ბიზნესი სიახლეები

აქ.ახლა, გაიცანი ბიზნესდაჯილდოება 2021-ის ფინალისტები

ნოემბერი 03, 2021

უკვე მეექვსე წელია, თიბისი ქვეყანაში ყველაზე მასშტაბურ ბიზნესდაჯილდოებას ატარებს, რომლის მიზანიც ბიზნესსოციუმის შექმნა და ბიზნესის მხარდაჭერაა. დაარსებიდან დღემდე დაჯილდოებაში 2500-მდე კომპანიამ მიიღო მონაწილეობა.


დაჯილდოება მიზნად ისახავს, წაახალისოს ის ბიზნესები, რომლებიც განვითარებას არ წყვეტენ და მუდმივად ცდილობენ რაღაც ახალი, საინტერესო და გამოსადეგი შესთავაზონ საზოგადოებას, იქნება ეს მომხმარებელზე ორიენტირებული თუ ინოვაციური პროდუქტი ან მომსახურება. წლევანდელი გამარჯვებულების ვინაობა დეკემბერში გაირკვევა. 

ბიზნესდაჯილდოების ჟიურიმ კონკურსის ფინალისტები ხუთივე ნომინაციაში, მათ შორის, ორ ახალ ნომინაციაში უკვე გამოავლინა. თითოეულ ნომინაციაში 3 ფინალისტი შეირჩა. დაჯილდოების ფინალურ ღონისძიებამდე, მათ თიბისი სხვადასხვა მედია არხით უკეთ გაგაცნობთ, მანამდე კი გაიცანით ფინალისტები აქ და ახლა:

საუკეთესო პროდუქტის ან მომსახურების შექმნისთვის ისეთი კომპანიები შეირჩა, რომლებიც მომხმარებელს მათზე მორგებულ უნიკალურ გამოცდილებას და მომსახურებას სთავაზობენ და ცხოვრებასაც ამარტივებენ.

ქარი არის ეკო-მეგობრული ელექტრომოპედების გაზიარების სერვისი, რომელიც შეიქმნა ურბანულ პირობებში სწრაფი და მარტივი გადაადგილებისათვის. მოპედების გამოყენება შესაძლებელია ქარის აპლიკაციით, რომელიც უშუალოდ სამგზავრო დანიშნულების გარდა მომხმარებელთან საკომუნიკაციო ეფექტურ არხადაც გამოიყენება. ქარის მოპედები ინდივიდუალური ან ორი ადამიანის გადაადგილებისთვის ტრანსპორტის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ფორმაა. სერვისის საზიარო ბუნება მომხმარებელს ათავისუფლებს მოპედის მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებული უხერხულობებისგან, ხოლო მთავარი ბენეფიტები რჩება: 24/7 ხელმისაწვდომობა, საცობებში მოძრაობის თავისუფლება, გარანტირებული საპარკინგე ზონები, ეკო-მეგობრულობა და ასე შემდეგ. მოპედები აღჭურვილია უსაფრთხოებისთვის აუცილებელი ყველა ელემენტით - მათ შორის ორი ჩაფხუტით, და ჰიგიენური ქუდებით. მომხმარებელთან აქტიური კომუნიკაცია ქარის კიდევ ერთი აღსანიშნავი თვისებაა - მხარდაჭერის ჩათი და საკონსულტაციო გუნდი ნებისმიერ საკითხს უმოკლეს დროში აგვარებს, ხოლო დარეგისტრირებულ მომხმარებელს, რომელსაც არ აქვს მართვის მოწმობა ან არაა დარწმუნებული მოპედის მართვის უნარებში, უფასოდ სთავაზობს პროფესიონალურ ტრენინგსა და დახმარებას. ამჟამად ქარი მუშაობს ველოსიპედების გაზიარების სერვისზე, რაც გააფართოვებს ეკო-მეგობრული ტრანსპორტის ხაზს. ასევე იგეგმება მინი ელექტრომობილების წარდგენა და CRM სისტემის დახვეწა. 

