მუსიკა | ცა

Eye Stage - სცენა, რომელიც არასდროს ჩერდება

23 ივნისს ფესტივალ Tbilisi Open Air-ის საიუბილეო, რიგით მეათე ღონისძიება დასრულდა "თანასწორობისა და მრავალფეროვნების 10 წელი" - ამ დევიზით რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურმა ფესტივალმა ათეულობით არტისტს და ათასობით სტუმარს უმასპინძლა. Lisi Wonderland-ზე წელს 4 სცენა ფუნქციონირებდა, სადაც სხვადასხვა მუსიკალური ჟანრის გამორჩეულმა წარმომადგენლებმა დაუკრა. ერთ-ერთი ასეთი საინტერესო სცენაა Eye Stage, რომელიც ორიგინალური კონცეფციის წყალობით ბოლო წლებში ადგილობრივი მსმენელის საყვარელ მუსიკალურ სივრცედ იქცა.

Eye Stage უცნაური ბედის მქონე სივრცეა - ის მუდმივად მოძრაობს, იცვლის ადგილმდებარეობას, ფესტივალებს, მაგრამ ცდილობს არასდროს დაკარგოს ის მთავარი კომპონენტი, რის გამოც მას ყველგან დაჰყვებიან. სცენის შემქმნელები მიიჩნევენ, რომ „საიდუმლო იარაღი“ ის ენერგიაა, რომელიც Eye Stage-ს საცეკვაო მოედანზე ტრიალებს.

„ამ სცენის იდეა პირველად საქართველოს ზღვისპირეთში, ანაკლიაში დაიბადა. მაშინ ფესტივალების სხვადასხვა სივრცეებში სცენის მოგზაურობა დაგეგმილი არ იყო, თუმცა 2017 წელს, პირველი ფესტივალის დამთავრების შემდეგ Eye Stage-ს იდეამ დიდი მოწონება დაიმსახურა, რის შემდეგაც დაიბადა მოგზაური სცენის კონცეპტიც.” - ქეთა დონაძის და ნიკა ქობულაშვილის მიზანი ადგილობრივი ელექტრონული მუსიკის სცენის განვითარებაში ერთი პატარა აგურის დადება იყო, თუმცა დღეს Eye Stage ერთ პატარა აგურზე უფრო მეტია.

„ჩვენი მთავარი მიზანია შევინარჩუნოთ ის გრძნობა, რაც მას გამორჩეულს ხდის. ამისთვის ძალიან დიდ ენერგიას ვხარჯავთ და ვცდილობთ თითოეულ ადამიანს მაქსიმალური კომფორტი შევთავაზოთ’

მიუხედავად იმისა, რომ სცენის კონსტრუქცია მეტნაკლებად ყოველთვის უცვლელი რჩება, ის ახალ საფესტივალო სივრცეებს ყოველთვის იდეალურად ერგება. სხვადასხვა დეკორაციების და ინსტალაციების გამოყენებით ახალ სიცოცხლეს იძენს და მსმენელს ახლებურ გამოცდილებებს სთავაზობს. „წელს ფესტივალის სტუმრებს ნამდვილად ბევრი სიახლე შევთავაზეთ. სცენას დაემატა რამდენიმე ახალი სივრცე და ინსტალაცია. - ქეთა ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ წელს Eye Stage უფრო ‘გაზრდილი’ და საინტერესო იყო, ვიდრე ოდესმე.

“Music Breaks Free” - მუსიკის, როგორც განმათავისუფლებელი ენერგიის რწმენა ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო, რის გამოც სცენა Tbilisi Open Air-ს შეუერთდა. ამ ფესტივალის ნაწილად ყოფნა კი ავტომატურად გულისხმობს ეკლექტურ მუსიკალურ თავგადასავლებს და მრავალფეროვნებას. ამის ნათელი მაგალითია ისიც, რომ წელს Eye Stage-ზე წლევანდელი Newcomers-ების ერთ-ერთი გამარჯვებულმა პროგრესივ მეტალ ბენდმა დაუკრა, რაც ადრე არასდროს მომხდარა. მიუხედავად იმისა, რომ ლოკაციები და მუსიკალური ატმოსფერო იცვლება, სცენის ჟღერადობაში მაინც ყოველთვის შეიმჩნევა ის შემოქმედებითი ხაზი, რომელიც მის ესთეტიკას განსაზღვრავს. მინიმალისტური, მელოდიური და ზედმეტი აგრესიისგან დაცლილი ელექტრონული მუსიკა სწორედ ისაა, რასაც Eye Stage-ზე ყველაზე ხშირად მოისმენთ. ეს პრინციპი არ იცვლება წლევანდელ ფესტივალზეც.

„ჩვენთვის Eye Stage-ს მუსიკა ბედნიერებასთან ასოცირდება. არტისტული მრავალფეროვნებით და კომფორტული გარემოს შექნით ჩვენ ვცდილობთ მსმენელს თავისუფლების და ერთიანობის განცდა მივანიჭოთ. მუსიკის მთავარი მესიჯიც სწორედ ეს არის’ - დიახ, მუსიკის მთავარი მესიჯი სწორედ ეს არის და წელს ამაზე შემოქმედებითი თვალსაზრისით ერთმანეთისგან განსხვავებულმა და საოცრად თვითმყოფადმა არტისტებმა იზრუნეს.

Moritz Von Oswald, Tobias., Edit Select, OTHR, Boyd Schidt, Enforcement - ფესტივალის პირველ დღეს Eye Stage-ს მუსიკალური შემადგენლობაში ბევრი საინტერესო არტისტი შეგვხდა. დაბ ტექნოს ლეგენდა Moritz Von Oswald-ს ამ სცენაზე დაკვრის გამოცდილება უკვე ჰქონდა, მაგრამ ამჯერად მისი სეტი კიდევ უფრო დივერსიფიცირებული და საინტერესო აღმოჩნდა. ტექნო მუსიკის უფრო ბრუტალურ მხარეზე კი Boyd Schidt და Edit Select ორიენტირდნენ. OTHR-ის ექსპერიმენტული ჟღერადობა კი დილის განწყობას ქმნიდა.

მეორე დღეს ანუშკა ჩხეიძის ძალიან საინტერესო სეტი Eye Stage-ს მუსიკალური პალიტრა მნიშვნელოვნად გაამდიდრა, რასაც შემდეგ David August და Maayan Nidam-ის პერფორმანსი მოჰყვა. ღამე კი სცენის ვეტერანებმა, გიო შენგელიამ, ბაჩომ და თომამ დახურეს. ფესტივალის დასკვნითი დღის ჰედლაინერები Matthew Dekay და Andrey Pushkarev იყვნენ, თუმცა ლოკალური სცენის წარმომადგენლებმაც თავისი მკაფიო კვალი დატოვეს.

ფესტივალის დასრულების შემდეგ Eye Stage თავის მომავალ მოგზაურობას გეგმავს, რომელიც ახალი ემოციების და შთაბეჭდილებების შეგროვებაში დაგვეხმარება. სად და როდის? ამას დრო გვიჩვენებს, მთავარია, რომ ეს სცენა არასდროს გაჩერდება, არც მუსიკა.


ავტორი: სოფი წერეთელი