„ლადო ალექსი-მესხიშვილი - არქიტექტორი ეპოქების მიჯნაზე“ - გამოფენის შექმნის ისტორია

20 სექტემბრიდან სამი თვის განმავლობაში თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე ლადო ალექსი-მესხიშვილის პერსონალურ გამოფენას - "არქიტექტორი ეპოქების მიჯნაზე" მასპინძლობს.

დამთვალიერებელს პირველად ეძლევა შანსი, რომ გასული საუკუნის საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არქიტექტორის ნამუშევრების ფართო საარქივო კოლექციას გაეცნოს და კიდევ ერთხელ გაიაზროს არქიტექტურაში სოციალური რეალიზმის ერთ-ერთი მთავარი ფუძემდებლის მიერ განვლილი შემოქმედებითი გზა.

© ნატა სოფრომაძე.

გამოფენა, რომლის მოწყობის ინიციატივაც ლადო ალექსი-მესხიშვილის ოჯახს ეკუთვნის, ჩანახატებს, ნახაზებს, ფოტოებს, საარქივო მასალას და მაკეტებს მოიცავს. დამთვალიერებელი საგამოფენო სივრცეში ასევე იხილავს რეჟისორ ლანა ღოღობერიძის ფილმებსაც, რომლებიც როგორც თავად რეჟისორი ამბობს, ლადო ალექსი-მესხიშვილს კიდევ უფრო ახლოდან და განსხვავებული რაკურსით გვაცნობს. 

კადრები რეჟისორ ლანა ღოღობერიძის ფილმიდან „წერილი შვილებს“.


© ნატა სოფრომაძე.

ლანა ღოღობერიძე:

ფილმი ლადოს გარდაცვალების შემდეგ მალევე გადავიღე და ფაქტობრივად ძალიან უშუალო და იმწუთიერ რეაქციებს გამოხატავს, ახლა რომ ვიღებდე, ალბათ სხვანაირად გადავიღებდი, მაგრამ საინტერესოა, როგორც დოკუმენტი. ჩემთვის ძალიან ძვირფასი და ინტიმური მასალაა, რადგან იქ ჩანს კადრები - როგორ დგას თხილამურებზე, როგორი იყო მისი დამოკიდებულება, რას წერდა წერილებში და როგორ ურთიერთობდა უმცროს შვილთან...

© ნატა სოფრომაძე.

ძალიან მიხარია, რომ ეს გამოფენა მოეწყო. ძალიან დიდი მადლობა უპირველეს ყოვლისა თიბისის, კურატორებს, დიმიტრი ერისთავს, ლადო შონიას, ნინი ფალავანდიშვილს, რომლებმაც მართლა თავი გადადეს და ისევე იმუშავეს, როგორც ლადო მუშაობდა.

კადრები რეჟისორ ლანა ღოღობერიძის ფილმიდან „წერილი შვილებს“.


© ნატა სოფრომაძე.

გამოფენის მხარდამჭერი, ისევე როგორც ჩვენი უახლესი ისტორიის ყველა მნიშვნელოვანი კულტურული მემკვიდრეობის წინ წამოწევის და ხელახლა გააზრების ინიციატორი, თიბისია, რომელმაც ამ მასშტაბური პროექტის სახით დამთვალიერებლებს საშუალება მისცა ლადო ალექსი-მესხიშვილის უნიკალურ შემოქმედებას გასცნობოდნენ.

მარიამ წიქარიძე, თიბისის კულტურული პროექტების მენეჯერი:


თიბისის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ქართული კულტურის მხარდაჭერაა, იმ ისტორიულ მემკვიდრეობას, რაც ჩვენს ქვეყანაში არსებობს, გაცოცხლება, ახლებურად დანახვა და საზოგადოებისა თუ ახალგაზრდებისთვის წარდგენა სჭირდება“.

მარიამ წიქარიძე, თიბისის სახელოვნებო პროექტების მენეჯერი.

© ნატა სოფრომაძე.

