კულტურა

შალვა ქიქოძის ცხოვრების და შემოქმედების მოკლე ექსკურსი

ქართული მოდერნიზმის წარმომადგენლებს შორის შალვა ქიქოძეს გამორჩეული ადგილი უჭირავს.

მაისი 27, 2020


XX საუკუნის 10-20-იანი წლების საქართველოში ავანგარდული ხელოვნების არსებობას, ერთხმად აღიარებენ როგორც ქართველი, ისე ევროპელი ხელოვნებათმცოდნე-კულტუროლოგები (ლ.მაგაროტო, მ.მარცადური, ჯ.ბოულტი, ტ.ნიკოლსკაია და სხვ.). ქართული მოდერნიზმის ნიშნები ინერციით 1930-იანი წლების ქართულ კულტურასაც გადაჰყვა, ვიდრე საბჭოთა სახელმწიფოს იდეოლოგიური მანქანა, თავისი რეპრესიული რეჟიმის გზით, იძულებითი წესით არ მოაშთობდა ხელოვანთა თავისუფალი ნების გამოვლინებას.


პარიზი, კარუსელი, 1920 წელი.

მართლაც, როდესაც ისეთი ქართველი მხატვრების შემოქმედებას ეცნობი, როგორებიც დავით კაკაბაძე, ლადო გუდიაშვილი, შალვა ქიქოძე, ელენე ახვლედიანი, პეტრე ოცხელი, ირაკლი გამრეკელი და კიდევ მრავალი სხვა, უაღრესად სარწმუნო ხდება ის ფაქტი, რომ XX საუკუნის 20-იანი წლების ქართული მოდერნიზმი, ერთიანი ევროპული ავანგარდული ხელოვნების ერთ-ერთ საინტერესო და ანგარიშგასაწევ განშტოებას წარმოადგენს.


ამ ეპოქის მხატვრებს შორის გამორჩეული ადგილი უჭირავს შალვა ქიქოძეს, რომლის სიცოცხლეც (1895-1921) ძალიან ხანმოკლე აღმოჩნდა. საბედისწერო ავადმყოფობამ 27 წლის ნიჭიერი შემოქმედის სიცოცხლე სამშობლოსგან შორს, გერმანიის ქალაქ ფრაიბურგში შეიწირა.

დავით კაკაბაძე და შალვა ქიქოძე, პარიზი, 1920 წელი.

შალვა ქიქოძე დაიბადა 1894 წლის 27 მაისს ბუნების სილამაზით გამორჩეული  გურიის სოფელ ბახვში (ოზურგეთის რაიონი), სადაც მას დედის ავადმყოფობის გამო, ძირითადად ბებია ზრდიდა. ამიტომაა გამზრდელი ბებიისადმი ისეთი სითბოთი გამსჭვალული მხატვრის მიერ გერმანიიდან მოწერილი ერთ-ერთი ბოლო წერილი:


"ჩემო ბებიკო, როგორ მენატრები რომ იცოდე. ყველაფერს მირჩევნია ახლა შენთან პატარა სასადილო მაგიდასთან დამსვა - ერთი ბოთლი მაჭარი, პატარა წიწილა შემწვარი, ცხელი მჭადი, პატარა კვერი ყველით, ბავშვობაში რომ მიკეთებდი....შენ ვერ წარმოიდგენ ბებიკო, როგორ ძვირფასია ჩემთვის ბახვის ყოველი კუნჭული. აქაური ცხოვრება უფლებას არ მაძლევს, რომ ხშირად ვიფიქრო ამაზე, მაგრამ როდესაც დავფიქრდები, მზადა ვარ მთელი ევროპა თავისი "მაშინებით" და სწავლით ვანაცვალო ჩემს პატარა ბაღს, ეზოს, ჭიშკარს, ნალიას, ქათმებს, გოჭებს და ვინ მოსთვლის. შენ ჩემო ბებიკო, ჩემი ნაზი სიყვარული. იცოცხლე და იყავ ჯანმრთელად. შენი შალვა.“


(1921 წელი)


ქართველი სტიპენდიატები პარიზში, ლუქსემბურდის ბაღი, 1920 წელი.

