მუსიკა | ცა

Hunee / 18 მაისს, 4GB ფესტივალზე

Hun Choi იგივე Hunee — გერმანელი დიჯეი და პროდუსერია. ამასთან ერთად, ის ამსტერდამული ფირფიტების მაღაზიის, ლეიბლისა და მუსიკალური კოლექტივის, Rush Hour-ის გუნდის წევრიცაა. 

ჰუნი საკმაოდ დიდი სტაჟის მქონე, გამოცდილი დიჯეია, რაც ბოლო წლებში მის დამსახურებულ პოპულარობაზეც აისახა. 19 წლის იყო, როდესაც ბერლინში გადავიდა საცხოვრებლად და დიჯეინგი ჰიპ-ჰოპის დაკვრით დაიწყო. 2000-იანების დასაწყისიდან მუშაობდა ბერლინის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფირფიტების მაღაზია Soul Trade Records-ში, სადაც ათასობით ჩანაწერის მოსმენით საკმაო მუსიკალური ცოდნაც დააგროვა. 

© ohm-mag.com

უკანასკნელ წლებში, ჰუნი ამსტერდამში ცხოვრობდა, სადაც Rush Hour-ის ოჯახის სრულფასოვანი წევრი გახდა. ამ ლეიბლზე გამოვიდა მისი პირველი ალბომი Hunch Music და კომპილაცია Hunchin’ All Night. ასევე, მისი კურატორობით გამოიცა იაპონელი ლეგენდის, Soichi Terada-ს ევროპული სადებიუტო ალბომი Sounds from the Far East. 

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ჰუნის ერთობლივი დიჯეი სეტები ლეიბლის ხელმძღვანელ Antal-თან ერთად, რამაც დიდად იმოქმედა ორივეს მზარდ პოპულარობაზე.



მთავარი, რაც ჰუნის თავისი მასშტაბის ბევრი დიჯეისგან გამოარჩევს, მისი დაკვრის სტილია

ჰუნის დიჯეი სეტებს ჟანრების მონაცვლეობა ახასიათებს. მას დიდი ოსტატობით შეუძლია შეათავსოს დისკო, ფანკი და სოული ჰაუსსა და ტექნოსთან.

© Pan African Music

შეიძლება ითქვას, რომ ჰუნის წვლილი უდიდესია, რომ ასეთი მრავალფეროვანი მუსიკა დღეს ფესტივალების დიდ სცენებზე ხშირად იკვრება და გამონაკლისი არც 4GB იქნება.

ფოტო: თორნიკე შენგელია, 4GB 2017

ავტორი: ანასტასია ზურაბიშვილი

გარეკანის ფოტო: Crack Magazine