ბიტთაობა -წიგნებში შემონახული ხმა

ვინ იყვნენ ისინი? ამერიკელი სუფიები? მოხეტიალე დერვიშები, ვინც თავისუფლებას ეძებდა? ახალი თაობა, რომელმაც ამერიკის ხელოვნური კეთილდღეობის ფსკერზე ხელი მოაფათურა და სულ სხვა სიმართლეები გამოფინა ზედაპირზე? ლიტერატურისა და ხელოვნების ახალი სუნთქვა? კულტურის დეკოსტრუქცია თუ რეკონსტრუქცია? სპონტანური ხმები? სპონტანური ცხოვრება თუ კარგად გააზრებული ფილოსოფიური დოქტრინა?
რა მოხდა, როგორ შეიცვალა მსოფლიო მას მერე, რაც 1955 წლის 7 ოქტომბერს სან-ფრანცისკოში, 6 Gallery-ში, ალენ გინსბერგმა თავისი – შემდგომში მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ნაწარმოები – ლექსი „ყმუილი“ წაიკითხა.
ან უფრო ადრე, ორმოციან წლებში, როცა კოლუმბიის უნივერსიტეტში ერთმანეთი გაიცნეს კერუაკმა, გინზბერგმა და ბეროუზმა...

ვინ იყვნენ ისინი? თავზეხელაღებული ადამიანები, რომლებიც ყმუილისა და კიდევ უფრო შიშველი ემოციების გამოფენით გამოხატვის ახალ გზას ეძებდნენ? თაობა, რომელმაც საკუთარ სიშიშვლეზე ხმამაღლა ილაპარაკა? პოეზია, რომელიც ჯაზიდან დაიბადა? ხმა, რომელმაც სცადა ყველაზე მარგინალური ჯგუფების ენით ელაპარაკა თუ კარგად შეფუთული თავისუფლება?

ალენ გინზბერგი, ჯეკ კერუაკი, უილიამ ბეროუზი, ნიკ კესიდი, გრეგორი კორსო, ტიმოთი ლირი, კენ კიზი, ლორენს ფერლინგეტი და ქალები, რომელთა სახელებსაც ნაკლები დიდება ერგო - ჰელენ ადამი, მერი ფაბილი, დაიან დი პრიმა, ჯოის ჯონსონი, ჯენინ პომი ვეგა, დენის ლევერტოვი, ლენორ კენდელი, ბრენდა ფრეიზერი, ელის კოუენი, კეროლაინ კესიდი, ჰეტი ჯონსი, ჯოან ბრაუნი. ქალები, რომელთა მეამბოხეობა, ფაქტობრივად განაჩენი იყო მათთვის, ნიჭიერი, შემოქმედებითი, საინტერესო ქალები, რომელთა სახელებიც ბიტმოძრაობის ყველაზე დიდმა თაყვანისმცემლებმაც არ იციან.

