მუსიკა | ცა

Killages ახალი ალბომით “Outcast“ - განდგომაში ნაპოვნი სიმშვიდე

Killages – “მოკალი წლები”


მარადიული ახალგაზრდობის ფორმულა და მოწოდებაა, რომელიც დღეისთვის პოპულარულ ქართულ ჯგუფს შემთხვევით სრულიად არ ეწოდა.

მათი მუსიკაც სწორედ ახალგაზრდულ სენტიმენტებზეა აგებული და კონცერტებს რომ გადახედოთ, ნებისმიერი ადამიანი საკუთარი ცხოვრების ადრეულ წლებში პორტაციას ისურვებდა. 2016 წლის ბოლო ჩამოყალიბებულმა პროექტმა, მალევე შეძლო მსმენელთა გულების მოგება. თავიდან ეს იყო უბრალოდ მარტივი ელექტრო პოპისა და პოპ-როკის სინთეზი, თუმცა რამდენიმე სინგლის გამოშვების შემდეგ ბენდმა 2017 წელს Newcomer-ების კონკურსი მოიგო, რაც ბენდისთვის კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას გულისხმობდა, რომ საკუთარი შემოქმედება უფრო ფართო აუდიტორიისთვის გაეცნოთ.

სწორედ ამ დროს იქმნება ჯგუფის მთავარი ჰიტები: On/Off, Run, Actions To Directions და სხვა, რომლებიც უკვე კარგა ხანია არა მხოლოდ ქართველ, არამედ ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ მცხოვრებ მსმენელსაც მიწვდა და დღეისთვის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კომპოზიციებია, რომლებიც ქართველ მუსიკოსებს შეუქმნიათ. 2020 წელს ბენდმა სადებიუტო ალბომი Original Brothers გამოუშვა, სადაც ახალი სკოლის ჰიპ-ჰოპი უფრო აქტიურად გაისმა. Killages-ს 6 წლიანი არსებობის მანძილზე არასდროს ახასიათებდა რაიმე კონკრეტული მუსიკალური სტილის მიმართ განსაკუთრებული ლოიალობა, ამიტომაც მათ რეპერტუარში თითქმის ყველა გემოვნების მქონე ადამიანი იპოვის თავისას.

1 ალბომის, 1 EP-ისა და 20-ზე მეტი სინგლის შემდეგ, ივლისის დასაწყისში Killages-მა ახალი ალბომი გამოუშვა. ეს ჯგუფისთვის გარდამავალი ნამუშევარია. გასულ წელს გიორგი ლიპარტელიანმა Killages დატოვა და მას შემდეგ ბენდს ტრიოს ფარგლებში უწევს საკუთარი შემოქმედების წარდგენა. ამან და ბევრმა სხვა ფაქტორმა, რა თქმა უნდა, მუსიკის შექმნის პროცესიც შეცვალა. წლებთან ერთად მოტანილმა გამოცდილებამ, საქართველოს თითქმის ყველა რეგიონის აუდიტორიასთან პირისპირ შეხვედრამ და პირადულმა რეფლექსიამ ჯგუფის წევრები მუსიკალურად გაზარდა და ახალი ალბომისთვის განკუთვნილი იდეაც თავისთავად დაიბადა.

OUTCAST

ასე ეწოდება მათ ახალ ალბომს, რომელიც 1 ივლისს ოფიციალურად გამოვიდა.

Play -0:24 Mute Enter Fullscreen Click to watch on Facebook OUTCAST Killages app-facebook Facebook Watch Copy Learn more about embedding Facebook videos on our developer site. Embed Code Back Share Share New Album "OUTCAST" Out on 1 July 281 15 47

განდგომა, გამოცალკევება, ასე ითარგმნება ქართულად ეს ტერმინი და ჯგუფის წევრების ამ პერიოდის მდგომარეობასაც კარგად აღწერს. ალბომის პრომო ვიდეოში გვესმის მერაბ მამარდაშვილის ციტატა დოკუმენტური ფილმიდან „გზა შინისაკენ“, რომელიც ქართველი ფილოსოფოსის გარდაცვალებამდე სულ რამდემე თვით ადრე ჩაიწერა.



„ვისი ფიქრებია თქვენს თავში?! დარწმუნებული ხართ რომ ეს თქვენი ფიქრებია? როგორც არა ხართ რომ ცხოვრობთ თქვენი საკუთარი ცხოვრებით, ისე არა ხართ დარწმუნებული რომ ეს ფიქრები თქვენია“


- ეს ფრაზა გასდევს ვიდეოს, რომელიც უნდა ვივარაუდოთ რომ ჯგუფის წევრებისთვისაც ნაცნობი მდგომარეობის აღმწერია.

