სიახლეები

კონკურსი „ქართული ა“ გამარჯვებული შრიფტების გაციფრულებას იწყებს!

სექტემბერი 14, 2021

შრიფტების კონკურს „ქართული ა“-ს ფარგლებში 9 ახალი შრიფტი შეიქმნება. გამარჯვებული შრიფტები უკვე გამოვლინდა და მათ გაციფრულებაზე მუშაობა დაიწყო. შერჩეულია ის 11 მონაწილე, რომელმაც შრიფტების გაციფრულებაზე უნდა იმუშაოს, ისინი მოსამზადებელ თეორიულ და პრაქტიკულ კურსს „ჯეოლაბში“ გაივლიან, შემდეგ კი მათ ერთი თვე ექნებათ შრიფტების ციფრული ვერსიის შესაქმნელად. მუშაობისთვის საჭირო ტექნიკურ უზრუნველყოფას „ჯეოლაბი“ სრულად უზრუნველჰყოფს.

კონკურსი „ქართული ა“ უკვე მეორედ ჩატარდა. პროექტი დიზაინერ ზვიად ციკოლიას და თიბისის ინიციატივით, თიბისის წარმატებული პროექტის #წერექართულად ფარგლებში 2017 წელს შეიქმნა.


„ქართული ა“ მიზნად ისახავს ქართული დამწერლობის ადაპტირებას თანამედროვე სამყაროსთან, მის გავრცელებას და პოპულარიზაციას, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.


კონკურსი „ქართული ა“ ორი ეტაპისგან შედგება: ახალი ქართული შრიფტების მიღება, გამარჯვებულების გამოვლენა და მათი გაციფრულება.

კონკურსში მონაწილეობის მიღება ყველა მსურველს შეუძლია, მასში გამარჯვებულებს სპეციალურად მოწვეული ჟიური ავლენს. კონკურსის პირობების თანახმად, თითოეულ კონკურსანტს ერთ კატეგორიაში მხოლოდ ერთი შრიფტის წარდგენის უფლება აქვს, თუმცა მას შესაძლებლობა აქვს ნამუშევრები სხვადასხვა კატეგორიაში დაარეგისტრიროს. მონაწილემ შრიფტების სახით ქართული ანაბანის 33-ვე ასო უნდა წარმოადგინოს.



2017 წლიდან დღემდე, ორი კონკურსის ფარგლებში მიღებული იქნა 350-მდე ნამუშევარი, შეიქმნა 30 ახალი შრიფტი, რომელთა ნაწილი უკვე გაციფრულებულია, ნაწილზე მუშაობა კი სწორედ ახლა იწყება!


"„ქართული ა“-ს მესამე კონკურსი ახალი ქართული შრიფტების შესაქმნელად სულ მალე გამოცხადდება.

გაეცანი 2017 წლიდან დღემდე შექმნილ ახალ ქართულ შრიფტებს აქ:


https://www.typegeorgian.ge/