ოკტოპუს ფიტნეს კლუბი არის საქართველოში ყველაზე დიდი კონცეპტუალური ფიტნეს სივრცე. ის არღვევს სტანდარტული ფიტნეს ცენტრების სტერეოტიპს და მომხარებელს სთავაზობს კლუბურ გარემოს, რომელიც გამოირჩევა ავანგარდული ინტერიერითა და მრავალფეროვანი შეთავაზებებით. ოქტოპუსის მომსახურებით მომხარებელს შეუძლია ისარგებლოს 24/7 ზე და სახლიდან გაუსვლელად მართოს თავისი ანგარიში ონლაინ. კლუბის ძირითადი ღირებულებები ინტეგრირებულია სახელწოდებაში: OK – პოზიტიური განწყობისა და ინსპირაციის წყაროსთვის; TOP – კონკურენტუნარიანობისა და გამარჯვებისკენ სწრაფვისთვის; US – მეგობრული და გუნდური გარემოსათვის. ოკტოპუსმა პირველმა შესთავაზა თავისი კლუბის წევრებს ესარგებლათ ულიმიტო ჯგუფური ვარჯიშებით. კლუბმა შეძლო დაემყარებინა მჭიდრო კავშირები მსოფლიო წამყვან ფიტნეს ბრენდებთან და გადაემზადებინა მწვრთნელები საერთაშორისო სერტიფიკატებით, რისი საშუალებითაც ოკტოპუსი გახდა Life Fitness ოფიციალური ტრეინინგ ცენტრი საქართველოში.

პროფი სერვისების პლატფორმაა, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს ყველა საყოფაცხოვრებო სერვისს და ბაზარზე არსებულ საუკეთესო შემსრულებლებს. მომხმარებელს საშუალება აქვს მარტივად და სწრაფად იპოვოს სასურველი სერვისის მიმწოდებელი სასურველ ფასად. მეორე მხვრივ, პროფი ქმნის ეკონომიკურ შესაძლებლობას ბაზარზე და ასაქმებს უამრავ ადამიანს, რომლებსაც პლატფორმის მეშვეობით შესაძლებლობა აქვთ გამოიმუშავონ 3-ჯერ მეტი, ვიდრე საქართველოს მაშტაბით საშუალო ხელფასია. ყველა შეკვეთა დაზღვეულია სადაზღვეო კომპანიის მიერ, ყველა სერვისის მიმწოდებელი გადამოწმებულია პროფესიულ ექპერტიზაზე.

ნომინაციაში საუკეთესო ინოვაციური სტარტაპისთვის ორი ნომინაცია გაერთიანდა, რომელიც გასულ წლებში იყო ბიზნესდაჯილდოებაში. გამოცდილებამ აჩვენა, რომ ინოვაციურობას ყველაზე მეტად სწორედ სტარტაპებისგან ელის მომხმარებელი. ამ ნომინაციაში წელს სამი სტარტაპი შეირჩა, რომლებიც ტექნოლოგიური გადაწყვეტის გზით ჭრიან მნიშვნელოვან პრობლემებს. 

თენეოს მეშვეობით შესაძლებელია დროის უმოკლეს პერიოდში მაღალი ხარისხის, ლამაზი და ინტერაქციული API დოკუმენტაციის შექმნა. API დოკუმენტაციას არსებითი როლი აქვს წარმატებული ინტეგრაციების პროცესში, შესაბამისად, Theneo კომპანიებს ხელს შეუწყობს API-ს წარმატებულ დანერგვაში, სხვა კომპანიებთან პარტნიორობასა და ინტეგრაციაში. დღესდღეობით API-ზე ორიენტირებული ბაზარზე დაწინაურებული პლატფორმები საჭიროებენ დეველოპერის ჩართულობას API დოკუმენტაციის შესაქმნელად, Theneo-ს გამოყენების შემთხვევაში, კომპანის C-level არატექნიკური ფონის მქონე ფიგურებიც კი შეძლებენ დოკუმენტაციის მარტივად აწყობასა და რედაქტირებას.

