ლიტერატურული თავგადასავალი თიბისი კონცეპტის სივრცის ბიბლიოთეკაში

მრავალწლიანი ისტორიის განმავლობაში ლიტერატურა არაერთი ადამიანის თავშესაფარი გამხდარა, რომლის საშუალებით ალტერნატიულ რეალობაში თუნდაც მცირე დროით გადანაცვლება ხშირად შთამბეჭდავ და დაუვიწყარ მოგონებებად ქცეულა. მხატვრული ლიტერატურის სიყვარულს, რომელსაც მსოფლიოში მრავალი ადამიანი გაუერთიანებია, თიბისი კონცეპტის სივრცის ბიბლიოთეკა ახალი იდეით ეხმიანება და მკითხველებს “წიგნის კლუბში” მასპინძლობს.

მარჯანიშვილის 7-ში მდებარე თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე კულტურის სფეროსთან დაკავშირებულ არაერთ მნიშვნელოვან ღონისძიებას მასპინძლობს. ამჯერად კი სივრცის ბიბლიოთეკა მხატვრული ლიტერატურით დაინტერესებულ ადამიანებს ყოველკვირეული შეხვედრების სერიას სთავაზობს, რომლის ფარგლებში მოწვეული ლიტერატურის სფეროს წარმომადგენლები თანამედროვე და კლასიკურ ნაწარმოებებს განიხილავენ. თითოეულ შეხვედრას სხვადასხვა კურატორი უხელმძღვანელებს, რომელიც წიგნს თავისი სურვილით შეარჩევს და ნაწარმოების საინტერესო ელემენტებზე ხაზგასმით ბიბლიოთეკის სტუმრებს საინტერესო ლიტერატურულ მოგზაურობას მოუწყობს.

თიბისი კონცეპტის სივრცე ყოველკვირეული შეხვედრების სერიას 15 დეკემბრიდან მასპინძლობს და ამ დროის განმავლობაში უკვე სამი საინტერესო შეხვედრა გამართა. “წიგნის კლუბის” პირველი ღონისძიების ფარგლებში მთარგმნელმა გურამ ღონღაძემ ჯონ ფაულზის წიგნი - “ფრანგი ლეიტენანტის საყვარელი” განიხილა, ხოლო მთარგმნელმა ხათუნა ცხადაძემ დანტე ალიგიერის “ღვთაებრივი კომედიის” შესახებ ისაუბრა. მეორე ღონისძიების კურატორმა - პოეტმა და დრამატურგმა ალექსანდრე ლორთქიფანიძემ სადისკუსიოდ თომას ბერნჰარდის წიგნი - “ტყის ჩეხა” აირჩია, რომელზე დაყრდნობით არაერთ აქტუალურ თემას შეეხო.

 

თიბისი კონცეპტის სივრცის ბიბლიოთეკაში მომდევნო შეხვედრა 25 იანვარს გაიმართება, რომელსაც ფილოსოფოსი გიგა ზედანია გაუძღვება და ხორხე ლუის ბორხესის ნაწარმოებებს  - “მზაკვრობის მსოფლიო ისტორიას”, “ბროდის ანგარიშს” და “შვიდ საღამოს” განიხილავს. ღონისძიებაზე დასასწრებად რეგისტრაცია - www.conceptevents.ge-ზე უნდა გაიაროთ და ასისტენტისაგან შეხვედრაზე დასასწრებ ბილეთს დაელოდოთ.

შეგახსენებთ, რომ შეხვედრამდე მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ კლუბის რჩეული წიგნები თიბისი კონცეპტის სივრცის ბიბლიოთეკიდან გამოიტანონ ან  ბიბლიოთეკაში არსებული პლანშეტებით ისარგებლონ. ბიბლიოთეკიდან წიგნის გატანის სერვისით სარგებლობა ნებისმიერი პირისათვის 10 დღის ვადითაა შესაძლებელი.



ავტორი : ანა გაბისიანი / Hammock Magazine

ფოტო: გურამ კაპანაძე