კულტურა

განათების ხელოვნება და პროექტი “შუქნიშანი” – ინტერვიუ განათების არტისტ გიორგი მაღრაძესთან

Tbc Concept

დეკემბერი 08, 2020

გიორგი მაღრაძე განათების არტისტია, რომელსაც საზღვარგარეთ ისეთ მნიშვნელოვან პროექტებზე უმუშავია, როგორებიცაა – Place D’italie Grand Écran (2019), Saint Vincent De Paul (2019), Haussmann (2018), Occitanie Tower (2018) და სია შეიძლება ძალიან გაგრძელდეს Ponctuelle-ს პროექტების ფარგლებში. ასეთ კომპანიასთან თანამშრომლობა, დიდ წარმატებასთან ერთად, როგორც წესი, დიდი პასუხისმგებლობაცაა. 

 

რა ტიპის გამოცდილებას იძენთ მუშაობის პროცესში და რა გავლენას ახდენს თქვენზე, როგორც არტისტის განვითარებაზე?

8’18” საფრანგეთში მთავარი არქიტექტურული განათების სტუდიაა და ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის იქ გატარებული პერიოდი, თან პირველი სამსახური იყო ამ სფეროში, მაგისტრატურის დამთავრების შემდეგ. 6 თვის განმავლობაში ვმუშაობდი სტაჟიორად და გამიმართლა, რომ ჩართული ვიყავი როგორც კონცეფციის, ისე ტექნიკურად დამუშავების ეტაპებში. მთავარი გამოცდილება, რაც 8’18”-დან დამრჩა, დიდ პროექტებზე მუშაობაა, როგორიცაა, მაგალითად, ურბანული სივრცის, ფასადის, მეტროსადგურის, ან ისტორიული კომპლექსის განათება. 

SAINT VINCENT DE PAUL (2019) Urban lighting for Saint Vincent De Paul (Paris,France) Lighting Project & concept by Agency 8’18” Lumiére, Paris. Digital tools used: Photoshop, Autocad.

ამჟამად სტუდია Ponctuelle-ში ვმუშაობ, რომელიც ასევე პარიზში მდებარეობს და უფრო მაღაზიების, მუზეუმების, ოფისების და შოურუმების განათებაზეა ორიენტირებული. მთავარი კონტრაქტორები Chanel და Cartier არიან და მეც, ძირითადად, ამ ორი ბრენდის მაღაზიების განათებაზე ვმუშაობ.


8’18”-ში, და ახლა უკვე Ponctuelle-შიც, არქიტექტურული განათების დიზაინს ვაკეთებ, რაც უფრო ტექნიკურია, ვიდრე თავად განათების ხელოვნება, მაგრამ ორივე ერთმანეთს ავსებს. ის გამოცდილება და ინფორმაცია, რასაც მუშაობისას ვიღებ სინათლის ფიზიკური მახასიათებლების, უახლესი ტექნოლოგიების, ბაზარზე არსებული პროდუქციის და მრავალი სხვა სახით, მნიშვნელოვნად მეხმარება სამსახურის გარეთ იდეურად და ტექნიკურად გამართული light art ნამუშევრის შექმნაში.

MUTIGNY HOTEL (2018) Interior lighting for Mutigny wine Hotel and restaurant (Champagne,France) Lighting Project & concept by Agency 8’18” Lumiére, Paris. Digital tools used: Autocad, Photoshop, InDesig


თქვენ, როგორც უკვე მრავალგან აღგინიშნავთ, განათების სფეროს მისი უნიკალური ულიმიტო შესაძლებლობების გამო მიანიჭეთ პრიორიტეტი. როგორც ამბობთ, გაინტერესებთ სახვითი სინათლის ზოგადი ბუნება, რომელიც ფიზიკურ სტანდარტებში არ ჯდება და მთლიან სივრცეს მოიცავს საკუთარი ფერითა და სინათლით. როდის მიხვედით ამ დასკვნამდე, როგორი იყო გზა, სანამ სინათლისგან მიიღებდით ინსპირაციას?

კი, ზუსტად ასეა. სინათლე ძალიან კომპლექსური რამეა, არაა ადვილი მისი გაგება, მაგრამ მას შემდეგ, რაც მოიხელთებ, მძლავრი იარაღი ხდება. სინათლით დაინტერესება, ისევ ჩემი ხელოვნებით და დიზაინით დაინტერესებიდან მოდის. 10 წლის წინ მომინდა სკულპტურაში გამომეყენებინა სინათლე მეტი დინამიკის მისაცემად. ასე დავიწყე პირველი მცდელობები, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ რეალური ინსპირაცია სწორედ ახლა მაქვს, როცა ასე თუ ისე შევისწავლე ეს მედიუმი და უფრო კარგად ვხედავ, რა შესაძლებლობებთან მაქვს საქმე. 

ვინ მოახდინა თქვენს შემოქმედებაზე გავლენა, ფავორიტ არტისტებზე რომ გვესაუბროთ, იყვნენ თუ არა ისინი 70-80-იანი წლების არტისტები?

