მეტალის ქართული რეალობა 2000-იან წლებში

მთავარი ფოტო:


სვანური ეპოსის "ამირანის" ერთ-ერთი ილუსტრაცია, სადაც გამოსახულია ამირანის და ყამარის მამის ბრძოლა. ილუსტრაცია ქართველი მოქანდაკის და მხატვრის ვახტანგ ონიანის შესრულებულია 1975 წელს. ამ ილუსტრაციას განსაკუთრებით ვაახლოვებ ქართულ მეტალთან, რადგან მეტალის ქართული სული მებრძოლი და დაუმარცხებელია. ყამარის მამა ქაჯთა ბატონია, ამირანი კი კაცობრიობის დამცველი, ისევე როგორც მეტალი იცავს ადამიანებს მათი შიშებისგან და უხილავ ფარს ქმნის ადამიანსა და ბოროტებას შორის. ის პირდაპირ კავშირშია ფანტასმაგორიულ წარმოდგენებთან, ამავდროულად განსაკუთრებით ლამაზი და პატრიოტული ხასიათისაა. აბჯარიც ხშირად ასოცირდება მეტალის ჟღერადობასთან, რადგან ხმები რომლებსაც ინსტრუმენტები გამოსცემენ, მართლა ბრძოლის ხმებს ჰგავს, როდესაც ორი გიგანტი ერთმანეთს ეჯახება ფარით და ხმლით.

Songs of brave and coward deeds

Awaken echoes of their voices

Some died with pride and honor filled

Some rot in dust of shameful choices...

 

ნაწყვეტი Defenders Of Tanelorn-ის სიმღერიდან "Battlefield Dust"

ლეგენდარული ბრიტანელი მსახიობი კრისტოფერ ლი, რომელიც ცნობილია როგორც: "დრაკულას" და სარუმანის („ბეჭდების მბრძანებელი“) როლთა შემსრულებელი, მძიმე მეტალზე ამბობდა:


"ჩემთვის მძიმე მეტალი ასოცირდება ფანტაზიასთან, მისი უძლიერესი ძალის გამო, რასაც ასეთი მუსიკა გაგრძნობინებს."

უნდა ითქვას ის საინტერესო ფაქტი, რომ 90 წელს გადაცილებულმა კრისტოფერ ლიმ ორი მეტალ ალბომი გამოუშვა, სადაც იგი მღეროდა და ასრულებდა საღვთო რომის იმპერატორის კარლოს I-ის ხმოვან როლს.

2000-იანი წლები ქართული მეტალის აღზევების ხანაა. წინა სტატიაში ვისაუბრე 90 - იანების ქართულ მეტალზე, ამ დიდებული მუსიკალური მიმდინარეობის ქართულ ინდივიდუალიზმზე. გასაოცარია თუ როგორ ქმნიდა მაშინდელი ახალგაზრდობა შეზღუდულ პირობებში სულში ჩამწვდომ და ამავდროულად უმძიმეს მუსიკას.

2000-იან წლებში ქვეყანა გაცილებით დაშორდა დაძაბულობის ხანგრძლივ პერიოდს და უფრო მეტი ბენდი შეიქმნა და გაცილებით მეტი სრული ალბომი გამოვიდა ამ წლებში. ჩანაწერების ხარისხი წარსულთან შედარებით გაცილებით უკეთესია. მუსიკოსები გამოდიოდნენ მხოლოდ ლაივ აქტობის ფაზიდან და უკვე სტუდიურ ფორმას სძენდენ ასეთი ფორმის მუსიკას (რადგან სამწუხაროდ ბევრი კარგი ბენდი ისე დაიშალა, მათ ალბომის ჩაწერა ვერ მოასწრეს და მხოლოდ ლეგენდების და ისტორიების სახით დარჩნენ).

