მუსიკა | ცა

For No Reason

რთული სიტუაციები ხშირად ახალ შესაძლებლობებს ბადებენ და მათ განასხორციელებლად განსაკუთრებული მიზეზის საჭიროება არ დგას. სწორედ ასეთი მომენტი დადგა თბილისელი მუსიკოსის, სანდრო თედიაშვილის (Tedi) პანდემიურ ყოფაშიც. 2020 წლის მიწურულს, ასე უბრალოდ, ყოველგვარი გათვლების გარეშე დაიბადა ახალი მუსიკალური ლეიბლის იდეა - For No Reason Records, რომელიც 2021 წელს პირველი კომპილაციური ალბომით შეეგება.

„ეს სურვილი მუსიკის წერასთან ერთად გაჩნდა, თუმცა აქამდე არ განმიხორციელებია. იქიდან გამომდინარე, რომ საკმაოდ უცნაურ პერიოდში მოგვიწია ცხოვრება, ვიფიქრე, რომ „სწორი მომენტის” დადგომას არ დავლოდებოდი და ამ მოცემულობაში დამეწყო მუშაობა. ლეიბლის სახელიც „For No Reason” ნიშნავს იმას, რომ ლეიბლს არ გააჩნია კონკრეტული დანიშნულება ან მიზანი. ამ შემთხვევაში, მთავარი მამოძრავებელი მხოლოდ ჩემი პირადი სიამოვნებაა.“

აღნიშნული კომპილაცია იმით არის საინტერესო, რომ აქცენტს არა საცეკვაო მუსიკაზე, (რასაც ასე შევეჩვიეთ უკვე) არამედ თბილისის ექსპერიმენტული თუ ჯაზ მუსიკის მდგომარეობაზე აკეთებს და შესაბამისად 14 მუსიკოსს აერთიანებს.

იგი ნატალია ბერიძისა და გაჩა ბაქრაძის კოლაბორაციული კომპოზიციით, Arrival იწყება. მუსიკოსებმა ერთად გაჩას ალბომზე (Send Two Sunsets”) 6 წლის წინ იმუშავეს და აღნიშნული კომპოზიციაც, სავარაუდოდ, იმ პერიოდში უნდა იყოს ჩაწერილი.

მუსიკალურად სრულიად განსხვავებულ ხასიათს ატარებს კომპილაციის გაგრძელება, ლოკალური ჯაზ მუსიკოსების, დანიელ ადიკაშვილისა და ნიკა გაბაძის Back Home”, რომელიც მუსიკოსების მიერ აგვისტოში დარელიზებულ სადებიუტო EP-ის შემადგენელი ნაწილიცაა - დრამისა და გიტარის ინტენსიური ბმა თბილისური jazz-punk-ის საფუძვლებია, დაახლოებით ისეთის, ჯონ ზორნის Naked City-ში რომ ვაწყდებით.

„For No Reason არ მინდა რომელიმე კონკრეტულ ჟანრთან ან ჟღერადობასთან ასოცირდებოდეს, პირიქით, სურვილი მაქვს, რომ  მაქსიმალურად მრავალფეროვანი იყოს. შემდეგი კომპილაცია, სავარაუდოდ, უფრო საცეკვაოი ხასიათის იქნება, რომელზეც უკვე დავიწყე მუშაობა.”

- ლეიბლის მომავალ კომპილაციაზე

საუბრისას აღნიშნავს სანდრო თედიაშვილი.

ალბომს მშვიდ ტონალობაში განაგრძობს ახალგაზრდა ანი ზაქარეიშვილი. „Idontspeakyourlanguage“ მისტიური, სინემატიკური მოკლე ჩანართია, რომელიც სემპლინგის დახმარებით, უცნობთა შორის ენობრივ ბარიერებზე მოგვითხრობს. კიდევ უფრო განსხვავებულია AZRA-ს Things You Get Done „მჟავა ბითზე“ დაფუძნებული ტრეკი. კომპილაციის ხმოვან ბუნებას უფრო ამრავალფეროვნებს. Creams-ის „Sleep On Me“, რომელიც სულ ახლახანს მუსიკოსის ახალი EP-შიც გვხვდება, კომპილაციას ელექტრო-პოპ ჟღერადობით კვებავს.

