სიახლეები

გიგის სახელოსნოში

გიგი სიჭინავას შემოქმედება ავტორისთვის ყველაზე ახლობელი პერსონაჟების სამყაროთი გამოირჩევა

მარტი 23, 2020

თიბისის სტიპენდიატი გიგის სახელოსნოში, რომელსაც ზუგდიდში ყველა მიგასწავლით, რამდენიმე დღის წინ კედელზე ახალი ნახატი გაჩნდა - ნიკოლოზი და საბა გიგის სამყაროს ახალი პერსონაჟები არიან, სახეზე პირბადეებით და დანარჩენი მსოფლიოს მსგავსად მთავარი სურვილით - გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და შეჩერდეს ვირუსის გავრცელება - #StopCov.



„ცოტა ხნით გავედი სახლიდან, 10 წუთში დავბრუნდი და ეს ნახატი დამახვედრა. თავისი მდგომარეობიდან გამომდინარე, შეიძლება ვერ თქვას ის, რასაც ფიქრობს და განიცდის, მაგრამ ხატვა გიგის კომუნიკაციის და გამოხატვის მთავარი და სრულფასოვანი ხერხია - უფრო ძლიერიც, ვიდრე სიტყვები."


"აუტისტური სპექტრის ყველა ბავშვი ინდივიდუალურია - ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულად აღიქვამენ მოვლენებს და ყველა სხვადასხვა უნარით გამოხატავს სათქმელს. ჩვენ გიგის არაფერი დავუმალეთ, სწორად და დოზირებულად მივაწოდეთ ინფორმაცია და ავუხსენით რა ხდება დროებით მსოფლიოში. გიგიმ კარგად იცის მსოფლიოს რუქა - დაუფიქრებლად გიჩვენებთ სად რომელი ქვეყანაა. ამიტომ, სწორად გაიგო რატომ უნდა დარჩეს სახლში. გაგვიმართლა - ეზო გვაქვს, სადაც დიდ დროს ვატარებთ. გიგის მსგავსი ბავშვები გაასმაგებული სიმძაფრით აღიქვამენ მშობლების შინაგან განწყობას და სახის გამომეტყველებასაც კი. ამიტომ, ახლოს უნდა ვიყოთ მათთან, ერთად დავკავდეთ სხვადასხვა აქტივობით და რაც მთავარია - ბუნებრივად გვჯეროდეს, რომ ესეც გაივლის.“ - ნათია, გიგი სიჭინავას დედა.


ყველა სკოლის მსგავსად, გიგის სკოლაც დროებით დაიხურა. დროებით გადაიდო გიგის მთავარი გეგმაც - გამოფენა გერმანიაში.


„გიგის ნახატებს მუდმივად ჰყავს მსურველები, მაგრამ არასოდეს გაგვისხვისებია ისინი, ყველაფერს გერმანიის გამოფენისთვის ვაგროვებდით და იმიტომ. აქამდე გიგის დამოკიდებულებაც უფრო პრინციპული იყო - ვერ თმობდა საკუთარ ნაშრომებს. ახლა ნელ-ნელა მივიდა იმ აზრამდე, რომ მხატვარმა თავისი შემოქმედება სხვებსაც უნდა გაუზიაროს და ამით მას არაფერი დააკლდება. პირიქით...“



სანამ გაკვეთილები არ ტარდება, სახელოსნოში კიდევ უფრო მეტ დროს ატარებს. ცოტა ხნის წინ ინგლისური ენის სწავლა მოინდომა. მასწავლებელთან რამდენიმე გაკვეთილი იარა, შემდეგ თვითიზოლაცია გახდა აუცილებელი და აქაც მისთვის ყველაზე გასაგებ და ნაცნობ ენაზე, შემოქმედებითად მიუდგა გამოწვევას. თვითონ შექმნა ლექსიკონი, სადაც ხატავს ყველაფერს, რასაც ხედავს. გვერდით კი ინგლისურ მინაწერს უკეთებს. გიგისთვის მთელი დღე შემეცნებაა. ლექსიკონს მუდმივად ემატება ნახატები და სიტყვები. ჯერ ხატავს, შემდეგ კი ქართულ-ინგლისურ ლექსიკონში პოულობს თარგმანს და გვერდით უწერს. ყველაფერში ასეა - თვითონ პოულობს თვითშემეცნების გზებს.




„სტიპენდიას მთლიანად სახატავ მასალებს ახმარს. პირველად რომ ჩაერიცხა, ბარათი მივეცი, კოდი ვუთხარი, ავუხსენი - როგორ უნდა გამოეტანა თანხა, ან როგორ გადაეხადა ბარათით. შემდეგ მაღაზიაში წავედით და თვითონ აირჩია რისი ყიდვა უნდოდა. მთელი პროცესის ყველა ნაბიჯი დამოუკიდებლად რომ გაიარა, უფრო კარგად შეიგრძნო და გაიაზრა, რომ ეს მისი გამომუშავებული და დამსახურებლი თანხა იყო.“


გიგის შემოქმედება გამოგონილი, თუმცა ავტორისთვის ყველაზე ახლობელი პერსონაჟების სამყაროთი გამოირჩევა. ამ სამყაროში 260 ერთმანეთისგან განსხვავებული, ინდივიდუალური ადამიანი და ორასამდე გამოძერწილი მანქანაა.



„რომ დააკვირდეთ ამ პერსონაჟებს, ვიზუალურად არც ერთი არ ჰგავს ერთმანეთს. ყველას აქვს საკუთარი სახელი და გვარი, რომლებიც გიგიმ ზეპირად იცის. ხელი რომ დააფარო ნაწერს, არ შეეშლება - ყველას სახელს უშეცდომოდ გეტყვით. ყოველ მათგანს პიროვნებებად აღიქვამს. იატაკზე თუ დააფენთ ამ ნახატებს, მთელი სამყარო იშლება - ფერადი და ისტორიებით სავსე.“



გიგის ოცნებები უფრო მეტად მიზნებია. იცის, რომ შრომას აუცილებლად მოაქვს სასურველი შედეგი. ახალი მიზანიც დასახულია.


„ერთხელ ვუთხარი, კარგი იქნება მე და შენ ამერიკაში თუ წავალთ და გამოფენას გავაკეთებთ-მეთქი. მაშინ შეეშინდა - ამერიკა შორსაა, ოკეანე უნდა გადავიაროთო. ბუნებრივია, ის საფრთხეებს სხვებზე უფრო მძაფრად აღიქვამს. წლები გავიდა და ცოტა ხნის წინ ძალიან მოკლედ თვითონ მითხრა: „წავიდეთ ერთხელ.“ - ამასაც ავისრულებთ!“



ავტორი: მარიამ ყანჩაველი