მუსიკა - ალექსანდრა დრევჩინის ბრძოლის სტრატეგია

„არა...

მე არ ვარ ნამდვილი არტისტი უბრალოდ იმიტომ, რომ შავკანიანი არტისტი ვარ მრავალმხრივი იდენტობით. მე არ ვიბრძვი იდენტობის ცნებების რეპრეზენტირებისთვის ჩემს ხელოვნებაში.მე ვიბრძვი ჩვენი უსაფრთხოებისა და მომავლისთვის. ჩვენ არ ვკითხულობთ უნდა ვიყოთ თუ არა ოთახში, ჩვენ უკვე აქ ვართ და სტაბილური მომავლის მოლოდინში სწრაფი ნაბიჯებით ვკვდებით.

ჩვენ გვჭირდება მეტი ადამიანი ჩვენს გვერდით, უკეთესი გარემო და სივრცე , სოლიდარობაზე დაფუძნებული სოციალური მოთხოვნები.


ჩვენ გვჭირდება კულტურა, რომელსაც ვუყვარვართ!


მე არ ვკითხულობ ვინ ვარ, მე შავკანიანი ქალი ვარ ძვირფასი ჩემი სიშავით და ჩემი განსაკუთრებულობა და უჩვეულობა მისი თვითმყოფადობით თავისთავად ღირებულია. არაფერია ისეთი ნამდვილი, როგორც კოლონიური მზერის მიღმა მყოფი „იდენტობა და რეპრეზენტაცია“. მე უარვყოფ კოლონიურ მსოფლმხედველობას როგორც სწორ გზას, მე მის მიღმა ვარ ამ საშიშ მიწაზე."

ნიუ იორკში მოღვაწე არტ კურატორი და ფემინისტი ლეგასი რასელი,  გლიჩ ფემინიზმის (Glitch Feminism) მანიფესტში იდენტობისა და მისი რეპრეზენტირების განსხვავებულ ხედვებზე საუბრობს და მას უწოდებს არა უბრალოდ ხელოვნების საგანს, არამედ გარდაუვალ ყოველდღიურობას და ბრძოლას გადარჩენისთვის. 

სხეულის ტრადიციული პატრიარქალური გაგება, როგორც სტანდარტული აზროვნების მოდელი, ხშირად გვბოჭავს და გვაიძულებს ამა თუ იმ სხეულის ფორმას, კანის ფერს, სექსუალურ იდენტობას, სამოსელს თუ სხვა გამომსახველ დეტალებს, ტრადიციული ღირებულებათა სისტემით მივუდგეთ. ამ მსოფლმხედველობიდან ყალიბდება სტერეოტიპული და ხშირად, იძულებაზე ორიენტირებული აღქმითი სისტემა, რომელიც ამა თუ იმ ვიზუალური თუ ინტელექტუალური ინფორმაციის წამიერ სტანდარტიზებას ახდენს, ადამიანს ართმევს რეალურ დროში აზროვნების შესაძლებლობას და მას გონებაში ბავშვობიდან ჩაბეჭდილ კულტურულ შტამპებს გადასცემს.

აქედან ჩნდება „ერორის“ კონსტრუქცია, ის, რაც სტანდარტულ ფორმას არ ემთხვევა შეცდომაა, შეცდომას კიდევ გამოსწორება სჭირდება, ასე თითქოს მათემატიკური სიმარტივით იბადება დისკრიმინაცია, განსხვავებულობის დევნის დაუოკებელი სურვილი.

ალექსანდრა დრევჩინიც ნიუ იორკში ცხოვრობს და მოღვაწეობს. მას 4 ნომერი მკერდი აქვს, ყოველთვის წინა პლანზე წამოწეული, დაუფარავი და ამაყი. მისი უკანალიც მოზრდილია და მისი ინსტაგრამის სთორებში ძლივს ეტევა. ყოველთვის გრძელი ფერადი ფრჩხილებით, უზარმაზარი წამწამებით, ბრჭყვიალა ტანზე მომდგარი ტანსაცმლით, საკუთარი სექსუალობის მუდმივი ტრაფარეტული პოზიციით. მისი ჩაცმულობა და მაკიაჟი კლასიკური პატრიარქალური საზოგადოებისთვის ვულგარულად და იაფფასიანად იწოდება... მაგრამ არტისტის ეს ვიზუალი და დამოკიდებულება მისი მყარი პოზიციაა.

გამოკვეთილი და „გამომწვევი“ იმიჯებით, ტრადიციული სექსუალობის რეპრეზენტირებით ის და მისი მეგობრები ყველაფრის გადაფასებას და მისთვის ახალი მნიშვნელობების მინიჭებას ცდილობენ. მათი სხეული მათი საკუთრებაა და საზოგადოებასთან ურთიერთობის უმთავრესი მედიუმია. მიზანი კი ადამიანებისთვის ხმის მიწვდენა და დამკვიდრებული აზროვნებისგან გათავისუფლებაა...

(მახსენდება, როგორ ცდილობდა პიერ შეფერი 1948 წელს მსემენელებისთვის აეხსნა მის კომპოზიციაში - etude aux chemins de fer  ჟღერადი საუნდები აღექვათ თავისთავად, თვითმყოფად ღირებულ მნიშვნელობებად მისი წყაროსთან დაკავშირების გარეშე.)

