მუსიკა | ცა

Bedford Falls

ეს მშვენიერი ცხოვრება

მარტი 04, 2020

სამიოდე წლის წინ, იუთუბის თვალიერებისას, ჩემთვის უცხო (მუსიკალური ჯგუფის) სახელს გადავაწყდი - Bedford Falls. სტატიური, დიდი ქოფაკის თანავარსკვლავედის ნახატის ფონზე დადებულმა მუსიკალურმა ტრეკმა I Wonder...  კი The Divine Comedy და Beck-ის ასოციაცია გამიჩინა. შემდეგ სხვა, დასამახსოვრებელი მელოდიებით, ფორტეპიანოსა და გიტარის მოკლე მელოდიური პასაჟებით აწყობილი სიმღერებიც მოვისმინე და აღვფრთოვანდი. მელოდიის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულების დადასტურებად, სულ ახლახანს, თუ არ ვცდები ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში, მოვისმინე ჯგუფის „სონგრაითერის“ დათო ჯიქიასგან, რომ მელოდია არის ჩემი რელიგია!“.

ეს მან ჩვენი საუბრის დროსაც დამიდასტურა და დაამატა:

"მელოდია ღირებულია, როდესაც ის ტოვებს მოგონებას. აი, მე რო სანდროსთან (ჯგუფის დრამერი) მივალ და ლა-ლა-ლა ლა-ლა...რაღაც მელოდიას წავუღიღინებ და სანდროც ამყვება, ესეიგი ჩვენ ერთი მოგონება გვაქვს..."

დათოს გარდა, რომელიც ლიდ-ვოკალისტი, ქიბორდისტი და გიტარისტია, ჯგუფში ირიცხებიან:

სანდრო დიასამიძე (დრამი), მიხეილ (მიხო) კალანდარიშვილი (სოლო გიტარა) და გიორგი მიგრიაური, იგივე მიგრო (ბასი).

ბიჭები სახელს ორმოციანი წლების ამერიკულ საშობაო ფილმ-ფანტაზიას, ეს მშვენიერი ცხოვრება“, დაესესხნენ. უკვე 2000-იანების მეორე ათწლეულში ქართულ მუსიკალურ რეალობაში გაჟღერებულმა გამოგონილი ქალაქის ამ სახელწოდებამ ალბათ ბევრს აღუძრა ფრენკ კაპრას ფილმის ნახვის სურვილი. 


ნეტა თუ გაიზარდა მართლა ამ ფილმის პოპულარობა ჩვენთან? - ეს კითხვა ჯგუფის გიტარისტს მიხეილ კალანდარიშვილს დაებადა ჩვენი საუბრის დროს.

და იქვე გაირკვა, რომ ბასისტ გიორგი მიგრიაურს ფილმი ჯერ კიდევ არ უნახავს!


ეს არ არის ერთადერთი ამერიკული კინოდან ნასესხები სახელი - Cary Grant (ამერიკელი მსახიობი), Julius Marx (ამერიკელი კომიკოსი)

-რეტრო კინოს მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს. ძალიან მივიწყებულები არიან... გრაუჩო (ჯულიუს) მარქსი ჩემი ღმერთია მისი სისხარტით, ძმები მარქსები... (დათო)


-ჩვენი ბენდის იუმორი, მე რომ მკითხო, გავს გრაუჩო მარქსის იუმორს. იუმორი საერთოდ ძალიან გვეხმარება ერთმანეთთან ურთიერთიბაში.. (მიხო)


-ალბათ გარე სამყაროსთანაც? (მე)


-ეგ თავისთავად J აქ თუ იზრდები და იუმორი არ გაქვს, დაგერხა... (დათო)

შესრულებისას, იუმორით, თვითირონიით, სარკაზმითა და მსუბუქი ინფატილიზმით შეფუთულს გვაწვდის სიმღერების ტექსტებში ჩადებულ ფილოსოფიურ თუ ეგზისტენციალურ თავსატეხებს თავად ამ ტექსტების ავტორი - დათო ჯიქია. ამ ტექსტების სმენა ლაბირინთში სიარულივითაა - სიმღერა სანამ არ დასრულდება და ზემოდან არ დახედავ მთლიან სურათს, გამოსასვლელსაც ვერ იპოვნი.



