„მეოთხე ბრაიტონი" ოსკარზე — ლევან კოღუაშვილი ფილმის კადრს მიღმა საინტერესო დეტალებზე

უკანასკნელი წლების განმავლობაში ქართული კინემატოგრაფია მსოფლიოს ყურადღების ცენტრში სულ უფრო ხშირად ექცევა. ამჯერად მსოფლიოს რჩეული ლევან კოღუაშვილის მეოთხე ბრაიტონი გახდა, რომელიც ამერიკის კინოაკადემიის 94-ე დაჯილდოებაზე საქართველოს სახელით საუკეთესო საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციაში გამარჯვებისთვის იბრძოლებს.

მეოთხე ბრაიტონი კომედიური დრამაა, რომელიც შვილის დასახმარებლად ბრუკლინში წასული ქართველი მოჭიდავის შესახებ გვიყვება. ფილმმა უკვე მოიპოვა მსოფლიო აღიარება და უამრავი პრესტიჟული ფესტივალის ნომინანტი და გამარჯვებული გახდა. 

მეოთხე ბრაიტონის მსოფლიო პრემიერა ტრაიბეკას საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა, სადაც 3 მთავარ ნომინაციაში გაიმარჯვა. ფესტივალზე მეოთხე ბრაიტონი საუკეთესო ფილმად და საუკეთესო სცენარის მქონე კინოსურათად დასახელდა. ამავდროულად საუკეთესი მსახიობი კაცის ნომინაციაშიც ლევან თედიაშვილმა გაიმარჯვა. ნოემბერში ლოს-ანჯელესში გამართულ აზიური ფილმების ფესტივალზე მეოთხე ბრაიტონი საუკეთესოა ფილმად დაასახელეს.

© ელისო სულაკაური

რა თქმა უნდა, თითოეული ნომინაციის, გამარჯვებისა თუ ოვაციის მიღმა ფილმის შექმნაში ჩართული ადამიანების შრომა იმალება. ამ ადამიანებს შორისაა რეჟისორი ლევან კოღუაშვილი, რომელმაც ფილმის შექმნაზე, მთავარი გმირის შერჩევის პრინციპზე, კახი კავსაძის ბოლო როლსა და სხვა კადრს მიღმა დეტალებზე ოსკარის ცერემონიაზე ფილმის მხარდამჭერ თიბისი კონცეპტსა და ნესტან ნენე კვინიკაძესთან ერთად ისაუბრა.

ლევან კოღუაშვილმა მეოთხე ბრაიტონისთვის მასალების შეგროვება და ფილმის გადაღებაზე ფიქრი ნიუ-იორკში ცხოვრებისას და კინოსკოლაში სწავლისას დაიწყო. ემიგრაციის თემაზე მან სადიპლომო ნამუშევარი — დოკუმენტური ფილმი ქალები საქართველოდან გადაიღო. ემიგრაციაში ყოფნამ და ამ თემაზე ისტორიების მოსმენამ მეოთხე ბრაიტონის გადაღება შთააგონა, თუმცა საქართველოში დაბრუნებისას სხვა პროექტზე გადაერთო. ამის გამო დროებით ის ემოციური კავშირი და მუხტი, რომელიც რეჟისორს ფილმის გადასაღებად სჭირდებოდა, გაუნელდა. მალე ლევანი მეოთხე ბრაიტონის გადაღებაზე ხელახლა დაფიქრდა. პროექტისადმი ძველი ემოციებისა და ენთუზიაზმის დაბრუნებაში ნიუ-იორკში დაბრუნება და ემიგრანტების ყოველდღიურობის ხელახლა გაცნობა დაეხმარა.

© ზაქარია ჭელიძე

„წამოვედი ნიუ-იორკში რაღაც პერიოდით და ისევ დავიწყე ემიგრანტებთან დროის გატარება და ამ სამყაროში თავიდან შესვლა, რომ ემოციური კავშირი ისევ გამჩენოდა. ამისთვის ძალისხმევა დამჭირდა. განცდა სხვანაირი იყო, მაგრამ შევეცადე, აღმედგინა ჩემში ის, თუ რატომ მინდა ამ კინოს გადაღება. ამაში მეხმარება მასალასთან ურთიერთობა — ხალხთან ურთიერთობა, ისტორიების მოსმენა, მათი დანახვა, სამსახურში მათთან ერთად სიარული", — ამბობს რეჟისორი.

