Gene On Earth | დიჯეი კარიკატურის მიღმა

წარმოიდგინეთ, რომ ცნობილი მულტფილმის, Flipstone-ის პერსონაჟის ზრდასრულ ვერსიას შეხვდით, დაუმეგობრდით და იგი ქვისხანის მაგივრად, ვინილების მაღაზიაში გეპატიჟებათ გასასეირნებლად: დაახლოებით ასე გამოიყურება Gene On Earth-ის კარიკატურა ჩემს თავში: კმაყოფილი პერსონაჟი, რომელიც დარწმუნებულია საკუთარ თავში და მის მუსიკალურ გემოვნებაში და, რაც მთავარია, ამ მოლოდინს ამართლებს კიდეც.

Gene On Earth-ის მუსიკის მოსმენისას კოსმიურ ჯუნგლებში შეაბიჯებთ, დაგხვდებათ 90-იანების House-ის ელემენტებით გაჟღენთილი ხმოვანება, რომელიც ცოტა ნოსტალგიაში გადაგაგდებთ, Gene-ს მუსიკაში ასევე ხშირია Downtempo-სა და Tech House-ს ელემენტები. Რბილი, თითქოს გაბრუებული ბგერები ერთ ადგილას დაჯდომის საშუალებას არ მოგცემთ.

პერსონაჟი კი, რომელიც ამ ჯუნგლებში სამოგზაუროდ გეპატიჟებათ, Akira Yonekawa-ს მიერ არის შექმნილი და მიუხედავად კარიკატურის თვითკამყოფილი ღიმილისა, მის უკან მდგომი ადამიანი - Eugene Albert საკმაოდ მორცხვი და თავმდაბალი ადამიანია. 

Gene ბერლინში 2010 წლიდან გადავიდა და Resident Advisor-ში სტაჟიორად დაიწყო მუშაობა, მისივე თქმით წლების განმავლობაში უჭირდა საკუთარი ადგილის პოვნა მუსიკალურ ინდუსტრიაში და რაღაც ეტაპზე მუსიკისთვის თავის დანებებასაც განიხილავდა.

აზრი მას შემდეგ შეეცვალა, რაც ე.წ “დიგერობა” დაიწყო, ძველი ვინილების მოძიება და შეგროვება, Gene დაინტერესებული არ იყო იმით, თუ რა იქნებოდა უფრო მეტად გაყიდვადი ან მეტად მომგებიანი, არამედ სურდა საკუთარი ხმოვანება ეპოვა და 2017 წელს თავისი პირველი EP-იც “Lazy Bones” გამოსცა, რომელსაც მალევე გამოუჩნდა თაყვანისმცემლების არმია და მისი ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი ნამუშევარი გახდა.

რამოდენიმე წარმატებული EP-ის შემდეგ კი წელს 2022-ში ახალი ალბომიც გამოუშვა, რომელიც Gene On Earth-ის ხასიათს კარგად და სიამაყით ატარებს - თითქმის კომიკური, მსუბუქი და სახალისო მელოდიები, მსუყე ბასლაინი და მომენტებში უცნაური, მაგრამ თითქოს ნაცნობი ხმოვანებები.

Მიუხედავად იმისა, რომ Gene On Earth ახლა ტოპ DJ არ არის, ჩემი აზრით, მისი მუსიკა თქვენს რადარზე დასასმელია და აუცილებლად გამოსაცდელია, რადგან მჯერა, Gene-ს მუსიკას დროთა განმავლობაში უფრო მეტი თაყვანისმცემელი და მოყვარული გამოუჩნდება.

5 აგვისტოს Gene on Earth-ს Swing Festival-ზე, GATE-ში შევხვდებით.

ავტორი: გვანცა უთურა