Soft Eject-ის დროის მიღმა კავშირები

ფენიქსივით კვლავ აღმდგარი Soft Eject-ის უახლესი ალბომი სახელწოდებით Time Connection, გაორებულ ასოციაციას იწვევს. ერთი მხრივ  კლასიკური Eject-ჟღერადობა, ინტონაციები, მელოდიური სვლები, ვოკალის „ფლოუ“, პედანტური არანჟირება, სოფთ როკ პოპ ფოლკის გამოძახილიც, ყველა ეს საფირმო ატრიბუტიკა, რა თქმა უნდა, პროგნოზირებადი იყო, მაგრამ მეორეს მხრივ სახეზეა მუსიკალური ვექტორის შემოტრიალება, ე.წ. კამერული პოპის (ან ბარიკო პოპის) მიმართულებით. ეს ტრენდიც იკვეთებოდა მათ ადრეულ ნამუშევრებში, მაგრამ აქ, ფაქტიურად განმსაზღვრელია არა მხოლოდ ფაქტურის, არამედ წმინდა ესთეტიკური თვალსაზრისითაც.


ფაქტია, რომ დაღვინებულ მუსიკოსებზე, უკვე აშკარად ისახება კლასიკური მუსიკის გამოცდილება. მაგრამ, მთავარი მოულოდნელობა მაინც არის ის, რომ ეს ალბომი ჯობია ყველაფერ იმას, რაც Soft Eject-ს გამოუშვია 30 წლიანი კარიერის განმავლობაში, ეს კი ვეტერანი ბენდების კარიერაში საკმაოდ იშვიათად გვხვდება, მაგრამ თუ ჩავუღმავდებით, თუ რა იყო ამ ალბომის შემნის იმპულსები, მაშინ ყველაფერი გასაგები გახდება. 

სოფთ ეჯექთის კოზირი ყოველთვის იყო მონოლითურობა, მისი წევრები თინეიჯერული ასაკიდან მეგობრობდნენ და მუსიკის გარდა ცხადია ბევრი რამ აკავშირებდათ ერთმანეთთან, როკ ბენდის შემთხვევაში კი ეს „ბევრი რამ“(პიროვნილი ფაქტორი, საერთო ღირებულებები და სულისკვეთება)  ხშირად უფრო მუშაობს,  ვიდრე წმინდა მუსიკალური უნარები.   მათი შემოქმედებაც ამის დადასტურება იყო, ისინი თითქოს კვებავდნენ ერთმანეთს, და ის სისავსე, ჰარმონია და ხარისხი, რაც მათი მუსიკიდან მოდიოდა, და რამაც განაპირობა მათი პოპულარობა,  სწორედ ამის რეზულტატი იყო. გასაგები მიზეზების გამო, ისინიც დაიშალნენ, რამეთუ წარმატებული მუსიკით არსებობაც კი, ჩვენში მაინც შეუძლებელია.

აი გადის 20 წელზე მეტი და ძველი მეგობრები დარწმუნდნენ, რომ თურმე კვლავ საინტერესოები არიან ერთმანეთისთვის, კვლავ შეუძლიათ ერთმანეთი გაამდიდრონ ემოციურად, მენტალურად, შემოქმედებითაც და ისევე მხიარულად გაატარონ დრო, როგორც ადრე, მით უმეტეს, როცა რუტინა და მატერიალურ პროფესიონალური ბექგრაუნდი არ გამძიმებს(ამისთვის სხვა საქმიანობები აქვთ). ეს ყველაფერია გახდა სწორედ იდეალური იმპულსი კოლექტიური შემოქმედებისთვის და რეზულტატიც სახეზეა, ძველი მეგობრების 42 წუთიანი ახალი აკუსტიკური თავგადასავალი, ალბომი Connecting Times. მუსიკალურად მდიდარი, დახვეწილი, უამრავი მელოდიური იდეებით გაჯერებული, ჩემი გემოვნებით შეიძლება უკეთესი ყოფილიყო მინიმალური ძუნწი არანჟირებება და ავთენტურ მასალის lo fi ესთეტიკით დააფიქსირება, მაგრამ „სოფტ ეჯექთ“ ყოველთვის პერფექციონისტები იყვნენ, თითოელი ნოტისთვის, მელოდიური პასაჟისთვის, ტონალობისთვის, შესაბამისი ინსტრუმენტალური ფაქტურის მოძიებით შეპყრობილნი.


ეს მათი აკუსტიკური სახეა, რომელიც ამ ალბომშიც მკვეთრად არის ხაზგასმული. ალბომი იწყება პოპ ფოლკ ტრეკით Stawberry Wood, რომელიც გვახსენებს, თუ რომელ ბენდთან გვაქვს საქმე. შემდეგი Silver Rain, ეს უკვე კამერულ პროგ პოპ კომპოზიციაა, მდიდრული, ორკესტრირებული არანჟირებით, ყველა დეტალი რომ სკრუპულოზურადაა გათვლილი, მოულოდნელი ტრაექტორიებით გამდიდრებული (ბავშვთა ქორო, ქრუნერული ვოკალ ინექცია), არის ბევრი პათეტიკაც, ბაგრამ „ეჯექთი“-სეული მელოდიური სისადავე „ამიწებს“ ამ პათეტიკას. ანუ ესთეტიკა განაპირობებს ფორმატს, ანდაც პირიქით. 

