არ დაესწრო მარკ პოლარდის მასტერკლასს

1.     რადგან შეიძლება სამსახურიდან წამოსვლა გადაწყვიტო

ან სულაც, იქვე გამოაცხადო რომ სამსახურიდან მოდიხარ. როგორც მე, წელს, 14 სექტემბერს, Ad Black Sea-ს სცენაზე, ზუსტადაც მარკ პოლარდის მასტერკლასზე რომ გამოვაცხადე, თუ გამომეცხადა, როცა პოლარდმა საკუთარი სესიისთვის ერთი მოხალისე (“მსხვერპლი”) მოითხოვა და დარბაზში მაინცდამაინც ჩემი აწეული ხელი დაინახა. შემდეგ რაც მოხდა, იმან ყველა გააოცა. მათ შორის მეც.

თურმე, სინამდვილეში ჩემი მთავარი პრობლემა სამსახურთან მიჯაჭვულობა ყოფილა, გამოსავალი კი საკუთარი თავის პოვნის გზაზე უკანმოუხედავად სვლის გაგრძელება.

ამ ყველაფრის გაცნობიერება ცოცხლად, 1000-მდე ადამიანის თანდასწრებით მოხდა. აი, რომ ამბობენ სცენაზე რომ გამოხვალ, წარმოიდგინე შენი აუდიტორია შიშველია და აღარ ინერვიულებო, ოღონდ პირიქით, ამ შემთხვევაში მე ვგრძნობდი თავს შიშვლად, მთელი აუდიტორიის წინაშე. ჰოდა, ამიტომაც შენც გაფრთხილებ, არავითარ შემთხვევაში არ დაესწრო მარკ პოლარდის მასტერკლასს, რა იცი რა მოხდება.

2.  შეიძლება უამრავი ახალი პრობლემა აღმოაჩინო

რაც არ გვაკლია, პრობლემებია. და შენ კიდევ გინდა დაიმატო? აი მარკ პოლარდი სხვა გზას არ გიტოვებს და ამბობს, რომ პრობლემები კარგია; რომ შემოქმედების ყველა გზა სწორად ჩამოყალიბებული პრობლემიდან გამოდის.

თუ მარკს დაუჯერებ, ჯერ ბევრ სხვადასხვა პრობლემაზე უნდა დაფიქრდე, მერე ყველა ჩამოწერო, გადაარჩიო, ერთი საუკეთესო დაიტოვო, დაუმეგობრდე და ბოლოს სიყვარულით ამოხსნა.

არადა, იქნებ არც გაქვს ეს პრობლემა და ყველაფერი კარგადაა, შენთანაც და შენ სამსახურშიც. ბიზნესიც ლიწინით მიდის და ბრენდიც ადამიანთა გულთამპყრობელია. რა საჭიროა ახლა ეს პრობლემები და ამდენი ნეგატივი.

3. ადამიანების შინაგან ხმებს დაუწყო მოსმენა

ან კიდევ უარესი - მათ შინაგან სამყაროზე თვალთვალი. შენ მეგობრებზე, მეზობლებზე, ტრანსპორტში მგზავრებზე და მძღოლებზეც, თანამშრომლებზე, უფროსებზე და უმცროსებზე, მოკლედ ყველაზე ვისაც “მომხმარებელს” დაარქმევ და ვისზეც “ინსაითების” განჭვრეტა მოგინდება. ვინ? საით? რატომ? ვითომ? და ა.შ. მოკლედ ამ კითხვებს დაგამეგობრებს მარკ პოლარდი. თვითონ ასე ხსნის, "ინსაითები ის საიდუმლოებებია საკუთარ თავსაც ჩურჩულით რომ ვეუბნებითო". ჰოდა შენ ამ ინტიმური აღსარებების საჯაროდ გამომზეურება ჩაგიფიქრებია. თუ ელემენტარული ეთიკის ჭრილშიც არ შეგაწუხა უხერხულობამ, ის მაინც გაითვალისწინე, რომ ბევრი კონკურენტი გეყოლება - ამ ქვეყანაში ისედაც ბევრი მსმენელი და მაყურებელია.


