კულტურა

რატომ მოდერნიზმი?

ქართველი მხატვრის - იოსებ გაბაშვილის შემოქმედება, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში, 12 სექტემბრის ჩათვლით, იქნება გამოფენილი.

აგვისტო 19, 2020

26 ივნისს, ეროვნულ გალერეაში, „პროპაგანდა.ნეთვორქის“ და საქართველოს ეროვნული მუზეუმის თანამშრომლობით, გაიხსნა სოსო გაბაშვილის პირველი რეტროსპექტიული გამოფენა, რომელიც კიდევ ერთხელ გვახსენებს მოდერნიზმის პერიოდს და გადაუჭრელ კითხვებს გვიჩენს ქართული კულტურის პროგრესში მის მიერ შეტანილ და დავიწყებულ წვლილზე.

გაბაშვილი თბილისის მხატვრულ ძიებებში 1921-1925 წლებში ჩაერთო. ეს ის პერიოდია, როდესაც თბილისური ურბანიზაციის 100 წლიანი პროცესი ქართულ მოდერნისტულ ხელოვნებაში პოულობდა ასახვას. გაბაშვილი, სწორედ იმ თაობის ბოლო ტალღაა, რომელმაც სულ რაღაც 20 წელიწადში შეძლო თვითგამორკვევა, საკუთარი ინტერესების და დიალოგის ველის აღმოჩენა. ეს ის პერიოდია, როდესაც ტრადიცია და დიალოგი ქმნიდა დინამიურ და პროგრესულ სურათს, რომელშიც სოციალური ხელოვნება არსებობას იწყებდა. მიუხედავად ამისა, ბევრი იყო გამოწვევაც.


ამ მოვლენების პარალელურად, ჩნდებოდა ეთნო-მოდერნისტული ტალღა, რომელიც წარსულის კალკირებით და ისტორიული ფორმების გამეორებით კავდებოდა. საბოლოოდ, სწორედ ეს ტალღა გახდა საბჭოთა რეალიზმის წინაპირობა. ქართველობის ეთნიკური მითით მონუსხული ხალხი კი, სტალინისტურ იმპერატივში გაქვავდა.

გაბაშვილი, ჯერ კიდევ ბავშვობაში გაიტაცა მოდერნისტულმა კოლექციამ, რომელიც სარაჯიშვილების მამულში ცხოვრებისას ნახა. 16 წლის ასაკში უკვე აქტიურად ხატავდა და მალე პირველი პროექტებიც მიიღო. 1925 წელს მან შეასრულა ალექსანდრე ყაზბეგის პორტრეტი, რომელიც მიხეილ ჯავახიშვილმა დაუკვეთა.


1926 წელს კინოსტუდიაში შექმნა პლაკატები ივანე პერესტიანის ფილმისთვის „სავურ-მაგილა“ და ამო ბეკ-ნაზაროვის ფილმისთვის „ნათელა“. 1927-1928 წლებში კი, შექმნა ილუსტრაციები მიხეილ ჯავახიშვილის რომანისთვის „თეთრი საყელო“. 1925-1930 წლებში, ის სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში, იოსებ შარლემანის, გიგო გაბაშვილის, ევგენი ლანსერეს კლასებში.

1927 წელს კი, დაიწყო მონაწილეობა გამოფენებში და შექმნა მის შემოქმედებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სერია, რომელშიც ქართველი ქალის არქეტიპული ფორმებია გამჟღავნებული. ეს სერია, ერთი მხრივ, ასოციაციებს აჩენს ქართველის ტიპაჟზე, მეორე მხრივ, სრულიად მოწყვეტილია კონკრეტულ ჩარჩოებს და უფრო ღრმა კულტურულ პროცესს ასახავს. ამავე სერიაში მჟღავნდება გაბაშვილის მისწრაფება სიღრმისეული მოდერნისტული ძიებებისკენ.


არქეტიპული ბუნების კვლევით, არაერთი ევროპელი ხელოვანი იყო დაკავებული, მათ შორის, პიკასო და ჰენრი მურიც. მსგავსი ძიებები, ხელოვნების ნიმუშის უძველესი ფორმების თარგმნას და სოციალიზაციას გულისხმობდა. „ქალების სერიაც“, სწორედ ამ პროცესის ნაწილია. იკონოგრაფიულად და ფორმალურად ის ქალის, დედის, ან შობადობადობის კულტის განსახიერებაა - წარსულის ორაზროვანი გაელვება ინდივიდსა და არქეტიპულ გამოსახულებას შორის. რამდენადაც, ინდივიდის და საზოგადოების პრობლემა, მოდერნიზმის ერთ-ერთ მთავარ თემად რჩებოდა, გაბაშვილის სურათებშიც იგრძნობა გაორება პიროვნულსა და კოლექტიურს შორის.

