კულტურა

ქოლგა თბილისი ფოტო 2020

ფოტო: ირმა მჭედლიშვილი


იმ დროს, როდესაც სოციალური დისტანცირება აუცილებელი პირობა გახდა, ყველა ადამიანი თუ მოვლენა ახალ რეალობას ერგება. წელს „ქოლგა თბილისი ფოტოც“ სრულიად განსხვავებული ფორმატით ჩატარდება. პირველად, 19 წლის განმავლობაში, ფოტოკვირეული ყველა ღონისძიებას ვირტუალურ სივრცეში - www.kolga.ge უმასპინძლებს.



4 მაისს, გახსნაზე, „ქოლგა თბილისი ფოტოს“ სოციალურ ქსელსა და „არტ არეას“ პირდაპირ ეთერში, აუდიტორია საერთაშორისო ფოტოკონკურსის დაჯილდოების სიუჟეტს იხილავს. საერთაშორისო ჟიურის მიერ გამარჯვებულები შემდეგ ნომინაციებში გამოვლინდებიან: 



დოკუმენტური სერია


რეპორტაჟი


კონცეპტუალური ფოტოპროექტი


ერთი კადრი


საუკეთესო მობილური ფოტო



5 მაისიდან 10 მაისის ჩათვლით 15 საერთაშორისო და ადგილობრივი ჯგუფური და ინდივიდუალურ გამოფენა, დისკუსიები, უცხოელ ფოტოგრაფებთან შეხვედრები და პორტფოლიო-განხილვებია დაგეგმილი.



ფოტო: ერეკლე სოლოღაშვილი

კონკურსში გამარჯვებული ფოტოების გამოფენასთან ერთად, ვირტუალურ სივრცეში - www.kolga.ge ყველა მსურველს შეუძლია დაათვალიეროს ფაბიო სგროის (იტალია), მარტინ ბოგრენის (შვედეთი), ნინა კორონენის (შვედეთი), ფინბარ ორაილის (ინგლისი), მეს ნისენის (დანია), გიორგი შენგელიას (საქართველო), ლუის ვაინშტაინის (ჩილე) და კიდევ მრავალი ფოტოგრაფის როგორც პერსონალური, ასევე ჯგუფური გამოფენა, მათ შორის საერთაშორისო ფოტოჟურნალების - GUP-ისა და EEP Berlin-ის გამოფენები. 

ფოტო: ფინბარ ო'რაილი



„ქოლგას“ ხედვით, განათლებას მნიშვნელოვანი როლი უკავია ხელოვნებაში. სწორედ ამიტომ, ფოტოკვირეულის განათლების სექცია ისევ აქტუალურია და წელსაც მასპინძლობს საერთაშორისო ფოტოექსპერტების დისკუსიებს, საერთაშორისო ფოტოგრაფების, რედაქტორების, კურატორებისა და არტ-კრიტიკოსების პორტფოლიო-განხილვებს, რაც საქართველოში მცხოვრებ ფოტომოყვარულებს და პროფესიონალ ფოტოგრაფებს საშუალებას აძლევს კვალიფიკაცია აიმაღლონ და საუკეთესო გამოცდილება მიიღონ. ამ სექციით „ქოლგა თბილისი ფოტო“ საქართველოში ფოტოხელოვნების, როგორც მედიის ერთ-ერთი ფორმის პოპულარიზაციასა და განვითარებას უწყობს ხელს.



ფოტო: ირაკლი ძნელაძე



ფოტოკვირეულის ფარგლებში თიბისი სტატუსის საგანმანათლებლო პლატფრომა - სტატუს შეხვედრები 2 დისკუსიას უმასპინძლებს:



ფოტოგრაფიის ლექტორი, ხოსე ლუის ნევესი - „Let’s Get Physical! Interrogating the Boundaries of Photobook Making“.


ბრიტანელი ფოტოგრაფი, „Canon“-ის ელჩი, კლაივ ბუთი – „Recipe for a Portrait“.



წელს საპრიზო ფონდი 6 500 აშშ დოლარს შეადგენს, რომელიც პირველ სამ ნომინაციაში გამარჯვებულებს თანაბრად გაუნაწილდებათ. თითოეულ ნომინაციაში გამარჯვებულებს 1500-1500 აშშ დოლარი, საუკეთესო ერთი კადრის გამარჯვებულს 1000 აშშ დოლარი, საუკეთესო მობილური კადრის ნომინაციაში გამარჯვებულს კი 500 აშშ დოლარი გადაეცემა.




25 წლამდე ასაკის ერთ-ერთი ფოტოგრაფი, ტრადიციულად წელსაც დაჯილდოვდება პრემიით - KOLGA NEWCOMER PHOTO AWARD, რომლის ფოტოსერიაც შემდეგ ნომინაციებში გასული ფოტოპროექტებიდან შეირჩა: დოკუმენტური სერია, რეპორტაჟი, კონცეპტუალური ფოტოპროექტი. გამარჯვებული 500 დოლარით დასაჩუქრდება.


„ქოლგა თბილისი ფოტოს“ დეტალური პროგრამა შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე: www.kolga.ge