მხატვრის ბიძაშვილის, მწერალ გერონტი ქიქოძის მოგონებით:


„შალვა ქიქოძემ ხატვა თითქმის ლაპარაკთან ერთად დაიწყო, ის ფანქრით ხატავდა ყველაფერს, რასაც შეეძლო შთაბეჭდილება მოეხდინა ამ პატრიარქალურ გარემოში აღზრდილ ბავშვზე... იგი ჯერ კიდევ სამი წლის იყო, როდესაც მარჯვენა ხელზე დამბლა დაეცა და იძულებული გახდა მარცხენა ხელით ეხატა.“


თუმცა ამ ფიზიკურ ნაკლს მხატვრის თანამედროვეთა გადმოცემით, მის შესანიშნავ გარეგნობაზე დიდად არ უმოქმედია.

ავტოპორტრეტი ულვაშებით, 1918 წელი.


„შალვა ქიქოძე მკვირცხლი ბუნების, გამხდარი, მაღალი, ლამაზი, უაღრესად განათლებული, იუმორის გრძნობით დაჯილდოვებული ახალგაზრდა იყო“


- იგონებდა მხატვრის მეგობარი ლადო გუდიაშვილი. 

კოლეგიის რეგისტრატორის და ერთხანს სოფლის მასწავლებლის გერასიმე ქიქოძის ოჯახი მალე თბილისში გადადის საცხოვრებლად, სადაც 1902 წელს შალვა სასწავლებლად შედის ტფილისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში. ბავშვობიდან ხატვისკენ მიდრეკილი შემოქმედი სასწავლებლის კედლებში ქმნის გრაფიკულ ჩანახატებს და კარიკატურებს.


სასწავლებლის დასრულების შემდეგ კი, შალვა ქიქოძე მოსკოვში გაემგზავრა, სადაც თავდაპირველად მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე ჩააბარა, ხოლო მას შემდეგ რაც იგრძნო, რომ იურისპრუდენციის დაუფლებაზე მეტად მხატვრობა ხიბლავდა, პროფესიული წვრთნისთვის მოსკოვის „ფერწერის, ქანდაკების და ხუროთმოძღვრების“ სასწავლებელში შევიდა.


უმაღლეს სამხატვრო სასწავლებელში სწავლასთან ერთად, მხატვარი აქტიურად იყო ჩაბმული მოსკოვის სათეატრო ცხოვრებაში, კერძოდ იყო ჟურნალ „Рампа и Жизнь“-ს ერთ-ერთი ილუსტრატორი და ნიკიტა ბალიევის თეატრ-კაბარე „ღამურას“ ფარდის მხატვრული გაფორმების ავტორი.


მოსკოვის დრამატული თეატრის რეჟისორი კ.ზაგანოვი, შარჟი ჟურნალში : „Рампа и Жизнь“, მოსკოვი, 1916 წელი.

საზაფხულო არდადეგებზე მხატვარი ხშირად ჩამოდის სამშობლოში. ერთ-ერთი ასეთი ჩამოსვლისას, იგი არა მხოლოდ გაწევრიანდა 1916 წელს დიმიტრი შევარდნაძის მიერ ტფილისში დაარსებულ „ქართველ ხელოვანთა საზოგადოებაში“, არამედ მისი აქტიური წევრიც გახდა. მან „საზოგადოების“ 1916 წლის ისტორიულ სხდომაზე, რომელზეც ნიკო ფიროსმანაშვილი იყო მიწვეული, იაკობ ნიკოლაძესა და ალექსანდრე მრევლიშვილთან ერთად, ნიკო ფიროსმანის ორი გრაფიკული პორტრეტული ჩანახატი შეასრულა; ასევე, მონაწილეობა მიიღო ნაბახტევის კედლის მხატვრობის გადარჩენისა და ფრესკების ასლების დამზადების მიზნით, „საზოგადოების“ მიერ მოწყობილ სამეცნიერო-სამხატვრო ექსპედიციაში.

