მუსიკა | ცა

Denivarlevy-ის ამაღლებული ჰიპ-ჰოპ სიხშირეები რუსთავიდან

ქართული ჰიპ-ჰოპის ამჟამინდელი მდგომარეობის შესაფასებლად ყოველთვის კარგი ინდიკატორია თუ რას აკეთებენ სცენაზე უკვე კარგად დამკვიდრებული მუსიკალური პერსონაჟები, თუმცა უკეთესია თუ ვნახავთ რა გზას ადგანან დებიუტანტები. ამ მხრივ ბოლო წლებში მდგომარეობა არაერთგვაროვანია, რამდენადაც სცენა არ წარმოადგენს რაიმე ერთი იდეის, მესიჯისა თუ ჟღერადობის ქვეშ გაერთიანებულ ადამიანთა ერთობას. აქ უფრო ჩაშლილად ვხვდებით მცირე კომუნებს, რომლებსაც საკუთარი მსმენელი ჰყავთ და მათზე დაკვირვებით ჟანრის მდგომარეობაც განსხვავებულად წარმოჩინდება. თუმცა უნდა ვთქვათ, რომ ეს მხოლოდ ქართული ფენომენი როდია და ჩვენთანაც გლობალური ტრენდების ლოკალური ვერსიები თამაშდება.

თუ ერთნი თავიანთ შემოქმედებაში აგრესიულ მუხტს ატარებენ და ამით ცდილობენ ახალგაზრდა მსმენელის დაინტერესებას, მეორენი ლირიკულ აბსტრაქციებს მიმართავენ, მესამე ნაწილი შემაგონებელ და ცხოვრებისეულ ელემენტებს ეჭიდებიან, როდესაც დანარჩენნი მუსიკალური და ტექსტობრივი ნაწილით ნაწარმოებ ენერგიას და ატმოსფეროზე ფოკუსირდებიან, „ვაიბად“ რომ დაფიქსირდა გლობალურ კულტურაში და ხშირად გაურკვევლობის საწინდარიც რომ არის ჩვენში.

სწორედ ამ გლობალურ აბლაბუდაში, შარშან მოვისმინე რუსთაველი ახალგაზრდა პროდიუსერის ლევან ოქროპირიძის პროექტი Denivarlevy, რომელმაც მეგობარ

33 Stepz-თან ერთად Mutant Radio-ში მათი საერთო EP-ის პრეზენტაცია გამართა. მაშინვე მენიშნა ჰიპ-ჰოპის ის ფორმა, რომელმაც თავის დროზე ჟანრი შემაყვარა.

Denivarlevy უკვე 3 წელზე მეტია რაც მუსიკას აქტიურად აკეთებს და საკუთარ ანგარიშზე საკმაო მონაგარიც აქვს - რამდენიმე ინსტრუმენტალური ალბომი, რომელიც მართალია სტანდარტულ Lo-fi ჰიპ-ჰოპის მარაქაში შეიძლება გაერიოს, თუმცა მაინც გააჩნია თავისთვის დამახასიათებელი მელოდიური ხაზი. ზოგადად ამ სტილში რთულია რაღაც ახლის შექმნა და შეთავაზება მსმენელისთვის, ვინაიდან ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მეტად მოდებული და ამავდროულად საწარმოებელი მუსიკაა დღევანდელ ინდუსტრიაში, თუმცა მუსიკალური ხელწერის დამსახურებით, შესაძლებელი ხდება ბარიერების გარღვევა და მსმენელის რადარზე დაფიქსირებაც - ხელწერის ფორმირებას კი მრავალწლიანი გამოცდილება ჭირდება და დიდ შრომასაც მოითხოვს.

Denivarlevy-ის ახალი ალბომი „Elevated Frequencies უბრალოდ ლამაზი ბიტების კრებული როდია.

აღნიშნულ ჩანაწერში იგი მეგობრებთან,

გიგი ჯანგულაშვილი (Gigilow) და ნიკოლოზ სისაურთან (Sis9)-თან ერთად ცდილობს ამაღლებული სიხშირეებით მსმენელისთვის ერთიანი ხმოვანი გამოცდილება შექმნას.

მუსიკალურად ალბომი, რა თქმა უნდა, ჰიპ-ჰოპის ტერიტორიაზე რჩება, თუმცა ინსტრუმენტალები ერთმანეთისგან განსხვავებულია - აქ წარმოდგენილია ახალი სკოლის, Boom Bap-ის თუ უბრალოდ Lo-fi სემპლინგით მიღწეული მელოდიური, მშვიდი პასაჟები და ჩანს ლევანის, როგორც პროდიუსერის გაზრდა წარსულის ალბომებიდან.

ტექსტობრივ მხარეს რაც შეეხება, მიუხედავად იმისა რომ აქ რაიმე განსაკუთრებულს არ ვხვდებით და ამ მხრივ უფრო სამოყვარულო დონესთან გვაქვს შეხება, მაინც დასაფასებელია დებიუტანტების შრომა, რაც აშკარად ჩანს ალბომში მოსასმენი ბილიკებისთვის განსხვავებული ენერგიის შექმნაში. მაგალითად „Chaos“-ში, Sis9-ის დინამიურ და აგრესიულ გადმოცემას, „Save Me“-ში იგივე MC-ის მშვიდი თხრობის სტილი ანაცვლებს. რეალობაში სწორედ ეს წარმოადგენს თანამედროვე ჰიპ-ჰოპში არტისტის ერთ-ერთ უპირატეს თვისებასაც და იმედია ორივე სამომავლოდ მას უფრო ეფექტურად გამოიყენებს.

საბოლოო ჯამში “Elevated Frequencies” თავად მუსიკოსებისთვის ახალი საეტაპო ნამუშევარია და კარგი დანამატია რუსთავული ჰიპ-ჰოპ სცენისთვის, რომელსაც როგორც საქმეში გათვიცნობიერებულ ადამიანებს მოეხსენებათ, საკმაოდ ისტორია და მუხტი გააჩნია წლების განმავლობაში - დანარჩენზე კი მათი სამომავლო ნამუშევრები მოგვითხობს.

ავორი: ჯაბა შავიშვილი