საქართველოს ჩემპიონატი ფრისტაილში

იმის მიუხედავად, რომ 2020-2021 ზამთრის სეზონს ფიზიკურად დატვირთვის ნიშნები არ ჰქონდა, საბაგიროებისა და კურორტების გახსნისთანავე დიდი ტალღასავით გააქტიურდა ზამთრის სპორტი და ისიც აღსანიშნავია, რომ კლიმატური მდგომარეობაც ხელს გვიწყობს, რომ აპრილში კიდევ დავაანონსოთ ამ წლის პირველი შეჯიბრი ფრისტაილში.

ჯერ კიდევ მაშინ, როცა მთაზე შეხვედრის ამბავი სათუო იყო, საქართველოს სათხილამურო ფედერაციამ ბაკურიანში მსოფლიო თასის ეტაპებს სკი კროსსა და სნოუბორდ კროსში უმასპინძლა.

რამდენიმე დღიანი შეჯიბრი, სამწუხაროდ, მაყურებლის გარეშე ჩატარდა, თუმცა დასწრება აუცილებელი არ ყოფილა ტრამპლინების მიღმა დარჩენილი ხალხის ყურამდე რომ მიეღწია ამ შეჯიბრის წარმატებულად ჩატარებასა და 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადებისკენ კიდევ ერთ წინ გადადგმულ ნაბიჯს.

ფოტო: რეზი ყენია

ამ სეზონის დასასრულისკენ დაწყებულმა ჩემპიონატებმა ამჯერად ბაკურიანიდან გუდაურში გადაინაცვლა და მსოფლიო თასის ეტაპები თუ მაყურებლის გარეშე ჩატარდა, ახლა დიდი სანახაობა გველის ფრისტაილის საქართველოს ჩემპიონატის სახით.

3, 4 და 11 აპრილს საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ეგიდით White Rabbit Parks-ში 2021 წლის პირველი შეჯიბრება ჩატარდება ფრისტაილის 3 სახეობაში.

საშეჯიბრო ტრასებს, სადაც 1 აპრილიდან ადგილობრივმა სპორტსმენებმა შეჯიბრისთვის მზადება დაიწყეს, 3 აპრილს სლოუფ სთაილის (Slope Style) მონაწილეები, 4 აპრილს კი ბიგ ეარში (Big Air) მოსრიალე სპორტსმენები დაიკავებენ. 1 კვირის შემდე, 11 აპრილს, კროსის საქართველოს ჩემპიონატი შედგება, რომელიც ჩატარდება როგორც თხილამურ კროსში, ასევე სნოუბორდ კროსშიც. 

საქართველოს სათხილამურო ფედერაციის მიერ ჩატარებული როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივი ჩემპიონატები ემსახურება ერთ დიდ მიზანს - მეტი ახალი სპორტსმენი თხილამურსა და სნოუბორდზე.

“ჩვენი მიზანია, წავახალისით რაც შეიძლება მეტი ახალი სპორტსმენი, რათა ჩაერთონ შეჯიბრებებში, ივარჯიშონ მსოფლიოს წამყვან სპორტსმენებთან ერთად ქვეყნის გარეთ, დააგროვონ გამოცდილება, მიიღონ მონაწილეობა საერთაშორისო შეჯიბრებებზე და, რა თქმა უნდა, მოიპოვონ მედლები."

ფოტო: ალექსანდრე ბაგრატიონ-დავიდოვი

სწორედ ასეთი ჩემპიონატებითა და აქტივობებით ვითარდება ზამთრის სპორტი და საფუძველი ეყრება სამომავლო ამბიციებზე დაფუძნებულ ქართველი ათლეტების შედეგებს, რომლებსაც საშუალება ეძლევათ, რომ სეზონის როგორც აქტიური, ასევე პასიური პერიოდი მომზადებისთვის გამოიყენონ და საქართველო ზამთრის სპორტის საერთაშორისო რუკაზე მნიშვნელოვნად მონიშნონ.

ავტორი: ქეთო შურღაია