კოტე კალანდაძე - მუსიკოსი კინოკამერით

კოტე კალანდაძეს და მე ერთი მეტად საინტერესო რამ გვაერთიანებს. ეს 1980-იანების ბოლოს და 1990-იანების დასაწყისში აღმოცენებული მუსიკალური სტილები – გრანჟი და ალტერნატიული როკია, რომელთა ერთგვარი ბიძგით და კარნახით ის მუსიკოსი გახდა, მე კი - მუსიკის ჟურნალისტობა გადავწყვიტე. 

კოტე ლადო ბურდულის მიერ 1999 წელს ორგანიზებულ როკ-ფესტივალზე გავიცანი, როდესაც ქუთაისური გაზეთისთვის ამ ღონისძიებაზე ასალას ვაკეთებდი. მაშინ ბესელა რაზმაძის ჯგუფ „კონტრაბანდაში“ ბასზე უკრავდა კოტე. 

შეიძლება ითქვას, რომ კოტე ის იშვიათი ქართველი მუსიკოსი და კინემატოგრაფისტია, რომელიც დღემდე ქართული ანდერგრაუნდიდან მოდის და ამავე დროს, ამ კულტურის ცხოვრების გაცნობის ყველა მსურველს თავისი ფილმებით უყვება ამბავს.

1990-იანი წლებიდან მოყოლებული, კოტემ სხვადასხვა ჯგუფში დაუკრა და რამდენიმე თავად ჩამოაყალიბა. მისი შემოქმედება ანდერგრაუნდსა და მეინსტრიმს შორის გადებული ხიდია, რომელიც მეტად ენერგიული, მელოდიური და თან სევდიანია. მისი ნაწარმოებების საფუძველი ალტერნატიული როკია, თუმცა მათში იპოვით გრანჟს, პოსტ-პანკს, ჰიპ-ჰოპს და პოპ-როკსაც კი. მას არ ეშინია ექსპერიმენტების და აბსოლუტურად თავისუფალი და დამოუკიდებელი მუსიკოსია.

Небо СССР

მუსიკოსი, მომღერალი, სიმღერების ავტორი, კინემატოგრაფისტი და ხმის ინჟინერი კოტე კალანდაძე 1979 წლის 27 ნოემბერს დაიბადა. სწავლის დროს გაიცნო და დაუმეგობრდა ქავთარაძის და ნუცუბიძის პლატოების როკტუსოვკის წევრებს, მუსიკოსებს – გია თოიძეს, ბესელა რაზმაძეს, ნიკა კოჩაროვს და სხვებს. ჩააბარა პოლიტექნიკურ ინსტიტუტში უცხო ენების ფაკულტეტზე, რომელიც მალევე მიატოვა. როგორც თავად ამბობს, სწავლა „პანკურ პონტში დაიკიდა“ და მას მერე აღარსად გაუგრძელებია. 

თავდაპირველად გია თოიძის ჯგუფში, „ამორალი“ უკრავდა, რომელსაც დღეს „წერილი“ ჰქვია. შემდეგ იყო ნიკა კოჩაროვთან ერთად გაკეთებული პროექტი „გაზის ბალონი“. 1990-იანების მეორე ნახევარში ჩამოაყალიბა S.P.I.D., პარალელურად ბასზე უკრავდა „კონტრაბანდაში“ და, ამასთანავე, ჰქონდა საკმაოდ წარმატებული რუსულენოვანი ჯგუფი Небо СССР, რომელმაც რამდენიმე ალბომი ჩაწერა. 

2010-იანებში ცოტა ხნით მიიწვიეს ჯგუფში Mother On Mondays და ალბომის ჩაწერაშიც მიიღო მონაწილეობა. დღემდე ჰყავს ჯგუფი Lady Heroine, რომელიც 2008 წელს თბილისში შეიქმნა. 2011 წელს ჯგუფმა სადებიუტო მინიონი (მინი ალბომი, იგივე EP) სახელად Elite ჩაწერა. 2013 წელს მუსიკოსებმა პირველი ალბომი Rise And Shine ჩაწერეს. ამის შემდეგ კი კიდევ ორი სტუდიური ნამუშევარი When We Were Drunk და Stay გამოუშვეს.