ლადო ალექსი-მესხიშვილის შემოქმედებამ თბილისის იერსახეზე სამუდამო კვალი დატოვა. მნიშვნელოვანია, რომ ლადოს ყველა პროექტი განსაკუთრებული ყურადღებით ითვალისწინებს გარემოს, მასთან კავშირს და მისდამი პატივისცემას გამოხატავს.

მისი ნამუშევრები გამოირჩევა ახალი არქიტექტურული ფორმების ძიებით, რაც ძალიან კარგად ჩანს ოჯახის არქივში შენახულ უამრავ ჩანახატში. სწორედ ეს ყველაფერი გამოარჩევს იმდროინდელი კონტექსტისა და საბჭოთა არქიტექტურის დადგენილი ჩარჩოებისგან. ჩვენი სურვილია ისტორიული მნიშვნელობის არქიტექტორის შემოქმედება სრულყოფილად გავუზიაროთ ფართო საზოგადოებას და ყველაზე მეტად კი ახალგაზრდებისთვის გავხსნათ ის ველი, რომელიც წარსულის გამოცდილებების შესწავლით და გააზრებით სამომავლოდ სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში დაგვეხმარება.

© ნატა სოფრომაძე

პირველ რიგში მოგვიყევით, როგორ გაჩნდა გამოფენის მოწყობის იდეა და რა მნიშვნელობა აქვს თქვენთვის ამ გამოფენას სწორედ ახლა?

ლადო შონია, გამოფენის კურატორი

©  ნატა სოფრომაძე

ლადო შონია:

ჯერ კიდევ ერთი წლის წინ შეგვხვდა ნინა ახვლედიანი, რომელმაც გვითხრა, რომ უნდოდა ლადო ალექსი-მესხიშვილის გამოფენა გაეკეთებინა. შევხვდით ნინი ფალავანდიშვილს, გავიცანით ლადო ალექსი-მესხიშვილის შვილი - ნუცა და დავიწყეთ ფიქრი, თუ როგორ უნდა გვეჩვენებინა მისი შემოქმედება. თავიდან ოჯახის ინიციატივა იყო, რომ ჩანახატები გამოგვეფინა, თუმცა როცა ლადოს შემოქმედებას სიღრმისეულად გავეცანით, გადავწყვიტეთ, ვრცელი რეტროსპექტივა გამოგვეფინა და ჩანახატებთან ერთად მაკეტებიც წარმოგვედგინა. რაც შეეხება იმას, თუ რატომ მაინცდამაინც ახლა, გამოფენაზე მუშაობისას ეგ შეკითხვა დღის წესრიგში არც იდგა, რომ სწორედ ახლაა აქტუალური ლადოს შემოქმედების გადააზრება და მასთან მიბრუნება. ეს კავშირები და ძაფები ინდივიდუალურად შეიძლება ყოველთვის გაიბას, მაგრამ თვითონ გამოფენა ამ იდეას არ ისახავდა, თუმცა, მეორე მხრივ, უახლოეს ისტორიასთან მიბრუნება ყოველთვის შეიძლება საინტერესო და რაღაც მნიშვნელოვნის გააზრების საწინდარი იყოს.

დიმიტრი ერისთავი, გამოფენის კურატორი.

© ნატა სოფრომაძე.

დიმიტრი ერისთავი: 

ბოლო წლებში ამ პერიოდის არქიტექტურის კვლევა უფრო სიღრმისეულად დაიწყო, რამდენიმე გამოფენაც მოეწყო საბჭოთა არქიტექტურის შესახებ, ამ მხრივ მგონია, რომ ამ ეს ექსპოზიცია ზოგადი კვლევის საინტერესო გაგრძელებაა.

ნინი ფალავანდიშვილი, გამოფენის კურატორი.

© ნატა სოფრომაძე.

