ცხოვრება პერსონაჟებთან: ინტერვიუ მწერალ თამთა მელაშვილთან

ქართველი მწერლის, თამთა მელაშვილის ნაწარმოებები თანამედროვე ქართულ ლიტერატურას საინტერესო პერსონაჟი ქალებით ამდიდრებს. მის მესამე რომანს - „შაშვი შაშვი მაყვალი” სულ ცოტა ხნის წინ წლის საუკეთესო რომანის ნომინაციაში ლიტერატურული პრემია - „საბა“   გადაეცა. ნაწარმოების სიუჟეტი შუახნის მარტოხელა ქალის, ეთეროს გარშემო ვითარდება, რომელიც პატარა ქალაქში ცხოვრობს და თავისსავე მაღაზიაში მუშაობს. წიგნმა, რომელმაც ეთეროს სახით თავისუფალი და საკუთარ თავთან ჰარმონიაში მყოფი ქალი წარმოადგინა, უკვე მრავალი მკითხველი დააინტერესა.

 

გთავაზობთ ინტერვიუს მწერალ თამთა მელაშვილთან, სადაც იგი „შაშვი შაშვი მაყვალთან” ერთად თავისი შემოქმედების მნიშვნელოვან მონაკვეთებზე გვესაუბრება.

წლებია მხატვრულ ტექსტებზე აქტიურად მუშაობთ. კონკრეტულად რამ განაპირობა მხატვრული ნაწარმოებების შექმნის სურვილი?

ბავშვობაში მწერლობაზე არასოდეს მიოცნებია. უბრალოდ, თინეიჯერობის ასაკში მე და ჩემი მეგობარი, პოეტი ეკა ქევანიშვილი, რომელიც ამასთან ჩემი კლასელი იყო, მოთხრობებს ვწერდით და ერთმანეთს ხშირად ვაკითხებდით. ეს ჩვენთვის დიდი მოვლენა იყო.

მახსოვს, ხელში კალმის დიდხანს ჭერისაგან თითები როგორ გვეღრიცებოდა. რთული წლები იყო, ჩვენს ცხოვრებაში იმდენად არაფერი ხდებოდა, რომ წერის სახით ნათელი წერტილი გავიჩინეთ.

დღესაც კი მახსოვს იმ ტექსტების შინაარსი. ვწერდი თინეიჯერებზე, ჩემი ასაკის ადამიანებზე და იმ ცხოვრებაზე, რომელიც არ მქონდა. ჩემი ტექსტების გმირები მოგზაურობდნენ, ხევსურეთში მიდიოდნენ ცხენებით, რაც 1992-93 წლებში საერთოდ წარმოუდგენელი იყო. მაშინ წერა ოცნებების პროექციას ჰგავდა. სტუდენტობისას წერა, რა თქმა უნდა, შევწყვიტე, რადგან 90-იანი წლების ბოლოსა და 2000-იანი წლების დასაწყისში წერისთვის არავის ეცალა. გერმანიაში ცხოვრების პერიოდში შემთხვევით აღმოვაჩინე საიტი lit.ge, სადაც ყველას შეეძლო საკუთარი ტექსტის გამოქვეყნება. საჩემო სივრცეში აღმოვჩნდი. შეიძლება ვთქვათ, რომ სწორედ lit.ge-მ განაპირობა ჩემი ცხოვრების ლიტერატურასთან დაკავშირება, რადგან წერას აზრი მიეცა. ამ პლატფორმამ არაერთი მკითხველი და მწერალი გამაცნო. ბევრი თანამედროვე ავტორი, რომელთა ნაწარმოებებს დღეს ვკითხულობთ, lit.ge-ს შვილები არიან.

როგორ იბადებიან თქვენი წიგნების პერსონაჟები?

არ მახსოვს, ვერ ვიხსენებ როგორ იბადებიან. თავიდან ჩნდება პერსონაჟის სახე, რომლის ხორცშესხმასაც დრო სჭირდება. პერსონაჟების შექმნასთან ერთად, სიუჟეტის განვითარებაც მსგავს პროცესს გულისხმობს, დროა არის საჭირო, ყველაფერი რომ რეალური გახდეს. მე იმ ავტორთა კატეგორიას მივეკუთვნები, ვინც ჯერ ბევრს ფიქრობს და შემდეგ სწრაფად წერს. არ შემიძლია წერა დავიწყო, მხოლოდ პროცესს მივენდო და დავაკვირდე, თუ სად წამიყვანს ტექსტი. ფიქრისათვის შეიძლება ორი-სამი წელიც კი დამჭირდეს, უშუალოდ ტექსტზე მუშაობა კი მაქსიმუმ ერთ წელიწადს გრძელდება. ყოველ შემთხვევაში, აქამდე ასე იყო. ამიტომ თქვენი შეკითხვის პასუხიც ის იქნება, რომ არ ვიცი. წერა ჩემთვის არაცნობიერი პროცესია და მირჩევნია ასე დარჩეს. 

