კოლექტიური ცეკვა ეგზისტენციალურ ნოტებზე
Tsa.Music...
დღემდე გავრცელებული სტერეოტიპის თანახმად, ქალებს არ შეუძლიათ ხეირიანი მუსიკის შექმნა. ეს თითქოს მხოლოდ მამაკაცის საქმეა. ამ შეხედულების განსამტკიცებლად მავანნი ითხოვენ, გაიხსენოთ რომელიმე ცნობილი, სახელგანთქმული კომპოზიტორი ქალი, თუნდაც შუა საუკუნეებიდან ან უფრო გვიანდელი პერიოდიდან... თუ ამას ვერ ახერხებთ, ნიშნისმოგებით იმეორებენ, რომ ქალების ადგილი მუსიკის შექმნაში არაა. თუმცა მათ ავიწყდებათ, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტი, რომ ძველად ქალს მკვეთრად განსაზღვრული მოვალეობები ჰქონდა დადგენილი და მათ შორის არსად იყო ნახსენები მუსიკის, ან თუნდაც წიგნის წერა, ხატვა, ან მეცნიერების მსახურება. მათ ძირითად მოვალეობად მხოლოდ ოჯახის მოვლა – ბავშვების აღზრდა, რეცხვა, სახლის დალაგება, საჭმლის კეთება, საოჯახო მეურნეობა იყო მიჩნეული. სწორედ ამიტომ, მამაკაცებთან შედარებით, ქალები ნაკლებად იყვნენ დაკავებულები ხელოვნებით თუ მეცნიერებით.
თუმცა ადრეულ საუკუნეებში ბევრმა ქალმა მოახერხა საქვეყნოდ გაეჟღერებინა მისი შექმნილი მუსიკა. მათ რამდენიმე წარმომადგენელს ახლა გაგაცნობთ.
დღემდე მოღწეული ინფორმაციის თანახმად, ყველაზე ძველი ცნობილი კომპოზიტორი ქალი არის გერმანელი ჰილდეგარდ ფონ ბინგენი (Hildegard von Bingen), იგივე ჰილდეგარდ ბინგენელი, რომელიც 1098 წელს დაიბადა და 1179 წელს გარდაიცვალა.
ჰილდეგარდი იყო მონაზონი, ქალთა მონასტრის წინამძღვარი, ამავე დროს, კომპოზიტორი, მწერალი, ფილოსოფოსი, ქრისტიანი მისტიკოსი და წინასწარმეტყველიც კი. მისი მუსიკალური ნაწარმოებები ძირითადად საეკლესიო საგალობლებს წარმოადგენს. იგი ქმნილებებს გოთური ნოტებით წერდა. კომპოზიტორის თხზულებების მიხედვით დღემდე 200-ზე მეტი სხვადასხვა ჩანაწერია გამოცემული. 2012 წელს კომპოზიტორი კათოლიკურმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა და წმინდა ჰილდეგარდ ბინგენელი ჰქვია.
ბაროკოს პერიოდშიც გამოჩნდა რამდენიმე ძალიან ნიჭიერი კომპოზიტორი. ერთ-ერთი მათგანია იტალიელი იზაბელა ლეონარდა (Isabella Leonarda), რომელიც 1620 წელს ქალაქ ნოვარაში გრაფის ოჯახში დაიბადა.
იგი წმინდა ურსულას ორდენში მოხვდა, სადაც კარგად შეისწავლა მუსიკა. 50 წლის ასაკში ბინგენელის მსგავსად, იგი მონასტრის წინამძღვარი აბატი გახდა და ამავე დროს, ცოტა ხნით მონასტრის კაპელმეისტერიც იყო. ლეონარდა მთელს ქალაქსა და მხარეში მეტად დაფასებული კომპოზიტორი გახდა. მის მუსიკას იტალიის სხვა ქალაქებშიც ასრულებდნენ. მან მემკვიდრეობას დაუტოვა 120 მოტეტი (პოლიფონიური საგალობელი), 18 საეკლესიო კონცერტი, 17 მესა, 12 სონატა და 11 ფსალმუნი. მუსიკოსი 1704 წელს გარდაიცვალა.
კიდევ ერთი ბაროკოს ეპოქის იტალიელი კომპოზიტორი, მომღერალი და მსახიობი იყო ბარბარა სტროცი (Barbara Strozzi), ან ბარბარა ვალე.
