ბიზნესი

ბიზნესდაჯილდოება 2020-ის მონაწილეები | საუკეთესო სტარტაპისთვის

წარმოგიდგენთ ბიზნესდაჯილდოება 2020-ში მონაწილე ბიზნესებს. ამჯერად გაგაცნობთ კომპანიებს, რომლებიც მონაწილეობენ ნომინაციაში საუკეთესო სტარტაპისთვის

ნოემბერი 12, 2020

Buybnb

Buybnb საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც უძრავი ქონების მყიდველებსა და ინვესტორებს ანალიტიკური მონაცემების საფუძველზე ბინების  შემოსავლიანობის სამომავლო პერსპექტივებს აცნობს. ამჟამად კომპანიის ბაზაში 15-ზე მეტი ქართველი და უცხოელი ინვესტორია, რომლებიც უძრავი ქონებისა და გაქირავების ბაზარზე მომგებიან საინვესტიციო შესაძლებლობებს ეძებენ.


სტარტაპი შეიქმნა Wehost-ის გუნდის წევრების ბაზაზე, რომლებსაც საქართველოს სხვადასხვა ქალაქში 270-ზე მეტი ბინის მართვის გამოცდილება აქვთ. Buybnb-ს მომსახურება მოიცავს გაქირავებული ბინების მონაცემთა ანალიტიკას, სამომავლო პროგნოზების გაკეთებას, შეფასების სერვისს და გაუქირავებელი ბინების შედარებით ანალიზს მსგავსი ლოკაციის და მახასიათებლების მქონე ბინებთან.

Buybnb

Wowchy - ვაუჩი

საჩუქრის შერჩევა, როგორც წესი, განსაკუთრებულ ძალისხმევას, დროს და ფანტაზიას მოითხოვს. ამ პროცესის გასამარტივებლად საქართველოს ბაზარზე სასაჩუქრე ბარათების პირველი ონლაინ მაღაზია გამოჩნდა, სადაც მომხმარებლებს სახლიდან ან ოფისიდან გაუსვლელად შუეძლიათ შეარჩიონ ცნობილი ბრენდების სასაჩუქრე ბარათები, გადაიხადონ ონლაინ, მიიღონ პროდუქტი სასურველ მისამართზე ან პირდაპირ ადრესატს გაუგზავნონ მზა საჩუქრის ფორმით. ვაუჩი 2020 წლის აგვისტოში შეიქმნა და მომხმარებელს საჩუქრის შესაძენად უკვე 30 კომპანიის პროდუქციას სთავაზობს.

Wowchy

Spaguletti

ხშირად საკმაოდ რთულია ისეთი პროდუქციის მოძებნა, რომელიც არ შეიცავს ქიმიურ ელემენტებს და სრულიად ჯანსაღია. Spaguletti სწორედ ასეთ პროდუქტს ქმნის. კომპანია აწარმოებს  ნაყინს, რომელიც მზადდება ნატურალური პროდუქტებით და სეზონური ხილით. მიუხედავად იმისა, რომ ბრენდი რამდენიმე თვის წინ შეიქმნა, Spaguletti-ის შესაძლოა უკვე შეხვედროდით რამდენიმე ფესტივალზე. მომხმარებლისთვის კომფორტის შესაქმნელად სტარტაპი სამომავლოდ კაფის გახსნასაც გეგმავს.

Spaguletti

ვაფლერი - Waffler

ვაფლერი ჯიხურის კონცეფციაზე შექმნილი ბრენდია, რომელიც ბათუმის ყველაზე ხალხმრავალ ადგილზე ადგილობრივებსა და ტურისტებს სხვადასხვა ფორმის, ზომისა თუ შიგთავსის ვაფლს სთავაზობს. ფერადი და მრავალფეროვანი პროდუქციით შექმნილი პოზიტიური განწყობა ბრენდის მთავარი მამოძრავებელი ძალაა. ვაფლერი ბათუმის მასშტაბით უფრო მეტი მომხმარებლის მიღებას გეგმავს, გრძელვადიან პერსპექტივაში კი აპირებს გასცდეს ქალაქის საზღვრებს და აითვისოს ტურისტული ადგილები საქართველოს მასშტაბით.