ვერ ვიტყვით, რომ Outcast ბოლომდე კონცეპტუალური ალბომია, თუმცა აშკარაა, რომ ჯგუფის წევრებს 3 წლის შემდეგ უფრო მეტი აქვთ სათქმელი როგორც მათი მსმენელისთვის, ისევე საკუთარი თავისთვის და უფრო ფართო საზოგადოებისთვისაც. ეს, რა თქმა უნდა, პიროვნული ზრდის შედეგია, რომელიც მუსიკაში ყოველთვის პოულობს გამოხატვის ფორმას.

Outcast, რომელიც ქართულ ლეიბლზე Bloom Music გამოვიდა, გლობალურ საზოგადოებაში მიმდინარე ხშირად მავნე პროცესების გამოძახილია, რომელიც ლოკალურადაც ხშირად პოულობს მხარდაჭერას. ეს საზოგადოების მცირე ჯგუფების მიერ დაშტამპული, უკვე წინასწარ გამზადებული ლოზუნგებით არსებობას და „აზროვნებას“ ეხმაურება. პროცესს, რომელიც თავისთავად აზროვნების პროფანაციაა და ჩახსნილი აქვს მასთან ყველანაირი კავშირი. იდეოლოგიზირებულ საკეპ მანქანაში ეპატიჟება ყველას, ვინც მათთან გაერთიანებას მოისურვებს. ხოლო მცირე ნაწილი, ვისაც სხვა გეგმები აქვს, ხშირად გარიყულნი რჩებიან პროცესებისგან.


Outcast სწორედ მსგავსად გარიყული ადამიანის პოზიციიდან არის დანახული, რომელიც თავისი მდგომარეობით არა თუ დამწუხრებულია, არამედ პირიქით ხარობს ამ „მარტოობით“, ვინაიდან ხშირად სწორედ ამ მდგომარეობის გამოცდა და გავლა გიწევს ჭეშმარიტების და შენი თავის შესაცნობად.

ალბომი 13 სიმღერისგან შედგება და აქ მუსიკალურადაც განსხვავებულ ელემენტებს ვხვდებით. თუ წინა ალბომში ჰიპ-ჰოპი დომინირებდა, ახალ ალბომში უფრო გიტარაზე ორიენტირებულ კომპოზიციებს უკავია ადგილი. ამით ჯგუფის წევრები ერთგვარად უბრუნდებიან მუსიკალურ საფუძველს, რომელიც სამივესთვის მაინც როკ მუსიკაა. სიმღერების ხანგძლივობა მოკლეა, თუმცა ერთი მეორეს ისე ებმება, რომ მოსმენისას დანაკლისის შეგრძნება ნაკლებად გრჩება. თუ გასულ ალბომში კომპოზიციების მუსიკალური ფორმა მაინც ერთმანეთს ჰგავდა, აქ ყველა გადასვლაზე განსხვავებული ენერგია და ატმოსფერო ტრიალებს. მოკლედ ალბომი ბოლომდე ნაწარმოებია Killages-ის ძირითადი მუსიკალური იდეით - აკეთონ ის მუსიკა რაც მოსწონთ, ყველანაირი სტილისტური შეზღუდვების გარეშე.

„Flick Off“ - ჯგუფის და ალბომის პირველი სიმღერაა, რომელიც პოსტ-პანკის ჟღერადობაშია მოქცეული. გიტარის რამდენიმე აკორდი სევდიან, თუმცა ამავე დროს ამაღლებულ განწყობასაც ქმნის, სადაც მოქმედი გმირი წუხს იმაზე, თუ როგორ ხშირად უწევს ადამიანებისთვის თავის მოჩვენება, რომ მათთვის მოსაწყენად არ იყოს აღქმული.

მეორე კომპოზიცია „Alone“ პირველის სათქმელს უფრო ამძაფრებს და ამძიმებს, გიტარის აგრესიული რიფს 2000-იანი წლების პოპ-პანკ ბენდების ხმოვანებისკენ მივყავართ და სიმღერაც ამ ტონალობაში მოგვიწოდებს, რომ თუ რეალური სიმარტოვე გვინდა, პირველ რიგში საკუთარი თავის განწმენდით უნდა დავკავდეთ.