„პირველი კომპილაცია მთლიანად ლოკალური იყო, არტისტები, მიქსი/მასტერიც, ყდის დიზაინიც, პრინტიც და ჩაწერაც. ამ ეტაპზე ძალიან კმაყოფილი ვარ ასეთი მიმართულებით, სურვილი მაქვს, მეტ ლოკალურ არტისტს დავუჭირო მხარი, ან თუნდაც მოტივაცია მივცე. სამომავლოდ ლეიბლი არც ამ მხრივ იქნება შეზღუდული.“

- ლოკალური მუსიკოსების მხარდაჭერის

მნიშვნელობაზე გვიყვება Tedi.

სწორედ მისი მოკლე ემბიენთ კომპოზიცია აგრძელებს კომპილაციის მშვიდ ტალღას, რომელსაც Nikakoi-ის უფრო ენერგიული I Lost My Bass Somewhere მოსდევს. რეზო ღლონტის შემოქმედებას ადგილობრივი მსმენელი კარგად იცნობს, სანამ მის შემდეგ ალბომს ველოდებით, კომპილაციის ნაწილი „მოლი“ საველე ჩანაწერებისა და მუსიკოსისთვის დამახასიათებელი ატმოსფერული ჟღერადობის შედეგია. ახალგაზრდა მუსიკოსის, თიკო ღოღობერიძის (t i n a) ტრეკი Autechre-ს მსგავს არასტანდარტულ ხმებს გვიწილადებს - სამომავლოდ მისი სახით, ვფიქრობ, საინტერესო მუსიკოსი გვეყოლება ადგილობრივ სცენაზე.

„ალბომის ყდაზე კეკელიძის ქუჩა და მდინარე მტკვარია გამოსახული. ეს ორი სურათი ისეა შეერთებული, მნახველს თითქოს ნაცნობი და ამავდროულად უცხო ადგილის შთაბეჭდილებას უტოვებს, რაც ძირითადად სიზმრებში ხდება ხოლმე. ერთი ადგილი შესაძლებელია რამდენიმე ადგილს ასახავდეს და პირიქით. ინსპირაციაც სწორედ აქედან გაჩნდა. სანდროს ერთხელ დაესიზმრა, თითქოს კეკელიძის ქუჩაზე მდინარე ჩამოედინებოდა. ჩავთვალეთ, რომ ამის რეალობაში მოყვანა სახალისო იქნებოდა. რადგან ფოტოების გადაღება მიყვარს, ვიფიქრეთ, მოუხდებოდა ალბომს ფირის ესთეტიკა. გადავიღეთ ფოტოები, რაც შემდეგ შევაერთე და მივიღეთ კეკელიძის ქუჩა ვენეციის განწყობით. რადგან ალბომი მთლიანად ლოკალურია, ვიფიქრე ქართული სამეზობლოს კარიკატურული ხასიათიც გამომეჩინა და დუდლები დავახატე ზემოდან. საბოლოოდ კი, ასეთ შედეგამდე მივედი.“


- კომპილაციის ვიზუალურ კონცეფციაზე და მის სიზმრისეულ

ბუნებაზე დიზაინის ავტორი,

ლიზი ბერიძე გვიყვება.

თორნიკე გველესიანს, იგივე Naut-ს მსმენელი Clocktree-ის პროექტიდან უნდა იცნობდეს, სადაც იგი მიშო ურუშაძესთან ერთად ბიტებზე მუშაობდა და ჭერში აწყობდა - მისი სოლო პროექტი კი უფრო მასიურ ხმებთან ახერხებს შეთამაშებას, სადაც ქაოტურობაც სასიამოვნოდ ისმინება. Kid Jesus-ის სიმღერა „Agava” კომპილაციის ხმოვანებას ალტერნატიულ მუსიკასთან კვეთს. აქვეა დავით დათუნაშვილის “36.6”, რომელსაც დათო კიკაბიძის საყვირი საოცნებო ჯაზურ ფორმას აძლევს. ალბომის მშვიდ ცურვას Tete Noise-ისა და Saphileaum-ის სამოთხიდან წარმოსული ბგერები ასრულებენ.

ეს For No Reason“-ის დასაწყისია, მაგალითი იმისა, რომ არ არის აუცილებელი ცხოვრებაში რაიმე კონკრეტულ შემოქმედებით ბიძგს დაველოდოთ და ბევრი რამ, მიზეზის გარეშე, ასე უბრალოდ ვაკეთოთ.

For No Reason-ის პირველი კომპილაციის შეძენა СD-ის სახით Vodkast Records-ში და Morevi Records-ის ონლაინ მაღაზიაში შეგიძლიათ.

ავტორი: ჯაბა შავიშვილი