ლადო გუდიაშვილი, 1920 წელი.

დავით კაკაბაძე, 1919 წელი.

მოსკოვის სამხატვრო სასწავლებლის დასრულების შემდეგ, 1918 წელს ტფილისში დაბრუნებული შალვა ქიქოძე აგრძელებს თანამშრომლობას თეატრთან. ის გიორგი ჯაბადარის თეატრ-სტუდიის სამხატვრო ხელმძღვანელის რანგში აფორმებს სპექტაკლებს  (ე. ბრიეს „სარწმუნოება“, გ.ჰაუპტმანის „ჰანელე“, ე.როსტანის „თეთრი ვახშამი“ და დ.ჯაკოსის „ვითა ფოთლები“).


ამავე დროს, მხატვარი „Chalico“-ს ფსევდონიმით მეგობრულ შარჟებს და კარიკატურებს აქვეყნებს იმდროინდელ ქართულ პერიოდულ გამოცემებში. შალვა ქიქოძემ ფეხით შემოიარა საქართველოს მთა-ბარი და ამ მოგზაურობის შედეგად, შეასრულა როგორც ფერწერული, ისე გრაფიკული პეიზაჟური მხატვრობის საინტერესო ნიმუშები. ამ პერიოდს განეკუთვნება ასევე, მხატვრის რამდენიმე ავტოპორტრეტი და ახლობელთა პორტრეტული გალერეა.

შალვა ქიქოძის ადრეული პერიოდის შემოქმედებიდან აღსანიშნავია მის მიერ შესრულებული ილუსტრაციები წიგნებისათვის (ხალხური თქმულებები - „ამირანი“ და „ეთერიანი“, ლეო ქიაჩელის საბავშვო მოთხრობები - „მეგობრები“ და „ნატვრის-თვალი“).


ისტორიულ მნიშვნელობას იძენს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის წლებთან დაკავშირებული შალვა ქიქოძის მიერ შექმნილი პოლიტიკური ხასიათის გრაფიკული ჩანახატები და მეგობრული შარჟები, რომლებიც ამიერკავკასიის სეიმის მონაწილეებს, თუ საქართველოს დამფუძნებელი კრების, მენშევიკური მთავრობის ლიდერებს ასახავენ. ამავე პერიოდს განეკუთვნება მხატვრის საპროგრამო ხასიათის ფერწერული ტილო „ქართველი ქალი“.


პარიზი, ქალაქის ხედი, 1920 წელი.

შალვა ქიქოძე, პროფესიული სრულყოფისთვის დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობის ფინანსური შემწეობით და „ქართველ ხელოვანთა საზოგადოების“ ძალისხმევით გაემგზავრა საფრანგეთში, მხატვარ-სტიპენდიატთა პირველ ნაკადში, დავით კაკაბაძესთან და ლადო გუდიაშვილთან ერთად. პარიზში ის აქტიურ შემოქმედებით მოღვაწეობას აგრძელებს. ფაქტობრივად, პარიზში შეიქმნა მხატვრის გამორჩეული ქმნილებები ფერწერასა და გრაფიკაში, რომლებიც გამოიფინა ლადო გუდიაშვილის და დავით კაკაბაძის ნამუშევრებთან ერთად, „ლა ლიკორნის“ გალერეასა და „დამოუკიდებელთა სალონში“. ქართველი მხატვრების აღნიშნული გამოფენები ფრანგული პრესის ყურადღების ცენტრში მოექცა.

