კულტურა

Rooms-ის სამზარეულოში Vol 2

„აჭარა ჯგუფისა“ და „თიბისი სტატუსის“ ახალი ერთობლივი პროექტი

მაისი 27, 2020


თქვენთან სამი შეკითხვა გვაქვს:



1. რამდენჯერ გიფიქრიათ, რომ ტელევიზორში ნანახი კერძის მომზადება სახლშიც ისეთივე მარტივი იქნებოდა, როგორიც ეკრანზე ჩანდა? 


2. რამდენჯერ გინატრიათ, რომ ვინმე – თუნდაც დისტანციურად – კულინარიული შედევრების შექმნაში ნაბიჯ-ნაბიჯ დაგხმარებოდათ?


3. რამდენჯერ გითქვამთ, რომ საყვარელ კაფეში დაგემოვნებულ კერძს თავადაც მშვენივრად მოამზადებდით, საიდუმლო ინგრედიენტები რომ გცოდნოდათ? 



სანამ გვიპასუხებთ, ერთ რამეზე შევთანხმდეთ: შინ დარჩენამ უამრავი რამ გვასწავლა და მათ შორის ისიც, რომ მენიუს მრავალფეროვნებას არსებითი მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებით – ახალ რეალობაში, სადაც ყველა ჩვევა, რუტინა, გეგმა და რაციონი ერთიანად იცვლება. 



ალბათ, სწორედ შინ დარჩენა გვჭირდებოდა იმის გასააზრებლადაც, რომ სახლში ყოფნა არც ისე მოსაწყენია. საჭიროა მხოლოდ ინტერნეტთან წვდომა, ინდივიდუალური განრიგის შემუშავება და რამდენიმე გემრიელი რეცეპტი, რომელსაც შემდეგ სოციალურ ქსელებში გავაზიარებთ და საკუთარ თავში აღმოჩენილი სუპერძალებით ვიამაყებთ. 


თუ სამზარეულოს ძველ წიგნებში ნაპოვნი, ინტერნეტსივრციდან ამორჩეული და უკვე მრავალჯერ ნაცად-გასინჯული კერძები მოგბეზრდათ და საყვარელი მენიუებიც მოგენატრათ, თქვენთვის კარგი ამბავი გვაქვს: „აჭარა ჯგუფის“ ცნობილი შეფ-მზარეულები მზად არიან, ის საიდუმლო რეცეპტები გაგვიმხილონ, რომლითაც ჩვენთვის კარგად ნაცნობ და საყვარელ კერძებს ქმნიან. 



„აჭარა ჯგუფის აკადემიამ“ ეს უნიკალური პროექტი „თიბისი სტატუსთან“ ერთად განახორციელა. ინიციატივის მიზანი და მოტივი მარტივია: გაგვიჯანსაღონ კვების რაციონი და დაგვეხმარონ იმ უნარების აღმოჩენასა და განვითარებაში, რომელიც ცხოვრების ყველა ეტაპზე გამოგვადგება – სახლშიც და გარეთაც.



აღსანიშნავია, რომ მსგავსი პროექტებით საქართველოში განებივრებულები არ ვართ. მართალია, ხშირად გვინახავს ამა თუ იმ კერძის მომზადების პროცესი, თუმცა პარალელურად ვერც შეკითხვას ვსვამდით და ვერც პასუხს ვიღებდით. ამ შემთხვევაში კი ყველაფერი განსხვავებულად ხდება: „რუმსის“ და „ლოლიტას“ ჯადოქრები ჩვენს სამზარეულოებს დისტანციურად სტუმრობენ, საიდუმლო ინგრედიენტებს ლაივ-სესიაში გვიმხელენ და ყველა შეკითხვაზე, რომელიც მომზადების პროცესში გვიჩნდება, უშუალოდ გვპასუხობენ! ისიც ხაზგასასმელია, რომ მთავარი კულინარები საუკეთესო ხარისხის ინგრედიენტების მომარაგებაში წინასწარ გვეხმარებიან, რაც ამ პროცესს, ყველა მანამდე ჩატარებული მასტერკლასისგან, კიდევ ერთხელ გამოარჩევს.




სხვათაშორის, პირველი შეხვედრა უკვე ჩატარდა და მისი მთავარი გმირი დევიდ ლეგრანი იყო – 15 წლიანი გამოცდილების მქონე შეფ-მზარეული, რომელიც „აჭარა ჯგუფის“ მმართველ დირექტორთან, ლევან ბერულავასთან ერთად, ქათმის მექსიკური ტაკოსა და შემწვარი კალმახის სალსას სოუსში მომზადებაში დაგვეხმარა და გზადაგზა სასარგებლო რჩევებიც გაგვიზიარა. ინტერაქტიულ ლაივ-სესიას ის სტატუს მომხმარებლები ესწრებოდნენ, რომლებიც თიბისი სტატუსის ვებგვერდზე და „აჭარა ჯგუფის“ ვირტუალურ აკადემიაში წინასწარ დარეგისტრირდნენ.



„ჩემთვის პირადად ძალიან საინტერესო და უცხო გამოცდილება იყო. გამოხმაურებაც ძალიან დადებითი ქონდა და მოხარული ვარ რომ ამ პროექტს ვაგრძელებთ. მომავალშიც ბევრ საინტერესო სტუმარს და გემრიელი კერძის დამზადებას შემოგთავაზებთ,“ 


- გაგვიმხილა ლევან ბერულავამ და პროექტის უნიკალურობაზეც ისაუბრა: 


„აჭარა ჯგუფის უცხოელი შეფები გვიზიარებენ მათ გამოცდილებას და გვასწავლიან გამორჩეული კერძების მომზადებას სახლის პირობებში. მათთან პარალელური ინტერაქცია და კითხვაპასუხის რეჟიმი კიდევ უფრო გვიმარტივებს პროცესს. ასევე, უდიდესი კომფორტია სახლში მოტანილი საუკეთესო ხარისხის, სათითაოდ არჩეული, შესაბამისი პროპორციის გარეცხილი და დამუშავებული ინგრედიენტები, რომელიც მოგვეწოდება ქართველი ფერმერებისგან“


მეორე ციფრული სესია 28 მაისს ჩატარდება. ამჯერად, სამზარეულოში „ლოლიტას“ მთავარი შეფმზარეული და „აჭარა ჯგუფის“ აღმასრულებელი დირექტორი გვიმასპინძლებენ. იტალიელი მატეო ბოსკეტო, ვალერი ჩეხერიასთან ერთად, ინტერაქტიულ რეჟიმში მოამზადებს ფალაფელს ბულგარული წიწაკითა და ძაძიკის სოუსით, შემდეგ კი – რიზოტოს კრევეტით, ზაფრანითა და ჩერი პომიდვრით. პარალელურად, ისაუბრებს გასტრონომიის მნიშვნელობაზე ყოველდღიურობაში და გაგვიზიარებს იმ გამოცდილებას, რომელიც ინგლისსა და იტალიაში, ცნობილ შეფებთან მრავალწლიანი მუშაობისას მიიღო. 



ასე რომ, თუ გსურთ, ახალ ტრენდებს არ ჩამორჩეთ, ჯანსაღად იკვებოთ და უნიკალური რეცეპტები მოიმარაგოთ, თიბისი სტატუსის ვებგვერდზე და „აჭარა ჯგუფის“ ვირტუალურ აკადემიაში ახლავე დარეგისტრირდით, საჭირო პროდუქტები მოიმარაგეთ და როგორც მონატრებული, ასევე ახალი გემოების აღმოსაჩენად მოემზადეთ!


ავტორი: დიმიტრი სანაია / At.ge