ნინი ფალავანდიშვილი:

მე პირადად შუალედურ ეტაპზე ჩავერთე, როდესაც შემომთავაზეს გამოფენის შინაარსობრივ მხარეზე მუშაობა. ეს გულისხმობს ნამუშევრების შესწავლა-კვლევა-ანალიზს, ტექსტების მომზადებას და, შესაბამისად, შინაარსობრივად შეკვრას. გამომდინარე იქიდან, რომ გამოფენა ბატონი ლადოს მთელ შემოქმედებას მოიცავს, იგი ქრონოლოგიურად ავაწყვეთ. ამით დამთვალიერებელს ეძლევა საშუალება თვალი გაადევნოს, თუ როგორ ვითარდება მისი, როგორც შემოქმედის გზა. რა არის მისი შთაგონება, რა არქიტექტურულ ფორმებს ავითარებს, ხვეწს, სტილისტურად როგორ იცვლება ეპოქების მიჯნაზე და ა.შ. ოჯახის არქივში მოძიებული ესკიზების და ჩანახატების პარალელურად მაყურებელი ნახავს ეროვნული არქივიდან გამოთხოვილ საპროექტო დოკუმენტებს, გეგმებს. აქაც შევეცადეთ არა მხოლოდ ის საბოლოო ნახაზები გვეჩვენებინა, რომელთა მიხედვით აიგო ესა თუ ის ნაგებობა, არამედ პირველადი ნახაზები, რომლებიც საწყის იდეას ასახავს. დამატებით, ისტორიული კონტექსტის შესაქმნელად და უკეთ გასაგებად, გამოფენილია იმდროინდელი გამოცემები, საფოსტო ბარათები, პლაკატები, ფოტოები...

მოგვიყევით უშუალოდ პროცესის შესახებ, ვინ არიან ადამიანები, რომლებიც ამ ყველაფრის დაგეგმვაში მონაწილეობდნენ?

ლადო შონია, გამოფენის კურატორი

©  ნატა სოფრომაძე

ლადო შონია:

ჩვენ გვინდოდა, გამოფენა ცოტა უფრო ფართო ყოფილიყო და არ შემოფარგლულიყო მხოლოდ იმ ნამუშევრებით, რაც მის ოჯახში ინახებოდა, რადგან ეს არ არის მხოლოდ ერთი არქიტექტორის გამოფენა. კი, რაც წარმოდგენილია, უშუალოდ მისი ნამუშევრებია, მაგრამ ამ ყველაფრის მიღმა იმდროინდელი ვითარება, გარემოს ხასიათიც ჩანს. დიდი დრო გავატარეთ არქივში - ბევრი პროექტის შესახებ ჩვენ თვითონაც არ ვიცოდით და ძალიან ბევრი კი აღმოჩნდა, რომ შესრულებულია მისი მონაწილეობით, მაგრამ ან დაკარგულია, ან ცოტა ინფორმაციაა მათ შესახებ. ამ ყველაფრის შეგროვებას დიდი დრო დავუთმეთ. პირველ ეტაპზე ძირითადად მე და დიმიტრი ვიყავით ჩართულები, შემდგომ უკვე ჩვენი იდეა იყო, რომ ძირითად შენობებზე - არ აქვს მნიშვნელობა, განხორციელდა თუ არა, ან რა სახით განხორციელდა - გაგვეკეთებინა სამგანზომილებიანი ფიზიკური მაკეტები, რაშიც თავისუფალი უნივერსიტეტის, სამხატვრო აკადემიის, ტექნიკური უნივერსიტეტის და საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტები დაგვეხმარნენ.  

დიმიტრი ერისთავი, გამოფენის კურატორი.

© ნატა სოფრომაძე.

დიმიტრი ერისთავი:

რაღაც მომენტში მივხვდით, რომ აუცილებელი იყო ისეთი ადამიანის ჩართვა, რომელიც კვლევის ნაწილში ტექსტურ მასალაზე იმუშავებდა. ვიცოდით, რომ ნინი ფალავანდიშვილის დიდი ინტერესი ლადოს შემოქმედების მიმართ და სიამოვნებით დაგვთანხმდა. არქივის თანამშრომლებიც დაგვიდგნენ გვერდში. ასევე უშუალოდ იყო ჩართული ლადო ალექსი-მესხიშვილის ოჯახი და თიბისის გუნდი. 

