ვის მოუსმენთ Jazz and Wine Kakheti 2023-ის ფესტივალზე

კახეთის ჯაზისა და ღვინის მეშვიდე ფესტივალის მუსიკალურ პროგრამას 14 ოქტომბერს, 14 საათზე ნეოსოულ ბენდი Salt Peanuts გახსნის.

ჯგუფისათვის დამახასიათებელი ლამაზი მელოდიები, გრუვითა და ფანკით გაჯერებული მუსიკა აუცილებლად მოგანდომებთ მათ მუსიკალურ თავგადასავლებში გაყოლას, რომლებიც სხვადასხვა ჟანრსა და სტილში გამოგზაურებთ. 

ეს ენერგიული სექსტეტი კახეთში სპეციალურ სტუმართან, იტალიელ ვოკალისტ სარა ჯეინ გიოტისთან ერთად დაგხვდებათ.

Theo Croker – მუსიკოსი, კომპოზიტორი და პროდიუსერი – ცნობილია, როგორც მთხრობელი, რომელიც თავისი საყვირით საუბრობს. თუმცა, ის ფაქტი, რომ ამდენი მსმენელი ჰყავს, მისი მუსიკალური კრეატიულობისა და ამ კრეატიულობის საზღვრების მუდმივი გაფართოების უნარის დამსახურებაა. 

ეს მუსიკოსი, რომელმაც შეძლო 1960-იანი წლების სპირიტული ჯაზის ელემენტების თანამედროვეობაში გადმოტანა, წლების განმავლობაში დიდ მუსიკოსებთან ერთად იდგა მსოფლიოს სხვადასხვა სცენაზე, ხოლო 2019 წელს „საუკეთესო თანამედროვე ინსტრუმენტული ალბომის“ კატეგორიაში გრემიზეც იყო ნომინირებული. 


ჯაზის ჟანრში აღსანიშნავია ერთი წლის წინ გამოსული ალბომი Love Quantum, სადაც კროკერი ლეგენდარულ საქსოფონისტ გარი ბარტცისთან ერთად ასრულებს კომპოზიციას, ირონიული სახელწოდებით – jazz is Dead.

Mo`Horizons გერმანული მუსიკალური პროექტია, რომელიც 1999 წელს დაარსდა და თავიდან ელექტრონული მუსიკის ორ წარმომადგენელს - მარკ ვეტცლერსა და რალფ დროსემაიერს აერთიანებდა. 

ასევე ცნობილი მუსიკალური ჯგუფის, „დი ფაზის“ მსგავსად, მო ჰორაიზონი ეისიდის ერთ-ერთ პიონერადაა ცნობილი – ჰორაიზონ საუნდ-სისტემის სახელით დღემდე აქტიურად განაგრძობს ექსპერიმენტირებას მუსიკის სხვადასხვა ჟანრში, რომელიც მოიცავს ნიუჯაზს, ლათინელექტროს, ნიუბოსას, ბოსა ნოვას, სოულს, ეისიდს, ფანკს და სხვა.


წინანდალში ბენდი წარდგება კვინტეტის სახით (2 ვოკალი, 1 პერკუსია, 1 საქსოფონი და დჯ/საუნდ-სპეცეფექტები) და მათ მოსმენას 21 საათიდან ამფითეატრში შეძლებთ.

თიბისი კონცეპტის ბარათით გადახდისას, შეგიძლიათ დაიბრუნოთ გადახდილი თანხის 20%.

ავტორი: მანანა მუსხელიშვილი /At.ge