-მე სულ ვამბობ, რომ ტექსტებს მნიშვნელობა არ აქვს. სიტყვებს იმის მიხედვით ვარჩევ, ბგერას, მუსიკალურ ფრაზას რა როგორ მოუხდება (დათო)


-ამისთვის ამ ენას საკმაოდ უნდა ფლობდე... (ავტორი)

-ინტერნეტი -ჩვენ ასე გავიზარდეთ...(დათო)


-კარგი ინგლისურის მასწავლებელიც ყავდა ეტყობა - სიცილით ერთვება მიხო.


აქ ყველა ერთად ვიცინით და შემდეგ ვთანხმდებით რომ Bedford Falls-ის ლირიკა ამერიკულია.

 

-და მუსიკალურად საით იხრებით, ამერიკა თუ ინგლისი?


-ჩვენს მუსიკაში იკვეთება სურვილი ელექტრონული და აკუსტიკური მუსიკის სინთეზისა და ეს ჩემს შემთხვევაში ალბათ Radiohead-ის გამო ხდება. (დათო)


-მე უფრო ცოცხალი მუსიკა მიყვარს პეპერსები“, Nirvana... (სანდრო)


-ბანალური ისტორიაა - თავიდან Led Zeppelin და Pink Floyd-ის გიტარის სოლოებს რომ ვუკრავდი... (მიხო)


-დღეს მგონი თითქმის ყველა ახალგაზრდაში ბუდობს ეს სურვილი, მუსიკის კეთების... იქნება ეს აკუსტიკური თუ ელექტრო... იმდენად ბევრია ეს მუსიკა ჩვენ გარშემო, რომ შთაგონებაც ყოველ ნაბიჯზე გდევს, რომ შენც მუსიკაში იყო...

(დათო)

ჯგუფის ისტორია 2014 წელს ასე იწყება: თეატრალური ინსტიტუტის ანიმაციის რეჟისურის ფაკულტეტის სამი სტუდენტი: დათო ჯიქია, სანდრო დიასამიძე და სანდრო ქერაული, ერთ მზიან დღეს, გაცდენილ ლექციებს დედა ენის ბაღში ატარებდნენ და აკუსტიკური გიტარის თანხლებით ერთმანეთს საკუთარ მუსიკალურ უნარებს აცნობდნენ. და ასე შემოეწერათ პირველი ერთობლივი სიმღერა Lucille. ბიჭებმა მალევე გადაინაცვლეს სარეპეტიციოში და მოგვიანებით ეს პირველი სიმღერაც ჩაიწერეს (ცოტაოდენ Strainglers რომ მაგონებს).

ამ პირველ ჩანაწერს სხვებიც მოყვა; ყველა სახლის სტუდიაში იწერებოდა. თავდაპირველი თემა ამ ორ პერსონას შორის სასიყვარულო ურთიერთობა იყო. 


ეს ძველი სიმღერები ისეთი პათოსის მატარებელია, როგორც ტექსტურად ასევე არანჟირებით, რო დღეს მიჭირს მაგ მდგომარეობის გაზიარება შესრულებისას. (დათო)


იუთუბზე ჯგუფის სიმღერებს, ძირითადად, სტატიური ფოტოები ადევს, იმ რამდენიმე ვიდეოს გარდა, რომლის ავტორები თავადვე არიან. ეს ვიდეოებიც ძველი ფილმების კადრების, გრაფიკული გამოსახულებების სემპლინგის გზით არის შექმნილი. აქ დათოს და სანდროს თეატრალურში (თუ მის გარეთ) მიღებული ცოდნა ეხმარებათ.

და აქ შესაფერისი ადგილია, დათოს არამუსიკალურ მიღწევათაგან აღინიშნოს მისი სადიპლომო ნამუშევარი, მოკლე ანიმაციური ფილმი, რომელმაც ეკატერინბურგში ორი პრიზი დაიმსახურა.

(ჟიურიში იქ თურმე დათოს და სანდროს სათაყვანებელი იაპონელი რეჟისორი, კოჯი იამამურა ბრძანდებოდა).


