ლიტერატურა

წიგნი, რომელიც მსოფლიო ბესტსელერი უნდა გამხდარიყო

"საბა"

თებერვალი 15, 2020

ყველაზე საუკეთესო წიგნი მოგზაურობაზე, ყველაზე საუკეთესო წიგნი მეგობრობასა და სიყვარულზე, ყველაზე მრავალფეროვანი წიგნი, ყველაზე სასაცილოპერსონაჟებიანი წიგნი, ყველაზე საინტერესო ლიტერატურული სივრცის ასახვა საბავშვო ლიტერატურაში - კიდევ ბევრი „ყველაზე“ იქნება, როცა ლაპარაკობ ქართული საბავშვო ლიტერატურის ისეთ გამორჩეულ ნაწარმოებზე, როგორიცაა არჩილ სულაკაურის „სალამურას“ თავგადასავალი.


დედამიწის ზურგზე მხოლოდ მწყემსმა ბიჭუნამ, სალამურამ იცოდა, სად იყო ციცინათელების ქვეყანა.


სალამურა ქონდარეთის აღმოსავლეთით, მეცხრე მთაზე მწყემსავდა ჭიამაიებს.


ზოგს, ალბათ, გაუკვირდება, ჭიამაიას რა მწყემსვა და მოვლა-პატრონობა უნდაო? დიდად ცდება, ვინც ამას ფიქრობს. იმ დროს ამინდის ბიურო არ არსებობდა და ჭიამაიას უდიდესი სარგებლობა მოჰქონდა ხალხისათვის. საკმარისი იყო, გეთქვა:

„ჭია, ჭიამაია, ხვალ როგორი დარიაო“, და კარგად გაწვრთნილი ჭიამაია მაშინვე გაშლიდა ფრთებს, გაფრინდებოდა. ერთი-ორი საათის შემდეგ უკან დაბრუნდებოდა და ამინდის ამბავს მოიტანდა. ამინდის წინდაწინ ცოდნა ხელს უწყობდა მოსავლისა და ჭირნახულის ბარაქიანობას. გარდა ამისა, მოგზაურებსაც ხომ უნდა სცოდნოდათ, ხვალ როგორი დარი იქნებოდა, განეგრძოთ გზა თუ კარგ ამინდს დალოდებოდნენ. იმდროინდელ მოგზაურებს პატარა კოლოფებში ყოველთვის ჰყავდათ დამწყვდეული ჭიამაიები.


თქვენ ახლაც შეგიძლიათ დაიჭიროთ ჭიამაია, ხელისგულზე დაისვათ და რამდენჯერმე გაუმეოროთ:


ჭია, ჭიამაია, ხვალ როგორი დარია?


ჭიამაია მაშინვე გაშლის ფრთებს და ამინდის გასაგებად გაფრინდება. მაგრამ უკან თუ არ დაბრუნდა, ეს მხოლოდ იმის ბრალი იქნება, რომ რადიოსა და ტელევიზორში ყოველდღე გადმოსცემენ ამინდის ბიუროს ცნობებს. აღარც თქვენ გაინტერესებთ ჭიამაიას მოტანილი ამბავი და არ უცდით მის მოფრენას.“


ეს წიგნი რომ რომელიმე ევროპულ ენაზე დაწერილიყო, აუცილებლად ბესტსელერი იქნებოდა, ყველა გაიცნობდა და მსოფლიო საბავშვო კლასიკის გვერდით მოიხსენიებდნენ. საუკეთესო სამი წიგნი, რომელიც ამ ზაფხულში უნდა წაიკითხო - ელისი, სალამურა და ჩარლი და შოკოლადის ქარხანა. ცუდია?



არჩილ სულაკაური

დაიბეჭდებოდა დიდი ტირაჟები და ჰოლივუდი ეკრანიზაციასაც გადაიღებდა, მერე კიდევ ერთხელ გადაიღებდა და იმსჯელებდნენ, მაინც რომელი სჯობს, ძველი ვერსია თუ ახალი? ეკრანიზაციას არ იკმარებდნენ და პიქსარი ან რომელიმე სხვა ანიმაციური სტუდია ანიმაციასაც გადაიღებდა, ჩვენთან ცოტა გვიან ჩამოაღწევდა, მაგრამ სიხარულით ვივლიდით კინოთეატრებში, 3D სათვალეებსაც მოვირგებდით და ქონდარეთის ამბებზე ვიცინებდით. 

არჩილ სულაკაური, ნოდარ დუმბაძე, ანა კალანდაძე სტუმრდ სკოლაში


მაგრამ წიგნს არ გაუმართლა, სამაგიეროდ, გაგვიმართლა ჩვენ, ქართველ მკითხველებს, გაგვიმართლა, რომ ეს წიგნი ქართულად დაიწერა.


იმედია, ერთ დღესაც ამ წიგნის თაყვანისმცელებს ოცნება აგვიხდება და სწორედ ისე გამოცემულს ვიხილავთ სალამურას ჯადოსნურ ამბავს, როგორც წარმოგვიდგენია.


ცნობილი საბავშვო მხატვრების მიერ დახატულს და ფერადს. მგონია, რომ „სალამურას“ ილუსტრირება დიდი გამოწვევა და გამოცდა იქნება ილუსტრატორებისათვის, იშვიათია საბავშვო წიგნი, სადაც ამდენი სახასიათო, დასამახსოვრებელი, გამორჩეული პერსონაჟია. ჯერ მხოლოდ ორი სამყაროს - დღისა და ღამის სიყვარული, ერთიანობა რად ღირს, რომელიც ჭიამაიებისა და ციცინათელების, სალამურასა და ბაიას სიყვარულით არის გამოხატული.


არჩილ სულაკაური, ნოდარ დუმბაძე, თამაზ ჭილაძე,ნოდარ ჩხეიძე


მერე როგორი სახასიათო პერსონაჟებია, გახსოვთ? მიდი მოადე, უფლისწული ქონდარუხი, გრძელცხვირა ფრინდა და პოეტი ჰილარიონ ბუერა, აგამემნონ შუბლა, ალე ჰოპ... ბრძენი კინალოკო.


და ქალაქები? ქონდარეთი, თოკზე მოსიარულეთა და მოკრივეთა, პოეტების ქალაქი..


ამ წიგნში ყველაფერია, სიყვარულიც და იმედგაცრუებაც, საკუთარი თავის შეცნობაც და ერთგულებაც, ორი საწყისის - დღისა და ღამის გაერთიანებაც...



მოკლედ, როდესაც ჭიამაიას დაინახავთ, დაისვით ხელისგულზე და ჰკითხეთ, ჭია ჭია მაია, ხვალ როგორი დარია? ჰოდა, ის ცოტა ხანს იფიქრებს და მერე გაფრინდება, გაფრინდება ბავშვობის ულამაზეს მხარეში, სადაც სალამურა და ბაია გელოდებიან.


ხშირად გაიხსენეთ ეს წიგნი და წაუკითხეთ ბავშვებს!


როგორც ბრძენი კინალოკო იტყოდა და ის აუცილებლად იტყოდა, მერე რა, რომ არ უთქვამს: თუ ამ წიგნს წაიკითხავთ, უკეთესები გახდებით.



ავტორი: saba.com.ge