ამ ახალ დაჯგუფებას ”Beat Generation” პირველად ჯეკ კერუაკმა უწოდა. მათ მალე ”გუგულის ბუდეზე სხვა გადაფრინდას” ავტორი, კენ კიზიც შეუერთდა. კიზი ვეტერანთა ფსიქიატრიულ კლინიკაში მუშაობდა, სადაც ახალი პრეპარატის გამოცდისთვის მოხალისეთა ჯგუფი ჩამოაყალიბა. კერუაკი, ბეროუზი და გინსბერგი პაციენტებთან გაერთიანდნენ. ეს პრეპარატი ძლიერი ჰალუცინოგენი ელესდე(Lucky in the sky with Diamonds) იყო. ბიტნიკებს ელესდე მოეწონათ, რევოლუციურ გამოგონებად მიაჩნდათ და ნარკოტიკულ-ლიტერატურულ საღამოებს მართავდნენ, ორგანიზაცია ”მხიარული ოინბაზების” სახელით. ცოტა ხანში ”ოინბაზებმა” ძველი სასკოლო ავტობუსი გააფერადეს და რამდენიმეკვირიანი მოგზაურობა დაიწყეს.
დღეს ბიტნიკებიდან თითქმის აღარავინაა ცოცხალი, მაგრამ ლიტერატურამ შეინახა მათი ამბავი, ჯერ კიდევ, წიგნებიდან შეგიძლიათ შეიგრძნოთ თავისუფლებისა და ამბოხის ეს უკვე ოდნავნოსტალგიური სურნელი, რომელმაც საქართველომდე ასე გვიან მოაღწია.
რამდენიმე წიგნი „საბაზეც“ შეგიძლიათ წაიკითხოთ:
ჯეკ კერუაკი, “გზაზე“ - ეს იმ ფერადი ავტობუსის ამბავია, მთელი თაობა რომ დაიტია...
"ერთ მშვენიერ დღესაც მოზრდილ ხელნაწერ ნაშრომს საწერ მაგიდაზე ადგილი მივუჩინე, უკანასკნელად გავასწორე ჩემი კომფორტული ლოგინი, ტილოს ჩანთაში ჩავალაგე რამდენიმე ყველაზე აუცილებელი ნივთი და ორმოცდაათი დოლარის ამარა წყნარი ოკეანის სანაპიროსკენ გავწიე"...
"გზაზე" 1951წლის გასაოცარი მაისის თვემდე სამი კვირით ადრე დავასრულე, როცა მანჰეტენზე ვცხოვრობდი, ლოუერ უესთ საიდზე, ჩელსის რაიონში, ასი ფუტის სიმაღლეზე... სწორედ აქ იქცა სიტყვათ "გალეწილი თაობის" სახე.
დავწერე წიგნი,და მას შემდეგ თან დავათრევდი,საუნივერსიტეტო ღრეობები იქნებოდა ეს,თუ სხვა ველური თავყრილობები..."
"ზუსტად არ მახსოვს, როგორ მოვახერხე შემექმნა ტექსტი, რომელიც მოგვიანებით გამოქვეყნდა, როგორც „შიშველი საუზმე“. სათაური ჯეკ კერუაკმა მოიფიქრა. მაშინ ამ სიტყვებს ვერაფერი გავუგე, მათ შინაარსს მხოლოდ გამოჯანმრთელების შემდეგ ჩავწვდი. ეს სათაური ნიშნავს ზუსტად იმას, რასაც ნიშნავს – შიშველ საუზმეს – გაქვავებულ კადრს, როდესაც ყველას შეუძლია დაინახოს ყველაფერი, რასაც მიირთმევს, ყველაფერი, რაც ჩანგლის წვერზეა."
უილიამ ბეროუზის "შიშველი საუზმე" - წიგნი, რომელიც სულ სხვაგვარად გაგაცნობს ამერიკას...

„თუ გაგვიმართლა, ერთხელაც, ჩვენ, დანარჩენები, თვალს გავახელთ, დავინახავთ, რაც ხდება და მესამე ვარიანტის ძებნას დავიწყებთ. მეამბოხეობით ან მორჩილებით საზოგადოებრივი სისტემის გაძლიერებას შევეშვებით და კიზის ბელადივით უმშვენიერეს ხილვებში გავიქცევით. მომავალი არც რეაქციაა და არც გაგრძელება იმ საგიჟეთის, რომელშიც ჯერჯერობით ვართ შემომწყვდეულები“ - წერს ჩაკ პალანიკი კენ კიზის საკულტო წიგნის

„გუგულის ბუდეზე სხვა გადაფრინდას“ შესახებ, რომელის მთავარი გმირის პროტოტიპი ნილ კესიდია, ერთ-ერთი მთავარი ბიტნიკი, ის, ვინც ბიტგაერთიანებაში მოსვლით ბევრი რამ შეცვალა... ცნობილმა ეკრანიზაციამ წიგნი კიდევ უფრო პოპულარული გახადა.
ქარდა ქარდუხი, „ამერიკული პოეზია“
და მაინც, ბიტნიკების გაგება პოეზიის გარეშე შეუძლებელია, ეს, უპირველეს ყოვლისა, პოეზიის, როგორც სპონტანური, ინიციაციური ხელოვნების გამოხატულებაა. ამ კრებულში, რომელიც ახალგაზრდა მთარგმნელმა თარგმნა, ბიტთაობის მრავალ წარმოადგენელს ნახავთ, მათ შორის, ბიტნიკ ქალებს, რომელმა პოეტური ხმა ასე უცნობი დარჩა ლიტერატურისათის.