თიბისელები

გამარჯვებულის განწყობა

გამარჯვება არ არის მხოლოდ შედეგი, არამედ ის არის უნარი, რომელიც მხოლოდ ძალიან დიდი შრომის, მონდომებისა და მრავალი მცდელობის შემდეგ გამომუშავდება.

მაისი 15, 2020


რამდენჯერ გვითქვამს, რომ აუცილებლად გავიმარჯვებთ, მაგრამ შუა გზაზე ხელი ჩაგვიქნევია და დავნებებულვართ? ­­— ასე ადამიანის ცხოვრებაში ხშირად ხდება, რადგან თქმა მარტივია, შესრულება კი, ძალიან რთული. ყოველი მარცხით დასრულებული ბრძოლა ორი მნიშვნელოვანი დასკვნის გაკეთების საშუალებას გვაძლევს:



1. თუ არ დავმარცხდებით, გამარჯვებას ვერ დავაფასებთ.


2. მარცხი გარდაუვალია ცხოვრებაში. 

გამარჯვება არ არის მხოლოდ შედეგი, არამედ ის არის უნარი, რომელიც მხოლოდ ძალიან დიდი შრომის, მონდომებისა და მრავალი მცდელობის შემდეგ გამომუშავდება. ამიტომაც არის, რომ არსებობენ გამარჯვებული ადამიანები უამრავი მარცხით და დამარცხებული ადამიანები, რომლებმაც მხოლოდ ერთხელ სცადეს და ბედს შეეგუვნენ.


ყველაზე წარმატებულ ადამიანებსაც კი, უფრო მეტი მარცხი აქვთ ცხოვრებაში განცდილი, ვიდრე გამარჯვება, თუმცა ისინი ვერასდროს ავიდოდნენ პედესტალზე, რომ არა ცხოვრებისეული მწარე გამოცდილებები.


თუ გინდა იყო გამარჯვებული, ამისთვის მენტალურად უნდა მოემზადო. ამ მდგომარეობას კი გამარჯვებულის მენტალიტეტი ჰქვია. 


ჩვენ არ ვაპირებთ სამოტივაციო სიტყვებით გავამდიდროთ ეს ბლოგი. გვინდა, მაგალითებზე დაყრდნობით გაგიზიაროთ საინტერესო ინფორმაცია.





როგორია გამარჯვებული მენტალიტეტის მქონე ადამიანი?





როგორც უკვე ვთქვით, გამარჯვებული ადამიანების ერთ-ერთი ყველაზე მთავარი თვისება მუდმივი მცდელობაა. დანებება მარტივი გამოსავალია, ამის გაკეთება ყველას შეუძლია. სწორედ ამიტომ არიან გამორჩეული ის ადამიანები, ვინც არასოდეს ნებდება. თქვენ შესაძლოა ფიქრობდეთ, რომ გამარჯვებულის მენტალიტეტი მხოლოდ დიდ და ცნობილ ადამიანებს აქვთ, რომლებმაც სამყარო შეცვალეს, მაგრამ ეს არ არის სწორი.


ნებისმიერი ადამიანი მცირე გამარჯვებებით იწყებს. სტუდენტი, რომელიც პროგრამირებას ეუფლება, მრავალი ასეული მცდელობის შემდეგ ქმნის თავის პირველ კოდს, რომელიც მუშაობს. დიზაინერები დიდ გზას გადიან მანამ, სანამ პირველ სამოსს შეკერავენ. მზარეულები უამრავი წარუმატებელი კერძის შემდეგ ქმნიან რაღაც განსაკუთრებულს, რაც ყველას აღაფრთოვანებს. ეს იმას ნიშნავს, რომ გამარჯვებულის მენტალიტეტი ნებისმიერ საქმეში მნიშვნელოვანი და განსაკუთრებულია.


ასეთი ადამიანების კიდევ ერთი დამახასიათებელი თვისება სხვების მოტივირებაა. მათი მიზანდასახულობა, საქმის ერთგულება და მონდომება ხშირად სამაგალითო ხდება საზოგადოების სხვა წევრებისთვის, რომლებსაც სურთ საკუთარი მიზნების მიღწევა. თუკი თქვენ გარშემო ასეთი მენტალიტეტის მქონე ადამიანები იტრიალებენ, რთულია მათ გვერდით წარუმატებლობაზე იფიქროთ.


