სიახლეები

რა გვაქვს დეკემბრის მენიუში

1❤︎

ნოემბერი 30, 2020

მიუხედავად იმისა, რომ უცნაურად მზიანი ნოემბერი გავაცილეთ და ზამთრის ყველაზე თბილი სვიტრები ჯერ ისევ მოთმინებით ელოდებიან დეკემბრის სიცივეს, ამ თვის ეიფორიას ვერსად გავექცევით. დიახ, პანდემიის პირობებშიც კი და ახლა შეიძლება უფრო მეტადაც. მერე რა, რომ საშობაო საყიდლებისთვის ყველა მაღაზია დაკეტილია და ვერც საახალწლოდ მოკაზმულ კაფეში დავსხდებით ცხელი ჩაის და ვაშლის შტრუდელის მისართმევად.

ახლა შეგვიძლია პარკში ვისეირნოთ პირბადით, თან დარიჩინიანი კაპუჩინოთი გავთბეთ და საშობაო პლეილისტს ყურსასმენში მოვუსმინოთ. დამქანცველი, გამომფიტავი წლის ბოლოს, მგონი, ყველას გვჭირდება განწყობა შევიქმნათ, საბოლოოდ რომ არ გადავიწვათ და გვჯეროდეს რომ ვიწრო წრეში თუ დიდ წვეულებაზე, მთავარია, ერთმანეთს გავუფრთხილდეთ და რომ დღესასწაული მაინც დღესასწაულია. 

ვინც კარგად მიცნობს, ყველამ იცის რომ გემრიელ საკვებზე ვერასდროს ვამბობ უარს, ჰოდა, რადგან ახლა ყველა სახლში ვართ და ვეღარც კაფეებში ვხვდებით მეგობრებს, საინტერესო კერძებით სიამოვნებისთვის ორი გზა გვრჩება: პირველი და მარტივი გზა, ამ კერძების სახლში გამოძახებაა. მეორე, რომელიც მე ახლა უფრო საინტერესოდ და მიმზდიველად მეჩვენება, საკუთარი კულინარიული შესაძებლობების მოსინჯვა გახლავთ.


ქვემოთ ჩამოთვლილი კერძები რამდენიმე სეზონური ინგრედიენტის მიხედვით, საგანგებოდ შევარჩიე და გადავწყვიტე თავად მოვამზადო:


სტარტერი: ყვავილოვანი კომბოსტოს სუპი ბეკონით


(თეკუნა გაჩეჩილაძის რეცეპტი)

ყვავილოვანი კომბოსტო გემრიელთან ერთად ძალიან სასარგებლო პროდუქტია. მასში არის ცილა, ფოსფორი, კალციუმი, მაგნიუმი, რკინა და სხვა B ჯგუფის ვიტამინები. იმისათვის რომ ყავილოვანმა კომბოსტომ ზემოთ ჩამოთვლილი თვისებები არ დაკარგოს, ძალიან არ უნდა მოვხარშოთ. 


ზამთრის ამ სასიამოვნო და მარტივი ცხელი კერძის მოსამზადებლად ყვავილოვან კომბოსტოსთან ერთად შემდეგი ინგრედიენტები დაგვჭირდება: ხახვი, ნიორი, ნაღები კარაქი და ბეკონი.

მომზადების წესი: 

ყვავილებად დაშლილი (ძირებმოჭრილი) კომბოსტო ჩავყაროთ მარილიან მდუღარე წყალში და მაქსიმუმ 5 წუთი დავტოვოთ.


ამასობაში ტაფაზე მოვბრაწოთ წვრილად დავჭრილი ბეკონი, ხახვი და 2-3 ლებანი ნიორი.


მოწალული კომბოსტო გადავწუროთ ყინულებიან წყალში, ხოლო შემდეგ ბლენდერში მოვათავსოთ. დავამატოთ ცოტა წყალი, ნაღები და იქამდე დავაბლენდეროთ სანამ კრემისებრ ტექსტურას არ მივიღებთ.