თენეო წელს თიბისის აპლიკაციების კონკურსის პირველი ადგილის მფლობელი გახდა, ამ კონკურსის საშუალებით შესაძლებელი ხდება, რომ ახლადშექმნილი პროდუქტი უკეთ გაიცნონ ინვესტორებმა და მომხმარებლებმა. ნოემბერში კი, სტარტაპი ყველაზე დიდ ტექნოლოგიურ კონფერენციაზე - Web Summit 2021-ზე წარდგება, რაც კომპანიას ცნობადობის ამაღლებაში დაეხმარება. 

ფეიზი ფინანსური ტექნოლოგიების სტარტაპია, რომლის მიზანიც ნებისმიერი იურიდიული თუ ფიზიკური პირისთვის, მის მიერ მიწოდებული სერვისის სანაცვლოდ თანხის ციფრულად მიღების გამარტივებაა. PAYZE-მ ოპერირება დაიწყო 2021 წლის იანვარში და 9 თვეში 250,000 ონლაინ გადახდა გაატარა. ის საქართველოს ელექტრონული კომერციის გადახდების ბაზრის 5%-ს მოიცავს და იზრდება ძალიან სწრაფად. კომპანია 2021 წლის ნოემბრიდან ოპერირებას იწყებს უზბეკეთში, ხოლო 2022 წლის პირველ კვარტალში PAYZE-ის სერვისები ხელმისაწვდომი უკრაინასა და ყაზახეთშიც იქნება. PAYZE 2022 წლის ბოლოს იქნება წარმოდგენილი სრული ფინტექ პროდუქტების არეალით პოსტ საბჭოთა სივრცის 10 ქვეყანაში და ნებისმიერ სტარტაპს, ელექტრონულ კომერციაში ჩართულ კომპანიებს და ზოგადად ინტერნეტ ბიზნესებს, მისცემს წვდომას ყველაზე ეფექტური და ხელმისწავდომი ონლაინ გადახდების ხელსაწყოებზე და ხელს შეუწყობს მათ მყისიერ მასშტაბირებაში და ბიზნესის გაზრდაში რეგიონის ქვეყნებში.

2021 წლის ივნისში PAYZE გახდა პირველი სტარტაპი რეგიონიდან (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი), რომელიც შერჩეული და დაფინანსებული იქნა მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი სტარტაპ აქსელერატორის Ycombinator-ის აქსელერაციის პროგრამის ფარგლებში. 2021 წლის ოქტომბერში კი, PAYZE გახდა GITA-ს 650,000 ლარიანი საგრანტო კონკურსის გამარჯვებული.

კვალიფიკა - პანდემიის პირობებში ციფრული ტრანსფორმაცია დაჩქარდა, თუმცა კომპანიები ონლაინ მომსახურების ფარგლებში არაერთი გამოწვევის წინაშე დგანან. მათ შორის მნიშვნელოვანია პიროვნების ვერიფიკაცია და მისი ავთენტურობის დადგენა. კვალიფიკა ამ პრობლემის გადაწყვეტას უზრუნველყოფს. ის ეხმარება კომპანიებს, მომხმარებლების დისტანციურ იდენტიფიკაციასა და ვერიფიკაციაში. თუკი აქამდე მომხმარებელს სჭირდებოდა ორგანიზაციაში ვიზიტი საკუთარი ვინაობის დასადასტურებლად, ახლა უკვე ამის გაკეთება 2 წუთში, ნებისმიერი ადგილიდან შეუძლია, სადაც აქვს მოწყობილობა ინტერნეტით და კამერით. პროცესი ორი ნაწილისგან შედგება, თავდაპირველად მომხმარებელი იღებს სელფს, რომელიც ღრმა ანალიზს გადის AI მეშვეობით და იღებს ბიომეტრიულ მონაცემებს, მეორე ეტაპზე კი ფოტოს უღებს პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს და დგინდება მისი ავთენტურობა. სისტემა მიღებული ინფორმაციის დამუშავების საფუძველზე აწვდის შედეგებს. კვალიფიკა ერთ-ერთი პირველი კომპანიაა ქართულ ბაზარზე, რომელმაც დისტანციური ვერიფიკაციის საერთაშორისო სტანდარტის პროდუქტი შექმნა. 