1934 წელს, გაბაშვილი ასწავლის სამხატვრო აკადემიაში, თუმცა მას მალევე რიცხავენ აკადემიიდან, ტროცკისთან ურთიერთობის გამო. ორი წლის შემდეგ, მას კვლავ აბრუნებენ აკადემიაში.1937 წელს თანამშრომლობს კინოსტუდიასთან და აქტიურად მუშაობს ფილმის მხატვრობაზე. 1938 წელს აფორმებს წიგნს „ამბავი იგორის ლაშქრობისა“. 1940-იან წლებში თანამშრომლობს ჟურნალებთან „დილა“, „პიონერი“, „ნიანგი“. მთელი ეს პერიოდი, მისი შემოქმედების დიდ ნაწილს სწორედ ილუსტრაციები იკავებს. ალბათ, უფრო იმიტომ, რომ ამ სივრცეებში მეტი იყო თავისუფლება, ფერწერა კი, რომელშიც გაბაშვილი ყველაზე მეტად ამჟღავნებს პოტენციალს, უკანა პლანზე რჩება.

მიუხედავად ამისა, შექმნილ ნიმუშებში მაღალი დონის პლასტიკა და ფერების საკმაოდ ინდივიდუალური აღქმა იგრძნობა. მისთვის მნიშვნელოვანია მთლიანობის დაცვა, დროში გაყინული საზრისების პლასტიკაში და მოქნილობაში ამეტყველება. ამ კუთხით, გაბაშვილი იზიარებს მოდერნიზმის საერთო სულისკვეთებას: ნახტომს მომავალში, რაც ურბანული ჰორიზონტის აღმოჩენას, სტატიკურობის დაძლევას და ახალი განზომილებების გახსნას გულისხმობს.


ეროვნულ გალერეაში წარმოდგენილი კოლექციიდან, ყველაზე დიდ ყურადღებას "შაჰნამეს" ილუსტრაციები იქცევს.


"შაჰნამე", არა მხოლოდ საგმირო ეპოსი, არამედ შეხვედრის ადგილია. აქ, თავს იყრის ისტორიული და მითოლოგიური საზრისები - ზოროასტრიზმი და ისლამი, რომელთანაც ქართველებს მრავალსაუკუნიანი ურთიერთობა ჰქონდათ. დიდია "შაჰნამეს" გავლენა შუა საუკუნეების ქართულ ლიტერატურულ წყაროებშიც. ცნობილია, რომ ილუსტრაციების შესასრულებლად, გაბაშვილმა მოკლე დროში შეისწავლა სპარსული მინიატურის ტექნიკა, თუმცა უშუალოდ სურათებზე მუშაობისას, ამ მასალებით აღარ უხელმძღვანელია - ის მთლიანად ეყრდნობოდა მეხსიერებას.

კონსტრუქციულობით, ფერთა მრავალფეროვანი, თუმცა მოზომილი გამოყენებით, საერთო ტონალობით და დინამიური, ელეგანტურად გამოყვანილი ფორმებით "შაჰნამეს" ილუსტრაციები ქმნის იშვიათ სინთეზს, რომელშიც ორი უკიდურესად კონტრასტული კულტურა - ისლამი და მოდერნიზმი, დიალოგისთვის მზაობას აცხადებს. სურათებში ფიგურების ხასიათთან ერთად, ადგილობრივია კოლორიტიც, თუმცა რიტმი, პლასტიკა და დრამატურგია სრულიად უნივერსალურია. შედეგად, "შაჰნამეს" ილუსტრაციებში ერთმანეთს ერწყმის ქართული ხასიათი, მოდერნისტული ფორმა და სპარსული მინიატურის შექმნის პრინციპები. ის, სხვა უამრავ მოვლენასთან ერთად, ქართული მოდერნიზმის დროის პორტალია, იდენტობის ძიების პროცესი, განმსჭვალული მომავლის დინამიური ხილვით და ტრადიციის მრავალფეროვანი ბუნებით. 

ამ სერიით, გაბაშვილის ხელოვნება, უერთდება ქართული მოდერნიზმის ისტორიას, რომელიც თანამედროვე სამყაროში ჩვენი კულტურული კომპასია.

ის თავს უყრის, როგორც აღმოსავლურ საზრისებს, ისე მოდერნისტულ ფორმებს და ადგილობრივ ისტორიულ მეხსიერებას. ეს კი, ხაზს უსვამს იმას, რომ ქართული მოდერნიზმისთვის სინთეზი ამოსავალი წერტილია და ორიგინალობის განცდაც სხვადასხვა ფორმების ურთიერთობისას იბადება.

ასეთი ხელოვნება აღმოჩენას, გაცნობას და თანაყოფნას ემსახურება - კულტურათა დიალოგს, არა როგორც მატერიალურ მიზანს, არამედ, როგორც საშუალებას საერთო კეთილდღეობის მისაღწევად.



ავტორი: დათო კოროშინაძე

ფოტო: საქართველოს ეროვნული მუზეუმი

კურატორი: ნანა ყიფიანი

თანა-კურატორი: ლია ბაგრატიონი

ექსპოზიციის დიზაინერი: ლევან ჭოღოშვილი