რამდენად მძაფრად გრძნობთ კავშირს თქვენივე პერსონაჟების მიმართ? როდის დგება დრო, როცა მათთან კავშირი ბოლომდე უნდა გაწყვიტოთ?

პერსონაჟთან კავშირი ოდესღაც აუცილებლად უნდა გაწყვიტო, სხვანაირად არ გამოვა, რადგან ახალს ვეღარაფერს შექმნი. როცა წიგნს გამომცემლობაში ვაგზავნი, ჩემსა და პერსონაჟს შორის დისტანცირების პროცესიც მაშინ იწყება. “გათვლაზე” ბევრი აღარაფერი მახსოვს, შედარებით ძველი ტექსტია. მეორე რომანზე მუშაობის დროს შეგრძნება მქონდა, რომ ხუთი თუ ექვსი თვის განმავლობაში ჩემს პერსონაჟებთან ერთად ვცხოვრობდი და ეს შეგრძნება ბოლო ტექსტის წერისას კიდევ უფრო გამიმძაფრდა.

ეთერო ჩემს ცხოვრებაში მართლაც საოცარი სიმძაფრით შემოიჭრა. შეიძლება ძალიან სასაცილოდ ჟღერდეს, რასაც ახლა ვიტყვი, მაგრამ მახსოვს, რომ მას რამდენჯერმე გამოვლაპარაკებივარ კიდეც.

თან წერის მომენტში კი არა, ისე, რეალურ ცხოვრებაში. მაგალითად, რაღაც მიკითხავს და ეთეროს პასუხი გაუცია. ჩემი თავი რომ მსგავს სიტუაციაში გამოვიჭირე, ძალიან გამეცინა. ეთერო ჩემთან წიგნის დასრულების შემდეგაც დიდი ხნის განმავლობაში დარჩა, მაგრამ ახლა უკვე ახალ წიგნზე ვფიქრობ, ახალი პერსონაჟები ჩნდებიან და მისი სახე ნელ-ნელა ფერმკრთალდება. ეთერო უკვე მხოლოდ ჩემი აღარაა, დღეს იგი, პირველ რიგში, მკითხველს ეკუთვნის. 


თქვენი სამი რომანის მაგალითზე ნათელია, რომ მთავარი პერსონაჟების ასაკი წიგნიდან წიგნამდე თანდათან იზრდება. სადებიუტო რომანში “გათვლა” მკითხველი 13 წლის გოგონების ამბავს ეცნობა, ნაწარმოებში “აღმოსავლეთით” პროტაგონისტად ახალგაზრდა ქალი - ირინა გვევლინება, ხოლო ბოლო წიგნიდან - შაშვი შაშვი მაყვალი” შუახანს მიტანებული ქალი - ეთერო გვესაუბრება. თქვენთვის, როგორც მწერლისთვის, რით არის განპირობებული ასეთი ასაკობრივი დიაპაზონი და ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა ასაკის ქალის თვალთახედვით დაინტერესება?

მგონი, ეს კითხვა ჩემთვის აქამდე არავის დაუსვამს, თუმცა ამ საკითხზე ხშირად მიფიქრია. როგორც ვაკვირდები, ჩემი პერსონაჟების ასაკი ჩემი ასაკის მატებასთან ერთად იზრდება, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ შემდეგი ტექსტი 70 წლის ქალზე იქნება. დანამდვილებით ვიცი ის, რომ ამ მომენტში “გათვლას” ვეღარ დავწერდი, რადგან იმ დროს, როცა ის დავწერე, თინეიჯერის შეგრძნებები ჩემთვის უფრო ცოცხალი იყო. ახლა ეს წლები დავიწყებულია და თინეიჯერებთანაც აღარ მაქვს ურთიერთობა. მაშინ, როცა წიგნს წერ და თაობას კარგად არ იცნობ, ტექსტი ხელოვნური გამოდის.