ლევან კოღუაშვილისთვის განსაკუთრებულად საინტერესო მთავარი პერსონაჟის როლისთვის მსახიობის შერჩევა აღმოჩნდა. მოჭიდავე კახის როლს ფილმში პროფესიით მოჭიდავე ლევან თედიაშვილი ასრულებს.

© ზაქარია ჭელიძე

რეჟისორის თქმით, უმნიშვნელოვანესია, მსახიობს როლზე იმგვარად მუშაობა შეეძლოს, რომ ირგვლივმყოფები შექმნილი პერსონაჟის, მისი პიროვნებისა თუ პროფესიის ნამდვილობაში დაარწმუნოს. რადგანაც კახის როლზე შესაბამისი ასაკისა და გამოცდილების პროფესიონალი მსახიობის შერჩევა გაუჭირდა, ნაცად ხერხს მიმართა — არა მსახიობის, არამედ საჭირო პროფესიის წარმომადგენლის ძებნა დაიწყო. ასე აღმოჩნდა კახის როლზე ლევან თედიაშვილი.

ლევან თედიაშვილი & გიორგი ნაკაშიძე

რეჟისორი თვლის, რომ ფილმში თამაშისას არაპროფესიონალს ბუნებრივი დამაჯერებლობა აქვს, რისი დახმარებითაც კონკრეტული პერსონაჟის სახეს თავისებურად გადმოსცემს. მისი აზრით, ლევან თედიაშვილს კახის პერსონაჟის შექმნაში თავისი რეალური ცხოვრებაც დაეხმარა.

ლევანი უნიკალური პიროვნებაა, რომელიც, ერთი მხრივ, არის მართლაც ფენომენალური ჩემპიონი — ძალიან ლამაზად ჭიდაობდა, ძალიან არტისტული მოჭიდავე იყო. თან იყო ადამიანი, რომელიც მარტო ჭიდაობით არ შემოიფარგლებოდა. მას პიროვნული ტრაგედია აქვს განცდილი — ის და მისი შვილი აფხაზეთის ომში წავიდნენ და შვილი მეორე დღეს ხელში ჩააკვდა... როდესაც ადამიანს ეს გამოცდილება აქვს, აქვს დიდი გამარჯვებები და აქვს ძალიან დიდი ტკივილიც განცდილი...ეს ყველაფერი რაღაცნაირად აღიბეჭდება სახეზე და ამით ხდება საინტერესო. ჩუმადაც რომ არის, რაღაც მოაქვს კადრში. მამის ძალიან საინტერესო სახე შეგვხვდა — ლაკონურია, თბილია და დამაჯერებლობა აქვს", — ამბობს რეჟისორი ლევან თედიაშვილზე.

ლევან თედიაშვილის გარდა, ფილმისა და ქართული კულტურისთვის მეოთხე ბრაიტონში კახი კავსაძის მონაწილეობა უმნიშვნელოვანესი აღმოჩნდა, რადგან ეს ლეგენდარული მსახიობის ბოლო როლი იყო.

ლევან თედიაშვილი & კახი კავსაძე

ლევან კოღუაშვილს კახი კავსაძესთან მუშაობა განსაკუთრებულად სასიამოვნოდ ახსენდება. მისი თქმით, კახი კავსაძე გადასაღებ მოედანზე ბოლომდე იხარჯებოდა და საკუთარი პროფესიისადმი განსაკუთრებული სიყვარული და ინტერესი გამოარჩევდა.

„მართლაც ფენომენალური ადამიანი იყო თავისი დამოკიდებულებით პროფესიის მიმართ, რეჟისორის მიმართ...ნიუ-იორკში რომ ჩამოვიყვანეთ, უკვე პრობლემები ჰქონდა, ოპერაცია დასჭირდა 83 წლის კაცს. ასეთ პირობებში ის იყო ადამიანი, რომელიც აბსოლუტურ კომფორტს გიქმნის გადასაღებ მოედანზე… არიან ადამიანები, რომლებიც წუწუნებენ, ის პირიქით იყო — ადამიანი, რომელიც ცდილობს, დაგეხმაროს. რატომ, იცით? აინტერესებს, უყვარს თავისი საქმე, პროფესია და ცდილობს, გამოუვიდეს მაქსიმალურად კარგად", — იხსენებს ლევან კოღუაშვილი კახი კავსაძეს.