2020 წლის მაისში გამოვიდა სინგლი Italia. Lady Heroine-ის შემადგენლობაში კოტე კალანდაძესთან ერთად ბასისტი გიორგი კორძახია და დრამერი დიმიტრი ოგანესიანი არიან. ჯგუფი გამოსაშვებად ამზადებს ალბომს, რომელიც, კოტეს თქმით, იქნება უფრო ელექტრო, დარქვეივი და არაროკენროლური. ერთი სიმღერის, Luka’s Song მიხედვით ჯგუფმა ვიდეო გადაიღო. 

კინემატოგრაფიაში კოტე კალანდაძე 2000-იანებში მოხვდა. დროთა განმავლობაში კი ისე მოეწონა ხელოვნების ეს სფერო, რომ გადაწყვიტა საკუთარი კინოკომპანია „პარაშუტ ფილმი“ დაეფუძნებინა და ფილმები გადაეღო ქართულ ანდერგრაუნდ კულტურაზე.

ისევე როგორც მუსიკაში, აქაც აგებს ხიდს ანდერგრაუნდსა და საზოგადოებას შორის, რათა მაყურებლისთვის უფრო ადვილად გასაგები გახადოს იატაკქვეშეთის სამზარეულო. 

მე ვნახე ორი დოკუმენტური ფილმი, რომლის შექმნაშიც კოტე მონაწილეობდა. ერთია – „ძაღლზე უკეთესი“, რომელიც მუსიკოს გია იაშვილზეა გადაღებული. მას, როგორც მუსიკოსს, ძალიან დიდი პერსპექტივა ჰქონდა დიდ ბრიტანეთში, თუმცა სირთულეების გამო სამშობლოში დაბრუნება მოუწია. მეორე კი რეჟისორ კეკო ჭელიძის ფილმი „მკვდარი სულების არდადეგები“ გახლავთ, რომელიც 2020 წლის სექტემბერში თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე აჩვენეს.

პანდემიის გამო, ფილმს ღია ცის ქვეშ გამართულ კინოთეატრში პირდაპირ მანქანიდან ვუყურე. ამ ფილმში კოტე პროდიუსერი, ოპერატორი და მემონტაჟეა. ფილმი ჯგუფ „წერილის“ („ამორალის“) ბასისტ ლევან სვანიძეზე მოგვითხრობს, რომელიც მტკივნეულად ეჯახება დღევანდელ საყოფაცხოვრებო რეალობას. ესაა შესანიშნავი და ძალიან ემოციური ფილმი, რომელიც არა მარტო მუსიკით დაინტერესებულ მაყურებელს აღაფრთოვანებს.

კოტე კალანდაძეს მის შემოქმედებაზე ველაპარაკე:

– კოტე, რას მიიჩნევ შენს პროფესიად?

– პროფესიით ხმის ინჟინერი უფრო ვარ, რადგან ცხოვრებაში ყველაზე ძალიან მიტაცებდა ეგ საქმიანობა. მუსიკოსობა, ალბათ, პროფესიაზე მეტია, შეიძლება მოწოდება დავარქვათ... ხმაზე მუშაობა ძალიან მიყვარს, მისი ჩაწერის პროცესიდან დაწყებული, დიზაინით დამთავრებული. 

– როდის და როგორ დაინტერესდი მუსიკით?

– მამაჩემიც მუსიკოსი იყო, საქართველოს ტელევიზიისა და რადიოს ორკესტრს ხელმძღვანელობდა, ბიძაჩემი კი „ვია 75“-ში გიტარაზე უკრავდა. ბავშვობიდან სულ მუსიკა მესმოდა, მიუხედავად იმისა, რომ ეს არ იყო ის, რაც მე მიყვარდა. ჩვენს სახლში ხშირად იკრიბებოდნენ მუსიკოსები. როცა გურიაში სოფელში მივდიოდით, ბიძაჩემის მანქანაში სულ „ბითლზი“ იყო ჩართული. 10-11 წლიდან ვსწავლობდი აკორდებით დაკვრას. 1992-93 წლებში სკოლაში უკვე ბენდი ჩამოვაყალიბე, თუმცა 1996 წელს ნიკა კოჩაროვთან ერთად პირველი სერიოზული ჯგუფი გავაკეთე. სამწუხაროდ, მუსიკალური განათლება არ მიმიღია. მაშინ ძალიან მიტყდებოდა შვიდწლედში სწავლა. ახლა ვხვდები: რომ მესწავლა, ძალიან გამომადგებოდა. თეორია რომ იცი, ბევრი რამ მარტივდება. თავის დროზე 4 აკორდის ცოდნის გამო, თავი გენიოსები გვეგონა. ძალიან გული მწყდება იმაზეც, რომ სკოლაში მათემატიკა კარგად არ ვისწავლე – ძალიან დამეხმარებოდა მუსიკაში. 