დღეს ჩემს ინტერესს 30 წელს გადაცილებული ადამიანები წარმოადგენენ. შაშვი შაშვი მაყვალზე” მუშაობა რომ დავიწყე, ორმოცი წლის ვიყავი და ორმოცდარვა წლის ქალის ამბავზე უნდა დამეწერა. ხანდახან საკუთარ თავს კითხვას ვუსვამდი, რამდენად გავართმევდი თავს უფრო მეტი ხნის ასაკის პერსონაჟის შექმნას, ან რამდენად რეალური იქნებოდა გადმომეცა ორმოცდარვა წლის ქალის განცდები მაშინ, როცა ამ ასაკის თავად ჯერ არ ვიყავი. ამ გადმოსახედიდან მგონია, რომ გამომივიდა. მანამდე ერთი მოთხრობა მქონდა დაწერილი, “წერილი ლიას”, რომლის პროტაგონისტი სამოცდაშვიდი წლის ქალია. პირველ პირშია დაწერილი და ვფიქრობ, ამ ტექსტმა უფრო თამამი გამხადა იმისათვის, რომ შემდეგ, ორმოცდარვა წლის ქალის სხეულსა და განცდებში შემეღწია.


ეთეროს სახე თანამედროვე ქართულ საზოგადოებაში ქალის როლთან დაკავშირებულ არაერთ საკითხზე აქცენტირდება. როგორ მიხვედით ეთეროს სახის ამგვარ განსაზღვრებამდე და რა გაითვალისწინეთ პირველ რიგში მის ასამეტყველებლად?

პირველ რიგში, ეთეროს ასაკი გავითვალისწინე. მინდოდა, რომ მას პერიფერიაში ეცხოვრა და რაც ყველაზე მთავარია, ეთერო ის ქალი უნდა ყოფილიყო, რომელიც არასოდეს ჩანს. მაგალითად, მაშინ, როცა სადმე, პატარა ქალაქში მაღაზიაში შედიან, გამყიდველის გარეგნობასა თუ მეტყველებას არავინ იმახსოვრებს. როგორც მკითხველს, ლიტერატურაში ამ ასაკის ქალები ძალიან მაკლდა.

გამოდის, დავწერე ის, რისი წაკითხვის სურვილიც თავად მქონდა. ეს წიგნი საკუთარ თავსაც დავუწერე და ჩემთვის ეს გადაწყვეტილება პოლიტიკური იყო, რაც იმას გულისხმობს, რომ შუა ხნის ქალები ლიტერატურაში უნდა გამოჩნდნენ. და ზოგადად, ის, ვინც უხილავია, ხილული გახდეს.

ეთეროს პერსონაჟი კონკრეტულმა ადამიანმა წარმოშვა თუ თავიდან ბოლომდე თქვენს წარმოსახვაში ჩამოყალიბდა?

არ ვარ ავტორი, რომელიც ასლს ქმნის. სიამოვნებას პერსონაჟის შექმნით ვიღებ. რა თქმა უნდა, ეთერო ციდან არ ჩამოვარდნილა, თუმცა კონკრეტულად მაინც ვერავინ დაასახელებს, რომ “ეთერო ეს არის”. ის რეალობაში არ არსებობს, მაგრამ მისი ფიქრები და განცდები იმ ქალების ერთიან ნაზავს წარმოადგენს, რომლებსაც ბავშვობიდან ვიცნობ და რომელთა ხმები ყურში ადრეული ასაკიდან ჩამესმოდა. 

როგორც ცნობილია, ამ წიგნზე მუშაობისას მე-20 საუკუნის ქართულ ნაწარმოებებს კითხულობდით…

როცა ვწერდი, ვხვდებოდი, რომ მჭირდებოდა ხშირად მეკითხა ისეთი ტექსტები, რომლებიც შეგრძნებას გამიჩენდა, რომ მდიდარ ქართულთან ინტენსიური კავშირი მაქვს. ვგულისხმობ ზაირა არსენიშვილს, რეზო ინანიშვილს და გიორგი ლეონიძის პროზას. როცა ამ ტექსტებს ვკითხულობდი, თითქოს ქართული ენისგან მდიდარ და მრავალფეროვან ენერგიას ვიღებდი, რაც მეხმარებოდა, რომ ეთეროს ენა უფრო მოქნილი გამეხადა. 

