ხელოვნების კონცეპტი - გუგა კოტეტიშვილის ახალი სივრცის შესახებ

გუგა კოტეტიშვილი არტისტია, რომელიც ხელოვნების რამდენიმე დარგში მოღვაწეობს, არის კინო მხატვარი, ასევე მსახიობი, კერამიკოსი, გრაფიკოსი, დიზაინერი, ფერმწერი, თეატრისა და კოსტიუმების მხატვარი. როგორც თავად ამბობს, აკეთებს ყველაფერს, რისი შექმნის იდეაც უჩნდება.

რას გულისხმობს ახალი სტუდიის დაარსება?


ეს არის სამხატვრო გალერეა, სადაც ასევე იქნება სტუდია და გამოიფინება ჩემი ნამუშევრები. აქ შეიძლება პერიოდულად სხვა არტისტების ნამუშევრებიც იხილოთ. ამ სივრცეში გამოიფინება ჩემი ფარდაგების, ხალიჩების, კერამიკის კოლექციები, პრინტები, ავეჯი, გვექნება სამკერვალოც, სადაც ჩემი ესკიზით შექმნილ დიზაინებზე ვიმუშავებთ. ასევე ვგეგმავთ საინტერესო შეხვედრების მოწყობას, შემეცნებითი საღამოების ჩატარებას, რომლებიც არ იქნება კომერციული. გვექნება ხატვის გაკვეთილები მოზრდილთათვის, ისეთი ადამიანებისთვის, ვისაც ჰგონია, რომ ვერ დახატავს და ოცნებად აქვს ქცეული ხატვის შესწავლა. ეს იქნება ერთგვარი არტთერაპია. აქ არის თავმოყრილი ისეთი დეტალები, რომლებიც მიპოვია და ჩამითვლია ღირებულად. გამოფენილი ნივთების ღირებულებაც ჩემი შეხედულების მიხედვით დავადგინე. მოკლედ რომ ვთქვათ, ამ სივრცეში ყველაფერი ჩემი გემოვნებით ერთიანდება.

რით განსხვავდება ეს სივრცე დიზაინ-ბაზრისგან?


რადგან ადრე ინტერიერის დიზაინზე ვმუშაობდი და ხშირად ვიყენებდი ძველ ნივთებს, ჩემთვის მოსაწონ სხვადასხვა დეტალებს ვაგროვებდი – დაწყებული ფაიფურის ჭურჭლიდან, დამთავრებული რკინის გისოსებით. დიზაინ-ბაზარი უმეტესად შედგებოდა ძალიან დიდი საგნებისგან, როგორებიცაა ჭიშკრები, კარები, გისოსები, რასაც ვიყენებდი ინტერიერების მოწყობის დროს, ის სივრცე უფრო საწყობს ჰგავდა. ახლა ნაკლებად ვაპირებ ინტერიერის დიზაინზე მუშაობას და ხატვას ვუბრუნდები. ამ ახალ სივრცეში მაქვს ჩემი სტუდია, სადაც დავხატავ და აქვე გაიყიდება ჩემი ნახატები სხვა საინტერესო ნაპოვნ ან ჩემგან შექმნილ ნივთებთან ერთად, აქ არ იქნება დიდი ინტერიერის დეტალები. დიზაინ-ბაზარი ძველებური სახით აღარ იფუნქციონირებს და მას ჩაანაცვლებს ეს სივრცე/გალერეა, სადაც ბევრი ნივთი დიზაინ-ბაზრიდანაც გადმოვა. აქ შედარებით უფრო მომცრო დეტალები განლაგდება. 

რა ტიპის საღამოების მოწყობა იგეგმება?


ეს საღამოები იქნება შემეცნებითი. შესაძლებელია, ვთქვათ, მე ჩავატარო დიზაინთან დაკავშირებით რაიმე ინფორმაციული საღამო, ასევე შეიძლება მოვიდეს რომელიმე თანამედროვე მოცეკვავე, ჩაატაროს ლექცია და გააკეთოს პატარა ჩვენებაც. ეს შეხვედრები არ იქნება კომერციული, დასწრება თავისუფალია. პოეზიის საღამოების ჩატარების იდეაც მაქვს. ეს იქნება კულტურული ღონისძიებები, რა თქმა უნდა, შედარებით მცირერიცხოვანი აუდიტორიისთვის. შესაძლებელია მცირე კონცერტის ჩატარებაც. ამ სივრცეს ვუყურებ, როგორც ჩემს სახლს და მაქსიმალურად მინდა, რაც მე მომწონს, ის სხვებსაც გავუზიარო.

ვინ შეძლებს ხატვის შესწავლას თქვენს ხატვის სტუდიაში?


ავიყვანთ ისეთ ხალხს, ალბათ უფრო უფროსებს, რომლებსაც ოცნებად აქვთ ქცეული ხატვა და ჰგონიათ, რომ ვერ დახატავენ. ამის მსურველი ძალიან ბევრია, ასეთი სწავლების გამოცდილება მქონდა და ვცდილობ, ამ ადამიანებს გადავალახვინო ფურცლის შიში. ბევრი ამბობს, რომ სწორ ხაზს ვერ ავლებს, შესაბამისად, ხატვა არ გამოუვა. არადა, საერთოდ არ არის საჭირო სახატავად სწორი ხაზის გავლება. ეს ხატვის გაკვეთილები გარკვეული არტთერაპიაც იქნება – კვირაში ერთი დღე, 2 საათის განმავლობაში. ყველა გაკვეთილზე კი ახალ ნახატზე ვიმუშავებთ. რაღა თქმა უნდა, ეს არ იქნება მშრალად რაიმეს გადახატვა და ექნებათ თავისუფლება, რომ ვთქვათ, ნატურმორტის მიხედვით, რომელსაც დასახატავად დავუდებ, ზოგმა შეიძლება საერთოდ აბსტრაქცია გააკეთოს. ვეცდები, ყველას მივუდგე ინდივიდუალურად და ხატვის შიში და რიდი გადავალახვინო. პერიოდულად ამ სივრცეში მათი ნამუშევრების გამოფენაც გაიმართება.



ავტორი: ანი ჭიღიტაშვილი / AT.GE

ფოტო/ვიდეო: ზ.ბარნოვი