დაბლენდერებული სუპი გადავასხათ ქვაბში, დავუმატოთ მარილი, ფერადი წიწაკა და წამოვადუღოთ. დავუმატოთ სულ ცოტა მუსკატის კაკალი, ნაღები და უკვე გასატანად გამზადებულ სუპს მოვაყაროთ წინაწარ შემწვარი ბეკონის ჩიფსი. 



ვიდეო ვერსია ნახეთ აქ



ძირითადი კერძი: საცივი 3 თხილით


(თეკუნა გაჩეჩილაძის რეცეპტი)

დეკემბერი წარმოუდგენელია ყველასათვის საყვარელი საცივის გარეშე. ამ კერძის განსხვავებულ, თეკუნასეულ ვერსიას კულინArt-ში გადავაწყდი და ძალიან დამაინტერესა.


ინგრედიენტები:


• მოხალული თხილი – 200 გრ.

• გატარებული ნიგოზი – 200 გრ.

• დაბლენდერებული ნუში – 200 გრ.

• ხახვი – 2 ცალი

• ნიორი – 3-4 კბ.

• ფქვილი – 1 ს/კ.

• მარილი, ხმელი ქინძი, ბაჰარი, დარიჩინი, ყვითელი ყვავილი, კურკუმა, წითელი აჯიკა ან წითელი წიწაკა.

მომზადების წესი:

კარაქში მოვთუშოთ წვრილად დაჭრილი ხახვი და ნიორი, დავუმატოთ 1 ს/კ. ფქვილი და ცოტა ადუღებული წყალი ან ბულიონი. 


ამის შემდეგ დავუმატოთ 200 გრამი დაბლენდერებული ნუში (ნუში დავაბლენდეროთ ცოტა წყალთან ერთად). გადავიტანოთ ქვაბში და დავუმატოთ ნიგოზი, გატარებული თხილი და ადუღებული წყალი (წყლის რაოდენობა დამოკიდებულია თქვენს მიერ შერჩეულ კონსისტენციაზე) დავუმატოთ მარილი, ხმელი ქინძი, ბაჰარი, დარიჩინი, ყვითელი ყვავილი, კურკუმა, წითელი აჯიკა და ვადუღოთ 20-30 წუთი. 


ინდაური დავამარინადოთ 2 ლიტრ წყალში, 1 ს/კ შაქარი, ფორთოხლის წვენი 1 ც. და ცოტა დარიჩინი, მინიმუმ 12 მაქსიმუმ 24 საათი. კარგად გავამშრალოთ და ცოტა ხანი დავტოვოთ კარგად რომ გაშრეს (მნიშვნელოვანია ინდაური იყოს კარგად მშრალი). ამის შემდეგ კარგად ავურიოთ კარაქი, აჯიკა და წავუსვათ ინდაურს ყველა მხრიდან, ასევე კანქვეშ. გამოვაცხოთ 180 გრაუსზე 2-3 საათი, ბოლოს ავუწიოთ 200 გრადუსამდე. დავჭრათ ინდაური და მოვასხათ სოუსი.


ამ კერძის მომზადების ვიდეო ვერსიის სანახავად, თეკუნას Youtub channel-ზე გადადით


რეცეპტს გაეცანით აქ

დესერტი: ალფახორები - არგენტინული სამზარეულოს რეცეპტებიდან

ალფახორები იგივე alfajores, ესპანური დესერტია, რომელიც საკმაოდ წარმატებულად აიტაცეს ლათინურ ამერიკაშიც და დღეს ამ დესერტის მრავალი ვარიაცია გვხვდება. მას როგროც წესი, სადღესასწაულო, საშობაო პერიოდში ამზადებენ. 


ალფახორების მოსამზადებლად დაგვჭირდება:


  • 1 ცალი ლიმონი,
  • 200 გ ფქვილი,
  • 300გ სიმინდის სახამებელი,
  • 1/2 ჩაის კოვზი საჭმელი სოდა,
  • 200 გ კარაქი,
  • 2 ჩაის კოვზი საკონდიტრო საფუარი,
  • 150გ შაქარი, 3 ცალი კვერცხის გული,
  • 1 ჩაის კოვზი ვანილის ესენცია,
  • 1 სადილის კოვზი კონიაკი
  • 1/2 კგ მოხარშული შესქელებული რძე,
  • 100გ ქოქოსის ფანტელი.