გამარჯვების მენტალიტეტის მაგალითები ჩვენ გარშემო უამრავია, თუმცა არსებობს გლობალური მაგალითებიც, რომელთა შესახებაც საუბარი აუცილებელია, როცა გამარჯვების მენტალიტეტზე ვსაუბრობთ. 



მუჰამედ ალი - ნამდვილი მებრძოლი




ისეთი დიდი ადამიანებისთვისაც კი, როგორიც მუჰამედ ალი იყო, მარცხი უცხო არ ყოფილა. რატომ არის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ადამიანი სარწმუნოებით მუსულმანი ამერიკელი მებრძოლი? — ამ კითხვაზე ვრცელი პასუხის გასაცემად დიდი მოხსენების მომზადება შეიძლება, თუმცა მთავარი მისი გამარჯვებული მენტალიტეტია, რომელიც რინგზე და მის მიღმა ალის ყოველთვის გამორჩეულს ხდიდა. 



ბევრი ადამიანი მას იცნობს როგორც საუკეთესო ბოქსიორს, მაგრამ სინამდვილეში მისი მთავარი ბრძოლები ყოველთვის რინგს მიღმა მიმდინარეობდა. 1960-იან წლებში აშშ-ში რასიზმის წინააღმდეგ დაწყებულმა ბრძოლამ, ალის დამატებითი მოტივაცია მისცა იმისთვის, რომ თავისი კარიერა არამხოლოდ სპორტულ, არამედ ღირებულებით თარგზე გამოეჭრა. მისთვის რინგზე ასვლა არ იყო მხოლოდ ბოქსი, არამედ კაცობრიობისთვის შავკანიანების სრულფასოვნების დამტკიცების შესაძლებლობა. თუმცა ეს არ იყო მისთვის ერთადერთი გამოწვევა. მაშინ, როდესაც მუჰამედი კარიერის პიკში იყო, აშშ-ს მთავრობამ სპორტსმენი ჯარში გაიწვია და ვიეტნამში გამგზავრებას უპირებდა. ალი რელიგიური და პოლიტიკური შეხედულებების გამო არმიაში მსახურებაზე უარს ამბობდა, რის გამოც ის დააპატიმრეს, ჩამოართვეს ბოქსის ლიცენზია და ჯარიმაც გამოუწერეს. მის წინააღმდეგ უდიდესი ანტიპიარი დაიწყო, რათა მისი რეპუტაცია შეელახათ, თუმცა მუჰამედი ამ ყველაფერზე მაღლა იდგა. 



მიუხედავად ამდენი სირთულისა, ალის არასდროს დაუხევია უკან. 43-თვიანი პაუზის შემდეგ, ის რინგს დაუბრუნდა და პირველივე ბრძოლა ნოკაუტით მოიგო.


“თუკი რაიმეს გავიფიქრებ, გული კი მას დაუჯერებს, მაშინ ნებისმიერი რამის მიღწევას შევძლებ, - ამბობდა მუჰამედ ალი.


ასეთი იყო მისი მენტალიტეტი. მას სჯეროდა, რომ შეეძლო გამარჯვება და სწორედ ამიტომ, ნებისმიერ გამოწვევას იღებდა. მუჰამედ ალის ხშირად ადანაშაულებენ თავკერძოობაში, რადგან მის ოპონენტებს მენტალურ ომს უცხადებდა, საკუთარ თავზე კი აღმატებით საუბრობდა. სინამდვილეში, ეს არ იყო ამპარტავნება, არამედ მოწოდება საკუთარი თავისთვის, რომ ყოფილიყო საუკეთესო. მან ცხოვრებაში სულ 61 ბრძოლა ჩაატარა, 56-ჯერ გაიმარჯვა, 5-ჯერ კი დამარცხდა. 


„მხოლოდ მას, ვინც იცის რას ნიშნავს დამარცხება, შეუძლია ჩაწვდეს საკუთარი სულის სიღრმეებს და დაბრუნდეს კიდევ უფრო მეტი შემართებით, რათა გაიმარჯვოს მაშინ, როცა ეს შეუძლებელი ჩანს“, - ამბობდა მუჰამედ ალი. 