Waffler

Art Georgia E&J Handame

თუ ვინტაჟური აქსესუარები გიყვართ, Art Georgia E&J Handame ნამდვილად დაგაინტერესებთ. ეს ხელნაკეთი ნივთების ბრენდია, რომლის პროდუქციის ძირითადი ნაწილი ტიხრულ მინანქარი და ტყავის ჩანთებია. ბრენდს ხშირად შეხვდებით ქუჩის ბაზრობებსა და გამოფენა-გაყიდვებზე.

Art Georgia E&J Handmade

TS Travel

TS Travel 1 წლის სტარტაპია. კომპანია დაარსდა მას შემდეგ, რაც დამფუძნებელმა ტურიზმისა და ბიზნეს ადმინისტრირების სფეროში დაგროვებული განათლების პრაქტიკაში განხორციელება გადაწყვიტა. TS Travel-ის მთავარი ნიშა მომსახურების მაღალი ხარისხია. ამჟამად ტურისტული კომპანია, გეგმავს და აორგანიზებს როგორც ქვეყნის შიდა, ისე გარე ტურებს. სამომავლო გეგმები კი მსხვილი კომპანიების კონკურენტულ ბაზარზე შესვლას უკავშირდება.

TS Travel

ენოვუსი

მაღალი ხარისხის ენერგოეფექტური პროდუქტები, ერთი მხრივ, ეკო მეგობრულია, მეორე მხრივ კი ფინანსებისა და რესურსების დაზოგვის საშუალებას იძლევა. სწორედ ასეთ პროდუქციას სთავაზობს მომხმარებელს ენოვუსი.


თანამედროვე ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის სტარტაპის ამოცანაა მომხმარებელს მიაწოდოს ენერგოეფექტური გადაწყვეტილებები როგორც ლედ განათების, ისე განახლებადი ენერგიის გამოყენების მიმართულებით. ენოვუსის სპეციალისტებს შეუძლიათ ენერგოეფექტურობისთვის საჭირო პროექტების დაგეგმვა და განხორციელება მომხმარებლის სურვილის შესაბამისად. 

ენოვუსი

ესთეტიკური მედიცინის ევროპული ცენტრი

ცენტრი ორი თვეა ფუნქციონირებს და მომხმარებელს სთავაზობს სხვადასხვა სახის პროცედურას თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით. აქ მომსახურების სივრცესთან ერთად, ფუნქციონირებს სასწავლო სივრცეც, რომელშიც გუნდის პროფესიონალი წევრები თავიანთ ცოდნასა და გამოცდილებას უზიარებენ ერთმანეთს. სტარტაპის მიზანია საქართველოში განახორციელოს ესთეტიკური მედიცინის სფეროში არსებული საერთაშორისო ინიციატივები და აამაღლოს ცნობიერება ამ მიმართულებით.

ესთეტიკური მედიცინის ევროპული ცენტრი

მინერალური ქვები/AccessoriesTaia

ხელნაკეთი სამკაულების სტარტაპი, მინერალური ქვები/AccessoriesTaia წელიწადზე მეტია არსებობს და მომხმარებელს ბუნებრივი მინერალური ქვებით დამზადებულ პროდუქციას სთავაზობს. გარდა უშუალოდ ნივთებისა, ბრენდის სოციალურ ქსელებში შეხვდებით საინტერესო ინფორმაციას მინერალების თვისებების შესახებ. სტარტაპი მუშაობს ინდივიდუალურ, მომხმარებელზე მორგებულ შეკვეთებზეც.

მინერალური ქვები/AccessoriesTaia

361

361 სერვისია, რომელიც მომხმარებელს ეხმარება დაჯავშნოს ადგილი სხვადასხვა სახის ტრანსპორტში საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილებისას.


თავდაპირველად 361-ის გუნდმა იდეა სატესტო რეჟიმში განახორციელა, რათა შეესწავლა არსებული მდგომარეობა. მას შემდეგ, რაც იდეამ გაამართლა, გუნდმა გააფართოვა საქმიანობა და დაიწყო საქართველოს თითქმის ყველა სატრანსპორტო სადგურიდან ინფორმაციის მოძიება. კომპანიას უკვე ჰყავს 40 ოფიციალური პარტნიორი ავტოსადგური. უახლოეს მომავალში  361 გეგმავს საიტისა და აპლიკაციის შექმნას, სადაც რეგისტრაცია შეეძლებათ როგორც მომხმარებლებს, ისე პროვაიდერ ავტოსადგურებს.

