კოლექტიური ცეკვა ეგზისტენციალურ ნოტებზე
Tsa.Music...
ფოტო: Bikes.ge
გუგა დვალი საქართველოს სნოუბირდის ნაკრების წევრი და ერთ-ერთი საუკეთესო დაუნჰილერი ველოსიპედისტია. გავიცანი დიდი ხნის წინ, დედაენის ახლად გახსნილ სკეიტპარკში ვკატაობდით ორივე. სადღაც 9 თუ 10 წლის იყო და თუ არ ვცდები, ელემენტის სკეიტზე კატაობდა ძალიან ბევრს, ქანცის გაძრობამდე.
საწყისები
„ახლა 23 წლის ვარ, ექსტრემალური სპორტი სადღაც 10 წლისამ გავიცანი და სკეიტზე დავდექი. ჯანმრთელობის პრობლემები მქონდა და ექიმმა ველოსიპედი მირჩია რეაბილიტაციისთვის. ასე გადავერთე დაუნჰილზე, პირველი ველოტურნირი, რომელშიც მონაწილეობა მივიღე მთაწმინდის პარკში ჩატარდა და მესამე ადგილი ავიღე. სკეიტი ცოტა ხანში სნოუბორდით ჩავანაცვლე, ახლა სნოუბორდს შედარებით მეტ დროს ვუთმობ, რადგან ნაკრების წევრი ვარ და 2022 წლის მსოფლიო თასის ეტაპისთვის ვემზადები.“
თბილისი, საქართველო
„5-6 წლის წინ ექსტრემალური სპორტის ბუმი იდგა თბილისში, ახლა ჩემი დაკვირვებით ვარდნა შეინიშნება, ბევრი ჩემი ნაცნობი რაიდერი წავიდა სპორტიდან და შეიძლება ამის ბრალიც იყოს, ტურნირებიც ნაკლებად ტარდება. განვითარებული ურბანული სპორტი ნიშნავს, რომ ქალაქი ცოცხალია და მსოფლიოს რიტმს მიჰყვება. თუ ველოსიპედზე ვისაუბრებთ, უნდა ვთქვათ, რომ პროფესიული ეკიპირება და ველოსიპედი საშუალო შემოსავლის მქონე ქართული ოჯახისთვის ძალიან ძვირია. ვისურვებდი, რომ ჩვენი ქვეყანა ეკონომიკურად მომძლავრებულიყოს, რომ ნიჭიერი სპორტსმენები გაჭირვების გამო არ დავკარგოთ.
საკუთარ მაგალითზე გეტყვით, რომ საქართველოში ველოსიპედისტისთვის, ან სნოუბორდერისთვის შეუძლებელია, რომ იცხოვროს სპორტსმენის ხელფასით, ან მოგებულ ტურნირებზე მიღებული ჯილდოებით. Ჩემი საქმე მაინც დაკავშირებულია სპორტთან და ექსტრიმთან - სამთო გამყოლად ვმუშაობ, რაც დღეს ჩემი შემოსავლის ერთ-ერთი წყაროა."
ტრანსპორტის ადაპტაცია
„თბილისი ნამდვილი სამოთხეა მაუნთინ ბაიკერებისთვის, რადგან ქალაქის ცენტრში ან უახლოეს შემოგარენში გვაქვს იდეალური მთები დასაშვებად. ყველაზე მოსახერხებელია კუს ტბა, რადგან საბაგიროს გარედან დაემატა ველოსიპედის სამაგრები. დიდი ხანია ვცდილობთ და ვერ მივაღწიეთ თბილისის მერიისგან იმავეს კიკეთის და კოჯრის მიმართულების ავტობუსებზე. კანონით უფლება გვაქვს ველოსიპედი ტრანსპორტში ავიტანოთ, თუმცა ძალიან რთულია კოჯრელებს პიკის საათის დროს ჭყლეტვაში ეს ყველაფერი აუხსნა. Როგორც წესი, ჩვენი ველოსიპედების ავტობუსში ატანა სხვა მგზავრებთან მწვავე კონფლიქტით მთავრდება ხოლმე.”
კონვერტირებადი მთის კურორტები და მათთან დაკავშირებული სურვილები
„გუდაური, სვანეთის, აჭარის, ბაკურიანის სამთო კურორტები საშუალებას გვაძლევს, რომ ისინი დატვირთული იყოს როგორც ზამთარში, ისევე ზაფხულში. იქ, სადაც ზამთარში ვსრიალებთ, აუცილებლად უნდა გაკეთდეს ველო-კემპები, სადაც იქნებიან როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი რაიდერები. ასე შევძლებთ, რომ ურბანული სპორტის პოპულარიზაცია მოვახდინოთ რეგიონებში და ადგილობრივი ახალგაზრდები დავაინტერესოთ. Შედეგად კი აღმოვაჩენთ უამრავ ნიჭიერ ველოსიპედისტს, რომელმაც შეიძლება ახლა სადღაც სოფელში, ღუმელთან იჯდეს და საერთოდ არ იცოდეს რა ნიჭი და ძალა აქვს.
კიკეთის ტყის დაუნჰილის თასი, რომელიც ახლა გაიმართება, უამრავ კიკეთელ ბავშვს დააინტერესებს ველოსპორტით და იქნებ რომელიმე მათგანი დიდი სპორტსმენიც გახდეს მომავალში.
დამწყებ ბაიკერებს ვეტყვი, რომ ტურნირში მონაწილეობაა მთავარი და არა გამარჯვება. შეჯიბრის ატმოსფერო, ადრენალინი, ბაიკერების ქომიუნითის გაცნობა და ახალი მეგობრების შეძენა ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე შედეგი.”
შეკრება
„კიკეთის დაუნჰილის თასზე ვერ გამოვდივარ, რადგან ნაკრებთან ერთად უკვე სამი კვირაა ავსტრიასა და იტალიაში ვემზადები. Ჩვენ, ორი მოთხილამურე და ორი სნოუბორდერი საქართველოს 2022 წლის მარტში მსოფლიო თასის ეტაპზე, 2023 წელს კი მსოფლიო ჩემპიონატზე წარმოვადგენთ. ჩემს გარდა, აქ არიან ლუკა ჩოფიკაშვილი, ჯაბა სხვედიანი და ბუთა ელოშვილი.
ყოველ დილას ვიღვიძებთ 6 საათზე, ავდივართ მყინვარზე და იქ ვვარჯიშობთ. აქ არიან მსოფლიოს საუკეთესო გუნდები და სპორტსმენები, რომლებთან ერთად ვარჯიში ჩვენთვის დიდი გამოცდილების და ემოციის მომტანია, ეს აუცილებლად აისახება ჩვენს მიერ ნაჩვენებ შედეგზე."
დასკვნა
„თუ გვინდა, რომ საქართველოში ადამიანები იყვნენ ჯანმრთელი, ქვეყანაში უნდა განვითარდეს სამოყვარულო სპორტი. მეტი გზა უბრალოდ არ არსებობს.”
ავტორი: ალექსანდრე ბაგრატიონ-დავიდოვი