რამდენად გიკარნახათ ლადო ალექსი-მესხიშვილის შემოქმედებამ და თქვენ მიერ ჩატარებულმა კვლევამ გამოფენის სტრუქტურა და ნამუშევრების სივრცეში გადანაწილების იდეა?

ლადო შონია, გამოფენის კურატორი.

© ნატა სოფრომაძე.

ლადო შონია:

თავიდან ბოლომდე მისმა შემოქმედებამ გვიკარნახა. გამოფენაზე მუშაობის პროცესში დროის უდიდესი ნაწილი მასალის მოგროვებაზე მიდიოდა, რა დროსაც გარკვეული კონტურები გამოიკვეთა, შემდეგ დავიწყეთ ფიქრი, ტექნიკურად როგორ უნდა წარმოგვედგინა ექსპოზიცია. როგორც ექსპოზიციის დიზაინერებმა, გადავწყვიტეთ, რომ ნამუშევრები ორ სივრცეში გადაგვენაწილებინა - თიბისი კონცეპტის ქვედა სივრცეში, რომელიც ცოტა უფრო დიდია, მეტ-ნაკლებად სრულად წარმოვადგინეთ მისი, როგორც არქიტექტორის ნამუშევრები, მეორე, მრგვალ სივრცეში, დამთვალიერებელი სხვადასხვა ობიექტის დეტალებს იხილავს. ასევე ნაჩვენები იქნება ლანა ღოღობერიძის ორი ფილმი - "წერილი შვილებს" და "ფრესკები". საბოლოო ჯამში ექსპოზიციის დიზაინზე მუშაობისას ამოცანა მისი არა მხოლოდ კონკრეტულ სივრცეზე მორგება იყო, არამედ ისეთი საგამოფენო სტრუქტურის მოფიქრება, რომელიც მარტივად ტრანსფორმირდება და ასევე მარტივად გასაწყობია, რომელსაც შეიძლება დაემატოს ან მოაკლდეს ნამუშევრები, ისე რომ ძირითადი სტრუქტურა არ დაირღვეს. 

როგორც ლადო ალექსი მესხიშვილის არქივის მკვლევრები და გამოფენის დიზაინერები, როგორ შეაფასებდით ამ არქიტექტორის მნიშვნელობას და ღვაწლს იმდროინდელი ან თუნდაც თანამედროვე არქიტექტურისთვის?

ლადო შონია:

გარდა იმისა, რომ ის ჩემი ხელმძღვანელი იყო, მას მცირე რაოდენობით აქვს ისეთი შენობები, რომლებიც ტიპური საცხოვრებელი სახლების დანიშნულებას ითვალისწინებდა - არქიტექტორების უდიდესი ნაწილი ძირითადად მაინც ამაზე მუშაობდა, ლადომ კი უმეტესად საზოგადოებრივი დანიშნულების შენობები შექმნა, ისეთები, როგორებიცაა: ტელეგრაფის შენობა, ჭადრაკის სასახლე, სპორტის სასახლე და ა.შ. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს აძლევდა მას იმის საშუალებას, უფრო მეტი ინდივიდუალური შენობები დაეტოვებინა, ყველა მის შენობას აქვს თავისი კონკრეტული, მისეული ხასიათი. 

ლადო შონია, გამოფენის კურატორი.

© ნატა სოფრომაძე.

დიმიტრი ერისთავი:

ვფიქრობ, საინტერესო იქნება ამ მემკვიდრეობის გამოყენება და კიდევ ერთხელ გადააზრება. დიდი დრო გავიდა და ამ შენობებთან პირდაპირი ურთიერთობა ცოტა რთულია, მაგრამ მათი შექმნის პროცესზე ფიქრი და მხატვრული ნაწილი მგონია, რომ მნიშვნელოვანია ახალგაზრდა თაობისთვის, რომელიც თუნდაც ახლა სწავლობს არქიტექტურას. ისინი გარკვეულ რეფერენსებს მისი შემოქმედებიდანაც აიღებენ. ამ თვალსაზრისით, ვფიქრობ, რომ ლადოს შემოქმედებას აქვს ძალა, რომ მუდმივად გამოიყენო.  