© ზაქარია ჭელიძე

ლევან კოღუაშვილმა მეოთხე ბრაიტონის საერთაშორისო წარმატებაზე, ფესტივალებზე გამარჯვებასა და დადებით გამოხმაურებაზეც ისაუბრა. მისი თქმით, ფილმისთვის ცენტრალური უნივერსალური და ყველასათვის გასაგები თემა — მამა-შვილის ურთიერთობაა.

© ზაქარია ჭელიძე

„ეს არაა მხოლოდ ემიგრანტული ისტორია. მთავარი აქცენტი მამისა და შვილის ურთიერთობაზეა — ესაა უნივერსალური თემა, ოღონდ ქართული ელფერით, ის რაც ამ ისტორიას ხდის ორიგინალურს. თავად საწყისი ამ ისტორიის, არის უნივერსალური, რაც ყველასთვის გასაგებია", — განმარტავს რეჟისორი.

© ზაქარია ჭელიძე

ლევანმა ოსკარისთვის ფილმის მომზადების პროცესზეც ვრცლად ისაუბრა. მისთვის ეს მნიშვნელოვანი გამოცდილებაა. მიუხედავად იმისა, რომ ოსკარზე მისი ქუჩის დღეებიც იყო წარდგენილი, მეოთხე ბრაიტონის შემთხვევაში მდგომარეობა განსხვავებულია, რადგან ამჯერად ფილმს სარეკლამო ბიუჯეტი აქვს, რომელიც მისი მაყურებლისთვის გასაცნობად უმნიშვნელოვანესია. ის ფილმის წარმატებისთვის სარეკლამო კამპანიის დაგეგმვას ერთ-ერთ ყველაზე რთულ და გადამწყვეტ პროცესად აფასებს, რადგან სწორედ ამ გზით ეცნობა კონკრეტულ ფილმსა და საქართველოს მსგავს პატარა ქვეყანას მსოფლიო, შესაბამისად, სწორი ფორმის არჩევა უმნიშვნელოვანესია.

© ზაქარია ჭელიძე

„ნებისმიერი ჩვენება ქართული კულტურის ჩვენებაა. ქართული ფილმია, შენს ქვეყანას წარმოადგენ და გაქვს შინაგანი პასუხისმგებლობა, ამიტომ ვცდილობთ, რომ თავი გავართვათ"

© ზაქარია ჭელიძე

რეჟისორმა სიუჟეტის არჩევასა და მასთან ემოციური კავშირის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

„ყველაფერი მაინც სათქმელიდან იწყება, რომელიც შენთვის მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია, რომ მას ემოციურად გრძნობდე. თვითონ სიუჟეტი შეიძლება არც იყოს რთული — მამა ჩამოდის შვილის გადასარჩენად უცხო ქალაქში. მარტივი ისტორიაა, მაგრამ ბევრის საშუალებას გაძლევს...ამასთან ერთად, უნდა გინდოდეს, უნდა გრძნობდე, ამაში უნდა იყო გულწრფელი. არ უნდა აკეთებდე თემის პოპულარულობის გამო. იგრძნობა, რეჟისორი გულწრფელია თუ არა, როცა ყვება ისტორიას", — განმარტავს ლევანი.

© ელისო სულაკაური

ოსკარის ცერემონიამდე მეოთხე ბრაიტონს რამდენიმე თვე აშორებს. ფილმს წინ ბევრი ფესტივალი და, იმედია, კიდევ მრავალი ნომინაცია და გამარჯვება ელის. აშკარაა, რომ მეოთხე ბრაიტონი ოსკარის სხვა ფილმებისთვის მარტივად დათმობას ნამდვილად არ აპირებს. მიუხედავად იმისა, მიიღებს თუ არა ფილმი ამერიკის კინოაკადემიის ჯილდოს, მსგავსი მასშტაბის წარმატება, რომელიც ფილმმა უკვე მოიპოვა, ქართული კინემატოგრაფიისთვის უდიდესი წარმატებაა, საქართველოში მოღვაწე რეჟისორებისთვის კი მნიშვნელოვანი სტიმულია.

16 დეკემბერს თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ლევან კოღუაშვილის ფილმის მეოთხე ბრაიტონი დახურულ ჩვენებას, რის შემდეგაც გაიმართება შეხვედრა რეჟისორთან. ღონისძიების შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად გადადით ბმულზე.

ავტორი: On.ge