მესამე სიმღერა „Self Sufficient“ ბენდის უფრო სენსიტიურ მხარეს წარმოაჩენს, ვოკალისტის სიმღერის მანერამ კი მომენტებში ლეგენდარული Prince-იც კი გამახსენა - აქ ჯგუფი უკვე განსხვავებულ მუსიკალურ ფორმაში აგრძელებს მედიტირებას მარტოობაზე, რომლის მიუხედავადაც მაინც თვითკმარად რჩებიან.

„Memory Lane” კი Killages-ის აქტიური მსმენელისთვის უფრო ნაცნობ, მელოდიურ ხაზშია მოქცეული და საყვარელ ადამიანთან დაშორებაზეა, რომელიც მიუხედავად ბევრი სირთულეებისა, პერსონაჟის გონებაში კვლავ აგრძელებს ცხოვრებას.

Runnin“-იც ასევე ბენდისთვის აქამდე დამახასიათებელ ხმოვანებაში, პოპისა და ჰიპ-ჰოპის გადაკვეთაზეა და ცხოვრებისეული რუტინისგან ესკაპიზმის მნიშვნელობაზე გვიყვება.

„Decent Simple Man“-ში ალბომი დასაწყისის პოსტ-პანკ დრაივს უბრუნდება, გიტარისა და დრამის ჰეტების აჩქარებული თანამოქმედება, სიმღერას დამახასიათებელ უნიკალურ ენერგიას სძენს. სიმღერა მარტივ, უბრალო კაცზეა, რომელიც ცხოვრებაში უმნიშვნელო მომენტებში და დეტალებში ეძებს სიხარულსა და სიამოვნებას, აქაც ვხვდებით ერთგვარ ალეგორიას იმ სიმარტოვეზე, რომელიც ალბომის დასახელებას და კონცეფციას თან გასდევს.

„Slither“, სინგლი რომელზეც კლიპი ძალიან მალე გამოვა, ალბათ ყველაზე ენერგიული სიმღერაა ალბომიდან, ტექსტის პირველი ნაწილი აგრესიაა გარედან შემოსულ ხმაურზე, რომელიც სიმშვიდეს გირღვევს, მეორე ნაწილში კი იმის გამოთქმა, თუ როგორ უჭირს არასოციალურ ადამიანს ხშირად ენერგოვამპირების საზოგადოებაში თანაარსებობა.

„At Night“ ალბომში ჩემი ფავორიტი სიმღერაა, რომელსაც ასევე ვფიქრობ კიდევ უფრო მეტის გულის დაპყრობის შესაძლებლობა აქვს. გიტარის რამდენიმე აკორდი მომენტალურად რომანტიულ საბურველში გხვევს და „Late Night Drive“-ისთვის შესაბამისი განწყობაც მზად არის.

„I Feel Fine“ ცოტა მონოტონური და ტექსტის თვალსაზრისით მოსაწყენი კომპოზიციაა, თუმცა მუსიკალურად ჯეროვნად ავსებს ჯაზური საქსაფონის ელემენტების ჩართვა.

Sleepwalker“ ისევ Alone-ის ხაზს მიუყვება - აქ საგიტარო პარტიები უფრო წინა ხაზზეა, თუმცა კი ამ შემთხვევაში სიმარტოვე მოწყენილობასთანაა გადაჯაჭვული, რომელსაც სიმღერის გმირი როგორმე უნდა მოერიოს.

Slide Donuts“ ალბათ ერთადერთი სიმღერაა ალბომში, რომელიც „Original Brothers“-ის ატმოსფეროს ატარებს და ჰიპ-ჰოპთან ახლო კავშირი აქვს.

„Spring“ ალომში ჩემი კიდევ ერთი ფავორიტია, გამორჩეული, ცოტა relaxed განწყობით, რომლის მოსმენაც ბევრი ტიპის ფორმატში იქნება საინტერესო.

„High Hoe“ ალბომის ბოლო და დამამთავრებელი სიმღერაა, რომელიც ჩემთვის პირველი მოსმენის შემდეგ ნაკლებად საინტერესო იყო, თუმცა დროთა განმავლობაში და განსაკთრებით ლაივ შესრულების დროს სრული პოტენციალი კიდევ უფრო წინ წამოწია.

ალბომით Killages კარიერაში შემდგომ საფეხურზე ადის, როგორც ჩანაწერის ხარისხით, ასევე მუსიკალური გადაწყვეტებითა და გამოცემის შეფუთვით. ეს უკვე განაცხადია, რომელსაც ჯგუფის ქვეყნის გარეთ გასვლა და საკუთარი ძალების იქ მოსინჯვაც უნდა მოჰყვეს, წარმატებები მათ ამ მოგზაურობაში.