მომდევნო Open Your Eyes-ში სიმღერის ხერხმალი კია მყიფე, სამაგიეროდ, ალტი-ჩელო პასაჟები და მძაფრი ვოკალ ფრაზირება ყველაფერს „აპრავებს“. მორიგ ტრეკში - Blue Summer Song =ვოკალი კვლავ გვაბრუნებს ტრადიციულ „ეჯექთ“-თან და კვლავ გადამწყვეტი ხდება იდეალურად შერჩეული საუნდი, მოსვინგავე რიტმი, ქალთა ვოკალური გუნდი(ალბათ) ნათელი ხდება ისიც, რომ სწორედ სიმებიან ინსტრუმენტების ჟღერადობა- არანჟირებას ენიჭება არანაკლებ სერიოზული ფუნქციონალური დატვირთვა ალბომში, ვიდრე მელოდიზმს. რიგით 5-ე ტრკი Tell Me Where, ძველ მოდური, სინგერ სონგრათერული ანგლო-საქსური ფოლკი, ცოტას რომ წაუბანალურებს ისეთი, მომდევნოში Joints Connecting Times, ვოკალის ხასიათიც იცვლება(ქალის ხმაა აშკარად), ჰარმონიაც გამართულია, დრამიც ეფექტურად ამოძრავებს მუსიკალურ მასას, მაგრამ მელოდიას აშკარად აკლია ორიგინალობა, ორკესტრმაც კი ვერ იტვირთა ის ფუნქცია, რაც წინა ტრეკებში და შესაბამისად ტრეკი პროგნოზირებადი და ცოტა მოსაწყენი ხდება. 


მუსიკა კვლავ ბრუნდება „ეჯექთის“ კალაპოტში ტრეკში, Goodbie Blackbird, რაც სასიამოვნო კომფორტს იწვევს, აქცენტირდება ფორტეპიანო, რაც არ იყო მანამდე, უცებ კი იმასაც ხვდები, რომ აშაკარაა ალუზიაა პოლ მაკარტნის პოსტ ბიტლურ მუსიკაზე. იგივე ტრენდი გრძელდება მომდევნო ტრეკშიც, If You Realize, ძველ მოდური 70-იანების მელოდიური ბალადა, რომელიც უკვე პოსტ-ბიტლ ჯორჯ ჰარისონს გავს, ვოკალითაც კი. შემდეგი Silent Swim, 60-იანების ბრიტ-პოპ ფსიქოდელიის სულისკვეთება, მარშით და სასულე სექციის მოკლე ფრაზებით, შეიძლება გაგვახსენდეს ჯონ ლენონის ბიტლური აჩრდილებიც, ბოლოსკენ ლამის ჯორჯ მარტინის მეთოდიც, როცა არანჟირება ძლიერდება დამხმარე მელოდიური ხაზის შემოყვანის ხარჯზე.

საინტერესოა რომ აი ამ ბიტლ-ასოციაციურ ტრეკებში, საუბარი ეპიგონიზმზე სრულიად უადგილოა, რადაგანაც სამივე ტრეკში „სოფტ ეჯექტი“ ინარჩუნებს მუსიკალურ სახეს სწორედ საკუთარი სპეციფიური მანერიზმის ხარჯზე. უბრალოდ ფაქტია, რომ მოზარდული იმპულსები და ფეტიშები, თან ისეთი, რომელმაც დიდ წილად ჩამოაყალიბა თავის დროზე „შენი“ შინაგანი სამყარო, არსად იკარგება, სისტემატიურად ამოდის ზედაპირზე, და ამისგან გაქცევა რომ უაზრო კეკლუცობაა, ამის მკაფიო ნიმუშია სწორედ ეს სამი ტრეკი.


ალბომის ეპილოგი Swinging Song, სიმღერა ჩელოთი, ალტით, გიტარით და ნაწყვეტით მოცარტის მე-11 სონატიდან, რაც ლოგიკურია ალბომის საერტო კონცეფციიდან გამომდინარე .

რეზიუმეს სახით მინდა ვთქვა შემდეგი:


ის რაც არ მომეწონებოდა მაგალითად დღევანდელ ბრიტანულ მუსიკაში, ანუ ნაცნობი ხერხებით და მეთოდებით მუსიკის კეთება, ძალიან ფასეულია ქართული რეალობისთვის. ჩაწერო ასეთი გამართული და დახვეწილი ფუნქციური „კლასიკური“ მუსიკალური პროდუქტი, ლამის შეუძლებელია ჩვენში. მთავარი რაც აკლია თანამედროვე ქართულ სიმღერებს დღეს, არის გამჭირვალეობა, სიმსუბუქე და მელოდიური მოქნილობა, რაც ძალიან ბევრია ამ ალბომში. მაგრამ მეორეს მხრივ, ქართულია „სოფტ ეჯექთ“-ის ეს სიმღერები? თუ აქ საქმე გვაქვს ქართველების მიერ ჩაწერილ „ბრიტანულ“ სიმღერებთან?- (პირადად ჩემთვის) საკითხავი აი ეს არის.

ავტორი: გია ხადური