მას იტალიელებმა „უვირტუოზესი“ ადამიანი შეარქვეს. იგი 1619 წელს ვენეციაში დაიბადა. მან დამოუკიდებლად, ეკლესიის და გავლენიანი პირების დახმარების გარეშე მოახერხა მუსიკაში გზის გაკაფვა. სწავლობდა სახელოვან იტალიელ კომპოზიტორთან ფრანჩესკო კავალისთან. ეპოქის კომპოზიტორებიდან პირველი იყო, რომელიც ქმნილებების გამოქვეყნება მარტო დაიწყო. საკუთარი თავი მთლიანად მიუძღვნა კამერულ ვოკალურ ხელოვნებას – მადრიგალებს, კანტატებს, სოპრანოსთვის დაწერილ არიეტებს და ა.შ. მისი ნაწარმოებების ტექსტების უმეტესობა მამინაცვალს და მეგობრებს ეკუთვნის, რომელთა შორის ბარბარას შეყვარებულებიც იყვნენ. კომპოზიტორი 1677 წელს გარდაიცვალა.
გამოვცდეთ ბაროკოს ეპოქას, გადმოვინაცვლოთ მე-18 საუკუნეში და გავიცნოთ ფრანგი კომპოზიტორი და პიანისტი ელენ დე მონჟერუ (Hélène de Montgeroult).
იგი 1764 წელს ლიონში არისტოკრატულ ოჯახში დაიბადა. მუსიკოსი ცოლად გაჰყვა მარკიზ დე მონჟერუს, რომელიც 1793 წელს ავსტრიის ციხეში ტყვეობაში გარდაიცვალა. სწორედ მისმა მუსიკალურმა ნიჭმა იხსნა კომპოზიტორი მაშინ გამეფებული ტერორისაგან. საფრანგეთის რევოლუციის შემდეგ მუსიკოსი არისტოკრატიული წარმომავლობის გამო ციხეში ჩასვეს. ქალმა საზოგადოებრივი უსაფრთხოების კომიტეტისთვის დაწერა მარსელიოზას იმპროვიზაციები, რამაც იგი ტყვეობისგან დაიხსნა. 1795 წელს დე მონჟერუს პარიზის კონსერვატორიაში მიენიჭა პროფესორის წოდება. იგი აღმოჩნდა პირველი ქალი, რომელმაც ეს ტიტული მიიღო. მან სიცოცხლეში საკუთარი ნაწარმოებების ორი ტომი გამოაქვეყნა, რომელიც მოიცავს საფორტეპიანო ქმნილებებს – სონატებს, ნოქტიურნებს, ფანტაზიებს, ეტიუდებს და ა.შ. მუსიკოსი 1836 წელს გარდაიცვალა.
ახლა რომანტიზმის ეპოქასაც გადავხედოთ და პირველ რიგში გავიცნოთ გერმანელი კომპოზიტორი, პიანისტი და მომღერალი ფანი მენდელსონი (Fanny Mendelssohn) – გამოჩენილი კომპოზიტორის, ფელიქს მენდელსონის უფროსი და.
ფანი 1805 წლის 14 ნოემბერს ჰამბურგში დაიბადა. ფორტეპიანოზე დაკვრა დედამ ასწავლა. შემდეგ ძმასთან, ფელიქსთან ერთად ბერლინის აკადემიაში სწავლობდა სიმღერას. მისი ხმით აღფრთოვანებული იყო დიდი გერმანელი კლასიკოსი მწერალი იოჰან ვოლფგანგ გოეთე, ამიტომ მან ფანის ლექსიც კი მიუძღვნა. მენდელსონმა 1829 წელს ბერლინელ მხატვარ ვილჰელმ ჰენზელზე იქორწინა. იგი საკვირაო კონცერტებით ძმასთან ერთად მოგზაურობდა სხვადასხვა ქვეყანაში და ასრულებდა ბახის, მოცარტის, ბეთჰოვენისა და მისი ძმის, ფელიქსის ნაწარმოებებს. 41 წლის ასაკში, ერთ-ერთი ასეთი კონცერტის დროს იგი ინსულტით გარდაიცვალა, რომლის შემდეგ ფელიქს მენდელსონი დეპრესიაში ჩავარდა და რამდენიმე თვეში ისიც გარდაიცვალა. ფანის შემოქმედება მოიცავს საორღანო პრელუდიებს, პიესებს სოპრანოსა და ორკესტრისთვის, სიმებიან კვარტეტებს, კანტატებს, ლირიკულ საფორტეპიანო პიესებს და სხვას.
გერმანელი კომპოზიტორი, პიანისტი და პედაგოგი კლარა შუმანი (Clara Schumann) რომანტიზმის ეპოქის ყველაზე სახელგანთქმული ქალი პიანისტი იყო და დღეისთვის ალბათ ყველაზე სახელგანთქმული კლასიკოსი ქალი კომპოზიტორია.