361

22-ე ოთახი - 22ND ROOM

იდეა 18 წლია ასაკში გაჩნდა, როდესაც დამწყები არქიტექტორი დილემის წინაშე აღმოჩნდა: ჰქონოდა უკეთესი ხელფასი და ბიუროკრატიული სამუშაო ან განვითარებულიყო შემოქმედებითად და და საკუთარი თავისთვის კონცეპტუალური თავისუფლება მიეცა. 5 წლიანი წინააღმდეგობებით სავსე გზის შემდეგ, ამ ორის ბალანსი საკუთარი სტარტაპი აღმოჩნდა, რომელიც პროგრესისკენ მომართული ადამიანებისგან შეიქმნა. 22-ე ოთახმა ოფიციალური საქმიანობა წელს დაიწყო. კომპანია მუშაობს შენობების გრაფიკულ დიზანიზე, რენდერებსა, მაკეტებზე და წინ განვითარების დიდ გეგმებს სახავს.

22nd Room

AAG - აშენდი აგრო საქართველო  

AAG - აშენდი აგრო საქართველო 2018 წელს დაარსდა და მას შემდეგ აქტიურად მოღვაწეობს სოფლის მეურნეობის საქმიანობაში. კომპანიამ შექმნა ევროპული სტანტარტების შესაბამისი მეღორეობის კომპლექსი, სადაც ყველაზე დიდ მნიშვნელობას ბიო უსაფრთხოებას და კვების რაციონს ანიჭებენ, რათა მომხმარებელს მიეწოდოს ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო პროდუქტი. სტარტაპმა გაყიდვები მხოლოდ წელს დაიწყო და წელსვე გახდა ლიდერი ქართულ ბაზარზე, როგორც წარმოების, ასევე გაყიდვების რაოდენობის თვალსაზრისით. მომდევნო ორი წლის განმავლობაში AAG-ში წარმოების გაორმაგება იგეგმება.

Ashendi Agro Georgia

მალი

2 თვეა, რაც ბაზარზე ქართული მიტანის სერვისი - მალი - გამოჩნდა. სტარტაპი გამორჩეულია ხელსაყრელი პირობებით როგორც მომხმარებლისთვის, ისე პარტნიორი კომპანიებისთვის. კომპანია აპირებს გასცდეს თბილისის ფარგლებს და სრულიად საქართველო დაფაროს. დამფუძნებლებო მიზნად ისახავენ, რომ მომავალში ოპერირება არა მხოლოდ ქვეყნის, არამედ რეგიონის მასშტაბით გააგრძელონ.

მალი

ჩაიყარე

ვეგეტარიანული სახემსი „ჩაიყარე“ ახალი ქართული პროდუქტია, რომელიც პოპულარულია როგორც ბავშვებში, ისე მოზარდებში. ეს არის ყველასთვის საყვარელი შემწვარი კარტოფილი, სხვადასხვა სახის ტრადიციული გემოს 7 სხვადასხვა სახეობის სოუსთან ერთად, როგორებიცაა ტყემლები, სვანური მარილის და ტარხუნის სოუსები და ა.შ.


„ჩაიყარე“ ბაზარზე აგვსტოში გამოჩნდა, და ამ ეტაპზე მხოლოდ ღია ცის ქვეშ გამართულ ღონისძიებებზე არჩია გამოჩენა, სადაც ძალიან დადებითი შეფასებები დაიმსახურა. დაწყებიდან დღემდე ბიზნესმა დააგენერირა საკმარისი ბიუჯეტი და რესურსი ორი ფილიალის ფუნქციონირებისთვის. ამ ეტაპზე სტარტაპი მზადაა გახსნას მესამე ფილიალი უკვე კონკრეტული, მუდმივი ლოკაციით.

ჩაიყარე

მზე

რის შემადგენლობაში შეიძლება იყოს ისეთი არომატები, როგორებიცაა საფერავი, ტარხუნა, ლიმონი? - ალბათ საპონზე არ გიფიქრიათ.