თავის დროზე გავლენა მოახდინეს ფუტურისტებმა, ბაუჰაუსმა (László Moholy-Nagy).


იტალიელი ფუტურისტები აღმერთებდნენ შუქის ძალას და ეს მათ ნამუშევრებშიც ჩანს. ყოველთვის დაინტერესებული ვიყავი კინეტიკური ხელოვნებით და მეც მქონდა მცდელობები, ამ მხრივ Nicolas Schöffer-ის ნამუშევრებიც ინსპირაციის მომცემია. ასევე, რა თქმა უნდა, კონცეპტუალისტმა მინიმალ-არტისტებმა, რომლებიც შუქს იყენებდნენ მთავარ მედიუმად (James Turrel, Dan Flavin).

ARCELOR HEADQUARTERS (2018) Atrium lighting for Arcelor Headquarters (Wilmotte & Associes Architectes) (Brussels,Belgium) Lighting Project & concept by Agency 8’18” Lumiére, Paris. 


თქვენს ახალ პროექტში, “შუქნიშანი”, ცდილობთ სინათლის ხელოვნების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობას და ეწევით მის პოპულარიზაციას, მეტი რომ მოგვითხროთ პროექტის შესახებ, როგორ ჩაისახა იდეა და ექნება თუ არა რაიმე სახის გაგრძელება პროექტს მომავალში. ხომ არ აპირებთ სინათლის ხელოვნების სკოლის დაარსებას საქართველოში იმ ადამიანებისთვის, ვინც დაინტერესებული არიან განათების ხელოვნებით?

მას შემდეგ, რაც ჩემთვის საინტერესო პროექტების გრძელი სია დამიგროვდა განათების ხელოვნებაში, გადავწყვიტე, რომ ის სხვებისთვისაც გამეზიარებინა და თან ჩემთვისაც ერთგვარი საცავის ფუნქცია მიმენიჭებინა. ამ გვერდზე ვაგროვებ ჩემი საყვარელი არტისტების და სტუდიების ნამუშევრებს, რომლებსაც საინტერესოდ ვთვლი. შუქნიშანით” ასევე მინდა, რომ განათების დიზაინი და განათების ხელოვნება მეტად ცნობადი გავხადო საქართველოში. 


მსურს მეტმა ადამიანმა გაიაზროს, რომ განათების დიზაინი ლამაზი, ვინტაჟური ფორმის ან ესთეტიკურ დამჭერში ჩასმული ნათურა არ არის. როგორც განათების დიზაინერი Ingo Maurer ამბობდა, “შუქის ხარისხი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ფორმა”, ფორმაში კი ობიექტის დიზაინს გულისხმობდა. განათების დიზაინი ვერ იქნება ჭაღი ან დასადგამი ლამპა, როცა მხოლოდ ობიექტის ფორმაზე ფიქრობს ავტორი და გაუაზრებლად ამაგრებს ნათურას, რომელიც პირდაპირ თვალებში გირტყამს (ადრეულ პერიოდში მეც ვუშვებდი მსგავს შეცდომებს).


 ასევე მინდა დავამატო, რომ არც ციფრული ტექნოლოგიების და არც განათების კონტროლის ცოდნაა საკმარისი. დღეს უამრავი სისტემა არსებობს, რომლის საშუალებითაც ვმართავთ განათებას, ხშირად ეს ტექნიკოსების საქმეა და არა განათების დიზაინერების.

+ – + (Secondary color mixing) (2018) Material : Neon. Size: 150x150cm. 

სინამდვილეში, განათება ბევრად უფრო ღრმა რამ არის, ვიდრე ზემოთ ჩამოთვლილი. პირველ რიგში, იგი ხილული ელექტრომაგნიტური ტალღაა ულტრაიისფერ და ინფრაწითელ ტალღებს შორის, რომლის საშუალებითაც ვხედავთ ფერებს. შუქი აყალიბებს ბიოსაათს და მოქმედებს ჩვენს ჯანმრთელობაზე. იმისათვის, რომ ზუსტად მართოს ბუნებრივი და ხელოვნური შუქი, არსებობს განათების დიზაინერი, რომელსაც უნდა ჰქონდეს, პირველ რიგში, შუქის ფიზიკის ღრმა ცოდნა და შესაბამისად, არჩევდეს განათების ტიპს კონკრეტული მოცემულობისთვის.


გვერდს რომ მივუბრუნდე, შეიძლება ეს გვერდი ერთგვარი შემზადებაც იყოს იმისთვის, რომ მომავალში საქართველოში შევქმნა სტუდია, რომელიც გააკეთებს პროექტებს, კონსულტაციას გაუწევს არქიტექტორებს ან შეასწავლის დაინტერესებულ ადამიანებს, მრავალი რამ შეიძლება, მთავარია სურვილი დავინახო, ამ გვერდით კი ვცდილობ ხალხს ეს სფერო ვაჩვენო.

