მუსიკა | ცა

Killages

თვითიზოლირებული ქართული „სცენა“ (მისი ალტერნატიული ნაწილი) კარანტინის პირველივე დღეებიდანვე აქტიური გამოწვევების ინიციატორი გახდა. ჩვეული ვირტუალური კონცერტების ფონზე, ჯგუფმა Killages „ფონდრაიზინგის“ აქცია წამოიწყო.

ახლა ვასრულებთ მუშაობას ალბომზე. პანდემიის გამო დაგეგმილი კონცერტები, ივენთები, რომლებიც ისედაც მინიმალური მატერიალური უზრუნველყოფის წყაროა ჩვენთვის, გაუქმდა. ალბომის გამოსაცემად საჭირო ხარჯებიც ჰაერში გამოეკიდა და ასეთი რამ მოგვაფიქრდა, წინასწარ გაგვეყიდა კონცერტის ბილეთები, რომელსაც კარანტინის დასრულებისთანავე გავმართავთ.

ასე, ზოგიერთი თქვენგანის დახმარებით (სულ მალე), ამ უდაოდ ნიჭიერი ქართული ჯგუფის სადებიუტო ალბომი Original Brothers (სამუშაო სახელწოდებაა) „მზის სინათლეზე“ თუ ვერა, ციფრულ პლატფორმებზე აუცილებლად გამოჩნდება.

ალბომიდან პირველ სინგლად კარანტინის დღეებისადმი მიძღვნილი სიმღერა Dayz შეგვიძლია მივიღოთ. ეს „beach“ჰიპ-ჰოპის სტილში (თუ ჩემ მიერ შეთხზული ეს სახელი არ მოგეწონათ, მაშინ ისევ ჩვეული „ჩილ ჰიპ-ჰოპი“ დავტოვოთ) გადაწყვეტილი ტრეკი, საკუთარ თავთან განმარტოებით გამოხმობილ ფილოსოფიურ განსჯასთან ერთად, ოპტიმისტური დაბალი პულსით გმუხტავს.

სახლის სტუდიაში დაწყებული ეს სიმღერა ფინალურ სახემდე ბრუკლინში ბაზირებულმა ქართველმა მუსიკოსმა და პროდიუსერმა იოანე არაბულმა მიიყვანა.

ეს პირველი შემთხვევა იყო “გარეშე“ დახმარებით ტრეკისთვის საბოლოო სახის მისაცემად...

ზოგადად, ჩვენ ოთხივეს გვაქვს სახლში საშულება, რო იმისდამიხედვით კონკრეტული იდეა სად, ვის სახლში ყოფნისას მოგვდის, იქვე დავჯდეთ და რაღაც ფორმა მივცეთ... საბოლოო სახის მისაცემადაც ერთად ვმუშაობთ... (გუგა)

გუგა მაჭარაშვილი - ვოკალი, ანრი ყაველაშვილი გიტარა და მიქსინგი, გიორგი ლიპარტელიანი - ბას გიტარა, რატი რატიანი - დრამი.


მუსიკით გატაცებული ოთხი ახალგაზრდის მუსიკის კეთების სურვილმა, სხვადასხვა, ერთობლივი თუ დამოუკიდებელი მუსიკალური ექსპერიმენტების შემდეგ, რუსთავის ინდუსტრიული პეიზაჟების ფონზე საბოლოოდ ის სახე მიიღო, რასაც დღეს Killages ქვია.

იმ სტილების მრავალფეროვნებამ, რომელსაც ეს ექსპერიმენტები მოიცავდა გამოცდილება მოგვცა...(გუგა)


ლაივებზე დაკვრის გამოცდილება ძალიან დაგვეხმარა განვითარებაში და დღეს ამის წყალობით კიდევ უფრო მეტ ექსპერიმენტზე ფიქრის საშუალება გვაქვს. (ანრი)

გუგას და ანრის ამ სიტყვების დასტური, ადრეული შთაგონების წყაროებზე საუბრისას გაჟღერებული მრავალფეროვანი სახელებია: The Beatles, Rolling Stones, Green Day... System Of A Down...

პირველად ქართულენოვანი სიმღერა 2017 წლის დადგომისთანავე გამოამზეურეს „ბოლო დეკემბერს“.  ეს, ჯერ კიდევ პოპ-როკით შთაგონებული საახალწლო სიმღერა, აშკარა ჰიტია. დასანანია, რომ რადიოსადგურების მხრიდან ადგილობივი მუსიკოსების მხარდასაჭერად აუწყობელმა სისტემამ ვერც ეს სიმღერა აქცია ჰიტად.


სიმღერა, რომელიც გარეპვის მიმართ ინტერესის ერთ-ერთ პირველ მტკიცებულებადაც რჩება, თავად ჯგუფმაც მელე მიივიწყა და წაშალა იუთუბის არხიდან.


იმავე არხზე სამი წლის მანძილზე შექმნილი რამდენიმე ათეული ჩანაწერიდან შემორჩენილი ეს ოციოდე ტრეკი გვიქმნის ჯგუფის რეპერტუარის შესახებ წარმოდგენას. აქ კიდევ ერთ, ალტერნატიული როკ ჟღერადობის ქართულენოვან სიმღერას ნახავთ - „ისევ“.

თუ შეიძლება, ეს დასაწყისად მოინიშნოს, ის იყო ასეთი.

ხოლო შემდეგ გამოჩნდა ახალი სახელები - კენდრიკ ლამარი, აზაია რაშადი და მუსიკალური ექსპერიმენტის მიმართულებაც შეიცვალა. მიქსში ვოკალის ტრეკზე ინგლისურენოვანმა რეპმა იმატა, ინსტრუმენტულ ნაწილში კი ჰიპ-ჰოპი სმუზ ჯაზს შეერწყა - Call it Love, Let it.

თუმცა ალტერნატიული ბექგრაუნდი არსად გამქრალა - ის ხან ელექტრო დენს როკში Zombie Apocalypse, ON/OFF, ხანაც ალტერნატიულ R&B-ში Who The Fuck Did it?, Drunk Man, ხანაც „სუფთა“ ალტერნატიული როკის სახით წარმოჩინდება.


მთელი ამ სტილისტური მრავალფეროვნების ფონზე, ტექსტებში თვალნათლივ იკვეთება (და სიმღერიდან-სიმღერამდე იცვლება) პერსონაჟი, რომელიც თავიდან დიდად სიმპათიას ვერ იმსახურებს: ეს დაკარგული, დედ-მამისგან „დაწუნებული“ ტიპია, რომელიც ხან საკუთარ ნარწყევში იყურება და ამავ დროს წვიმის წვეთებზე დაკვირვების რომანტიკასაც არაა მოკლებული... თრობისგან გამოსული თავის ტკივილით და თანმხლები სასოწარკვეთილების განცდით ღმერთს შენობით მიმართავს მინიმალური „მოთხოვნებით“.

სოციალურ-პოლიტიკურ რეალობასაც უსწორებს თვალს და შესაძლოა ცვლილებებისთვის საბრძოლველად მოწოდებაც კი მოისმინო მისგან.

Killages-ის ლირიცისტი გუგა მაჭარაშვილია:

თავდაპირველად, როდესაც ტექსტების წერა დავიწყე (ინგლისურ ენაზე), სიტყვებიც ადვილად მოდიოდა და ასევე ვწერდი. მერე, როდესაც ეს პროცესი ყოველდღიურობად იქცა, უკვე სიტყვების შერჩევისას, მეტი სიფაქიზით მივუდექი საქმეს. ის ტიპი ისევ სარკასტულად ყვება რაღაცეებს. მეტი ლექსიკური მარაგით და რა თქმა უნდა და მის გარშემოც იცვლება ყველაფერი... ისიც იცვლება. „ის“ სხვა ეტაპია, „ეს“ კიდე სხვა...ადრე ადვილი გასაგები იყო, რაზეც ვწერდი და დღეს მეტი ფარული რაღაცეები მაქვს ჩადებული.

გუგა საინტერესოა არა მხოლოდ როგორც ლირიცისტი, ასევე - როგორც ვოკალისტი, რომელიც ახერხებს საკუთარ ხმას სათქმელის შესაფერისი ხასიათი შესძინოს და ამ გარდასახვას ერთ ტრეკშიც რამდენჯერმე ახდენს. ამ მხრივ ყველაზე თვალსაჩინოა მეტად ორიგინალური შარშანდელი ტრეკი BottleSip, რომელსაც ვიდეო რიგიც საკმაოდ საინტერესო აქვს.


ბოლო ერთი წელია Killages აქვს კომფორტი მხოლოდ მუსიკის წერაზე და მიზანზე კონცენტრირდეს. ამის მთავარი განმაპირობებელია მენეჯერი თედო მაყაშვილი.

მიზანს რაც შეეხება:


ჩვენი მიზანი გრემია! (გუგა)

და ამისთვის კვირაში რვა დღეს ვმუშაობთ...

ეს ბოლო გარემოება ჯერ-ჯერობით მხოლოდ იმაზე აისახა, რომ ქართული რეალობისთვის საოცრად მოკლე დროში (სამ წელიწადში) ჯგუფმა შესაფერისი ადგილი დაიკავა ადგილობრივ სცენაზე. ხშირი ივენთების გარდა ყველაზე ხაზგასმელად თავადაც იმას მიიჩნევენ, რომ უმნიშვნელოვანესი მუსიკალური ფესტივალის Tbilisi Open Air-ის ლაინაფში Killages სახელს ვკითხულობთ უკვე მესამე წელია.


ჩვენ გვინდა ჯგუფი და მუსიკა ყოველ ალბომთან ერთად იცვლებოდეს..

ამ ალბომზე მუშაობისას იმდენი ტრეკი დაგვიგროვდა, რო შესაძლოა მეორეც მალევე მივაყოლოთ... (გუგა)


მეორე ალბომი უფრო მოცულობითი იქნება და მიმართულებაც განსხვავებული იქნება. (ანრი)

ავტორი: დავით ჟორჟოლაძე