1980-იან წლებში მრავალგზის ჩემპიონს პარკინსონის დაავადება დაუდგინეს, მაგრამ ამას მისთვის ხელი არ შეუშლია ბოქსის გარეთაც ლიდერად დარჩენილიყო. მუჰამედ ალი მოგზაურობდა მთელი მსოფლიოს გარშემო, ხვდებოდა სტუდენტებს, ეწეოდა ქველმოქმედებას და ჩართული იყო სოციალურ კამპანიებშიც.

 

"შეუძლებელი უბრალოდ დიდი სიტყვაა, რომელიც პატარა ადამიანებმა გამოიგონეს. ისინი თანხმდებიან იცხოვრონ ისეთ სამყაროში, როგორსაც სთავაზობენ, ნაცვლად იმისა, რომ მოიპოვონ ძალა, რომელიც მის შესაცვლელად არის საჭირო. შეუძლებელია - ეს მხოლოდ მოსაზრებაა და არა დეკლარაცია. ის გამოწვევა და პოტენციალია, რადგან რაღაცა შეუძლებია მხოლოდ დროებით. სინამდვილეში კი, შეუძლებელი არაფერია", - ასე ფიქრობდა მუჰამედ ალი.




ილონ მასკი, როგორც სიჯიუტის მაგალითი




წარუმატებლობის გასამართლებლად მიზეზები დამარცხებულებს სჭირდებათ. გამარჯვებულები მარცხს გამოცდილებად იღებენ და მომავლისკენ იყურებიან. ილონ მასკი დღეს ყველასთვის კარგად ცნობილი ადამიანია, რომელსაც არაერთი ინოვაცია და იდეა ეკუთვნის, თუმცა მისი ცხოვრება გაცილებით უფრო მეტ რთულ პერიოდს ითვლის, ვიდრე წარმატებას.


1995 წელს ილონ მასკი Netscape-ში სამსახურში არ მიიღეს, 1996 წელს კი საკუთარი კომპანიიდან Zip2 გააგდეს, 1999 წელს ელექტრონული საფულის პროექტი PayPal 10 ყველაზე ცუდ ბიზნეს იდეაში შეიყვანეს, 2000 წელს კი ისევ საკუთარი კომპანიიდან დაითხოვეს. 2001 და 2002 წელს ორჯერ მიიღო რუსებისგან უარი რაკეტის შესყიდვაზე, რომლითაც ის მარსზე ნარგავების ჩატანას აპირებდა. 2006 წლიდან 2008 წლის ჩათვლით, სამჯერ აუფეთქდა მის მიერ შექმნილი რაკეტა და დიადი მისიები ჩაეშალა... 2008 წლის ბოლოს კი ტესლაც და Space X-იც გაკოტრების პირას იყო. 2013 წელს რაკეტის ოკეანეზე დასმის მცდელობისას მორიგი აფეთქება მოხდა. ტესლას პირველი მოდელები წარუმატებელი იყო და გაყიდვიდან ამოიღეს. 2015-2016 წლებში კიდევ 6 რაკეტა აუფეთქდა.



ეს ყველაფერი ერთ ადამიანს, ილონ მასკს გადახდა თავს. და სად არის ის დღეს? — ამარჯვებულის მენტალიტეტის გამო, დაცემამ მასკის ოცნებები ვერ შეარყია, სწორედ ამიტომ მისი კომპანიები მრავალ მილიარდს გამოიმუშავებენ, პროექტები კი უფრო და უფრო წარმატებულია ყოველწლიურად. ამდენი იმედგაცრუების შემდეგ, როგორ შეძლო მან მოტივაციის შენარჩუნება?


„მე უბრალოდ მჯერა, რომ ეს შესაძლებელია“, - ამბობს ილონ მასკი.


სწორედ რწმენა იმ საქმის წარმატების, რომელსაც ემსახურებით, გეხმარებათ გახდეთ გამარჯვებული. და ეს რწმენა არის ურყევი, რადგან გამარჯვებულებს კარგად ესმით, რომ საქმის სიყვარული ერთადერთი სწორი არჩევანია წარმატების მისაღწევად. 