ნიუიორკში, ბრუკლინში ბაზირებული Otion Front Studio და მისი ქომიუნითის სხვა წევრები ამ აზროვნებას შხამიან ნარჩენებს უწოდებენ, არტისტისა და მისი მეგობრების სოციო/მუსიკალურ აქტივიზმს კი ამ ტოკსიკურობისგან გათავისუფლების გზას. თავიანთ თავს კი ისეთ სოკოს სახეობას ადარებენ, რომელსაც შეუძლია ტოკსიკური მატერიალი უსაფრთხო გახადოს. 

-ისინი უბრალოდ ტოკსიკურ ნარჩენებს ჭამენ, ჩვენ კიდევ პატრიარქატის შეჭმას ვაპირებთ!

- და მაინც, როგორ ?

- პარიზის ღვთისმშობლის ტაძარივით წავუკიდებთ ცეცხლს…! როგორც ჯოხიან კანფეტს…! და შევჭამთ როგორც ვანილის კრემ ბრიულეს ... !

როგორც არტისტი ზემოთქმული ციტატის რეკომენტირებისას აღნიშნავს, მის მიერ ნათქვამი ეს სიტყვები უბრალოდ ისაა, რისი გაგებაც ფემინიზმით ზედაპირულად დაინტერესებულ ჟურნალისტებს სურდათ და მანაც უბრალოდ თქვა, რადგან ეს ბრძოლა გაცილებით უფრო კომპლექსურია, ვიდრე ენამახვილური ხუმრობანარევი მუქარები ... 

ამერიკელი დედის და რუსი მამის შვილი, პენსილვანიაში, ფერმაში გაიზარდა. როგორც თავად ამბობს, მშობლებს ტელევიზორი და კომპიუტერი არ ჰქონდათ, იზრდებოდნენ ტექნოლოგიური ცივილიზაციისგან მოწყვეტილ გარემოში და განათლებას სახლში იღებდნენ. მამამისის წასვლიდან რამდენიმე წლის შემდეგ, როდესაც დედამისმა ფინანსური კრიზისის გამო სახლის და მიწის გაყიდვა და სხვა ქალაქში პატარა ბინაში გადასვლა გადაწყვიტა,  16 წლის ალექსანდრა პირველად მოხვდა ქომიუნითი კოლეჯში. ამ დროს გაიცნო პანკი ბავშვები, Rage Against the Machine და სასაფლაოზე ანგელოზის ქანდაკების ქვეშ პირველად იზასავა. კოლეჯში ფსოქოლოგიას, ფერების თეორიას და ქრიეითივ ვრაითინგს სწავლობდა, რამაც 2 წელიწადში ნიუ იორკში წასვლა და იქ საკუთარი ბედის ძიება გადააწყვეტინა.

 „ეს აფეთქებას გავდა, მე ჩემი თავის განვითარება გადავწყვიტე.“

2010 წელს შექმნა მისი არტისტული ავატარი Eartheather, თუმცა ძალიან გრძელი და რთული ბრძოლების გადატანა მოუხდა თვითგადარჩენისთვის მანამ, სანამ დამწყები არტისტი ნიუ იორკში მცირედ სტაბილურობას შეიძენდა. საბოლოოდ, 2015 წელს შეძლო ერთდროულად ორი სადებიუტო ალბომის გამოცემა Metalepsis და RIP Chrysalis.

როკის, პოპის, პოეზიის და ელექტრონული ექსპერიმენტების ერთობლივი ნაზავი, რომლის ჟღერადობამაც, მე პირადად, Sierra დ Bianca Leilani-ის პროექტ CocoRosie-ის მაგონებს, თუმცა ამ უკანასკნელისგან განსხვავებით, მასში ჭარბადაა ელექტრონული საუნდებით ექსპერიმენტირება. ცხადად ჩანდა, კომპოზიციები უკიდურესად საინტერესო და ნიჭიერი არტისტის მიერ იყო შექმნილი და განსაკუთრებულობის დიდ მოლოდინებს აჩენდა, თუმცა ეს ჯერ პირველი ნაბიჯია, საკუთარი თავის დიდ მუსიკალურ სამყაროში პრეზენტირების დასაწყისი.

ჩემი ამ არტისტით დაინტერესება კი პანდემიისგან ისედაც დამძიმებულ 2020 წელს მოხდა, როდესაც ბერლინში ბაზირებულ თანამედროვე ექსპერიმენტული მუსიკის გამორჩეულ ლეიბლ, PAN-ზე მისი ალბომი - Phoenix: Flames Are Dew Upon My Skin (ფენიქსი :ცეცხლის ალები ცვარია ჩემს კანზე) გამოვიდა. 

უკიდურესად მსუყე მელანქოლიით, სევდაში ჩაძირული მუსიკოსი მღერის, მღერის მთელი მისი ტანით და მისი სხეულის ყოველ სანტიმეტრში გამჯდარი გულწრფელი ემოციით ... კომპოზიციში, How to fight კი, ალბათ, მსოფლიოში ყველა დეპრესიაში მყოფი ადამიანის სახელით გადარჩენას უმღერის და მათი ემოციური მდგომარეობის უკონკურენტო საუნდტრეკია ...

I know how to fight

How to fight

How to fuck

How to fuck

How to die

How to resurrect my pride...

ავტორი: ქუჯი დავითულიანი