მუსიკა | ცა

Kraumur-ის მუსიკალური თავშესაფარი

ფოტო: საბა გორგოძე

„ჩემი აზრით, მუსიკა თავისთავად საკრალური არ არის. მგონია, რომ ინდივიდის ემოციური ბმა მუსიკასთან როგორც, რაღაც ზეგანსაკუთრებული მოვლენა, პოპულარული კულტურის მიერ არის საკრალიზებული.“ 

- არტისტებთან საუბრისას ყოველთვის მიჩნდება ილუზია, რომ შეიძლება მათი შემოქმედებითი სამყაროს მიღმა რაღაც იდუმალი ან ამოუხსნელი იმალებოდეს. ამ დამოკიდებულებას ჩემს გულუბყვილობას ნამდვილად არ ვაბრალებ - ხშირად მსმენია ისტორიები ისეთ განსაკუთრებულ მომენტებსა თუ შემოქმედებით გამონათებებზე, რომლებიც ადამიანებს ცხოვრების გზას განუსაზღვრავენ. თამარ იორამაშვილთან, იგივე Kraumur-თან საუბრის დროს ეს ილუზია მაშინვე გაქრა:

ფოტო: საბა გორგოძე

„ალბათ, ძალიან კარგი იქნებოდა, რაიმე გარდამტეხი მომხდარიყო ჩემს ცხოვრებაში და ფილმებში განვითარებული სცენარივით ერთ დღესაც მივმხვდარიყავი, რომ ჩემს იდუმალ მხარეს ყოველთვის უნდოდა ყოფილიყო დიჯეი, მაგრამ არა - მოვლენები უბრალოდ მიჰყვა ერთმანეთს და აღმოვჩნდი იქ, სადაც დღეს ვარ.“

ანთროპოლოგებს აქვთ ასეთი ხუმრობა: ‘ჩვენ არ ვიცით ვინ აღმოაჩინა წყალი, თუმცა ზუსტად ვიცით, რომ ეს თევზი არ იქნებოდაო’ - როგორც ხშირად ხდება ხოლმე, თამარმაც მუსიკის სამყარო აღმოაჩინა მაშინ, როდესაც უკვე მის შუაგულში იყო და ბგერითი გარემოსგან საკუთარი თავის გამოცალკავება აღარ შეეძლო. 

„ძალიან მინდა, მახსოვდეს როდის და რა გარემოებაში გავაცნობიერე, რომ ჩემს ირგვლივ ბგერები და ხმები ქმნიდნენ მუსიკას, მაგრამ სამწუხაროდ, არ მახსოვს”.

საწყისი პერიოდი ქაოტური იყო, რადგან, როგორც თავად აღნიშნავს, ყველგან, სადაც მიდიოდა, მუსიკა ხვდებოდა. უსმენდა ყველაფერს, რაც ხელმისაწვდომი იყო და არასდროს ყოფილა მიბმული რომელიმე კონკრეტულ არტისტზე თუ ჟანრზე. მუსიკის კლასიფიკაციით და სეგრეგაციით გატაცება მოგვიანებით, თინეიჯერობის ასაკში ფლეილისტების კეთებით დაიწყო.

ერთ-ერთი ასეთი ფლეილისტი მიქსის სახით ქართულ პოდკასტების სერიის, ‘დაირას’ ნაწილიც გახდა და ეს იყო მომენტი, როდესაც თამარმა საკუთარ თავს დაუსვა კითხვა, „რატომაც არა?“ 