2001 წელს ჩამოყალიბდა მეტალ ბენდი Defenders Of Tanelorn (მომავალში ბენდმა სახელი შეიცვალა და უბრალოდ Tanelorn-ის სახელით გახდა ცნობილი). "ტანელორნი" მელოდიური დეს მეტალის პიონერია საქართველოში, ასევეა ფოლკლორული ელემენტებიც და სიმღერების ტექსტები ზღაპრული გმირობით არის სავსე. მათ მუსიკას გარკვეულწილად ფინური Children Of Bodom - ის გავლენა ეტყობა, მაგრამ მუსიკა იმდენად ეროვნულია და ქართულია, რომ გაგაოცებთ.

გიტარის პარტიები და სოლოები მელოდიიდან უეცრად ხდება ძალიან რიტმული და გროული. ასე ჰქვია დაზიანებული ხმოვანების ვოკალს, რომელსაც განსაკუთრებით დეს მეტალის მიმდინარეობაში ხშირად მოისმენთ მაგალითისთვის შემიძლია მოვიყვანო ლეგენდარული ამერიკული ბენდის Cannibal Corpse-ის პირველი ვოკალისტი Chris Barnes სიმღერაში Shredded Humans. ამგვარი ვოკალი უფრო მომცველს და ბნელს ხდის. მოცეკვავე მელოდია ქართული ხალხური სიმღერის არაჩვეულებრივი თვისებაა და ქართულ მეტალს ასეთი მუსიკალური მოძრაობები განსაკუთრებით უხდება.

გამოვარჩევდი სიმღერებს Defenders Of Tanelorn და Battlefield Dust. ამ სახელით ბენდმა ერთი დემო გამოუშვა 2006 წელს სახელწოდებით Broken Promises And Fates.


“ტანელორნთან” ერთად ქართულ სცენაზე ჩნდებიან ისეთი ბენდები, როგორიც გახლავთ:

  • Bohema - ტექნიკურ-ბრუტალური დეს მეტალ ბენდი, რომელმაც პირველი ალბომი Eternal Slaves 2008 წელს გამოუშვა და მათი ტექსტები შუმერულ მითოლოგიაზეა დაფუძნებული, რაც გენიალური იდეაა, მუსიკა კი ბრუტალურად და ამავდროულად ეგზოტიკურად გვევლინება


  • Iberian - სიმფონიური ბლექ მეტალ ბენდი


  • Angel of disease - პროგრესული დეს მეტალ ჯგუფი


  • Mortyrium - ბლექ მეტალ აქტი. სამწუხაროდ, ამ ბენდის მხოლოდ ერთი სიმღერა არის საჯაროდ გამოქვეყნებული სახელად Tears Of Narikala. კომპოზიცია ქორალური და ძალიან მელოდიურია, რომელმაც Dimmu Borgir - ის In Death's Embrace გამახსენა მათი 1997 წლის ალბომიდან Enthrone Darkness Triumphant გიტარის პარტიები განსაკუთრებული მოძრაობებით გამოირჩევა.

ჟღერადობაზე კლასიკური ბლექ მეტალის ჟღერადობა მახსენდება: სწრაფი დრამის პარტიით და გადაბმული, გაუჩერებელი რიტმებით (მაგალითად Mayhem-ის Pagan Fears).



2008 წელს გამოვიდა ძალიან მნიშვნელოვანი მეტალ ალბომი საქართველოში. Striving For Immortal Heights - ასე ჰქვია სიმფონიური ბლექ მეტალ ჯგუფის Iberian-ის დებიუტ ალბომს, რომლის ყდაზე დაინახავთ გუმბათჩამონგრეულ ეკლესიას.

ალბომში რამდენიმე ლამაზი კომპოზიციაა, ის ერთგვარი მოგზაურობაა: გვესმის გალობა, კლასიკური სიმფონიური ბლექის ელემენტები, იგრძნობთ ბნელ ატმოსფეროს და საერთო ჯამში ძალიან საინტერესო გამოშვებას აღმოაჩენთ, რომელიც უფრო დიდ ყურადღებას იმსახურებს. გამორჩეული კომპოზიციებია: Born Of Ghaym და Nihilist. სხვათაშორის ეს ერთ-ერთი პირველი ქართული მეტალ ალბომია, რომელსაც მოვუსმინე და ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე.

