ლიტერატურა

მოგზაურობა ფენტეზის სამყაროში - ბეჭდების მბრძანებელი

„საბა"

ივლისი 13, 2020

ოცდამეერთე საუკუნეში ფენტეზი განსაკუთრებით პოპულარული ლიტერატურული ჟანრი გახდა, მას მრავალი მკითხველი ჰყავს, მკითხველთა კლუბები თუ გაერთიანებები, თაყვანისმცემლები თუ მიმდევრები, ეს ის ჟანრია, რომელიც სხვადასხვა ასაკის მკითხველს აერთიანებს. კინომ, ანიმაციამ, კომპიუტერული თამაშბის განვითარებამ, სერიალებმა სულ სხვა, ახალი მასშტაბი შესძინა ლიტერატურის ამ ჟანრს.

რატომ გახდა ასეთი პოპულარული ეს ჟანრი? რომელიც, წესითა და რიგით, სპეციფიკური ინტერესის მკითხველს უნდა მოსწონდეს? იქნებ იმიტომ, რომ მითოლოგიურ და ზღაპრულ არქეტიპებზე აგებული ნაწარმოები, წარმოსახვითი სამყაროსა და მისი გმირების საშუალებით ხშირად მნიშვნელოვან პრობლებემზე გვაფიქრებს და მიგვითითებს.

შუამიწეთის რუქა

ფენტეზი გაცილებით მეტია, ვიდრე ზღაპრის მოტივებზე შექმნილი ლიტერატურული ტექსტი, ფენტეზი ფილოსოფიაა, ალტერნატიული რეალობის რეპრეზენტაცია

ფროდო ბეგინსი

ფენტეზის ჟანრი განსაკუთრებით მეოცე საუკუნეში განვითარდა, ხოლო მისი საეტაპო, ერთგვარად კლასიკური ნიმუში, რომელმაც მთლიანად განაპირობა ჟანრის განვითარების მიმართულება „ბეჭდების მბრძანებელია“, ინგლისელი მწერლის, ჯონ რონალდ რუელ ტოლკინის საკულტო რომანი, რომელიც ფენტეზის ჟანრის ყველაზე ცნობილი წიგნია, რომელმაც ჟანრის თავისებურება და ნიშნები განაპირობა და რომლის გავლენა და მნიშვნელობა დღესაც აქტუალურია.

გენდალფი და ფროდო

ტოლკინის შემოქმედების გავლენა იმდენად დიდია, რომ სიტყვები ტოლკინური (Tolkienian) და ტოლკინისტური (Tolkienesque) შეტანილია ოქსფორდის ინგლისურის ლექსიკონში.

ჯონ რონალდ რუელ ტოლკინი

ტოლკინი, ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი, მთელი ცხოვრების მანძილზე იკვლევდა უძველეს და შუა საუკუნეების ლიტერატურულ ძეგლებს და ამავე დროს ეწეოდა სამეცნიერო მუშაობას ენათმეცნიერების დარგში. ის ჯერ მეცნიერი იყო და შემდეგ მწერალი გახდა, რაც მის მიერ შექმნილ ახალ, ლიტერატურულ სამყაროსაც ეტყობა. ეს წარმოსახვითი სამყარო, ახალი, სისტემური რეალობაა.

ბეჭდების მბრძანებელი I: ბეჭდის საძმო

სკანდინავიური, ძველგერმანული, სლავური მითოსის თუ ეპოსის დეტალებით, კულტურული, ლინგვისტური, ფილოსოფიური საფუძვლების ძიებითა და გამოკვლევით ტოლკინმა ააშენა თავისი ახალი სამყარო, რომელში მოგზაურობაც დღემდე განუზომელი შთაბეჭდილებით ავსებს მკითხველის წარმოსახვას.

რა ძალას ფლობს ბნელეთის მბრძანებლის შექმნილი ყოვლისშემძლე ბეჭედი, ვინ ხდება მისი ახალი მფლობელი, როგორ მოახერხებს კეთილი ჰობიტი ფროდო მართოს ეს ძალა, როგორია ტოლკინის წარმოსახვითი სამყარო?


