ცისფერი მთები

სამთო ქოხი

ფოტო: გიორგი ტორონჯაძე

ავტორი: გურო ვაშაყმაძე

ბოლოს ბლოგი რომ დავწერე, ჯერ კიდევ ცალი ფეხით ჯანმრთელი ვიყავი და გაფუჭებულს რაღაცნაირად ვაბალანსებდი, ამიტომ თხილამურზეც და ჰაერშიც ეგოისტურად, კვლავ თამამად ვსრიალებდი და „ხიჟინასაც“ საღამოობით ხშირად ვსტუმრობდი, ყოველ შემთხვევაში როდესაც საკუთარ სახლში, კურორტზე ვახერხებდი ყოფნას. სამწუხაროდ, რუტინული სიამოვნების ეს ორივე საშუალება დროებით, 2020 -ში დაკარგული მაქვს, მაგრამ იმედს არ ვკარგავ რომ მხოლოდ დროებით, მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ ილია კოკაია გუდაურის საყვარელი სამთო ქოხის აღდგენას გეგმავს ...

ფოტო: ელენე ტოგონიძე

„ხიჟინას“ მისი სტუმრებისთვის, აპრე-სკი საღამოების გარდა, ბევრი სხვა კარგი რამ მიუცია. ევროპული ყაიდის ამ სამთო ქოხის ისტორია 1987 წელს იწყება, ანუ მაშინ, როდესაც გუდაურს ორი თუ სამი რეგისტრირებული მაცხოვრებელი ჰყავდა. იგი მთლიანი საკურორტე კომპლექსის მშენებლობის მცირე ნაწილი იყო. პროექტი თავად ავსტრიელებმა შეიმუშავეს. ზოგიერთისთვის უცნაური იქნება იმის გაგება, რომ ამ ქოხის პრაქტიკულად არცერთი ორიგინალი ნაწილი (ფუნდამენტს და ფილებს თუ არ ჩავთვლით) არც ქართული და არც საბჭოთა წარმოების არ ყოფილა. ჩვენთვის საყვარელი „ხიჟინა“ პირდაპირი მნიშვნელობით ქალაქ ბოცენში (ბოლცანო) ერთ სამხრეთ ტიროლურ კომპანიას დაუმზადებია და პაკეტ-პაკეტ საბჭოთა საქართველოსკენ დაუძრავს. 

ფოტო: კოტე გაბრიჩიძე

აქ ჩამოსული ქოხის აშენებას ბევრი არაფერი ედგა წინ და ერთი ამოსუნთქვით ზღვის დონიდან 2750 მეტრზე იტალიაში შექმნილი (თუმცა ზოგისთვის სამხრეთ ტიროლი დღესაც ავსტრიაა) ავსტრიული შენობა წამოიჭიმა. სხვათა შორის, ბედის ირონიაა, რომ 33-წლიანი არსებობის მიუხედავად ბევრმა ჯერაც არ იცის, რომ ქოხის ოფიციალური სახელი „ხიჟინა“ არ ყოფილა. დიახ, სახელიც ჰქონდა და მას ხადას ქოხი (გერმანულად Hada Hütte) ერქვა. ავსტრიელები ადგილობრივ ტოპონიმებს საკმაოდ დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ და საქართველოშიც ანალოგიურად მოიქცნენ, მოკრძალებულ სამთო რესტორანს მის წინ გაშლილი ლამაზი ხეობის სახელი დაარქვეს. ისე, საინტერესო იქნებოდა, სხვა რამ რომ დაერქმიათ მისთვის, ასე მაგალითად „ნაბახუსევი მსხალი“, ან რამე მაგდაგვარი, თუმცა „ქათერბირნე“ არც ისე მომხიბლავად ჟღერს, გერმანულადაც კი, ასე რომ კარგია, რომ ისევ „ჰადა ჰიუტტეზე“ შეჯერდნენ. 

ფოტო: ელენე ტოგონიძე

ხადას ქოხს ძირითადად სამი ფუნქცია უნდა შეესრულებინა, ყოფილიყო მცირე ზომის რესტორანი ევროპელი სტუმრებისთვის (რადგან მაშინ გუდაურში ძირთადად ჰელი-სკის მოყვარული მდიდარი ტურისტები ჩამოდიოდნენ ალპებიდან), ყოფილიყო დროებითი თავშესაფარი ღამის გათევის საშუალებით ადგილობრივი პერსონალისთვის და საჭიროებისამებრ შეესრულებინა პირველადი დახმარების პუნქტის ფუნქცია.


1990-იანი წლების დასაწყისიდან 2007 წლამდე ხადას ქოხი დანარჩენ ტურისტულ კომპლექსს ეკუთვნოდა და შესაბამისად საერთო მფლობელი ჰყავდა, თუმცა ოპერირებაში იგი იჯარით სხვა პირზე იყო გაცემული. 

„კოსტას ხიჟინა“ 

ხადას ქოხის პირველი არენდატორი ვეტერანი მოთხილამურე კოსტა ქავთარია გახლდათ. სწორედ აქედან დამკვიდრდა სახელი „კოსტას ხიჟინა“ გუდაურში. „კოსტას ხიჟინა“ მხოლოდ სამთო ქოხი ან რესტორანი არ ყოფილა. იმ პერიოდში გუდაურში და მის მიმდებარედ სულ თითზე ჩამოსათვლელი იყო საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები, თუნდაც უბრალო კაფე-ბარები და რესტორნები. „კოსტას ხიჟინა“ სწორედ ერთ-ერთი ასეთი ადგილი იყო. თუ „მარკო-პოლო“ არასათხილამურო საათებში აცოცხლებდა კურორტს, საბაგიროები და ხიჟინა საპირისპიროდ დღის განმავლობაში იყო ხალხის მიმოქცევის მთავარი არეალი.