ალექს ფერგიუსონი - გამარჯვების ეტალონი




„მე არასდროს მითამაშია ყაიმისთვის. ეს წაგებულების საქმეა. ჩემთვის მთავარი იყო მხოლოდ გამარჯვება“, - ალექს ფერგიუსონი. 


ფეხბურთი ის სპორტია, სადაც გუნდს უფრო მეტის მიღწევა შეუძლია, ვიდრე ერთ ადამიანს, თუმცა ცხოვრებაშიც ზუსტად ასეა. ალექს ფერგიუსონი სამი ათწლეულის განმავლობაში ლიდერობის ნამდვილი მაგალითი იყო, რომელმაც მანჩესტერ იუნაიტედი წარუმატებლობის ხანაში ჩაიბარა და ძალიან მალე მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდად აქცია.


როგორ მოახერხა შოტლანდიელმა მწვრთნელმა ამის გაკეთება? 

„ჩემი ერთ-ერთი მთავარი სამუშაო ის იყო, რომ თვითკმაყოფილებას არასდროს მივცემოდით. საკუთარი მიღწევებით ტკბობა არის დიდი ჩიხი, რომლიდანაც გამოსვლა თითქმის შეუძლებელია“,


- ამბობს სერ ალექს ფერგიუსონი. 


არადა, თვითკმაყოფილების მიზეზი ბევრჯერ ჰქონდა. მთელი მისი კარიერა ახალგაზრდების აღმოჩენას და მათგან პროფესიონალების გამოძერწვას დაუთმო, რადგან სჯეროდა, რომ გამარჯვების წყურვილი წარმატების საწინდარი იყო. 


„მე მომწონდა როგორ უშვებდნენ შეცდომებს ახალგაზრდები, შემდეგ კი ამაზე ფიქრობდნენ და როცა შანსი მიეცემოდათ, ამტკიცებდნენ, რომ ისწავლეს იმედგაცრუებასთან გამკლავება. ეს წარმატების მიღწევისთვის მთავარი უნარია: დაუშვა შეცდომები და დაბრუნდე უფრო ძლიერი, უფრო გაზრდილი“, - ამბობდა ფერგიუსონი. 



შოტლანდიელი მწვრთნელი ცნობილი იყო მატჩების ბოლო წუთებზე გადარჩენით და გამარჯვების მოპოვებით. სწორედ ასე მოიგო მან თავისი პირველი ჩემპიონთა ლიგა, როცა 91-ე და 92-ე წუთებზე ორი გოლი გაიტანა გუნდმა. ამის გამო ჟურნალისტებმა ტერმინი „ფერგის დროც“ გამოიგონეს, რაც იმას გულისხმობდა, რომ მისი გუნდი ყველაზე საშიში სწორედ ბოლო წუთებში ხდებოდა. რა იყო ამის მიზეზი? 


„ამის უკან არაფერი განსაკუთრებული არ დგას. მე უბრალოდ ჩემს ფეხბურთელებს მივუთითებდი საათზე, როცა სულ რამდენიმე წუთი რჩებოდა თამაშის დასრულებამდე. ეს მოწინააღმდეგეს აბნევდა და თავის დაცვას იწყებდნენ, რა დროსაც ჩვენ მათზე ფსიქოლოგიურ უპირატესობას მოვიპოვებდით და გოლების გატანას ვიწყებდით. “, - წერს ფერგიუსონი თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში. 


მას სჯეროდა, რომ მთავარი ყოველთვის მოთმინება და მიზანდასახულობა იყო. აი, რას ამბობდა ფერგიუსონი:


„მაშინ, როცა მოედანზე ყველაფერი ცუდად მიდიოდა, ჩემს ფეხბურთელებს ვეუბნებოდი: გახსოვდეთ მიზანი, მაგრამ არ აღელდეთ, დაელოდეთ თქვენს შანსს და ის აუცილებლად მოვა, ხოლო როცა დრო დადგება, თქვენი საქმე შეასრულეთ“




მართლაც, გამარჯვება ადამიანის თვითმიზანი კი არა, მისი შრომის ნაყოფია, რომელიც აუცილებლად დადგება, თუკი ამის გჯერათ.



ავტორი: დიმიტრი სანაია