მუსიკა | ცა

DRO

ფოტო: თამუნა ქარუმიძე

ავტორი: სოფი წერეთელი


“სულ მგონია, რომ შემოქმედებითი პროცესისთვის იდეალური გარემო არ არსებობს მანამ, სანამ მას საკუთარ თავში არ შექმნი. თავად პროცესში ყველაზე მთავარ ნაწილად უბრალოდ პირველი ნაბიჯის გადადგმა მიმაჩნია. რა თქმა უნდა, ბევრად უფრო მარტივია თქვა, რომ არ შეგიძლია, მაგრამ თუ გადაწყვეტ, რომ სწორედ ახლა არის მუშაობის და შექმნის მომენტი, გზა თითქოს თავისით წაგიყვანს სწორი გადაწყვეტილებებისკენ.” 


სანდრო ფოფხაძე, იგივე DRO ქართულ მუსიკალურ სივრცეში არც თუ ისე დიდი ხნის წინ გამოჩნდა, თუმცა დებიუტი საკმაოდ მკაფიო და დასამახსოვრებელი იყო. მიუხედავად იმისა, რომ მისი ძირითადი მუსიკალური ენა ჰიპ-ჰოპ სამყაროს უკავშირდება, სანდრო აღნიშნავს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ემოციური ბმა სკეიტბორდინგთან აქვს, რაც საკმაოდ უცნაურად ჟღერს. 

“ყველაფერს, რასაც დღეს ვაკეთებ, რატომღაც სკეიტბორდინგს ვუკავშირებ, რადგან ვფიქრობ, რომ ამ კულტურის აღმოჩენა იყო ჩემი ყველაფრის საწყისი წერტილი. ზოგადად სკეიტბორდინგი უცნაურად ახლოს არის დაკავშირებული მუსიკასთან და ხელოვნებასთან, და თითქმის ყველა ადამიანი, ვინც ჩემს მუსიკალურ კარიერაზე გავლენა იქონია, სკეტბორდის დამსახურებით გავიცანი.”

©️ ლევან მაისურაძე

არტისტი იხსენებს, რომ თავად სკეიტერების სუბკულტურის წარმომადგენლებიც კი სხვადასხვა მუსიკალურ მიმართულებასთან აიდენტიფიცირებდნენ თავს - ერთის მხრივ იყვნენ ‘პანკი’ ან ‘მეტალჰედ’ სკეიტერები, მეორეს მხრივ კი ჰიპ-ჰოპის მოყვარული ‘განგსტა’ სკეიტერები. საკვირველია, მაგრამ სანდროს ისტორია არა ჰიპ-ჰოპის მოყვარულებში, არამედ მეტალჰედების ბანდაში დაიწყო.


"წლების წინ მე და ჩემი სკეიტერი მეგობრები 24/7-ზე ვუსმენდით მძიმე მეტალს. განსაკუთრებით მაოცებდა Black Sabbath, Ozzy Osbourne და King Diamond-ის მუსიკა. მათი მოსმენისას სულ მინდებოდა, რომ მეც მეტალ ბენდის ვოკალისტი ვყოფილიყავი. სულ მინდოდა, რომ რამენაირად სცენაზე მოვხვედრილიყავი და ის ენერგია თუ ემოციები, რომლებსაც ეს მუსიკოსები გამოხატავდნენ, მეც იგივენაირად გადმომეცა."


სხვადასხვა ბენდების ლაივის მოსმენის შემდეგ სანდრომ კარგად გააცნობიერა, რომ საკუთარი ემოციის სცენაზე გადმოცემა გრძელი თმების, წარწერებიანი მაისურების და სხვადასხვა ვიზუალური ატრიბუტის ტარებაზე ბევრად რთული პროცესი იყო. ზუსტად ამ ეტაპზე მისმა მუსიკალურ გემოვნებამ საინტერესო ტრანსფორმაცია დაიწყო: 