ფოტო: მარიამ ზალდასტანიშვილი

კოსტასთან ხშირად ხვდებოდნენ დიდი ხნის უნახავი მეგობრები, ისინი ვინც ყოველდღიურობამ ერთმანეთს დააშორა, თუმცა ერთმანეთის მსგავსად შენარჩუნებული ჰქონდათ სრიალისა და მთის სიყვარული. კოსტასთან ბევრმა „გუდაურელმა“ პირველად გასინჯა ავსტრიული გლუვაინი, ანუ გლინტვეინი. აქ იკრიბებოდნენ როგორც ქართველები, ასევე ჭრელ კომბინიზონებში გამოწყობილი, წამყვანი სათხილამურო ტრენდების ქვეყნებიდან ჩამოსული ტურისტები, რომლებიც დასვენებისგან სიამოვნების მიღებასთან ერთად დასავლურ სამთო-სათხილამურო კულტურასაც აზიარებდნენ ადგილობრივებს. ამ მცირე, ალბათ 80 კვადრატულ მეტრამდე ფართობში ზოგჯერ სრულიად უცხო ადამიანები ახერხებდნენ ერთმანეთისთვის სითბოსა და პატივისცემის გამოხატვას. „ხიჟინა“ იყო ურთიერთობა.

ფოტო: გიორგი ტორონჯაძე

სწორედ ამ ურთიერთობებმა გარდაქმნა ეს ადგილი უბრალო სამთო ქოხიდან საკულტო მნიშვნელობის ობიექტად ათასობით ადამიანისთვის. „ხიჟინა“ არ ყოფილა თავისი არქიტექტურით ან მატერიალური ღირებულებით განსაკუთრებული. აქ ვერ შეხვდებოდით ჩუქურთმებს ან ორიგინალურ სამშენებლო გადაწყვეტებს, თანამედროვე მომსახურების განსაკუთრებულ ელემენტებს. ყველაფერი ძალიან პრაქტიკულ გამოყენებამდე იყო დაყვანილი, ისე, როგორც სჭირდება 2750 მეტრზე ცხოვრებასა და საქმიანობას (თუ არ ჩავთვლით გერმანულ სანტექნიკას, მაგრამ ჩემი მოკრძალებული აზრით, ეგეც პრაქტიკული გადაწყვეტილება უფრო იყო, ვიდრე ფულის ხარჯვის სურვილი). ერთადერთი ხის გრავიურა, რომელზეც ლათინური შრიფტით ავსტრიელ და შვედ მშენებლებს ამოეტვიფრათ ქოხის სახელი და ზღვის დონიდან მისი სიმაღლის მდებარეობა, დანარჩენ შენობასთან ერთად 2020 წლის 29 თებერვლის გამთენიისას ჩაიფერფლა. 

ფოტო: თაკო კამკამიძე

29 თებერვლის დილას, როდესაც გუდაურში ევროპის თასის შეჯიბრის სტარტზე, ჩვეული 10-წუთიანი დაგვიანებით მივიჩქაროდი, კუდებისკენ უცნაური მუქი ფერის ფონი დავინახე. რამდენიმე საათში გული მეც და მრავალ „გუდაურელსაც“ ერთიანად „ხიჟინასავით“ დაგვეწვა. ადგილი, სადაც ჩემთვის სითბო ამ სიტყვის გადატანითი და პირდაპირი მნიშვნელობით არაერთხელ გაუზიარებიათ, აღარ არსებობდა. მის მაგივრად დანახშირებული გაურკვეველი საგნების ბორცვი და თუნუქის სახურავიღა შერჩენილიყო.


ზუსტად არ ვიცი, რა მოხდა, არც ის ვიცი, გაირკვევა თუ არა ოდესმე იმის რეალური მიზეზი, თუ როგორ განადგურდა ხადას ქოხი, რომელიც 33 წლის განმავლობაში იკავებდა საკუთარ ადგილს გუდაურის ლანდშაფტზე.

ზოგიერთისთვის ის შეიძლება, უბრალოდ შენობა იყო, ზოგისთვის — ბიზნესი, ჩემთვისა და მრავალი „გუდაურელისთვის“ — სახლის ნაწილი, მისი გაგრძელება. კარგი იქნებოდა, მასთან ზიარება ისევე შეძლებოდა მომავალ თაობას, როგორც მე და ჩემს მეგობრებს გვაზიარეს ჩვენმა მშობლებმა.


და რადგანაც „ხიჟინას“ მთავარ ღირებულებას ის სითბო და ურთიერთობები წარმოადგენდა, რომელიც მასში ზამთრის ცივ დღეებსა და ღამეებში ადამიანების მიერ იქმნებოდა, არ იქნებოდა ურიგო, გვეცადა ასეთი ადგილის ხელახალი აშენება. ის ნამდვილად აღარ იქნებოდა „კოსტას ხიჟინა“, მაგრამ შესაძლებელია, მისი ღირსეული შემცვლელიც კი გამხდარიყო.