ნინი ფალავანდიშვილი, გამოფენის კურატორი.

© ნატა სოფრომაძე.

ნინი ფალავანდიშვილი:

ჩემთვის, როგორც ხელოვნების და არქიტექტურის მკვლევრისთვის, ერთი მხრივ, ზოგადად, საინტერესოა იმ პერიოდის შემოქმედების დანატოვრის შესწავლა. მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია დროის კონტექსტის გააზრება. ერთი მეორის გარეშე არ არსებობს. ლადო ალექსი-მესხიშვილს, ისევე როგორც სხვა მრავალ არქიტექტორს, მოუწია გარდამავალ პერიოდში მუშაობა. მისი შემოქმედება დაიწყო სტალინის პერიოდში და შესაბამისად, სოცრეალიზმის მოთხოვნების ამსახველია. შემდგომი, 1960-70-იანი წლების პერიოდი კი, შეიძლება ითქვას, ყველაზე ნაყოფიერია. ამ პერიოდში შეიქმნა უმეტესობა იმ ნამუშევრებისა, რითაც არქიტექტორმა დატოვა კვალი - რესტორანი “იორი”, სპორტის სასახლე, ჭადრაკის სასახლე, ტელეგრაფი... მაგრამ ჩემთვის, როგორც მკვლევრისთვის, თანაბრად საინტერესო იყო იმ პროექტების აღმოჩენა და შესწავლა, რომლებიც არ განხორციელდა ან ნაკლებად ცნობილია დღევანდელობისთვის. რადგან ეს ნამუშევრები იმ დიდი სურათის განუყოფელი ნაწილია, რასაც შემოქმედებითი გზა ჰქვია, იმ აზრთა სვლის ძაფის ნაწილია.

© ნატა სოფრომაძე.

არქიტექტურას რომ ჩამოვშორდეთ სულ ცოტა ხნით, ბატონი ლადოს პროექტებს უპირველეს ყოვლისა გამოარჩევს ის, რომ ყველა მისი ნაგებობა არის ინდივიდუალური პროექტით შექმნილი. იმ პერიოდში, როდესაც ქვეყანა “მიექანებოდა” ტიპიზაციისა და სტანდარტიზაციისკენ, რაც წარმოების თანხების და დროის შემცირებას ემსახურებოდა, ეს ნამდვილად გამორჩეული ფაქტია. ეს ფაქტი დიდწილად განპირობებულია იმით, რომ ბატონი ლადოს სახელოსნოში შექმნილი პროექტები უშუალოდ მინისტრთა საბჭოს დაკვეთით სრულდებოდა. არქიტექტურული კუთხით რომ შევხედოთ, ლადო ალექსი-მესხიშვილის შემოქმედება გამოირჩევა ფუნქციური და ფორმალური გადაწყვეტის ჰარმონიულობით, ყველა მისი ნამუშევარი ითვალისწინებს ადგილს, მოცემულ ლანდშაფტს, ორგანულად ერგება მას ისე, რომ საინტერესო რჩება როგორც ინჟინრული, ასევე ვიზუალური გადაწყვეტით და ხშირად შემოქმედებითი მიგნებებით. აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ მისი თანამშრომლების როლი ამ პროცესში. არქიტექტურა არის ერთობლივი ფიქრის და შრომის შედეგი. უმეტესობა პროექტებისა შეიქმნა თბილქალაქპროექტის მე-3 არქიტექტურულ სახელოსნოში, სადაც მის გარშემო იმ დროს ახალგაზრდა და ნიჭიერი არქიტექტორები და ინჟინრები იყვნენ შეკრებილნი. ზოგიერთი პროექტი, მაგალითად, სპორტის სასახლე, მოწვეული ინჟინრის (დავით ქაჯაია) ჩართულობით შეიქმნა. მათი როლი ამ პროცესში უზომოა. 


© ნატა სოფრომაძე.


ავტორი : გვანცა ჩანადირი / Hammock Magazine