სოციალური პასუხისმგებლობა ბიზნესის წარმატებით ფუნქციონირებისთვის აუცილებელი პირობა გახდა, სწორედ ამიტომ ბიზნესდაჯილდოება წელსაც დააჯილდოვებს ისეთ კომპანიებს, რომლებაც გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობა გამოიჩინეს. 

სოციალური საწარმო „კოდალა” 2016 წლიდან ოპერირებს, როგორც საქართველოს ასევე ევროპის ბაზარზე. კომპანიის ღირებულებათა ჯაჭვი, თანხვედრაში მოდის გაეროს გლობალური შეთანხმების პრინციპებთან. "კოდალა" სოციალური პასუხისმგებლობის კუთხით, ხელს უწყობს შშმ პირთა რესოციალიზაციას, მათ საზოგადოებაში ინტეგრაციას და ღირსეულ დასაქმებას. სოციალური საწარმო "კოდალა", ძირითადად მუშაობს ხის ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის წარმოებაზე, მათ შორის ხის ასაწყობ სათამაშოებზე, რომელიც ანვითარებს ბავშვის წარმოსახვას, მეხსიერებას, უვითარებს და ეხმარება თვალის გავარჯიშებაში. საღებავი ხის სტრუქტურას ბოლომდე არ ფარავს, რაც ხელს უწყობს ბავშვმა შეიგრძნოს ხის ენერგეტიკა. ზედაპირი დაფარულია სათამაშოებისთვის განკუთვნილი ეკოლოგიურად სუფთა, გერმანული წარმოების საღებავებით და ლაქით, რომელიც სრულიათ უსაფრთხოა ბავშვისათვის და შეესაბამება სათამაშოს უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს -EN 71-ს. წარმოებაში გამოიყენება საქართველში დამზადებული ნატურალური ხის მასალა უმეტეს წილად კი წიფელი.

„ბებიას“ არის ბრენდი, სადაც ბებიები ქსოვენ 100%-ით ნატურალური ქართული შალის ქუდებს და სხვა აქსესუარებს. ერთის მხრივ, სახლში მყოფ ბებიებს საშუალება ეძლევათ, მიიღონ შემოსავალი საყვარელი ხელსაქმით, ხოლო, მეორე მხრივ, იქმნება მაღალი ხარისხის, თბილი და ეკომეგობრული პროდუქტი. კომპანიის მისიაა ბებიებისთვის ღირსეული სიბერის უზრუნველყოფა. ამ საქმით კომპანია ქვეყნისთვის უდიდესი პრობლემების გადაჭრას ემსახურება: ზრუნავს სიღარიბის აღმოფხვრაზე, ღირსეული სამუშაო პირობების შექმნაზე, გენდერულ და სოციალურ თანასწორობაზე, გარემოს დაცვასა და ქართული წარმოების განვითარებაზე. კომპანიამ 2019 წლიდან დაასაქმა 20-მდე ბებია და ხელფასის სახით 15000-მდე ლარი გასცა. 2021 წლის ბოლომდე კიდევ 1000 ქუდის დამზადება იგეგმება. შედეგად, თვეში, საშუალოდ, თითოეულ დასაქმებულს ხელფასის სახით, პენსიის 36%-ს ეძლევა. დამატებითი შემოსავლის გარდა ხანდაზმულ ადამიანებს მოტივაცია ექმნებათ. გარემოს დაბინძურების შემცირებას კი ქსოვისთვის ნატურალური თუშური შალის და ბუნებრივი საღებავების გამოყენებით უზრუნველყოფენ. კომპანია გაწევრინებულია სოციალური საწარმოთა ალიანსში, რითაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საქართველოში სოციალური მეწარმეობის განვითარებაში.

წელს ბიზნესდაჯილდოებას ნომინაცია „საუკეთესო ბიზნესთანამშრომლობისთვის“ დაემატა, რადგან თანამედროვე სამყაროში კომპანიებს შორის კოლაბორაციები სულ მეტ ღირებულებას იძენს.

