქციის მქონე დაწესებულებებისთვის მარტყოფში, ტყვარჩელში, ტყიბულში, წყალტუბოში. ყველგან ცდილობდა, შენობა ყოფილიყო ფუნქციურად მოხერხებული და გამართული, გაეთვალისწინებინა მოცემული ლანდშაფტი და ზედმეტად არ შეიჭრილიყო მასში.
საზაფხულო კინოთეატრი, სპორტის სასახლე და რესტორანი „იორი“ - ეს ლადო ალექსი-მესხიშვილის ის პროექტებია, რომლებშიც ცხადად აისახა ორ პერიოდს შორის გარდამავალი ეტაპი და გამოჩნდა, თუ როგორ თანდათან იხვეწებოდა და მსუბუქდებოდა არქიტექტურული ფორმები.
დამთვალიერებელი საგამოფენო სივრცეში ასევე იხილავს რეჟისორ ლანა ღოღობერიძის ფილმებსაც, რომლებიც როგორც თავად რეჟისორი ამბობს, ლადო ალექსი-მესხიშვილს კიდევ უფრო ახლოდან და განსხვავებული რაკურსით გვაცნობს.
"ფილმი ლადოს გარდაცვალების შემდეგ მალევე გადავიღე და ფაქტობრივად ძალიან უშუალო და იმწუთიერ რეაქციებს გამოხატავს, ახლა რომ ვიღებდე, ალბათ სხვანაირად გადავიღებდი, მაგრამ საინტერესოა, როგორც დოკუმენტი.
ჩემთვის ძალიან ძვირფასი და ინტიმური მასალაა, რადგან იქ ჩანს კადრები - როგორ დგას თხილამურებზე, როგორი იყო მისი დამოკიდებულება, რას წერდა წერილებში და როგორ ურთიერთობდა უმცროს შვილთან... "
თავიდან ბოლომდე მისმა შემოქმედებამ გვიკარნახა. გამოფენაზე მუშაობის პროცესში დროის უდიდესი ნაწილი მასალის მოგროვებაზე მიდიოდა, რა დროსაც გარკვეული კონტურები გამოიკვეთა, შემდეგ დავიწყეთ ფიქრი, ტექნიკურად როგორ უნდა წარმოგვედგინა ექსპოზიცია.
როგორც კურატორები ამბობენ, გამოფენის მიზანია, ლადო ალექსი-მესხიშვილის შემოქმედება სრულყოფილად წარმოჩინდეს, მითუმეტეს იმ ფონზე, რომ ვერ ხერხდება მისი ყველა პროექტის ბოლომდე დადგენა და სხვადასხვა არქივში მოძიება.
"ძიების პროცესში ისეთი მასალები აღმოვაჩინეთ, რაც არავინ იცოდა, მისი ოჯახის წევრებმაც კი. ლადო ალექსი-მესხიშვილი გამორჩეული იყო თავის მუშაობის სტილითა და მეთოდით. არ იყო კონფორმისტი და ყოველთვის ცდილობდა სისტემისგან დისტანცირებას, რაც აისახა კიდევ მის შემოქმედებაზე. ეს გამოფენა, როგორც ისტორიული რეფლექსია, ძალიან დაგვეხმარება საბჭოთა არქიტექტურული მემკვიდრეობის გადააზრებაში"
- დიმიტრი ერისთავი, გამოფენის კურატორი.
ექსპოზიციაზე გამოფენილი იქნება როგორც მისი განხორციელებული, ასევე დაუსრულებელი პროექტები. თუმცა ძალიან შთამბეჭავია იმის წარმოდგენაც კი, თუ რამდენად მდიდარი და გამორჩეული იქნებოდა საქართველოს არქიტექტრული სურათი ამ პროექტების რეალიზების შემთხვევაში.
წყალტუბოს სანატორიუმი “იმერეთი”, თბილისის სპორტის სასახლე, ასევე, რესტორანი “იორი”, საცხოვრებელი სახლი თბილისში, ჭადრაკის სასახლე და ალპური კლუბი, მინისტრთა საბჭოს აგარაკები წყნეთში, მინისტრთა საბჭოს დასასვენებელი სახლი სოხუმში - გამოფენაზე ამ და სხვა შენობების მაკეტებისა და სხვა საარქივო მასალის ერთ სივრცეში ხილვა მართლაც შექმნის დროში მოგზაურობის და წარსულის არქიტქტურაში კითხვის ეფექტს.
"ამ გამოფენას ჩვენი ოჯახისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. მაგრამ ის სცდება პირადს. ლადოს ისეთი თვისებები ჰქონდა, რაც დღეს ძალიან იშვიათი და საჭიროა საქართველოში. ის ყველაფერს აკეთებდა აბსოლუტური თავგანწირვით და თავდადებით. თუ ხატავდა ესკიზებს, ხატავდა 2000 ცალს. თუ ცურავდა, ცურავდა ძალიან შორს, თუ კითხულობდა, კითხულობდა თავაუღებლივ. შეიძლება ითქვას რომ თავდაუზოგავად ცხოვრობდა. ვიტყოდი, რომ იყო რენესანსული ადამიანი. ასე რომ ეს გამოფენა, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი, საჭირო და ძალიან საინტერესო იქნება ახალგაზრდა თაობისთვის"
- ლანა ღოღობერიძე, რეჟისორი და მთარგმნელი. ლადო ალექსი-მესხიშვილის მეუღლე.
გამოფენა " "არქიტექტორი ეპოქების მიჯნაზე" ქუთაისში ი. გრიშაშვილის ქუჩის 26 ნომერში მდებარე თიბისი ბანკის ფილიალში დამთვარიელებელს 1-ელ მაისამდე უმასპინძლებს.
გამოფენის კურატორები არიან დიმიტრი ერისთავი და ლადო შონია, ნინი ფალავანდიშვილთან თანამშრომლობით.
პროექტის პარტნიორები არიან საქართველოს ეროვნული არქივი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.
გარეკანის ფოტო: უცნობი, ოჯახის არქივი
ავტორი: ნინო კვირიკაშვილი / Indigo Magazine