4. გადააფასო ბრენდები და მათი უპირატესობები

როცა ერთი კომპანია ამბობს რომ მეორეს ჯობია, უნდა დაუჯერო, არა? თუ ამას პირდაპირ, მოკრძალებით ამბობს, ხომ კარგი და თუ ზევიდან კიდევ შთამაგონებელ დაპირებასაც აყოლებს, ესე იგი უკვე წყალიც არ გაუვა, ხომ ასეა? მერე რა რომ კომპანიის დირექტორთა საბჭოს ერთ-ერთ ყრილობაზე სპონტანურად მოფიქრებული სლოგანია, რომელსაც ადამიანების რეალურ აღქმასთან საერთო საერთოდ არაფერი აქვს. სამაგიეროდ ხომ კარგად ჟღერს? ხომ ყველა კმაყოფილი გამოვიდა მაგ შეხვედრიდან?

აბა რაღად გინდა ზედმეტი თავის ტკივილი და მარკ პოლარდის მოსმენა, რომელიც გეტყვის რომ ბრენდის უპირატესობა ადამიანების თავში და მათ მოტივაციებში უნდა მოძებნო. ისევ ადამიანები და მათი თავები! შენ თავს რომ მიხედო, ეგ არ ჯობია?!

5. განსხვავებულად დაიწყო ფიქრი

აი იმდენად განსხვავებულად, როგორც ფიქრობენ შერეკილები, შეშლილები, შეუფერებლები, მეამბოხეები, წესრიგის დამრღვევები, მრგვალი ჭანჭიკები ოთხკუთხა ხვრელში, ვინც სამყაროს ცოტა განსხვავებულად ხედავს და წესებზე დიდად არ გიჟდება… მოიცა, ეს მგონი სხვა ბლოგიდანაა… მაგრამ სტივ ჯობსის მასტერკლასს აქ ისედაც ვერ დაესწრები და… ჰო, ნუ მარკ პოლარდიც მაგ ოპერიდანაა. მოდელები და შაბლონები არ უყვარს, მაგრამ ერთი მაინც აქვს - ოთხ პუნქტიანი. თითქოს მოკლე და ძალიან მარტივი, მაგრამ აბა ცადე და ლოგიკურად მიჰყევი. ლოგიკით, დედუქციით თუ ინდუქციით აქ შორს ვერ წახვალ.

მარკის მეთოდში გადამწყვეტია აზრებს შორის ახალი, მოულოდნელი კავშირების დამყარება, ანუ შემოქმედებითობა, ანუ იდეების მოფიქრება, ანუ “ფიქრი გვერდულად”. გაინტერესებს ეგ როგორია? მაშინ დაგუგლე “lateral thinking”.

6. შეიძლება იფიქრო, რომ შენი სიტყვებიც სტრატეგიაა (როგორც მე)

განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ სიტყვებით თამაში ისედაც გიყვარს (როგორც მე). “სტრატეგია არის შენი სიტყვები” ასე ჰქვია მარკ პოლარდის წიგნს, რომელიც თავადვე გამოსცა, მისი მკითხველების მხარდაჭერით. შენ თუ არც ამ წიგნს წაიკითხავ და არც მის მასტერკლასს დაესწრები, მაშინ სანერვიულოც არაფერი გაქვს. არ მოგიწევს დაფიქრება იმაზე, თუ რომელია შენი ცხოვრების მთავარი სიტყვები, ზმნები თუ არსებითი სახელები. არ გააცნობიერებ იმას რომ სიტყვები ყველაფერია. რომ ყველაფერიც სიტყვაა. შენი აზრები, გრძნობები, წარმოდგენები, ყველაფერი რასაც გაიაზრებ და გადმოსცემ - სიტყვებში ცოცხლდება. შენ სიტყვებში. სიტყვებში, რომელსაც მნიშვნელობას შენ აძლევ. მხოლოდ შენ იცი რა სიტყვა რას ნიშნავს. და თვითონ სიტყვა? რას ნიშნავს? საიდან მოვიდა? ისევ თავის ტკივილი…