ლოიალტე არის ბიზნეს პროცესების აუთსორსერი კომპანია და აერთიანებს 50-მდე სხვადასხვა სერვისს, როგორც ძირითადი, ისე შვილობილი ბრენდების მეშვეობით. ლოიალიტე სულ რაღაც 3.5 წელია რაც შეიქმნა და დღეის მდგომაროებით ასაქმებს 55-მდე პროფესიონალს, წარმოდგენილია 3 ფილიალით (2 თბილისში, 1 ბათუმში). ლოიალტე აერთიანებს 5 ქვებრენდს: erudio - საგანმანათლებლო ჰაბი, hiro - დასაქმების ციფრული პლატფორმა, contractor - იურიდიული მიმართულება, altera - ციფრული სოლუშენები, dasta - ინფორმაციის შეგროვება და ანალიტიკა.  ლოიალტეს მომსახურება ვრცელდება მთელი საქართველოს მასშტაბით, განსაკუთრებულ ყურადღებას ეთმობა რეგიონებში განვითარებას, რისი დასტურიცაა ფილიალი ბათუმში, რომელიც 2019 წელს გაიხსნა და პანდემიის რთულ პერიოდშიც უწყვეტად ემსახურებოდა კლიენტებს. კომპანია დღეის მდგომარეობით ემსახურება რამდენიმე ასეულ მცირე და საშუალო ზომის ბიზნესს. ლოიალტეს საშუალო და გრძელვადიან მიზნებში შედის ბრენდის ქვეყნის გარეთ პენეტრაცია, რაზეც მუშაობა უკვე დაწყებულია. 

ანემონე ოთხი წლის წინ შეიქმნა, ის მცენარეების მაღაზია-სალონია,  სივრცე, სადაც ადამიანები და მცენარეები ერთმანეთს უმეგობრდებიან. გარდა იმისა, რომ ანემონეში ადამიანებს შეუძლიათ, როგორც ინტერიერის, ასევე ექსტერიერის მცენარეების შეძენა, ამასთანავე მრავალი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, როგორებიცაა: სკოლის მოსწავლეებისთვის “შემეცნებითი გაკვეთილები ანემონეში”, პოდკასტების სერია “მწვანე საუბრები”, “აჩუქე მცენარე ქოთნით” და სხვა. ანემონეს გუნდისთვის მნიშვნელოვანია, რომ საკუთარი წვლილი შეიტანოს მწვანე და ჯანსაღი გარემოს შექმნაში. ანემონეს ღირებულებები, ფასეულობები, დამოკიდებულები, მიზნები და მისწრაფებები ქმნის განსაკუთრებულ მცენარეების მაღაზია-სალონს, რომელიც 4 წლის მანძილზე ასობით კომპანიის პარტნიორი/მეგობარი გახდა, გაამწვანა სივრცეები თუ სხვადასხვა ღონისძიებები. 

დოდო დიზაინსი არის დიზაინ სტუდია, რომელიც 2015 წლიდან აქტიურად მუშაობს თეატრის, კინოს, სარეკლამო რგოლების, მუსიკალური ფესტივალების და ვიტრინების მხატვრულ გაფორმებაზე, ასევე ინტერიერის და ექსტერიერის დიზაინზე. 2018 წლიდან სტუდია დარეგისტრირდა როგორც კომპანია, მისი დამფუძნებლების დოდო და თაკო ჩხეიძეების მიერ და 2020 წელს დაიმატა შვილობილი კომპანია, რომელიც საკუთარი დიზაინით სხვადასხვა პროდუქტს აწარმოებს.


Dodo Designs-ი სხვა სტუდიებისგან გამოირჩევა მრავალპროფილიანი დიზაინის მომსახურებით და სხვადასხვა ფერის/სტილის თამამი შერწყმით, რაც საკმაოდ დამახასიათებელ ხელწერას სძენს მას და დასამახსოვრებელია.


მთავარი ღირებულება, რასაც კომპანიის საქმიანობა ეფუძნება, არის დიზაინის სფეროს გულწრფელი სიყვარული და ძალისხმევა, რომ თოთოეული ნამუშევარი იყოს სასიამოვნო ემოციების მომტანი და ერთმანეთისგან გამორჩეული.


Dodo Designs-ი ბიზნსდაჯილდოებაში SKA Juice Bar-თან კოლაბორაციითაა წარმოადგენილი. 