„უდიდესი გამოწვევაა და ამავდროულად სიამოვნებაც, როდესაც მუსიკით პუბლიკაზე მანიპულირებ. როდესაც შენი ნაშრომი რეალიზდება იქ, სადაც მიიჩნევ, რომ მისი ადგილია. ასეთ დროს, საცეკვაო მოედნებზე მოარული სიცოცხლე საშუალებაა, აღმოაჩინო საკუთარი განსხვავებული თავი“ - საკუთარ თავში ახალი მიმართებების პოვნა ერთია, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა პირველი ნაბიჯების გადადგმაც, რისი დამსახურებითაც საბოლოოდ Kraumur შედგა. საკლუბო თუ სახელოვნებო სივრცეებმა, რომელთაც Kraumur-ს თავისი შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენის საშუალება მისცეს, არტისტს გააცნობიერებინა, რომ მთავარი მოტივაცია, რის გამოც ეს ყველაფერი შეიძლება აკეთო არის იმ ადამიანების ემოცია, ვისთვისაც უკრავ: „ძალიან საინტერესო და სახალისოა მათთან ურთიერთობა და იმის დანახვა, რა მოსწონთ, რამდენად გაფასებენ და სცემენ პატივს იმას, რისი კეთებაც მოგწონს.“

თუმცა ამ კომუნიკაციის თანმდევი კომპონენტია შფოთი და ნერვიულობა, რომელიც, Kraumur-ის აზრით, წლების შემდეგაც არ გამქრალა, მაგრამ ნაკლებად სახიფათო გახდა. მიიჩნევს, რომ სიახლეებისადმი სწრაფვა, საკუთარი თავის გამოცდა და დისკომფორტთან პირისპირ ყოფნა განვითარების საშუალებას იძლევა - იძლევა საშუალებას, გახდე საკუთარი თავის მთავარი კონკურენტი. ისევე, როგორც ყველა ადამიანისთვის, გლობალური პანდემიით გამოწვეულმა თვითიზოლაციამ საკუთარ თავთან ურთიერთობის დინამიკა მნიშვნელოვნად შეცვალა არტისტებისთვისაც.

Kraumur-ს ახალმა რეალობამ მუსიკასთან დისტანცირების საშუალება მისცა, თუმცა მისთვის არ შეცვლილა მთავარი - ახალი ფორმებით, ახალი ემოციით და განწყობით მუსიკა მაინც მისი მთავარი თავშესაფარი გახდა.

„მას შემდეგ, რაც ნელ-ნელა გავაცნობიერე, რომ პანდემიასთან ერთად უნდა გვეცხოვრა, მუსიკის ძალიან ბევრი ემოციური მხარე თავიდან აღმოვაჩინე. ჩემი გემოვნება ჩარჩოებში არასოდეს მომიქცევია, ყოველთვის ვახერხებდი თანაბრად გამომეყო დრო ე.წ. საცეკვაო მუსიკისა, თუ ისეთი კომპოზიციების ძიებისათვის, რომლებიც გავრცელებული აზრით, კლუბებს არ უხდება. ვფიქრობ Disk Jockey-ის, როგორც შემრჩევის, შემრევის მთელი ხიბლი სწორედ იმაშია, რომ უნდა მოიხელთოს ნებისმიერი ტრეკი, რაც განწყობას ქმნის - ისეთს, როგორსაც კონკრეტულ მომენტში თან ატარებს.“

ფოტო: საბა გორგოძე

თავის მხრივ, შემოქმედებითი ინდუსტრიებისთვის საინტერესო პერსპექტივას ქმნის პოსტ-კოვიდური სიტუაცია, რომელიც როგორც არტისტებს, ასევე საკლუბო თუ საფესტივალო სივრცეებსაც აიძულებს ადაპტირების ახალი ფორმები მოძებნონ. Kraumur მიიჩნევს, რომ ახალი რეალობა ახალ შინაარსებს მოიტანს, რომელიც შინაგან პროტესტზე და მისი გამოხატვის არტისტულ გზებზე გავა. 

30 ივლისს სტრატს აიღებს ფოთში დაგეგმილი Swing Festival, რომელიც რეგულაციების სრული დაცვით შეეცდება აუდიტორიას პოსტ-კოვიდური რეფლექსის შესაძლებლობა მისცეს. აღნიშნულ ფესტივალზე Kraumur პლატფორმის TSA სცენაზე დაუკრავს და შეეცდება გამოცადოს საკუთარი თავი და აუდიტორიაც.

ავტორი: რეზი ხუნწელია