კოლექტიური ცეკვა ეგზისტენციალურ ნოტებზე
Tsa.Music...
თუ ქართულ მუსიკას გულშემატკივრობთ, მუსიკოსი, პროდიუსერი და ავტორ-შემსრულებელი
დავით დათუნაშვილი თქვენთვის უცხო კი არა, ძალიან ნაცნობი და განსაკუთრებული იქნება. თითქმის უკვე ორი დეკადაა მისი სახელი ყველაზე დასამახსოვრებელ, ჟანრობრივად განსხვავებულ პროექტებს
(Landmark, Okinawa Lifestyle, Jordan Blacksmith, DI, Masterknot) უკავშირდება და ახალ ჟღერადობებს არ ერიდება.
Სწორედ ასე არ მოერიდა მეინსტრიმულ პოპს და 2020 წელს ალბომი 6 Plus გამოუშვა, რომელსაც შარშან დარელიზებული “ზოგ ყვავილს უფრო ნაზი
მოპყრობა უნდა, თუ არ გაწვიმდა” მოჰყვა , რომელმაც ზამთრის ცივი დღეები გადამაგორებინა და უდაოდ შარშანდელი წლის გამორჩეული ნამუშევარია.
Წელს, თებერვლის დასაწყისში კი, 13 კომპოზიციისაგან შემდგარი ალბომი -
“შენ ხომ სხვებს არ ჰგავხარ” - გამოსცა, რომელიც ხასიათით და ჟღერადობით წინა ორის გაგრძელებაა.
ეს ალბომი გამოუსწორებელი რომანტიკოსია, მისი ჟღერადობა - ნაზი, სადა და პოეტურია, თუმცა ამის მიუხედავად ზოგიერთი კომპოზიციის ტექსტში ირონიანარევი სოციალური რეფლექსიაცაა, რაც ძალიან მომწონს.
“Სულ ახალი კორპუსები - მშენებარეე…
Სულ მალე გაიყიდებაა - მზე და მთვარეე…
Სულ ახალი ტელეფონი-განვადებაა…
Სულ ახალი მარკეტინგი-მოგონილიი…”
ალბომი ერთი ამოსუნთქვით ისმინება და მიუხედავად იმისა, რომ ტემპი ოდნავ დუნეა, ჰიპნოტურია და ძალიან უხდება ვოკალს. კომპოზიციები მარტივია, ჭარბობს საგიტარო პარტიები, რომელსაც ჯაზური ელფერი დაჰკრავს, აქა-იქ კი საესტრადო ფიუჟენი და სოულ ფანკია. Bubeat-მა და King Beats-მა , ტრადიციული, ქართული საცეკვაო ჟღერადობები გამახსენა. Სიმღერის მანერას ჩურჩულნარევ ღიღინს შევადარებდი:
“Რა ჩურჩული ესმით ჩემთა ყურთა, რა ჩურჩული, დამდაგველი, მწველი … “ ეს ციტატა ანა კალანდაძის ლექსიდან შემთხვევითობა არაა, ალბომის ერთ-ერთი გამორჩეული კომპოზიცია - სასიყვარულო ბალადა -
“როგორ მინდა შენთან, ჩემო მაგნოლია” - სწორედ მის ლექსზეა დაფუძნებული.
“ვით ფოთოლი შენი, მზეზე მოციმციმე,
ქარებს აჰყოლია
და წასულა შენგან, გაფრენილა შენგან,
მიწას დაჰკონვია,
ისე გული ჩემი სხვათა, სხვათა, სხვათა
უტყვი გამგონეა…
არ ვახსოვარ ალბათ, არ ვახსოვარ ალბათ,
ჩემო მაგნოლია! “
Მიუხედავად იმისა, რომ ცინუკი დადიანის შემდეგ, რთულია ვინმეს შესრულებული ”მაგნოლია“ მოგეწონოს, მე დავით დათუნაშვილის "მაგნოლიაც" ძალიან მომეწონა და ვიცი, რომ მას კიდევ ბევრჯერ მივუბრუნდები. მთლიანობაში ეს ალბომი მუსიკალურად ძალიან დახვეწილი და ლამაზი პოპბალადაა, ინდი პოპის და ჯაზ-როკის ელემენტები, მასში ძალიან ბევრია ფანკი. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ წინა ალბომებისგან განსხვავებით, აქ ყველა კომპოზიციის ავტორი და შემსრულებელი თავად დავით დათუნაშვილია. ერთიორად სასიხარულო და დასაფასებელია, რომ ასეთი ხარისხიანი ნამუშევარი ამ ჟანრშია გადაწყვეტილი და მგონი, ძალიან ხმამაღალიც არ ვიქნები, თუ ვიტყვი, რომ ახალი ქართული პოპის საზღვრებს სწორედ ეს 3 ალბომი ადგენს.
Საყვარელი კომპოზიციაა ყველა, Მაგრამ განსაკუთრებით: King Beats, "სულ ახალი", Erti Ori, "როგორ მინდა შენთან", "ჩემო მაგნოლია", Bubeat.
და ბოლოს, ყველაზე მთავარი:
ქართული მუსიკალური ინდუსტრია ჯერ კიდევ ფეხის ადგმის პროცესშია. სამწუხაროდ, მუსიკოსობა არცთუ ისე პერსპექტიული და შემოსავლიანი და თან ძალიან შრომატევადია. ასეთ მოცემულობაში განსაკუთრებით დასაფასებელია ყველა, ვინც მიუხედავად ამ გამოწვევებისა, ახალი მუსიკით გვანებივრებს. სწორედ ამიტომ ყველას მოგიწოდებთ, მხარი დაუჭიროთ ადგილობრივ არტისტებს, ბეევრჯერ უსმინოთ მათ კომპოზიციებს სტრიმინგ პლატფორმებზე, ან უკეთეს შემთხვევაში, ეწვიოთ Bandcamp-ს და შეიძინეთ მათი ალბომები.
ავტორი : სალომე ვარდანაშვილი