კიდევ ერთი ახალი ნომინაცია წელს ბიზნესდაჯილდოებაში არის „განსაკუთრებული როლი რეგიონის განვითარებისთვის“.

ლოპოტა სპა რეზორტი კახეთში 2008 წელს დაარსდა როგორც შვიდოთახიანი საოჯახო ტიპის სასტუმრო. ბუნებრივი ტბის გარშემო გაშენებული ლოპოტა სპა რეზორტი დღესდღეობით 232 ოთახს აერთიანებს, რომელიც ტბის გარშემო 14 შენობაშია განაწილებული. რეზორტის უზარმაზარი დახურული ტერიტორია მოიცავს ღია და დახურულ აუზებს, საუნასა და ჯაკუზის, ფიტნეს ცენტრს, სხვადასხვა სახის რესტორნებს, ღია ბუნგალოებს და ბარებს, კალათბურთის და ხელბურთის კორტებს, ტენისის კორტებს, სათევზაო სივრცეს და საჯინიბოს, ლოპოტას ტყის სპას, შატო ბუერას და არაერთ სხვა გასართობ საშუალებას როგორც ზრდასრულებისთვის, ასევე ბავშვებისთვის.


ლოპოტა სპა რეზორტი დააარსა გოგა მაისურაძემ - ადამიანმა, რომელიც სიცოცხლის განმავლობაში განაგრძობდა საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის საზღვრების გაფართოებას. მისმა შორსმჭვრეტელმა იდეამ, შორეულ ტბაზე სასტუმროს მშენებლობის შესახებ, წარმოშვა ლოპოტა სპა რეზორტი, რომელიც სავსეა ფართო ინფრასტრუქტურითა და პრემიუმ კლასის მომსახურებით. რეზორტის წარმატებამ გზა გაუხსნა მთლიანად კახეთის რეგიონს, რაც მას საქართველოს ერთ -ერთ ყველაზე მიმზიდველ ადგილად აქცევს. რეზორტზე დასაქმებულ ადამიანთა 50% მეტი ადგილობრივი მაცხოვრებელია, ასევე სხვადასხვა ღონისძიებების საშუალებით ხდება ადგილობრივი მეწარმეების მხარდაჭერა. ლოპოტა წელიწადში საშუალოდ 45,000 ტურისტს მასპინძლობს, მომდენო ორი წლის განმავლობაში დაგეგმილია სხვადასხვა მრავალფუნქციური ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობა, რათა აქ სტუმრობა კიდევ უფრო სასიამოვნო გახდეს დამსვენებლებისთვის.