1919 წლის მაისის ქართველ მხატვართა გამოფენა, დიდების ტაძარი

აღსანიშნავია, რომ მხატვარს პარიზში ვასო ყუშიტაშვილის რეკომენდაციით შეუსრულებია რამდენიმე მნიშვნელოვანი დაკვეთა, რომელიც ცნობილ ფრანგულ თეატრებს: „ოდეონს“, „ატელიეს“ და „ძველი სამტრედეს“(Theatre de v’eux colombiere) თეატრს უკავშირდება. სამწუხაროდ, ჩვენთვის უცნობია, ამ სცენოგრაფიული დაკვეთების ხასიათი და მათი ადგილსამყოფელი.


საქართველოს ეროვნული მუზეუმის (შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის) ფონდებში დაცულია შალვა ქიქოძის მიერ, დაკვეთით შესრულებული ჩინელი ახალგაზრდა კაცის ფერწერული პორტრეტი და მშვენიერი ესპანელი ქალბატონის შალვა ქიქოძისეული პორტრეტის ფოტო.

ჩინელის პორტრეტი, 1921 წელი.


სწორედ, ამ  პორტრეტების  შესრულების შედეგად აღებული ჰონორარით გაემგზავრა შალვა ქიქოძე გერმანიაში. სამშობლოში დაბრუნებამდე, მხატვარს განზრახული ჰქონდა ევროპის სხვა ქვეყნების მონახულებაც, მაგრამ მისმა ბედისწერამ სამწუხაროდ, სხვაგვარად განსაჯა. გერმანიაში მოგზაურობის დროს, მხატვარი შეუძლოდ გახდა, თავი იჩინა ორგანიზმში დაბუდებულმა, იმდროისათვის უკურნებელმა სენმა - ჭლექმა. გერმანიაში მყოფმა ქართველობამ, ის საავადმყოფოში მოათავსა, სადაც მის მიმართ გერმანელი ექიმების მიერ გამოჩენილი დიდი ყურადღების მიუხედავად, შალვა ქიქოძე  გარდაიცვალა.


მხატვრის უახლოესი ნათესავის, ბიძინა რამიშვილის და იქაური ქართველობის ძალისხმევით, შალვა ქიქოძე ფრაიბურგის სასაფლაოზე დაკრძალეს. ასე შეწყდა ახალგაზრდა ქართველი მხატვრის სისხლსავსე შემოქმედებითი ძიებები. მხატვრის მეგობრების: დავით კაკაბაძის, ლადო გუდიაშვილის, ბიძინა რამიშვილის და მამის, გერასიმე ქიქოძის ძალისხმევით მხატვრის მემკვიდრეობა პარიზიდან სამშობლოში ჩამოვიდა. 


შალვა ქიქოძე 1920 წელს თავის დას, მსახიობ ანეტა ქიქოძეს ქართული თეატრის ბედზე დაფიქრებულს, პარიზიდან სწერს:

„ყოველი ხელოვნება, ყოველი ერი იქმნება ეროვნულ ჩარჩოებში, მხოლოდ ეროვნულ ფარგლებში აღმოცენებულ ფორმას ეძლევა საერთაშორისო მნიშვნელობა“.

ხევსურეთი, 1920 წელი.

ამ სიტყვების ერთგულების დასტურად მხატვარმა პარიზში შექმნა ფერწერული ტილოების სერია, რომლებშიც წარმოსახვით, საქართველოს რეგიონები ასახა ( „გურია“, „გურული ქალი“, „ქალ-ვაჟი“, „აჭარა“, „ხევსურეთი“, „ დღეობა“). ამ ნაწარმოებებში აშკარად ჩანს ეროვნული მხატვრული ფორმის ე.წ. „მხატვრული ქართულობის“ ის ძიებები, რომელიც XX საუკუნის 20-იანი წლების მხატვართა თაობის შემოქმედებას მაგისტრალურ ხაზად გასდევს, რაც თავის მხრივ გულისხმობს ეროვნული შუასაუკუნეების მონუმენტურ-დეკორატიული ხელოვნების სინთეზს ნოვატორულ ხედვასთან.