თუ 80-იან და 90-იან წლებში მეტალის გაცილებით რბილი ფორმები იყო ხშირი საქართველოში, 2000-იანი წლებიდან მუსიკა უფრო დამძიმდა და სცენაც გაცილებით მრავალფეროვანი გახდა. უცხოური ლეიბლებიც მეტად დაინტერესდნენ ქართული მეტალით და 2009 წელს გამოსული Angel Of Disease-ის პირველი ალბომი Hypercube, რუსული პოპულარული ლეიბლის Coyote Records-ის მიერ არის გამოშვებული.


ასევე ძალიან საინტერესო ჯგუფია Ruins Of Faith. მათი პირველი ალბომი To the shrines of Ancestors, რომელიც მუსიკოსებმა თითქოს შორეულ წინაპრებს მიუძღვნეს. ალბომში წარმართული ბლექ მეტალის ელემენტებთან ერთად ფორტეპიანოს და აკუსტიკური გიტარის ლამაზ პარტიებსაც გაიგებთ.

ხშირად მიფიქრია თუ რა ხდის ქართულ მეტალს ასეთ განსაკუთრებულს: მგონია, ქართველების ბუნებრივი წარსულის და ისტორიის სიყვარული.


ის თითქოს თითოეული ჩვენგანის ბუნებაშია, შეიძლება ხშირად არ დავუკვირდეთ ასეთ ნიუანსებს, მაგრამ მგონია, ეს ეხმარება, როგორც მუსიკოსებს, ასევე მსმენელს წარმოსახვის აფეთქებაში და ჩნდება უწყვეტი მუსიკალური კავშირი, მძიმე, მელანქოლიური, მაგრამ იმედის მომცემი მუსიკით. მეტალი ხომ ჭეშმარიტების პოვნაში გვეხმარება და თითოეული ჩვენგანისთვის ჭეშმარიტება სხვადასხვანაირად იხსნება.

ზოგი ღმერთს ეძებს მეტალით, ზოგი - დემონებს, ზოგი - სხვა სახის ძალებს, ზოგი კი უბრალოდ თავისუფლებას.

ადამიანები ხშირად მუსიკაში საკუთარ თავს ხედავენ, იგი ანარეკლია ჩვენი ბუნების. ქართული მეტალის სცენა ძალიან საინტერესოდ განვითარდა. 2010 წელს უძლიერესი მეტალ ბენდი Dismorial გამოჩნდა სცენაზე, რომელმაც მოგვიანებით საინტერესო ორი ალბომი გამოუშვა; ასევე სახელცვლილი ტანელორნი. ერთი სიტყვით, ქართულმა მეტალმა ძალიან საინტერესო გზა გაიარა და ახალ ბენდებს ჩამოთვლილმა ჯგუფებმა ახალი ინსპირაცია აჩუქეს. ქართულ მუსიკალურ პალიტრაში მეტალის ბევრ განშტოებას იპოვით, ამ სხვადასხვა ჟანრებს შემდეგ პანკ როკის და მეტალის ნაზავი: ჰარდქორ პანკიც დაემატა.

სხვათაშორის დროთა სვლამ ქართული მეტალი კიდევ უფრო ექსპერიმენტული გახადა და რამდენიმე მუსიკალური მეტალ-პროექტი შეიქმნა, სადაც მხოლოდ ერთი მუსიკოსი ასრულებდა. წინ მომდევნო მრავალფეროვანი ათწლეული ელოდათ ქართველ მეტალ მუსიკოსებს და მათ უკვე ახალი თაობის მსმენელს. ამ პერიოდიდან ქართული მეტალი გლობალური ხდება და მასზე უკვე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში იგებენ.

Sought through internal pyre and wind

Not ready to remember where to begin

For another day is yet to come

Before the night takes us home

ავტორი: რატი ონიანი