მუსიკა | ცა

Kordz-ის ნაწარმოები ამსტერდამში ჩელო ბიენალეზე შესრულდება

ალბათ ვინც ამ ტექსტს კითხულობთ, მათთვის ალექსანდრე კორძაიას იგივე Kordz-ს დამატებითი წარდგენა არ სჭირდება. უკანასკნელ 5 წელში, ახალგაზრდა მუსიკოსის განვითარების ტემპი ყველასთვის თვალსაჩინოა. 29 ოქტომბერს Kordz-ის სრულიად ახალი, 10 წუთიანი ნაწარმოები ამსტერდამში, „ჩელო ბიენალეს“ ფარგლებში გაჟღერდება და ონლაინ გადაიცემა.

ოქტომბერი 28, 2020

როგორ მოხვდი ჩელო ბიენალეზე და აქამდე თუ გქონია მსგავსი გამოცდილება?


მარტაინ ფედინგი, რომელიც ცნობილი კომპოზიტორი და ჰააგის კონსერვატორიის დეკანია, კონსერვატორიაში სწავლის დროს გაიცნო და დაინტერესდა ჩემი მუსიკით. წელს გამოთქვა სურვილი, რომ ჩელო ბიენალეზე, მისი ნაწარმოების გვერდით, ჩემი ნამუშევარიც შესრულებულიყო - ამან ძალიან გამახარა, ვინაიდან ყოველ ფესტივალზე, აქ მსოფლიოს წამყვანი შემსრულებლები იკრიბებიან.


აქამდე გიორგი ცაგარელთან თანამშრომლობის ფარგლებში მიმუშავია ვიოლასთვის კომპოზიციის დაწერაზე. აქამდე ყოველთვის თეორიულად მიწევდა მუშაობა, ახალი გამოწვევისთვის კი თავად ინსტრუმენტზე დაკვრასაც შევეცადე, 


სპეციალურად ამ პერიოდისთვის სახლში ავიღე ვიოლა, ვიოლინო, ჩელო და ყველა პასაჟი, რისი გაჟღერებაც მინდოდა, ვეცადე რომ თავად დამეკრა. შედეგად ბევრი რამ აღმოვაჩინე - სად არიან ნოტები ზუსტად, როგორ შეიძლება სხვადასხვა ეფექტების გამოყენება - ეს პროცესი ჩემი წინა ნამუშევრებისგან სრულიად განსხვავებული აღმოჩნდა.

ვისთვისაა დაწერილი ნაწარმოები და რა პირობებში გიწევდა მასზე მუშაობა?


ნაწარმოები რომელიც ბიენალეს ფარგლებში გაჟღერდება, დავწერე ანსამბლისთვის, შესრულებით კი მას „Asko|Schönberg“ შეასრულებს, ერთ-ერთი წამყვანი თანამედროვე მუსიკის პროექტი ჰოლანდიაში - იგი მრავალი წევრისგან შედგება, არსებული ვითარებიდან გამომდინარე კი უნდა შემერჩია, რომელი ინსტრუმენტებისთვის გავაკეთებდი ნამუშევარს - საბოლოოდ შევჯერდი ჩელოზე, როგორც სოლისტზე, ვიოლინო და ვიოლა, კონტრაბასი, როიალი (რომელიც ამავდროულად სინთეზატორზეც უკრავს) და პერკუსია - ასე გამოვიდა საინტერესო სექსტეტი.


როიალზე დაკვრა ვიცი და ზუსტად მესმის კონკრეტული ჟღერადობის მისაღებად როგორ დავუკრა, იგივეს გაკეთება მინდოდა სიმებიანი საკრავებისთვისაც - როდესაც მე, დამწყებ შემსრულებელს კარგად გამომდის, ეს თავდაჯერებულობას მაძლევს, რომ პროფესიონალები ბევრად მაღალ დონეზე შეძლებენ მის შესრულებას - ამ შემთხვევაში ახალგაზრდა ჩელისტი, ლიდი ბლაიდორპი, რომელსაც სრული თავისუფლება მივეცი ინტერპრეტეაციაში.

საიდან მოდის ნაწარმოების სახელი და რაიმე იდეა თუ დგას მის უკან?


კომპოზიციაზე მუშაობის დროს, მარტაინი მეილებს ყოველთვის იდენტური ტექსტით იწყებდა, „Alex, how is it going with your Cello Concertino?“ („ალექს, როგორ მიდის შენი ჩელო კონცერტინოს საქმე?“) - სწორედ ასე ირონიულად შეირჩა ამ ნაწარმოების სახელიც.


10 წუთიანი ნამუშევრისთვის ნახევარი წელი, აქტიურად კი ბოლო თვე ვემზადებოდი - თან სხვა პროექტებზეც ვმუშაობდი და იდეებს პარალელურად სხვადასხვა მიმართლებით ვანაწილებდი - მისი დაწერა კოვიდის პირობებში, საქართველოში, შვეიცარიასა და ჰოლანდიაში მოგზაურობების პერიოდს დაემთხვა.


 „Alex, how is it going with your Cello Concertino?“ სამი ნაწილისგან შედგება და სხვადასხვა პიროვნებებს ეძღვნება - პირველი პრინცს, რომელიც ბავშვობაში ჩემი საყვარელი მუსიკოსი იყო და ბოლო დროს მეორედ აღმოვაჩინე და აქტიურად ვუსმენ.


მეორე ნაწილი DJ Deeon-ს ეძღვნება, ჩიკაგოელ არტისტს, რომლის შესახებაც Daft Punk-ის სიმღერიდან გავიგე და რამდენიმე თვის წინ გადავაწყდი ინსტაგრამის პოსტს, სადაც საკუთარ ავადმყოფობაზე წერდა, რატომღაც ძალიან მივიტანე გულთან და გადავწყვიტე სწორედ მისთვის დამეწერა მეორე ნაწილი.


მესამე ნაწილზე, როდესაც თითქოს იდეებიც შემომაკლდა, ჩემმა შეყვარებულმა გამახსენა ერთი მელოდია, რომელზეც რამდენიმე თვის წინ ვმუშაობდი და სწორედ მისი დამუშავებით მივიღე ნაწარმოების საბოლოო ვერსიაც.

სად შეიძლება ვუყუროთ და მოვუსმინოთ ნაწარმოების შესრულებას?


რეგულაციებიდან გამომდინარე, წელს ბიენალეზე სხვა ქვეყნებიდან ნაკლებად ჩამოვლენ ჩელისტები, შემცირდა პროგრამა და 8 კონცერტი გაიმართება ამ პერიოდში, ასევე მხოლოდ ონლაინ მოხდება მისი ტრანსლირება.


ძალიან რთულია ისეთ პროექტზე მუშაობა, სადაც შენ თავად ვერ უკრავ ინსტრუმენტზე, რთულდება იმ შედეგის მიღებაც რაც თავში გიტრიალებს, აქამდე ამას მხოლოდ სემპლერზე ვაკეთებდი - ეს ახალი გამოწვევა იყო ჩემთვის და მომავალში მინდა სხვა ინსტრუმეტებიც მოვსინჯო, რაც ბევრად გამიადვილებს იდეების რეალობაში გადმოტანის პროცესს.

ავტორი: ჯაბა შავიშვილი

ფოტო: ნატა სოფრომაძე