თავად ავტორი წიგნის წინასიტყვაობაში წერს:



„მთხრობლის უპირველესი სურვილი იყო ისეთი გრძელი ნაწარმოების შეთხზვისთვის მოეკიდა ხელი, რომელიც მკითხველის ყურადღებას მიიპყრობდა, გაართობდა, დროდადრო აღაფრთოვანებდა ან ღრმად შეძრავდა მას. ალბათ, ძნელია ამ მოცულობის თხზულებაში ყველასთვის ყველაფერი იყოს მოსაწონი, ანდა - ყოველმხრივ მიუღებელი. ვინაიდან, როგორც მკითხველის ჩემთვის გამოგზავნილი წერილებიდან ცხადად ჩანს, ის თავები ან დიალოგები, რაც ზოგიერთისთვის განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსი გახდა, სხვებმა ნაკლად მიიჩნიეს. ყველაზე კრიტიკული მკითხველი, ანუ მე, ახლა უამრავ შეუთავსებლობას ვპოულობ, მცირესა თუ დიდს, მაგრამ რახან, ჩემდა საბედნიეროდ, წიგნის კრიტიკულად განხილვის ან ხელახლა წერის არანაირი ვალდებულება არ მაკისრია, ვცდილობ, ამაზე თვალი დავხუჭო. ოღონდ ერთ რამეზე, ყველასათვის რომ ცხადია, დუმილი არ ეგების: წიგნი მეტისმეტად მოკლეა.


რაც შეეხება ქვეტექსტებს ან „მინიშნებებს“, ავტორს მსგავსი რამ გონებაში არც კი გაუვლია. ნაწარმოები არც ალეგორიულია და არც რაიმეს თანადროული.“

თუ თქვენ ჯერ არ გიმოგზაურიათ ამ ჯადოსნურ სამყაროში, ალბათ, უკვე დროა. კიდევ ჭოჭმანობთ? აბა, ეს დიალოგი წაიკითხეთ და თავად ნახავთ, როგორ გამოცდით ბეჭდის საოცარ ძალას საკუთარ თავზე:


„ - გუშინ ღამით ჩემს ბეჭედზე უცნაური რამეების მოყოლა დაიწყე, განდალფ, - თქვა მან, - მაგრამ არ დაგიმთავრებია, რადგან დილამდე გადადება ამჯობინე. იქნებ ახლა განაგრძო? მითხარი, რომ ბეჭედი სახიფათოა, ბევრად უფრო საშიში, ვიდრე მე მგონია. რა მხრივ? მრავალმხრივ, - უპასუხა ჯადოსანმა, - შენი ბეჭედი იმდენად ძლევამოსილია, გაფიქრებაც კი მაშინებს. ნებისმიერი მოკვდავის გატეხა შეუძლია, ვინც მას ფლობს. თავად ეუფლება მას.


მოკვდავი, ფროდო, რომელიც დიად ბეჭედს ფლობს, არ კვდება, მაგრამ არც იზრდება, მისი სიცოცხლე, უბრალოდ, ჭიანურდება, სანამ ბოლოს, ცხოვრების ყოველი წუთი მისთვის საძულველი არ გახდება. და თუკი მოკვდავი ხშირად იყენებს ბეჭედს, რათა გაუჩინარდეს, ის უფერულდება: ბოლოს სამუდამოდ უჩინრად იქცევა და ბნელში მოქცეული მხოლოდ ბეჭდების მმართველი ბნელი ძალისთვის იქნება ხილული. დიახ, თუ ის ძლიერი და ალალ-მართალი ბუნებისა იყო - ადრე თუ გვიან, მოკვდავი ამ თვისებებს დაკარგავს და მას ბნელი ძალა დაიმონებს.“

კითხვა დაიწყეთ? ესეიგი, ფენტეზის ძალამ მოქმედება დაიწყო!


ავტორი: saba.com.ge