კურორტმა „ნუნისმა“ ფუნქციონირება 2002 წელს დაიწყო. ეს გახლდათ რთულად მისადგომი ადგილი ხარაგაულის ტყე პარკში, თავდაპირვლეად აქ არ არსებობდა არანაირი დასაქმების საშუალება, რის გამოც ადგილობრივები ტოვებდნენ საცხოვრებელ სახლებს. კურორტმა ფუნქციონირება დაიწყო მოუწესრიგებელ და რთულად მისადგომ ადგილას, დღეისათვის კი ნუნისი არის სამკურნალო, გამაჯანსაღებელი და გასართობ-დასასვენებელი კომპლექსი, რომელიც მდებარეობს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტეროტორიაზე (ზღვის დონიდან 750მ. სიმაღლეზე). ნუნისი არის ბალნეო-კლიმატური კურორტი, რომლის უნიკალურობასაც განსაზღვრავს ორი ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორი - სამკურნალო წყლები და უნიკალური ფლორა და ფაუნა. კურორტი ნუნისი დამსვენებელს სთავაზობს ნუნისის უნიკალური წყალის გამოყენებით, კანის დაავადების სამკურნალო ეფექტურ პროცედურებს. „ნუნისის“ გახსნამ ხელი შეუწყო ისეთ ფაქტორების განვითარებას როგორიცაა, პირველი ინტერნეტ ანძა, რომლის დადგმაც მოხერხდა მაგთისთან მოლაპარაკების შედეგად, რამაც გააჩინა როგორც მობილური, ასევე ინტერნეტ კავშირი მოსახლეობაში. ადგილობრივების წახალისება: კურორტი ნუნისის მიერ შეძენილი საკვები პროდუქტების 95% არის ადგილობრივი წარმოების. ინფრასტრუქტურის განვითარება: ტურისტების ზრდასთან ერთად გაიზარდა სახელმწიფოს ჩართულობა და დაიწყო გზის დაგება, ამ ეტაპისთვის დასრულებულია გზა სადგურ მოლითიდან სოფელ ნუნისამდე. ადგილობრივი ჰოსტელების გახსნის წახალისება: სტუმრები რომლებიც ჩამოდიან სამკურნალოდ, თუმცა ვერ ახერხებენ სასტუმროს ნომრებით სარგებლობას, ირჩევენ ჰოსტელებს, სწორედ კურორტი ნუნისი გახდა ბიძგი ახალი საოჯახო სასტუმროების გასახსნელად. დღეისათვის ნუნისში ფუნქციონირებს 15-მდე ჰოსტელი. დასაქმება: კურორტზე მუდმივად დასაქმებულია 30 თანამშრომელი, სეზონზე - 70, აქედან დასაქმებულთა 90% არის ადგილობრივი მოსახლეობა. სამომავლოდ დაგეგმილია, რომ კურორტმა 4-ვე სეზონზე შეძლოს დამსვენებლის მიღება, ამისათვის იგეგმება 120 ნომრიანი მაღალი კლასის სასტუმრო შენობის დამატება, ვიზიტორთა ცენტრის მოწყობა, რენოვაცია სპა/საპროცედურო ცენტრის, რაც მთლიანობაში 53 %-ით გაზრდის ტურისტების რაოდენობას და შესაბამისად დასაქმებულების რიცხვს.

ნიკა ვაჩეიშვილის მარანი და სასტუმრო ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელია შიდა ქართლის ტურისტული იმიჯისა. მას საერთაშორისო მაჩვენებლებში უმაღლესი შეფასება აქვს. ბიზნესმა ადგილზე გააჩინა 10-15 სამუშაო ადგილი, ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე სახელი გაუთქვა ქართულ (ატენურ) ღვინოს და გასტრონომიას, ისტორიას, ბუნებრის ღირსშესანიშნაობებს. ბილიკებმა, ველობილიკებმა, საცხენოსნო ტურებმა, რომელთა განვითარებაც დაწყებულია აქ მაღალხარისხოვანი ლოკაცია უნდა შექმნან. მარანი და სასტუმრო მდებარეობს სოფელ დიდ ატენში, გორის მუნიციპალიტეტში.  2013 წლიდან აქ შეიქმნა ლანდშაფტთან ჰარმონიულად შერწყმული მარანი, სასტუმრო, საგამოფენო სივრცე, საზაფხულო საგანმანათლებლო პროგრამების კემპინგი, საყველე და საჯემე სახლი, სადეგუსტაციო. აქ შექმნილი გარემოს გასაზიარებლად სტუმრები ჩამოდიან მთელი მსოფლიოდან (უმეტესად ევროპა, აშშ, ავსტრალია). მარანი და სასტუმრო შეყვანილია გერმანულენოვან გზამკვლევებში, დოკუმენტურ ფილმებსა და გადაცემებში, საერთაშორისო სასტუმროთა ქსელში კი (Booking.com) უამრავი დადაბითი შეფასება აქვს. ატენის ბუნებრივი და კულტურული რესურსების კვლევით მდგრად განვითარებაზე ორიენტირებულ „კულტურული სივრცის“ ინტერპრეტაციამ და საგანმანათლებლო პროექტებმა ბევრი სტუმარი მოიზიდა. ცნობილი უცხოური და ქართული უნივერსიტეტები (ჟირონა, ბრიჯსტოუნი, კურტოს ინსტიტუტი) აქ საგანმანათლებლო-საზაფხულო სკოლებს მართავენ, ნიკა ვაჩეიშვილის მარანი და სასტუმრო თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების „საზაფხულო სკოლის საუკეთესო მასპინძლის“ სიგელის მფლობელია.