©️ თამუნა ქარუმიძე

"15-16 წლის ასაკში 'შევჯექი' DUB-ზე, Drum & Bass-ზე და ნელ-ნელა თრეფზეც. იმ პერიოდში დავუახლოვდი მაქსიმე მაჩაიძეს და მეტალ კონცერტების ნაცვლად Kung-Fu Junkie-ს ლაივებზე სიარული დავიწყე, Ozzy-ის და Sabbath-ის მაგივრად კი ASAP Mob-ს და Kanye West-ს ვუსმენდი. ამავდროულად გადავეყარე ძველ მეგობარ ბაჩო კაცაძეს (Toyshen-ის წევრს), რომელიც ჩემს მსგავსად მეტალიდან ჰიპ-ჰოპზე გადავიდა და ბითებს აკეთებდა. ზუსტად ასე მოხდა: ორმა ყოფილმა მეტალჰედმა გადავწყვიტეთ შეგვეკრა ჰიპ-ჰოპ ჯგუფი მძიმე ვაიბით, რომელსაც შემდეგ MANGIPHERA დავარქვით.”

შემოქმედებითი პრიორიტეტების თანხვედრის გამო DRO ძალიან მალე შემოქმედებითი გაერთიანება LTFR-ის წევრიც გახდა. ის მიიჩნევს, რომ ქართულ მუსიკალურ რეალობაში ერთ-ერთ ყველზე ინოვატორული კოლექტივის ნაწილად ყოფნა ძალიან საინტერესო გამოცდილებაა, რადგან LTFR ყოველთვის განსაკუთრებულ შემოქმედებით ხაზს ირჩევს, როგორც ჟღერადობის, ასევე ვიზუალური გამოხატვის კუთხით. 


გარდა ამისა, არტისტი აღნიშნავს, რომ სტუდიური რუტინის სხვებთან გაზიარება მისი არტისტული განვითარებისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია. ამის ძალიან კარგი მაგალითია kordz-თან ერთად ჩაწერილი კომპოზიციებიც: 

“როდესაც kordz-ის ლაივი პირველად მოვისმინე გაოგნებული ვიყავი, და ძალიან მომინდა რომ ერთად გვემუშავა. თავიდანვე დავმეგობრდით და ზოგადი გემოვნების გარდა, ამაში დიდ წილად იუმორის გრძნობაც დაგვეხმარა. ის, რომ საკამოტოს ნაწარმოებისგან თრეფ კომპოზიციის გაკეთება შეიძლება ან ის, რომ მთელს ტრეკში კოკა-კოლაზე მღერი, ჩვენთვის თავიდანვე ძალიან გასართობად ჟღერდა.“

ჩვენთან საუბარში სანდრომ ისიც გაამხილა, რომ მისი და kordz-ის უცნობი ნამუშევრები მალე ერთიანი კრებულის სახით იხილავს დღის სინათლეს. თუმცა ეს ყველაფერი არ არის - არტისტი უკვე სადებიუტო ალბომზე მუშაობს, რომელშიც აქცენტი კონცეპტუალური მუსიკალური თემების გარდა, ვიზუალურ მხარეზე გამახვილდება, რაც კლიპების გადაღებასაც გულისხმობს. ამის გარდა, მისი მიზანია DRO x TAMRA skateboards -ის ტანსაცემლის და სკეიტბორდის დაფების გამოცემა, რაც იმედია, რომ უახლოეს მომავალში რეალობად იქცევა. მიუხედავად ამდენი აქტივობისა, DRO წარმატებას მატერიალურ ფორმებში მაინც არ ზომავს. ის მიიჩნევს, რომ წარმატების კონცეპტის მხოლოდ მატერიალურ მხარეზე დაყვანა უბრალოდ სასაცილოა: 

©️ თამუნა ქარუმიძე

“მგონია, რომ მთავარია დღის განმავლობაში იპოვო თუნდაც ხანმოკლე თავისუფლების მომენტი და აკეთო ის რაც გიყვარს. ზოგისთვის ეს შეიძლება იყოს მუსიკა, ზოგისთვის სკეიტზე კატაობა, ზოგისთვის ფილმების ყურება ან კითხვა. ეს მცირე ბედნიერების მომენტები ყველაფერს ცვლის. ჩემთვის ეს მომენტი ამჟამად მუსიკის წერის დროს დგება.”