7. მოგინდეს პოდკასტის დაწყება ან რამე სხვა კონტენტის შექმნა

როცა საკუთარ ხმას იპოვი, მას ვეღარასდროს დაახშობ. როცა საკუთარი თავის გამოხატვას იწყებ, უკან დასახევი გზა მოწრილი გაქვს. დაახლოებით ასე ჟღერდა ჩემი სტრატეგიის სიტყვები Ad Black Sea-ს სცენაზე, აი იმ დღეს, მარკ პოლარდის მასტერკლასს რომ დავესწარი და თავი საჯარო თერაპიის სეანსში ამოვყავი. ისე დაემთხვა (თუ არ დაემთხვა) რომ ზუსტად მაგ დღეს ჩაეშვა ჩემი პოდკასტიც. არადა იქამდე საკუთარი ხმის მერიდებოდა. აი ახლა უკვე ბლოგსაც ვწერ. და თურმე წერაც გამომდის. ან სულაც არ გამომდის, მაგრამ დავიჯერე, რომ გამომივა. ხომ გეუბნები, თავის ტკივილი. ჰოდა, შენც თუ დაესწრები, არ გამიკვირდება მეორე დღესვე აენთო და რამე საშენო კრეატიული საქმე იპოვო. შემოქმედი გახდე და შენი სიტყვებიც შემოქმედებად აქციო. წარმოიდგინე კიდევ რამდენი რამეა შესაქმნელი. მე უკვე დამეზარებოდა.

8. დაიჯერო, რომ ახლა შენი დროა

თუკი აქამდე მოხვედი და კიდევ აგრძელებ კითხვას, საკმაოდ ცნობისმოყვარე ყოფილხარ. როგორც ჩანს, ჯერ მაინც ვერ დაგაჯერე და გადაგაფიქრებინე მასტერკლასზე დასწრება. შეიძლება ყოყმანობ კიდეც. მაგრამ ალბათ კომფორტულად ხარ მოთავსებული სახლის სავარძელში თუ ოფისის საგორავებელ სკამში. არ გამოვრიცხავ სკამი მთლად ეგეთი კომფორტულიც არ იყოს, ჩვენში რომ დარჩეს, ან სულაც ფეხზე დგახარ, რატომღაც, რატომ არ ჩაგეკითხები. თუმცა როგორც არ უნდა იყო, მთლიანობაში მაინც კომფორტულად ხარ. არავის აწუხებ. არც თავს შეიწუხებ.

აბა რაში გჭირდება უამრავი ახალი შესაძლებლობის აღმოჩენა, მერე ხომ შესრულებაც მოგინდება?!

9. დაიწყო თამაში სირბილის ნაცვლად

თავისი წიგნის შესავალში, მარკ პოლარდი ყვება ანდრეა პირლოს ამბავს. იტალიელი გამთამაშებელი კარიერის მიწურულს (მას შემდეგ, რაც ფეხბურთში თითქმის ყველაფერი მოიგო, რისი მოგებაც შეიძლებოდა) ერთ-ერთ ამერიკულ კლუბში გადავიდა. პირლო, რომელსაც ფანები “მაესტროს” და “მოცარტს” ეძახდნენ, გამოირჩეოდა მოედნის გამორჩეული ხედვით და ჭკვიანური თამაშით. ამერიკული საფეხბურთო ლიგის შეფასებისას, მაესტროს დაუჩივლია “აქ ძალიან ბევრს დარბიან და ძალიან ცოტას თამაშობენო”. მართალია პირლო ფეხბურთზე ლაპარაკობდა, მაგრამ მისი კომენტარი ბევრ სხვა საქმესაც შეგვიძლია მივუსადაგოთ. ბევრი სირბილი, ცოტა თამაში. ბევრი უაზრო, მოჩვენებითი მოძრაობა, ცოტა რეალური, ღირებული საქმე. ცოტა შემოქმედება. ცოტა გართობა. ცოტა სიამოვნება.

"საკმარისია სირბილი, თამაშის დროა" - ასე სრულდება მარკ პოლარდის შესავალი.

და ეს სტატიაც… შენ გაეცანი 9 უძლიერეს მიზეზს თუ რატომ არ უნდა დაესწრო მარკ პოლარდის მასტერკლასს. თუ მაინც არ იშლი და შემოქმედება გწვავს, მაშინ მიდი, ბარემ ახლავე ჩაეწერე. უბრალოდ არავის უთხრა, რომ მე გირჩიე.

2 ნოემბერი, 2023,


ლადო მალაზონია