– ჯგუფი S.P.I.D., ანუ Sick People In Dreams როგორ ჩამოყალიბდა?

– თავიდანვე ვიყავით: გოგა სამხარაძე, შოთა შატბერაშვილი, ირაკლი ლომსაძე, გიორგი ლომსაძე... ზოგადად ჩემს ჯგუფებში მხოლოდ მეგობრებს და ჩემიანებს შეუძლიათ დაკვრა. უცხო მუსიკოსის აყვანა არ შემიძლია.

– პირველი სინგლი 1997 წელს ჩავწერეთ, 1999-ში – ალბომი Your Life Sucks, 2000 წელს – ოთხსიმღერიანი მინი ალბომი Down, 2001-ში – ალბომი Depressed Holidayz, 2002 წელს – სამსიმღერიანი მინი ალბომი When We Were Drunk, დაბოლოს 2006 წელს – ბოლო ალბომი Episode One.

– პირველი კონცერტი 1998 წელს ლესელიძის ქუჩაზე კლუბ UR-ში გვქონდა – „კონტრაბანდას“ გამხურებლებად გამოვედით. კიდევ ბევრ ადგილას დაგვიკრავს, მათ შორის – „მზიურის“ ფესტივალზე. დამოუკიდებლადაც ვაწყობდით კონცერტებს. ეს ჯგუფი აფიშირებული არასდროს ყოფილა. სიმღერებს სახლში ვიწერდით ხოლმე.

ყველაფერს გულით ვაკეთებდი, არც ვიცოდი ამ მუსიკისთვის რა უნდა მექნა, სად წამეღო.

– მიუხედავად ამისა, ჯგუფს მაინც იცნობდნენ. სხვა პროექტებისგან განსხვავებით, სადაც კი დამიკრავს, „სპიდს“ წარმატებისთვის არ მიუღწევია. ეს ჯგუფი თითქოს ჩრდილში იდგა, მაგრამ თავისი ღირსება ჰქონდა. სხვადასხვა სტილში მოვსინჯეთ ძალები. დავუკარით ჰიპ-ჰოპი, პოსტ-პანკი, ალტერნატიული როკი, გრანჟი, ინდუსტრიალი... ჩარჩოები არ გვქონია. ჩემთვის S.P.I.D. თავისუფლების პლატფორმაა და ამიტომ გამორჩეულად მიყვარს. მართალია, ინგლისურად ვმღეროდი, რომელიც ქართულივით და რუსულივით კარგად არ მესმოდა, მაგრამ ყველაზე მეტად გამოვხატე ჩემი სათქმელი. 

S.P.I.D.

– 1990-იანების მსოფლიოს მუსიკამ – გრანჟმა, ალტერნატიულმა როკმა, ჰიპ-ჰოპმა და სხვამ, რა გავლენა იქონია S.P.I.D-ის და შენი სხვა პროექტების შემოქმედებაზე?

– 1990-იანების ამერიკულმა როკმა ჩამომაყალიბა როგორც მუსიკოსი. ბევრი რამ ისე შეცვალა ამ მუსიკამ ჩემში, რომ, ალბათ, ვერც ვხვდები. ერთ ისტორიას მოვყვები: 1994-95 წლებში ჯგუფის შექმნა მინდოდა. მაშინ კლასიკური როკის მსმენელი ვიყავი – „ლედ ზეპელინი“, „პინკ ფლოიდი“ მიყვარდა ძალიან. სოლოლაკში ცხოვრობდა ერთი ბიჭი – ვახო ერქვა. მასთან დავდიოდით კასეტების ჩასაწერად და გასაცვლელად. იმ ბიჭს ჰყავდა ერთი მეზობელი გიორგი, რომელიც შემდეგ ჯგუფ „არიქაში“ უკრავდა. ერთხელაც ვახოსთან „ემერსონ, ლეიკ ენდ პალმერი“ მივიტანე, იმანაც რაღაც ჩანაწერები შემომთავაზა, რომლებს შორისაც იყო „ნირვანას“ Nevermind-ის კასეტა. ვიკითხე, ეს რა ჯგუფია? ვახომ მიპასუხა, ეს გიორგის კასეტაა, რაღაც „სირობა" არისო. ვიფიქრე, წამოვიღებ და ვიკაიფებ, რა „სირობაა" ასეთი მეთქი. ჩავრთე და რომ მოვისმინე, ყველაფერი ამომიტრიალდა თავში, საერთოდ სხვა განზომილება გამიხსნა. „ნირვანა“ რომ არ მომწონებოდა მაშინ, ალბათ, დღემდე ვიქნებოდი კონსერვატორი და მარტო აკადემიური, კლასიკური როკის მსმენელი.

