აქტუალური მუსიკა, რომელიც არ ემორჩილება დროს

„მნიშვნელობა არ აქვს, როდის იქმნება მუსიკა, ის შეიძლება აქტუალური გახდეს ნებისმიერ დროს, რადგან აქტუალურობა არ გულისხმობს რომელიმე კონკრეტულ ჟანრთან კავშირს. აქტუალურია მუსიკა, რომელიც არ ემორჩილება დროს.“ - პიანისტი თამრიკო კორძაია უკვე 15 წელზე მეტია Close Encounters-ის კურატორი და შემოქმედებითი ხელმძღვანელია. 

ამ ფესტივალის მიზანია, განსხვავებული მუსიკალური ტრადიციების, პარადიგმების და თაობების ერთ სივრცეში თავმოყრა და მათთვის სრული შემოქმედებითი თავისუფლების მიცემა. ამ მიდგომის დამსახურებით კი Close Encounters აქტუალური მუსიკის ერთ-ერთ მთავარ პლატფორმად ჩამოყალიბდა, რომელიც შვეიცარიის და საქართველოს კულტურულ სივრცეებს აახლოვებს. 

კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე, ფესტივალის შვეიცარული ნაწილი წელს ფიზიკურ გარემოში ვეღარ ჩატარდა. სანაცვლოდ კი, 15 აპრილს ონლაინ სესია გაიმართა, რომლის ფარგლებშიც გორის ქალთა გუნდმა ქართული ელექტრონული მუსიკის სცენის არტისტებთან, ალექსანდრე კორძაია (kordz), ანუშკა ჩხეიძე, გიორგი კობერიძე (Cobert) და სანდრო ჩინჩალაძესთან (Tete Noise) ითანამშრომლა. 27 ივნისიდან კი ფესტივალის ქართული ნაწილი იწყება, რომლის ფარგლებშიც 5 კონცერტი გაიმართება.

27 ივნისს ფესტივალი ქართველი კომპოზიტორის, მიხეილ შუღლიაშვილის 80 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამოთი გაიხსნება. სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის თამრიკო კორძაიამ შუღლიაშვილის მიერ დაწერილი და წლების მანძილზე დაკარგული ნაწარმოების, მულტიპლიკაციის” სტუდიური ჩანაწერი შექმნა. იმავე დღეს ფესტივალის საკონცერტო პროგრამის მონაწილეები კეტი ვან ეკი, ქრისტიან მიულერი და რეზო კიკნაძე იქნებიან. 

მომდევნო დღეს Close Encounters-ის საღამოს ახალ თეატრში გახსნის შვეიცარიელ-ჰოლანდიელი საუნდ-არტისტი და კომპოზიტორი კეტი ვან ეკი. ფესტივალის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ პიტერ კონრადინ ცუმთორის ორი ახალი ნაწარმოების პრემიერა მოისმინონ, რომელიც სპეციალურად ფესტივალის დაკვეთით შეიქმნა. კომპოზიციებს, რომლებიც სოლო ფორტეპიანოსთვის არის შექმნილი, ქართველ-შვეიცარიელი პიანისტი თამრიკო კორძაია შეასრულებს. საღამოს ასევე ვხვდებით შვეიცარიელ ტრიოს, SÆITENWIND-ს. ისინი ლაივ-ელექტრონიკის ესთეტიკის გათვალისწინებით მსმენელს ახალგაზრდა შვეიცარიელი კომპოზიტორების ნაწარმოებებს გააცნობენ.

29 ივნისს კონცერტი გაიხსნება კრისტიან მიულერისა და ჟაკ დემიერის დუეტით, ორი გამორჩეული შვეიცარიელი იმპროვიზატორის სპეციალურად ფესტივალისთვის შექმნილი სეტით. საღამოს მეორე ნაწილს დაიპყრობს გორის ცნობილი ქალთა გუნდი და ოთხ ახალგაზრდა ქართველ მუსიკოსთან - სანდრო ჩინჩალაძესთან (TeTe Noise), ანუშკა ჩხეიძესთან, გიორგი კობერიძესა და ალექსანდრე კორძაიასთან (kordz) კოლაბორაციის ფარგლებში წარმოგიდგენთ ოთხ ახალ კომპოზიციას, რომელიც შექმნილია როგორც ვოკალური ანსამბლისთვის, ასევე ელექტრონული და აკუსტიკური ინსტრუმენტებისთვის. პროექტი შეიქმნა ფესტივალის დაკვეთით.

ფოტო: ლევან მაისურაძე

30 ივნისს მსმენელს შესაძლებლობა ექნება შვეიცარიელი პიანისტის და კომპოზიტორის, ჟაკ დემიერის თვითმყოფად და ფანტაზიით სავსე მუსიკას გაეცნოს. ასევე ნინო და თამარ ჟვანიას შესრულებით გაჟღერდება ნატალია ბერიძის კომპოზიცია Letters from Risi (წერილები რიზიდან). აღნიშნული კომპოზიცია ფესტივალის დაკვეთით შეიქმნა, ხოლო არტისტის შთაგონების წყაროდ პატარა შვეიცარიულ სოფელ Risi-ში 2020 წლის ფესტივალის ფარგლებში სტუმრობა იქცა. 

პირველ ივლისს გიორგი ერისთავის სახელობის გორის სახელმწიფო დრამატული თეატრის სივრცეს კვლავ დაიპყრობს გორის ცნობილი ქალთა გუნდი ოთხ ახალგაზრდა ქართველ მუსიკოსთან, სანდრო ჩინჩალაძესთან (TeTe Noise), ანუშკა ჩხეიძესთან, გიორგი კობერიძესა და ალექსანდრე კორძაიასთან (kordz) ერთად. კოლაბორაციის ფარგლებში წარმოგიდგენთ ოთხ ახალ კომპოზიციას, რომელიც შექმნილია როგორც ვოკალური ანსამბლისთვის, ასევე ელექტრონული და აკუსტიკური ინსტრუმენტებისთვის. 

ფოტო: თაკო რობაქიძე

გორის თეატრის სცენა უმასპინძლებს კრისტიან მიულერისა და ჟაკ დემიერის დუეტს. ფესტივალი დასრულდება კეტი ვან ეკის ახალი კომპოზიციით, რომელიც შვეიცარიელ-ჰოლანდიელმა საუნდ-არტისტმა სპეციალურად Close Encounters 2021-ისთვის შექმნა და რომელსაც ფესტივალში მონაწილე ყველა მუსიკოსი შეასრულებს.

პროგრამის ამ ნაწილის დასასრულის შემდეგ ფესტივალი 2022 წლის გაზაფხულზე შვეიცარიის სხვადასხვა ქალაქში გადაინაცვლებს, როგორც ქართველი, ასევე შვეიცარელი მუსიკოსების მონაწილეობით.

ფოტო: რეზი ხუნწელია