„მზე“ ქართული თხევადი საპნის ბრენია, რომელიც იქმნება ავთენტური და ნატურალური არომატებით. სტარტაპის მთავარი პრინციპია, იყოს უკომპრომისო ხარისხთან დაკავშირებით ბიზნესის განვითარების ყველა ეტაპზე. ბოლო პერიოდში ბრენდმა პროდუქციაში დაამატა ახალი ხაზი - თხევადი საპონი ანტიბაქტერიული მოქმედების ნატურალური ინგრედიენტით და სადეზინფექციო გელი. მათ შემადგენლობაში არის ნატურალური არომატიზატორები, რომლებიც ასევე გამოიყენება კვების პროდუქტებში და სასმელებში, რისი ანალოგის ბაზარზე მოძებნა საკმაოდ რთულია. სტარტაპის სამომავლო გეგმაა ორგანული კრემების და თვის მოვლის საშუალებების წარმოება.

იანდექს ტაქსი (ტაქსოპარკი)

იანდექს ტაქსის (ტაქსოპარკის) საქმიანობის სფეროა სატრანსპორტი მომსახურება, პროგრამული უზრუნველყოფა ტაქსის მძღოლებისთვის და მანქანების გაქირავება ტაქსზე სამუშაოდ. კომპანია ბაზარზე 2017 წლის სექტემბრიდან ფუნქციონირების. დღეის მდგომარეობით ტაქსოპარკს დაახლოებით 2100 მანქანა ჰყავს დარეგისტრირებული და ემსახურება ათი ათასობით მომხმარებელს.

ტაქსოპარკი

Bigbox.ge

საყოფაცხოვრებო ნივთების შეძენა ხშირად ძალიან მოსაბეზრებელი პროცესია. ამ პრობლემის საპასუხოდ შეიქმნა Bigbox.ge. სტარტაპის მიზანია მომხარებლებს სახლში ყოვეთვიურად მიაწოდოს მუდმივად გამოყენებადი საყოფაცხოვრებო პროდუქცია.


Bigbox-ის საშუალებით, ოჯახებს საშუალება აქვთ ონლაინ გამოწერონ საყოფაცხოვრებო კალათა და ყოველთვიურად ერთსა და იმავე დროს სახლში მიიღონ სასურველი პროდუქცია. კომპანია ბაზარზე 1 თვის წინ გამოჩნდა და ამ ეტაპზე მომხმარებლის საჭიროებებს იკვლევს.

bigbox

Contact Hub

ყოველდღიური ინფორმაციის დიდი ნაკადის ფონზე, ხშირად ინდივიდუალური შეკითხვები, რომლებიც მომხმარებელს კომპანიების მიმართ უჩნდება, ქოლ ცენტრებში იყრის თავს. Contact Hub 1,5 წლის სტარტაპია, რომელიც კომპანიებს სთავაზობს აუთსორს საინფორმაციო ცენტრის მომსახურებას  და  ქოლ ცენტრების სრულ ტექნიკურ მხარდაჭერას. Hub-ის პრიორიტეტია შეინარჩუნოს ხარისხი საინფორმაციო კომუნიკაციის სფეროში და გამართული სისტემით მოემსახუროს მომხმარებელს.

Contact Hub

Masteron.ge

ყველა ხელოსანი და მასალა ერთ სივრეში - ამ იდეით 2018 წელს შეიქმნა ვებ-გვერდი Masteron.ge. კომპანიის მიზანია, მომხმარებელს გაუმარტივოს ნებისმიერი ხელოსნის, სპეც-მომსახურების, საჭირო მასალების და ნაწილების მოძიება. 2018 წელს შექმნილმა ვებ გვერდმა მოკლე დროში მოახერხა 2200-ზე მეტი მომხმარებლის და 2500-ზე მეტი განცხადების რეგისტრაცია. საიტი მოწინავე პოზიციებზეა საძიებო სისტემებში და გამოირჩევა მიმზიდველი დიზაინითა და მოხმარების სიმარტივით. Masteron.ge-ს მიზანია დაარსებიდან 5 წლის თავზე გახდეს ნომერ პირველი ვებსაიტი საქართველოში სარემონტო და სახელოსნო სფეროში.

Masteron.ge