ამ მუსიკამ კი თავში ყველაფერი ამიფეთქა.

– როგორ მოხვდი კინემატოგრაფიაში, რამ განაპირობა შენი ჩართულობა ამ საქმიანობაში?

– კინოში სადღაც 2005 წელს მოვხვდი, როცა რამდენიმე ფილმის გადაღებაში როგორც ხმის ინჟინერი, ისე ვმონაწილეობდი. ვაკვირდებოდი ამ საქმიანობას და მომწონდა. მაშინ დავფიქრდი, ქართული ანდერგრაუნდის თემას არავინ აქცევდა ყურადღებას, არადა მისი სახით რამხელა რამ გვაქვს. გადავწყვიტე, მოდი, მოვსინჯავ, მე გავაკეთებ ამ თემაზე ფილმს მეთქი. გადავიღე პირველი აბსოლუტურად უბიუჯეტო ფილმი Teen Spirit, რომელიც 2012 წელს გამოვიდა.

– ამ ფილმის გადაღებისას საკუთარი ძალები მოვსინჯე, ზოგი რამ კარგად გამოვიდა, რაღაცები ნაკლებად, თუმცა სტიმული მომცა, რომ ამ მიმართულებით სხვა რამეებიც მეკეთებინა. 2016 წელს უკვე გადავიღე დოკუმენტური ფილმი მუსიკოს გია იაშვილზე და მას დავარქვით „ძაღლზე უკეთესი“ Better Than Dog. 2020 წელს კინოფესტივალზე აჩვენეს ჩვენი დოკუმენტური ფილმი „მკვდარი სულების არდადეგები“. თითქმის მზადაა ახალი, ამჯერად უკვე მხატვრული სრულმეტრაჟიანი ფილმი „დრამერი“, რომელიც მალე გამოვა. მზად მაქვს სცენარი მხატვრული ფილმისთვის „ნაცრისფერი ცა“, რომელიც 1990-იანი წლების 15 წლის მოზარდზეა. მთავარი გმირი მოძველბიჭო ტიპია და გაიცნობს გია თოიძეს (ჯგუფ „წერილის“ მომღერალს). ეს ის პერიოდია, როცა გია უკვე გამოსულია ძველბიჭური პონტებიდან – ეძებს გზებს და უფრო მუსიკისკენაა, ვიდრე ქუჩის ცხოვრებისკენ. კინოცენტრმა მისი განვითარება უკვე დაგვიფინანსა. არ ვჩქარობ, მინდა, რომ კარგად გავაკეთო, რადგან 1990-იან წლებზეა. ძალიან ახლობელი თემაა, თან მარტივი ფილმი არ იქნება. სავარაუდოდ, კო-პროდუქცია იქნება უცხოურ კომპანიასთან ერთად. სულ მალე ვიწყებთ კიდევ ერთი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის, „აღარ შემიძლიას“ გადაღებას მუსიკოსებზე – ბულიასა (ნიკოლოზ ბუზალაძე) და ჯონსონაზე (ალექს კოვზირიძე), სცენარი მზად გვაქვს.

– როგორ შეიქმნა კინოკომპანია „პარაშუტ ფილმი“?

– 2014 წელს შეიქმნა. ჩვენ გვინდა წარმოვაჩინოთ ისეთი კულტურული და ანდერგრაუნდ-თემები (არა მარტო მუსიკალური), რომელიც ჩვენში არ არის ძალიან პოპულარული.

თუმცა, ჩემი აზრით, ამ ანდერგრაუნდ-მოძრაობამ, იგივე ქართულმა ალტერნატიულმა მუსიკამ უკვე დიდი წვლილი შეიტანა დღევანდელი ჩვენი კულტურის და საზოგადოების განვითარებაში, თუნდაც ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებაში.

ავტორი: ლაშა გაბუნია