საერთაშორისო ინტერნეტ პლატფორმაზე დასაფიქსირებლად ჯგუფმა გასულ შემოდგომაზე ალბომი This Is Your House ატვირთა Spotify-ზე. ცამეტ სიმღერიანი ეს ნამუშევარი, ძირითადად, ერთ პერიოდში ისევ და ისევ სახლის პირობებში ჩაწერილი სიმღერებისგან შეიკრა. წინა ალბომისგან განსხვავებით, აქ უფრო მეტი ჰიტია... როგორიცაა Come, Cold Turckey ... თავად სატიტულო This Is Your House.


ასეთი შემთხვევითი გაერთიანების კვალი არ ჩანს 2017 წლის ალბომში “საზამთრო” - მიუხედავად შემადგენელი ნაწილების განწყობის სხვადასხვაობისა, ის მთლიანობას

ინარჩუნებს მთელი ცხრა ტრეკის სმენისას. აქაც ინდი მუსიკისთვის თითქოს უცხო, სიმღერებს შორის ჩაკვეხებული საუნდბაითების და ჩაწერის პროცესის ნაგვის გამოყენებაც არ დავიწყებიათ.

-თქვენი ბოლო ალბომის სმენისას, განსაკუთრებულად მომხვდა სიმღერა Post Soviet Post Mortem. დასაწყისშივე ფორტეპიანოზე დაკრული სიმღერის მელოდია გასული საუკუნის საბჭოთა საქართველოს სამზარეულოს კედლის რადიოს ასოციაციას მიჩენს. ეს ვერანაირად ვერ იქნება იმ პერიოდის რომანტიზაცია, სადაც არ გიცხოვიათ, არა? რაღაც უფრო სიმღერა-დადანაშაულებასავითაა.. (ავტორი)


-ჩვენ ახლა ვართ ამ პოსტსოვიეტის ადამიანები და იმ პერიოდის შედეგებს ვიმკით. ეს ყალბი ღიმილები, პარადები... (დათო)


-წუხილი დაკარგულ თაობაზე... (ჯერ კიდევ 2015 წელს ჩაწერილ სიმღერაში Lost Children )... ეს ხშირად ისმის თქვენს სიმღერებში... (ავტორი)


-ჩვენს თაობას რაც შეეხება, მას მე მხსნელად ვხედავ... (უნდა ვაღიარო, რო ძველი თაობა ხელისშემშლელი ფაქტორად რჩება მისი მორალისტობით... ქართველობისსტერეოტიპული ხედვით. ვერ წარმოუდგენიათ, რომ ადამიანები შეიძლება მუსიკასავით მრავალფეროვანი იყვნენ... ისინი კულტურულად სტერილურ გარემოში აღიზარდნენ. დაახლოებით ამ თემებს ეხება ჩემი შარშან გამოცემული რომანიც (კაკაფონია).

ეს არ გახლავთ დათოს პირველი ნაბიჯი პროზაში - როგორც თავად ამბობს, გავარჯიშების მიზნით, მანამდე გამოსცა მოთხრობების კრებული ეს აქ არ არის და ახლა უკვე ახალ წიგნზე მუშაობს.

დღევანდელ დღეს Beadford Falls სრულიად ახალ, აქამდე გამოუქვეყნებელ მასალაზე Leno Records-ში მუშაობს. ვნახოთ, რა შედეგს გამოიღებს აქამდე „home recorded ბენდისთვის პროფესიონალურ სტუდიურ პირობებში მუშაობა.

ახლა რა მასალაზეც ვმუშაობთ, გვინდა, რომ ვიდეო არ იყოს მხოლოდ მუსიკის თანმხლები, არამედ ეს რო იყოს ერთი ნაწარმოები, რომელიც აქაურობის ანარეკლი იქნება... როგორც წარსულის, ისე დღვანდელობის და მომავლის... ჩვენი ამბავი მოყოლილი ტკბილ-მწარე სიმღერებით, ფონად კიდე „ხრუშცოვკები“ და გაზის მრიცხველები. ეგაა რისკენაც მივიწევთ.



ავტორი: დავით ჟორჟოლაძე