საგულისხმოა ისიც, რომ არასოდეს აზუსტებთ ეთეროს საცხოვრებელ ადგილს.  წიგნი მხოლოდ იმ დასახლებულ პუნქტებს ააშკარავებს, სადაც ეთეროს წასვლა უწევს - ამ შემთხვევაში, თერჯოლასა და ქუთაისს. მკითხველი მხოლოდ იმას ხვდება, რომ ეთერო რიონის ხეობის მკვიდრია. მაშინ, როცა ქალაქს შეუძლია ტექსტს სახასიათო განწყობა შემატოს, რატომ მიხვედით იმ გადაწყვეტილებამდე, რომ ეთეროს ზუსტი წარმოშობა საგულდაგულოდ შეგენიღბათ?

წერის პროცესში წარმომედგინა, რომ გარემო, რომელშიც ეთერო ცხოვრობდა, ამბროლაური უნდა ყოფილიყო. წარმოშობით ამ ქალაქიდან ვარ. მიუხედავად იმისა, რომ იქიდან თექვსმეტი წლის ასაკში წამოვედი და იშვიათად ჩავდივარ, ეს ქალაქი ჩემში მაინც მძაფრად ცოცხლობს. ეთერო კონკრეტულად ამბროლაურელი ქალი არ არის. რომ მდომებოდა ამ ქალაქიდან ყოფილიყო, მაშინ ტექსტში პირდაპირ მივუთითებდი. უბრალოდ, როცა წიგნში არსებულ გარემოს წარმოვიდგენდი, თვალწინ პირველ რიგში ამბროლაური მედგა. ადგილმდებარეობის მიუთითებლობით იმის ხაზგასმა მინდოდა, რომ ეთერო შეიძლებოდა ნებისმიერი კუთხიდან ყოფილიყო. როცა მკითხველი ეთეროს იმერლად, მეგრელად ან სხვა კუთხის მცხოვრებად აღიქვამს, ძალიან მიხარია და კომპლიმენტად ვიღებ. ვფიქრობ, რომ ასეთი ქალი ყველგან შეგხვდება და საქართველოს ნებისმიერ კუთხეში შეიძლება ცხოვრობდეს. საინტერესო იყო იმაზე დაკვირვებაც, რომ მიუხედავად ჩემი წარმომავლობისა, ეთეროს რაჭველობა ძალიან ცოტამ თუ დაუშვა. რაჭა იმდენად არ არსებობს ლიტერატურულ რუკაზე, მკითხველები ვერც კი წარმოიდგენენ, რომ სიუჟეტი შესაძლოა სწორედ იქ განვითარდეს. შედარებისათვის, თუნდაც კლდიაშვილის ნაწარმოებების საშუალებით, იმერეთი ქართულ ლიტერატურაში ძალიან ცნობილი მხარეა. ინანიშვილისგან, ლეონიძისაგან და არსენიშვილისგან მკითხველი არაჩვეულებრივად იცნობს კახეთს.

რაჭა კიდევ ის კუთხეა, რომელიც უჩინარია. შესაბამისად, მკითხველს ალბათ გაუჭირდა ტექსტის რაჭასთან დაკავშირება.  

შაშვი შაშვი მაყვალმა” ბოლო წლებში გამოქვეყნებულ წიგნებს შორის მწვავე კრიტიკაც გამოიწვია, რაც ეთეროსათვის დამახასიათებელი საუბრის მანერითაა განპირობებული. რა იწვევს მკითხველში ამგვარ ორაზროვნებას?

ამ წიგნმა აღმომაჩენინა, რომ საქართველოში კარგი მკითხველები არიან. მათგან ნაწილს ე.წ. ბილწსიტყვაობამ უხერხულობა შეუქმნა, თუმცა ეს უხერხულობა გადალახა და წიგნის ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებს მიაქცია ყურადღება. მეორე ნაწილმა ეს ვერ შეძლო. მგონია, რომ ეს ის მკითხველია, ვინც ბევრს არ კითხულობს. მათი აღშფოთებაც მესმის - ზოგადად, არ იცნობენ თანამედროვე ლიტერატურას. ამასთან მკითხველთა გარკვეულმა ნაწილმა ეთეროსთან ვერ დააკავშირა “ცუდი სიტყვები”, რადგან დაუოჯახებელი ქალის მიმართ სტერეოტიპული წარმოდგენები არსებობს. ის თავდახრილი უნდა დადიოდეს, სექსი არ ჰქონდეს, რელიგიური უნდა იყოს, ოჯახის წევრებზე თანგადაყოლილი და ა.შ. ეთერო კი სრულიად საპირისპიროა. მან იცის როგორ მიანიჭოს სიამოვნება საკუთარ თავსა და სხეულს. მისი ენაც და ფიქრებიც სტერეოტიპებისგან თავისუფალია. 