Easy way to describe your work, Installation, Object, LED tubes, 2016


თქვენს პირად პროექტებს რაც შეეხება, მუშაობთ თუ არა ახლა გარდა შუქ-ნიშნისა პროექტებზე? როგორც ვიცით, 2016 წელს გადმოგეცათ პრიზი დიზაინერთა დაჯილდოებაზე, სადაც თქვენ საუბრობდით კინეტიკური სკულპტურების ექსპერიმენტებსა და შუქის ხელოვნების შესახებ. აგრძელებთ თუ არა მსგავს პროექტებს დამოუკიდებლად, თუ ამჟამად მეტად ცდილობთ კომპანიის პროექტებში თქვენი განვლილი გამოცდილების შერწყმას?

კი, მაგალითად, ამჟამად ვმუშაობ იდეაზე, რომ სინათლის სხივი წარმოვაჩინო სკულპტურად. ზემოთ ნახსენებ James Turrel-ისგან განსხვავებით, რომელიც შუქით ქმნის სივრცეს, მე მინდა, რომ თვითონ სხივის მოძრაობა, ტრაექტორია და ფორმა ვაქციო სკულპტურად. იმდენად გავერთე ამ ფენომენის კვლევით, რომ არ ვიცი როდის დავდებ საბოლოო შედეგს, მაგრამ კვლევის სახით წლევანდელ არტისტერიუმზე გამოვიტან.

STUDY AFTER BACON’S STUDY AFTER VELAZQUEZ’S PORTRAIT OF POPE INNOCENT X (2017) Material: Chair, satin, LED tubes

თქვენი 2017 წლის ნამუშევარი – Study After Bacon’s Study After Velaszquez’s Portrait of Pope Innocent X (2017), დაძაბული, კონტროვერსიული და აპოკალიფსურიც კია. როგორც ამბობთ, ველასკესის შემდეგ ბეკონის სწავლა ნიშნავს დაეუფლო სამგანზომილებიან, სკულპტურულ შესაძლებლობას. ბეკონის კვლევაში პერსონაჟის სახე ნელ-ნელა ქრება, ძიების პროცესში აღარ არსებობს სახე. ამასთან, სკამი რჩება, როგორც სიმბოლო ძალისა და ლეგიტიმურობის. ახალ ეპოქებს ინოვაციები მოაქვთ, ძალის სიმბოლოები, მიუხედავად მისი ცვლილებისა, შეიძლება სრულებით გაქრეს ამჟამინდელი ისტორიიდან. გვინდა ეს ჩვენ თუ არა, მაინც რჩებიან ონტოლოგიაში. აგრძელებთ თუ არა ამ განხრით კვლევას? 

თავს უფლება მივეცი ბეკონის შემდეგ, მეც გამოვხმაურებოდი ორივე მხატვრის ნამუშევარს ერთად, სწორედ იმ ხაზით, რა მხრივაც ავითარებს ფრანსის ბეკონი, რომ ძალაუფლების კონკრეტულ სახეებში კი არა, არამედ ძალაუფლების შინაარსში უნდა ვეძებოთ პრობლემა. დღესაც, რაც უნდა ვიძახოთ, რომ განვითარებულ სამყაროში ვცხოვრობთ, რომ ინტერნეტის ხანაში რთულია ადამიანთა დამორჩილება, ვფიქრობ, რომ ძალიან ვცდებით და თუ დღეს ველასკესის მიერ დახატული პაპი INNOCENT X აღარ არსებობს, სამაგიეროდ არსებობს ძალაუფლების სხვა ფორმები და შინაარსი იგივე რჩება. ბეკონის ვერსიაში სკამზე მჯდომი ადამიანი ნაწილობრივ ქრება, ჩემი ვერსია უკვე სკულპტურულია, სადაც მხოლოდ სკამია დარჩენილი.

Light Cube (2019) Art project Glass Cube organized by Dedicace Gallery (Tbilisi, Georgia) Material : LED panels, fog machine, metal construction, transparent film. Size: 300cm x 300cm x 300cm.

თქვენს ადრეულ ნამუშევარში ხშირად ვაწყდებით ბურთებს, კუბებს, დიეზებს და სხვადასხვა ფიგურებს, რამ გამოიწვია ფიგურებით თქვენი პირველი დაინტერესება? 

გეომეტრიული ფორმები მეხმარება მინიმალისტურად გადმოვცე სათქმელი. განათების ხელოვნებაში მომწონს მინიმალიზმი, ლაკონიურობა და შუქზე ორიენტაცია. ჩემს ბოლო ნამუშევარში, რომელიც Dédicace Gallery-სთან თანამშრომლობით გავაკეთე, გამჭვირვალე კუბი გამოვიყენე, როგორც ჭურჭელი, რომელიც სავსეა ხილული შუქით. ამ შემთხვევაში, თავად შუქი ხდება სკულპტურა და იგი გვეჩვენება უზარმაზარ კუბის ფორმის “ნათურად” ურბანულ გარემოში. შუქის ხილულად გადასაქცევად კვამლს ვიყენებ, რომელიც დიფუზორის როლს თამაშობს სხივებისთვის.