მომზადების წესი:

ლიმონი კარგად გარეცხეთ, გაამშრალეთ, კანი გახეხეთ და დროებით გადადეთ.


განიერ თასში გაცერით ფქვილი, სიმინდის სახამებელი, საჭმელი სოდა და საფუარი. 


მეორე მინის თასში ჩადეთ კარაქი, დაუმატეთ შაქარი, ლიმონის ცედრა და კარგად ათქვიფეთ სანამ კრემის კონსისტენციის მასას არ მიიღებთ.


მომზადებულ მასას სათითაოდ შეათქვიფეთ კვერცხის გულები.


დაუმატეთ ვანილის ესენცია, კოიაკი და კარგად აურიეთ


მომზადებული მასა გაცრილ ფქვილს შეურიეთ და ხის კოვზით კარგად მოზილეთ, სანამ ერთგვაროვან, რბილ ცომს არ მიიღებთ


მაგიდაზე მოაყარეთ სახამებელი, ცომი ზედ გადაიღეთ, და ხელით გადაზილეთ. თუ ხელზე მიგეკრათ, ცოტა სახამებელი კიდევ დაუმატეთ. ცომი რბილი უნდა იყოს. 


სახამებელი ცომის საგლინველასაც მოაყარეთ და რამდენიმე ნაწილად გაყოფილი ცომი გააბრტყელეთ.


გაბრტყელებული ცომი 1/2 სმ სისქის უნდა იყოს. მისგან მრგვალი, დაახლოებით 7სმ დიამეტრის წრეები გამოჭერით.


ფრთხილად გადაიტანეთ კარაქსამულ საცხობ ფურცელზე. ცომის ნარჩენები ხელახლა მოზილეთ და დაჭერით.


წინასწარ გაცხელებულ ღუმელში შედგით და დაახლოებით 7 წუთი გააჩერეთ, სანამ არ გამოშრება. გამომცხვარი ფირფიტები ფრთხილად გადმოიღეთ.


სათითაოდ გადმოიღეთ და სწორ ზედაპირზე ცალ ცალკე დაალაგეთ. გააციეთ ოთახის ტემპერატურაზე.


გაცივებულ ფირფიტას წაუსვით მოხარშული შესქელებული რძე და ზემოდან მეორ ფირფიტა დაადეთ.


მომზადებულ ალფახორებს ხელით ნაზად დააწექით და გამოსული კრემი გვერდებზე კარგად გადაანაწილეთ და შემდეგ ქოქოსის ფანტელში ამოავლეთ.


მზა ალფახორები გადაიტანეთ განიერ თეფშზე და სუფრასთან ასე მიიტანეთ


არაფერი გვეხმარება სადღესასწაულო განწყობის შესაქმნელად, ისე როგორც ალკოჰოლური პუნში და შესაბამისი მუსიკა.


პუნშის დასამზადებლად იქონიეთ:


  • 75 მლ მანდარინის წვენი
  • 150 მლ ბენედიქტინის ლიქიორი
  • 225 მლ დიუარის უაითი, ვისკი ან კონიაკი
  • 300 მლ შტოშის წვენი
  • 1 ვანილის ჯოხი, კლემენტინის თესლები და სქლად დაჭრილი 3 მჟავე ალუბალი

მომზადების წესი:

ერთ დიდ ჭურჭელში შერეული ყველა ეს ინგრედიენტი მოვათავსოთ მაცივარში გამოყენებამდე 2-3 საათის განმავლობაში. სერვირებისთვის გადაიტანეთ ყინულებიან თასში და კარგად აურიეთ <3

ამ რეცეპტებისთვის ინგრედიენტების მოძიება ერთგულის პარტნიორ სუპერმარკეტების ქსელ „აგროჰაბში“ შეგიძლიათ.


ავტორი: ნინუცა ივარდავა