თქვენი გადმოსახედიდან რატომ არ არის საზოგადოება მზად მიიღოს ქალი, რომელსაც შეიძლება არ ჰყავდეს ოჯახი, თუმცა საკუთარ თავთან ჰარმონიული ურთიერთობა ჰქონდეს? 

პატრიარქალური საზოგადოება ვერ იღებს ისეთ ქალს, რომელიც საკუთარი სიამოვნებისთვის ცხოვრობს და ჰარმონიაშია როგორც თავის თავთან, ასევე სხეულთანაც. ასეთი ქალების ცხოვრება მარტივი სულაც არაა. ეთეროს მსგავსად, მათ ყოველდღიურად უწევთ ანგარიშის გაწევა გარემოსთან, მაგრამ ამავდროულად ცდილობენ, რომ თავიანთი ავტონომიურობა მცირე დეტალებში შეინარჩუნონ. თუნდაც ნამცხვრის ჭამასა და დასვენებაში. 

როგორც ცნობილია, წიგნის კინოეკრანიზაციაზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს. ზოგადად, მწერლისათვის რამდენად კომფორტულია გააანალიზოს, რომ მის მიერ შექმნილი პერსონაჟი ამავდროულად, კინორეჟისორის პერსონაჟადაც უნდა იქცეს?

როცა რეჟისორი ელენე ნავერიანი დამიკავშირდა და მითხრა, რომ ჩემი წიგნის მიხედვით ფილმის გადაღება უნდოდა, დავთანხმდი. ელენეს შორიდან ვიცნობდი, ნანახი მქონდა მისი ფილმები და როგორც რეჟისორი მომწონდა. ვთვლი, რომ ელენეს აქვს ის მგრძნობელობა, რომელიც მას საშუალებას მისცემს ამ წიგნის მიხედვით ფილმი კარგად გადაიღოს. ფაქტი, რომ ელენეს დავთანხმდი და ეთერო “გადავეცი”, იმასაც ნიშნავს, რომ ფილმის ეთერო თავიდან ბოლომდე ელენესი ხდება, ჩემი ეთერო კი ჩემთან, წიგნში რჩება. სხვათა შორის, მთავარი როლის შემსრულებელი ზუსტად ის ეთეროა, როგორიც მე წარმომედგინა. ამ ფილმის გადაღებაში არანაირად არ ვერევი. სცენარის წერაშიც კი არ ვმონაწილეობ და შესაბამისად, არც ვიცი როგორია სცენარის საბოლოო სახე. ასე მირჩევნია, რადგან ჩემთვის ისაა საინტერესო, როგორ ინტერპრეტაციას შემოგვთავაზებს რეჟისორი. სხვა შემთხვევაშიც ანალოგიური სიტუაცია იყო: როდესაც “გათვლა” დადგა გურამ მაცხონაშვილმა, მე იქაც არ ჩავრეულვარ. ამ დროს რიგითი მაყურებელი ვხდები. თუმცა ჩემი მხრიდან ამგვარი ნაბიჯის გადადგმის შემთხვევაში უნდა მჯეროდეს, რომ ადამიანს, რომელიც ჩემს ტექსტზე იმუშავებს, ის მგრძნობელობა ექნება, რაც ტექსტს სჭირდება. 

ერთგან ახსენეთ, ბოლო წიგნზე მუშაობა იმიტომ დავიწყე, შესაბამისი პირობები მქონდაო. საერთოდ, როგორ გესახებათ გზა, რომელიც თანამედროვე მწერალ ქალს “საკუთარ ოთახამდე” მისასვლელად აბრკოლებს?