დღეობა, 1920 წელი.

„მე არ ვიცი მხატვრობაზე დიდი ფილოსოფია“ იტყვის შალვა ქიქოძე საფრანგეთიდან  სამშობლოში დისადმი მიწერილ ერთ-ერთ წერილში და ჩვენც მისი შემოქმედების რეტროსპექციაში განხილვით, ოდნავადაც ეჭვი არ გვეპარება იმ ფილოსოფიურ სიღრმეში და იმ უდიდეს პასუხისმგებლობაში, რომლითაც ახალგაზრდა მხატვარი თითოეული თავისი ნაწარმოების შექმნის პროცესს უდგებოდა.


ის, რომ XX საუკუნის 20-იანი წლების ქართული მოდერნიზმი ევროპული მოდერნიზმის ერთ-ერთ საინტერესო განშტოებას წარმოადგენს, კარგად ჩანს შალვა ქიქოძის არა მხოლოდ შემოქმედებაში, არამედ სამშობლოში მის მიერ გამოგზავნილი ბარათების შინაარსშიც.

მხატვართა ყავახანა პარიზში, 1920 წელი.

მხატვრის პარიზულ პეიზაჟებს, რომლებშიც პლენერულ ძიებებთან ერთად, უცხო გარემოში მოხვედრილი მხატვრის მარტოსულობის განცდაა აღბეჭდილი ( „პარიზის გარეუბანი“, „ნავები სენაზე“) პარიზული ცხოვრების სცენების მხატვრისეული კრიტიკული შეფასება ცვლის ( „კაფეში“, „ლუქსემბურგის ბაღი“).


ლუქსემბურგის ბაღი,1920 წელი.


შალვა ქიქოძის  ფერწერული ტილოების: „ სამი მხატვარი“ და „რესტორანში“ მრავალფიგურიან კომპოზიციურ სქემებში, მხატვარი აქტიურად ათავსებს პარიზში მყოფ მხატვარ-სტიპენდიატების: დავით კაკაბაძის, ლადო გუდიაშილის და საკუთარ თავის პორტრეტულ გამოსახულებებს, ორივე შემთხვევაში შიშველი „ნიუების“ გარემოცვაში.


ამ ნაწარმოებებმა თვალნათლივ წარმოაჩინა შალვა ქიქოძის მიერ ფრიდრიხ ნიცშესა და ზიგმუნდ ფროიდის ფილოსოფიურ მოძღვრებათა საზრისის საინტერესო შემოქმედებითი ინტერპრეტაციები, დაფუძნებული ადამიანის არაცნობიერში არსებულ, ბინარული ოპოზიციების გამოვლენაზე (აპოლონიურ-დიონისიური „ სამი მხატვარი“ და ეროსი-თანატოსი „რესტორანში“). 


სამი მხატვარი,1920 წელი.

აღსანიშნავია, რომ  მოდერნიზმისთვის დამახასიათებელი ეროვნული მხატვრული ფორმის შექმნის ძალისხმევით ჯერ კიდევ სამშობლოში დაწყებულ და შემდეგ პარიზში დაგვირგვინებულ საქართველოს რეგიონების მოგონებებით შთაგონებულ ნაწარმოებებში, გარდა გერმანული ექსპრესიონიზმისთვის დამახასიათებელი მხატვრული გამოსახვის ფორმებისა (უტრირება-დეფორმაციის სახით), ჩანს კარლ იუნგისეული კოლექტიურ არაცნობიერში დალექილი ტრადიციული მითოლოგემები - ეროვნული არქეტიპული წარმოდგენების სახით განსხეულებული („ამირანის“ ილუსტრაციები, „ქართველი ქალი“, „გურია“, „გურული ქალი“, „ქალ-ვაჟი“, „დღეობა“, „ხევსურეთი“).