ის თავისი ქმრის, გერმანელი კლასიკოსი კომპოზიტორის, რობერტ შუმანისა და ასევე გერმანელი კლასიკოსი კომპოზიტორის, იოჰანეს ბრამსის საფორტეპიანო ნაწარმოებების პირველი შემსრულებელი იყო. კლარა შუმანი 1819 წლის 13 სექტემბერს ლაიფციგში დაიბადა. მამამისი ღვთისმეტყველი და მუსიკის მასწავლებელი იყო, ასწავლიდა ფორტეპიანოზე დაკვრას. კლარას დედა კი მომღერალი და პიანისტი გახლდათ. მშობლების განქორწინების შემდეგ 5 წლიდან კლარა და მისი ძმები მამასთან იზრდებოდნენ, რომელიც საკუთარი მეთოდით ასწავლიდა შვილს ფორტეპიანოსა და ვიოლინოზე დაკვრას, სიმღერას, თეორიას, ჰარმონიას და კომპოზიციას.
9 წლის ასაკში ვუნდერკინდმა კლარამ პირველი კონცერტი გამართა... მისი შესრულების ტექნიკით აღფრთოვანებულები იყვნენ: გოეთე, პაგანინი, შოპენი, ლისტი, მენდელსონი და მრავალი სხვა. თავისი მომავალი საქმრო მასზე 9 წლის უფროსი რობერტ შუმანი გოგონამ 8 წლის ასაკში გაიცნო. მას ისე მოეწონა გოგონას დაკრული, რომ მამამისის მოწაფეობა გადაწყვიტა და ერთი წელი მათ ოჯახში ცხოვრობდა. მას შემდეგ, რაც კლარას 16 წელი შეუსრულდა, რობერტი გოგონას კიდევ უფრო დაუახლოვდა, თუმცა მამა მათი ერთად ყოფნის სასტიკი წინააღმდეგი იყო. ამიტომ წყვილმა სასამართლოს ძალით მოიპოვა ქორწინების უფლება. მათ 8 შვილი ეყოლათ. მიუხედავად ამისა, ქალი მაინც აგრძელებდა მუსიკის წერას და საკონცერტო მოღვაწეობას. საყვარელი მეუღლის გარდაცვალების შემდეგ კლარა მთელს ევროპაში მართავდა კონცერტებს. 71 წლის ასაკში მას ინსულტი დაემართა და რამდენიმე თვეში გარდაიცვალა. ანდერძის თანახმად, კლარა ბონში ქმრის გვერდით დაასაფლავეს. მან დაწერა ნაწარმოებები ორკესტრისთვის, ფორტეპიანოსთვის და სიმღერები სხვადასხვა პოეტების ლექსებზე.
მისი პირადი ცხოვრებიდან კიდევ ერთი საინტერესო ფაქტია კომპოზიტორ ბრამსის კლარასადმი თაყვანისცემა. ბრამსი თავის წერილებში არა მხოლოდ კლარასადმი გრძნობებზე საუბრობდა, არამედ მის ახლადშექმნილ ნაწარმოებებსაც უზიარებდა. მათი ურთიერთობა მეგობრობის ფარგლებს არ გასცდენია, რადგან კლარას რობერტ შუმანი უყვარდა და ცხოვრების ბოლომდე მისი ერთგული დარჩა.
ამ საუკუნეების განმავლობაში კიდევ არაერთი ნიჭიერი ქალი კომპოზიტორი მოღვაწეობდა, თუმცა ჩვენ აქ შევჩერდებით. გასულ ასწლეულში ქალთა ემანსიპაციის და მათი უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების კვალდაკვალ კულტურის განვითარებაში შეტანილი წვლილიც გაიზარდა. მე-20 საუკუნეში, განსაკუთრებით კი მის მეორე ნახევარში, ქალი კომპოზიტორები ძალიან გააქტიურდნენ. ქალი კომპოზიტორები არა მარტო აკადემიურ სფეროში მოღვაწეობდნენ, არამედ, ჯაზის, როკის თუ ექსპერიმენტული, ელექტრონული მუსიკის, მინიმალიზმის, თუ თანამედროვე კლასიკის შექმნის ავანგარდშიც აღმოჩნდნენ. საბედნიეროდ, მათ შორის ბევრი ქართველი ქალია. ამის შესახებ სტატიის მომდევნო ნაწილში წაიკითხავთ.
ავტორი: ლაშა გაბუნია