ფიზიკური სივრცის ქონა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან პირადად მე წერის დროს მარტო ყოფნა მჭირდება. ამ დროს ხელს არავინ უნდა მიშლიდეს, მათ შორის, არც ოჯახის წევრები. ბოლო წიგნზე მუშაობისას შვილი არ მყავდა. ჩემს ბავშვს დაბადება ოდნავ ადრე რომ გადაეწყვიტა, ამ წიგნს ვეღარ დავწერდი, შეუძლებელი იქნებოდა. იმისათვის, რომ ქალებმა წერონ, ყოველდღიური რუტინისგან და ოჯახის საზრუნავისაგან გამოთავისუფლება სჭირდებათ. მაშინ, როცა წერ, მთლიანად ტექსტს ეკუთვნი და ამ დროს ემოციური შრომის საზრუნავიც არ უნდა გაწუხებდეს. ეს საკითხი ქალების შემთხვევაში ყოველთვის უფრო რთულად დგას. შეიძლება მწერალი კაცებიც ფიქრობდნენ, თუ როგორ იშოვონ შემოსავალი, როგორ არჩინონ ოჯახები და ა.შ. მაგრამ ქალს ამ ყველაფერთან ერთად ყოველდღიური საოჯახო შრომაც ემატება, მათ შორის ის ემოციური შრომაც, რომელიც ისევ და ისევ ოჯახს უკავშირდება, რაც კიდევ უფრო ართულებს ქალებისათვის იმ თავისუფლების მოპოვებას, რაც წერისთვისაა აუცილებელი.

საკუთარ წიგნებს თავიდან კითხულობთ ხოლმე?

ჩემს წიგნებს მხოლოდ მუშაობის პროცესში ვკითხულობ, სანამ გამომცემლობას გავუგზავნი. ერთადერთი “აღმოსავლეთით” წავიკითხე გამოსვლის შემდეგ ორჯერ, რადგან წიგნის მიმართ მთავარი კრიტიკა რაც მესმოდა ის იყო, რომ ტექსტს რაღაც აკლდა, თუმცა, რა აკლდა, არ მიკონკრეტებდნენ. მხოლოდ იმისთვის წავიკითხე, რომ ეს დანაკლისი მკითხველის თვალით აღმომეჩინა. მეორედ წაკითხვის მიზეზი აღარ მახსოვს. შაშვი შაშვი მაყვალი” გამომცემლობაში გაგზავნის შემდეგ აღარ წამიკითხავს, მაგრამ მგონია, რომ წლების შემდეგ, როგორც მკითხველი, მივუბრუნდები.

რომელმა ფემინისტურმა ტექსტებმა იმოქმედა თქვენზე განსაკუთრებით და ამ კუთხით რას ურჩევდით ფემინისტური ლიტერატურით დაინტერესებულ ადამიანებს?

ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ავტორი ტონი მორისონია. მისი ტექსტები ჩემზე  ყოველთვის განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას ახდენდა. სხვებს ვურჩევდი, რომ მეტი მწერალი ქალის წიგნი იკითხონ. კაცები ძალიან ცუდად იცნობენ ქალებს და შესაბამისად, მათ ლიტერატურასაც. ადამიანის გაცნობის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაც ლიტერატურის კითხვაა. კაცებს ქალები კი ისედაც კარგად ვიცნობთ, რადგან ძირითადად მათ მიერ დაწერილი წიგნების კითხვა გვიწევდა. მწერალ ქალებს აქვთ სპეციფიკური ხედვა, რასაც კაცთან ვერ იპოვით. 

და ბოლოს, რას გვეტყოდით თქვენი მომდევნო ნაწარმოების შესახებ?

ჯერჯერობით ახალი რომანი ჩანასახის ფაზაშია. ამ ეტაპზე მხოლოდ სიუჟეტსა და პერსონაჟებზე ვფიქრობ. უშუალოდ წერის დაწყება უახლოესი მომავლის გეგმა ნამდვილად ვერ იქნება, რადგან ფიქრის პროცესი შესაძლოა დიდხანს გაგრძელდეს. მკითხველი მომდევნო წიგნში სრულიად ახალ სიუჟეტსა და პერსონაჟებს გაეცნობა, ამჯერად სექსის სცენების გარეშე. დაზუსტებით სხვას ვერაფერს ვიტყვი, მაქვს იდეა და მყავს პერსონაჟები, რომლებიც ნელ-ნელა იკვეთებიან.


ავტორი : ანა გაბისიანი / Hammock Magazine

ფოტო: გურამ წიბახაშვილი / თინათინ კიღურაძე