ევროპული მოდერნიზმის ძლიერ საყრდენად მიჩნეული კიდევ ერთი ფილოსოფოსის ანრი ბერგსონის მხატვრისეული ინტერპრეტაცია შეგვიძლია ამოვიკითხოთ შალვა ქიქოძის სრულიად გამორჩეულ ფერწერულ ტილოებზე: „აჭარა“ და „უდროოდ დაკარგული მეგობრის მოსაგონებლად“.


ფერწერულ ტილოზე „აჭარა“, სადაც სხვადასხვა ფერის მბრუნავი ფანტომებიდან ორი ჩადროსანი აჭარელი ქალის იდუმალებით მოცული თვალები შემოგვცქერის, სიცოცხლისკენ სწრაფვის ის ძლიერი ძალა იგრძნობა, რომელსაც მატერიის დემატერიალიზებულად წარმოჩენა შეუძლია. ამ წრე-ბრუნვაში მოხვედრილი შალვა ქიქოძისეული შემოქმედებითი ინტუიცია კი, თავის მხრივ, თითქოს დროის ყოველგვარ დაბრკოლებას სძლევს და წარსულს, მის თანადროულ აწმყოსთან აკავშირებს.

აჭარა, 1921 წელი.

მხატვრის პარიზული პერიოდის შემოქმედებაში აგრეთვე საინტერესოდ აისახა, მოდერნიზმისათვის დამახასიათებელი კიდევ ერთი ტენდენცია - გამოვლენილი ნეოპრიმიტივიზმის მიმდინარეობაში - შალვა ქიქოძე პარიზში ქმნის ფერწერული ნაწარმოებების სერიას, საერთო სახელწოდებით „ტიკინების ცხოვრებიდან“. ამ სერიიდან მხოლოდ სამი შემორჩა და მათ განზრახ გამარტივებულ მხატვრულ ფორმებში, საოცრად გულწრფელი, ადამიანური უშუალო განცდების გადატანა სათამაშოების ხელოვნურ სამყაროში ხდება („პირველი შეხვედრა“, „კოცნა“, „ქორწილი“).

კოცნა II, სერიიდან „ტიკინების ცხოვრება, 1920 წელი.


 „მე ჩემი მეორე ბუნება მაინტერესებს, რომელიც ხანდახან გამოიყურება ხოლმე. მე ის უფრო მიყვარს: ის მეორე ბუნება“ 


- წერდა შალვა ქიქოძე თავის დას 1921 წელს პარიზიდან.  


უდროოდ დაკარგული მეგობრის მოსაგონებლად, 1920 წელი.

ამ პერიოდს განეკუთვნება მხატვრის სრულიად უჩვეულო ავტოპორტრეტი „უდროოდ დაკარგული მეგობრის მოსაგონებლად“, რომელშიც შალვა ქიქოძემ ჭეშმარიტი შემოქმედისთვის დამახასიათებელი ძლიერი ინტუიციით იწინასწარმეტყველა თავისი მოახლოებული აღსასრული.


მან გემის კოფოზე საკუთარი თავის გამოსახვით, უცნაურ „თანამეინახეებთან“ - მეფისტოფელთან და ჩონჩხთან - გულზე  დაბნეული ჭლექის სიმბოლო - გვირილათი, თითქოს ჩვენს თვალწინ გრიგოლ რობაქიძის მიერ ქართული მოდერნიზმის მისამართით თქმული „სხვადყოფნის მისტერია“ გაითამაშა.

 


„მხატვრის დამფასებელი მხოლოდ დროა“ - დაწერს სამშობლოში გამოგზავნილ ერთ-ერთ ბარათში შალვა ქიქოძე და დღეს, ჩვენ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დროის გამოცდას შალვა ქიქოძის შემოქმედებამ უდიდესი წარმატებით გაართვა თავი.



ავტორი: ირინე აბესაძე


ფოტომასალა: საქართველოს ეროვნული მუზეუმი, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა